16 აპრილს ეკლესიის სამი მეთაური, პაპი ფრანცისკე, პატრიარქი ბართლომე და მთავარეპისკოპოსი იერონიმე საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ჩავიდნენ, რათა 170 000 მდე ლტოლვილი, მიგრანტი და თავშესაფრის მაძიებელი მოენახულებინათ, გამამხნევებელი სიტყვა ეთქვათ და მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოეწოდებინათ. ამისთვის მათ შეადგინეს ერთობლივი დეკლარაცია.
უკანასკნელ დროს განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისი – რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დევნა, მათ შორის ქრისტიანთა მასობრივი გადაადგილება ახლო აღმოსავლეთში, ევროპის საზღვრებთან დაბანაკებული დევნილები – რელიგიური ლიდერების მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. 16 აპრილს კუნძულ ლესბოსზე შეხვედრა, ცხადია, მსოფლიო მედიის ცენტრში აღმოჩნდა. თუ რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა, ამის თქმა ძნელია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ამ შეხვედრის რამდენიმე დადებითი მხარე.
კათოლიკე ეკლესიისთვის უცხო არაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიმართვა. წმინდა საყდარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ან წევრის სტატუსით მონაწილეობს ან დამკვირვებლის და თავის სიტყვას ამბობს. ამით კათოლიკე ეკლესია, რომელსაც თავისი ეკლესიური ბუნებიდან გამომდინარე ამის საშუალება უფრო ბუნებრივად ეძლევა (წმინდა საყდრის მეთაური კათოლიკეთა სულიერი მამაცაა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიც), საზოგადოებრივ სივრცეში საკუთარ პოზიციას ადასტურებს.
დღეს ყველა ეკლესიას საზოგადოებრივ სივრცეში საკუთარი პოზიციის დადასტურება ერთნაირად არ ეძლევა. ეკლესიები სხვადასხვა პოლიტიკურ რეალობაში არსებობენ. დემოკრატიული საზოგადოებისა და სტრუქტურების პირობებში ეკლესიას შეუძლია ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დაადასტუროს.
აი, სწორედ ამ ფაქტთან გვაქვს საქმე, როცა 16 აპრილს კუნძულ ლესბოსზე ჩასული პაპის, პატრიარქისა და მთავარეპისკოპოსის დეკლარაციას ვახსენებთ. ქრისტიანული ეკლესიების მეთაურებმა ერთობლივად დაადასტურეს ქრისტეს სიტყვების მიმართ ერთგულება, რომ თანადგომა და თანაგრძნობა გამოუცხადონ უსამართლობისა და კონფლიქტის მსხვერპლთ. ესაა სამართლიანობის აღდგენისა და თანაგრძნობის გამოხატვის ქრისტიანული ჟესტი დღევანდელ სამყაროში.
ნუ დაველოდებით მაინცდამაინც შედეგებს. უსამართლობის მსხვერპლთა მიმართ თანადგომის გამოხატვა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.
You must be logged in to post a comment.