ის, ვინც ბოზეს მონასტერშია ნამყოფი, მიმიხვდება, რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ბოზე დღევანდელ სამყაროში სულიერების სავანეა.იგი ვატიკანის მეორე კრების მერე დაარსდა, 1965 წელს, მთიანი პიემონტეს მიტოვებულ სოფლებთან.
მონასტრის ღვთისმსახურება და სულისკვეთება მთლიანად ვატიკანის მეორე კრების გავლენის ქვეშაა. არაკათოლიკე ქრისტიანთა მიმართ მათი გახსნილობა და ინტერესი ამის საუკეთესო დასტურია. მონასტერში აღკვეცილ ქალთა და კაცთა უმეტესობა კათოლიკე ეკლესიის შვილია, თუმცა იქ სხვა ეკლესიების შვილებიც მკვიდრობენ, რომელთა მიღებას და შეთვისებას ბოზე შესაშური გულწრფელობით ახორციელებს.
პირველი შთაბეჭდილება აქ მოსულთათვის, სწორედაც, ეს გულწრფელი, სიხარულით აღსავსე სტუმართმოყვარეობაა. რამდენიმე საათის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აღკვეცილ ქალთა და კაცთა ცხოვრებას უწყვეტი ფიზიკური შრომა და ლოცვა წარმოადგენს.
ჩვენი ჯგუფი წმინდა საყდართან აკრედიტებული რამდენიმე ელჩისა და იეზუიტი მღვდლის მამა კით პეკლერსისგან შედგებოდა. მე და მამა კითი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, 8 წლის წინ, როდესაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების წარმომადგენელი ვიყავი ჟენევაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან არსებული “რწმენისა და წესრიგის” კომისიის სამდივნოში, ერთად ვიმუშავეთ ბოზეში განხორციელებულ პროექტზე “მოწამეობა საზღვრებს მიღმა” (ეს უკანასკნელი პირობითი სათაურია, რათა პროექტის შინაარსი გადმოგცეთ). მამა კითი ამ პროექტში წმინდა საყდრის მიერ რეკომენდირებული ლიტურგისტი გახლდათ. მას შემდეგ, რაც რომში ვარ, გულითადად ეკიდება ჩვენს საელჩოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, დაუზარებლად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს და გვირჩევს, როცა გვჭირდება. აქვე დიდ მადლობას ვეტყვი მას.
სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ ელჩებისთვის გაეცნო ბოზე, როგორც სულიერების ძალიან საინტერესო სავანე. ჩემთვის ბოზეში ჩასვლა ყოვლთვის ფასეულია, ხოლო ახლა კიდევ უფრო მეტად, რადგან მათი წინამძღვარი, ენცო ბიანკი პაპის ქრისტიანთა საბჭოს აქტიური წევრია. ბოზეს ბერებსა და მონაზვნებსაც ხშირად იწვევენ კათოლიკე ეკლესიის წიაღში მიმდინარე მსჯელობა-საუბრებზე. ასე რომ, მათთან ჩემი შეხვედრა და აზრთა გაცვლა საინტერესო და სასარგებლოა.
მართლაც, შემიძლია, ენთუზიაზმით წარვადგინო ბოზე, სადაც სულიერება და ინტელექტუალური საქმიანობა განუყოფელია, სადაც ყველაფერი სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდება, სადაც ყველა მოსულს მოწიწებით ხვდებიან და საჭიროების შემთხვევაში თანადგომას ფრთხილად სთავაზობენ. მოკლედ, ყოველ ნაბიჯზე ხედავ აქ მცხოვრებთა გულწრფელობის, თავმდაბლობის, ზრუნვისა და სიყვარულის შედეგს.
ადამინისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ ათავსებენ ბოზეს მკვიდრნი მძიმე ფიზიკურ შრომასა და სულიერ ღვაწლს: ყოველდღიური ლოცვები, ევქარისტული ლიტურგია, ბიბლიური გაკვეთილები (Lectio Divina), ქადაგება, მთარგმელობითი და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობა, როგორიცაა საღვთისმეტყველო სამეცნიერო საქმიანობა, ხატწერა, კერამიკა. ამასთანავე, ადგილობრივი პროდუქტით ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმის დამზადება.
ყოველივე ამის ფონზე, მონასტრის თითოეული წევრი მზადაა, მოგისმინოთ და კეთილი სიტყვით გაგამხნევოთ.
ოც წელზე მეტია, რაც ბოზე სექტემბრის დასაწყისში მართლმადიდებელი სულიერების საერთაშორისო კონფერეციას ატარებს. 2001 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ამ კოფერენციებში, სადაც საუკეთესო მომხსენებლები სხვაზე მეტია.
ამ უკანასკნელი სტუმრობისას შევიტყვე, რომ ბოზე ერაყიდან და სირიიდან მოსულ ლტოლვილებს ეხმარება იტალიაში ცხოვრების უფლების მიღებისათვის აუცილებელ პროცედურებში.
არ იფიქროთ, რომ ჩემი ეს წერილი ბოზეს სარეკლამოდაა გათვლილი. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს, სულიერებისა და ინტელექტუალური შემოქმედების მსგავსი მაგალითების გამრავლება დღეს, როცა ქრისტიანულ რწმენას არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, რათა სამყაროს წინაშე დაამოწმოს ქრისტეს განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს ერთგულება.