15 თებერვლის საკვირაო წირვა


კვირას, 15 თებერვალს, წმინდა პეტრეს ტაძარში საკვირაო წირვაზე საგანგებოდ აღინიშნა წინა დღის მნიშვნელოვანი მოვლენა.

14 თებერვალს რომის კათოლიკე ეკლესიამ 20 ეპისკოპოსი აღავლინა კარდინალის ხარისხში. ახალი კარდინალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანდნენ რომს, მათ შორის მხოლოდ ორია იტალიიდან. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ საკვირაო ქადაგებაში პაპი ფრანცისკე მიმართავს ახალ კარდინალებს და მათ შემდეგი სიტყვებით მოძღვრავს:

“არა მხოლოდ მათ გაუღეთ კარი და სახარებისეული ძალისხმევით დახმარების ხელი გაუწოდეთ, ვინც თქვენს კარზე დააკაკუნებს, არამედ გარეთ გადით, რათა შიშისა და ცრურწმენის გარეშე ეძიებდეთ <ეკლესიისგან> შორს მყოფთ და უსასყიდლოდ გაუნაწილეთ მათ ის, რაც ჩვენც უსასყიდლოდ მიგვიღია. ‘ვინც ამბობს, რომ მასში <ქრისტეში> რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.’ (1იოანე 2:6) ჩვენი ნიშანთვისებაა სხვათა მსახურებისთვის სრული გახსნილობა/ღიაობა.”

აგერ უკვე ორი წელი გახდება, რაც ხშირად ისმის პაპი ფრანცისკეს ეს სიტყვები ეკლესიის მსახურთა მიმართ: ნუ დარჩებით ეკლესიის კედლებში, გარეთ გამოდით და თავად მონახეთ, ვისაც დახმარება ჭირდება. ამ დამოძღვრის მეორე მხარეა, ეკლესიის კარის უფრო ფართოდ გაღება, ქრისტემიერი სიყვარულისა და თანაგრძნობის უხვად გაცემა. კვლავაც შიშისა და ცრურწმენის გარეშე.

პაპი ფრანცისკეს მსგავსი გზავნილები რადიკალურად სახარებისეულია და ამიტომაც, ყველა ქრისტიანისთვის ახლობელია.

15 თებერვლის საკვირაო საკითხავებია: ძველი აღთქმიდან ლევიანების მე-13-ე თავის ის მუხლები, სადაც კეთროვანთა უწმინდურობასა და მათ განცალკევებით დასახლებაზეა საუბარი (1-2; 44-46.), პავლეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან მუხლები (10:31-33; 11:1), სადაც პავლე მოუწოდებს: “ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ეკლესიას. ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე ქრისტესი.” ხოლო მარკოზის სახარების საკითხავში იესო განწმენდს კეთროვანს და განკურნებულს ეუბნება, რომ მოსეს ბრძანების მიხედვით, შესაწირი გაიღოს განწმენდისთვის (1:40-45). პაპმა ფრანცისკემ იესოს თავისუფალი ქცევა, კეთროვნის განკურნება მოსეს სჯულის საწინააღმდეგოდ, და მოციქული პავლეს სიტყვები, ქრისტეს მივბაძოთო, ეკლესიის მსახურების პასუხისმგებლობასთან დააკავშირა და ასე დამოძღვრა ახალი კარდინალები.

იესოს ქმედება გარიყულთა, განდევნილთა რეაბილიტაციას და ინტეგრაციას გვასწავლისო, ბრძანებს პაპი ფრანცისკე. ხოლო, საღვთო “ლოგიკით”, ეკლესია უნდა ეცადოს, არა მხოლოდ დაიბრუნოს გზააბნეული ცხოვარი, არამე თავად გავიდეს მის მოსაძებნად და დახმარების ხელი გაუწოდოს. კეთროვანთა მიმართ თანაგრძნობა განსაზღვრავს იესოს ამ კონკრეტულ ქმედებასო, თანაგრძნობა, რათა გარიყულნი აღადგინოს.

“იესო არ შეუშინდა სკანდალს, მან არ იფიქრა შეზღუდული გონების მქონე ადამიანებივით, ვისთვისაც სკანდალურია ნებისმეირი ქმედება, რაც მათი გონებრივი თუ სულიერი ჩარჩოს გარეთაა, ან ნებისმიერი ზრუნვა თუ სინაზე, რაც არ ემთხვევა მათ ჩვეულ აზროვნებასა და რიტუალურ სიწმინდეს. იესოს სურდა გარიყულის აღდგენა, მათი ხსნა, ვინც ბანაკს გარეთ იმყოფებოდა.”

პაპის ეს ქადაგება ეხმიანება კათოლიკე ეკლესიის იმ რეფორმებს, რომლის გატარებასაც იგი ცდილობს: ეკლესიამ ფართოდ გაუღოს კარი იქ შესვლის მსურველთ და სიყვარულით მიეგებოს მათ. “სიყვარული ვერ იქნება ნეიტრალური, ინდიფერენტული, ნელ-თბილი, ან ობიექტური. სიყვარული გადამდებია, რისკზე წამსვლელია და მომცველია. ჭეშმარიტი სიყვარული დაუმსახურებელია, უპირობო და უსასყიდლოა,” მიმართა პაპმა ფრანცისკემ ახალ კარდინალებსა და კათოლიკე მრევლს 15 თებერვლის წირვაზე.

ძვირფასო თანამემამულეებო,

რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის წარგზავნილი აღმოვჩნდი ვატიკანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა, მაგრამ ამ მოცულობისთვის შეუსაბამოდ დიდი ავტორიტეტის მატარებელ სახელმწიფოში.

ადამიანისთვის, რომელსაც ღვთისმეტყველის პროფესიული გამოცდილება აქვს, თანაც ეკლესიათა შორის საღვთისმეტყველო დიალოგის გამოცდილება, ვატიკანში ყოფნა ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით დღეს.

უნდა ითქვას, რომ პაპი ფრანცისკეს ეკლესიოლოგია და პასტორალური ღვთისმეტყველება ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისთვის, არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ახლობელიც. ახლა, როცა უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც აქ ვარ, სურვილი გამიჩნდა, ზოგიერთი რამ სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ეს სხვები კი ჩემი თანამემამულეები ბრძანდებით. თუ საინტერესოდ მოგეჩვენოთ ჩემი მცირე მონათხრობი, გამიხარდება. თუ დასაძრახად მოგეჩვენოთ, შემინდეთ, მაგრამ უარყოფითად ნუ გამჟღავნდებით მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბლოგი ერთადერთ მიზანს ემსახურება: ქართულად გააჟღეროს სხვა ენაზე, სხვა კულტურის წიაღში ჩამოყალიბებული აზრები ღვთისმოსავობის, ღვთის სიყვარულისა და მშვიდობისა შესახებ.

ვეცდები გარკვეული ინტერვალით გაგიზიაროთ აქაური ამბები.