საერთომართლმადიდებლური (წმინდა და დიდი) კრება კუნძულ კრეტაზე

15 ივნისს, საერთომართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე კუნძულ კრეტაზე, წმინდა საყდართან საქართველოსა და რუმინეთის საელჩოების თაოსნობით რომის ერთიანობის ცენტრმა (Centro Pro Unione) უმასპინძლა შეხვედრას, რომლის მიზანი იყო კრებაზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვა. რასაკვირველია, ორიოდე თვის წინ, როდესაც ამ შეხვედრის მიზანი განისაზღვრა, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
IMG_5687

კრების შესახებ ადრეც მოგახსენეთ ამ ბლოგის მეშვეობით (14 იანვარი). ჩემი აზრი კრების აუცილებლობის შესახებ არ შეცვლილა. მჯერა, რომ მართლმადიდებლური ერთიანობა იმდენად საკვანძო საკითხია ეკლესიის ცხოვრებაში, რომ უმისობა მხოლოდ საზიანო და შემაფერხებელია.

სიცხადისთვის შეგახსენებთ ორიოდე მნიშვნელოვან ფაქტს. დღეს, თეორიულად, 14 ავტოკეფალური ეკლესია (ავტოკეფალია, იგივე თვითწყობა) წარმოადგენს ერთმანეთის მიერ აღიარებულ მართლმადიდებელ იურისდიქციებს. (ასევე, არსებობს რამდენიმე ნაწილობრივ აღიარებული იურისდიქცია.) კრეტის კრებაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა 14 იურისდიქცია, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. უკანასკნელი საეკლესიო კრება, რომელსაც საერთო მართლმადიდებლური მნიშვნელობა მიენიჭა, იყო ნიკეის მეორე კრება 787 წელს.

მართლმადიდებელთა ერთიანობის მოთავეა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის მეთაური, 325 წელს ნიკეის კრების მიერ მისთვის მინიჭებული ‘უპირატესობის პატივის’ მიხედვით.

ახალი საერთო მართლმადიდებლური კრებისთვის მზადებას გასული საუკუნის 60-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა კონსტანინოპოლის პატრიარქმა ათენაგორამ. მიუხედავად რამდენიმე შეხვედრისა, ათწლეულების მანძილზე ვერ მოხერხდა კრების დანიშვნა. 2008  წელს, ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურები კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ კრების შესახებ მსჯელობის გასაახლებლად, ხოლო 2014 წლის შეხვედრაზე  კრების ჩატარების თარიღად დასახელდა 2016 წელი.

თავდაპირველად, საერთო მართლმადიდებელი კრების ჩატარება გადაწყვეტილი იყო წმინდა ირინეს ტაძარში, თურქეთში, სადაც გაიმართა უკანასკნელი კრება მერვე საუკუნეში. 2016 წლის თებერვალში, თურქეთისა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის შექმნილი დაძაბულობის გამო, კრების ჩატარება გადაწყდა საბერძნეთში, კრეტის კუნძულზე, რომელიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია.

2016 წლის იანვარში შამბეზიში, ჟენევა (კონსტანტინოპოლის საპაქტრიარქო) 14 ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური შეიკრიბა. ისინი შეთანხმდნენ, კრეტის კრებაზე განეხილათ მხოლოდ ექვსი დოკუმენტი. ასევე, მიიღეს გადაწყვეტილებები კრების ჩატარების წესების შესახებ. მოსამზადებელ პერიოდში საპოლემიკო თემების რიცხვი ბევრად მეტი იყო, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, გამორიცხვის მეთოდით, რამდენიმე თემა შეირჩა. სწორედ, ამ ექვსი დოკუმენტის განხილვა შევთავაზეთ წმინდა საყდართან რუმინეთის ელჩთან ერთად რომის ერთიანობის ცენტრის დირექტორს მამა ჯაკომო პუგლიზის. ერთიანობის ცენტრი ინტერესით მოეკიდა ამ წინადადებას და ჩვენც, მის განსახორიცელებლად, მცირე პროექტი შევიმუშავეთ. შეხვედრაზე თანამომხსენებლად მოვიწვიეთ რომის წმინდა თომა აქვინელის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრიოს კერამიდასი და სამი სტუდენტი პაპის უნივერსიტეტებიდან: მარიუშ ალექსანდრუ, ნიკოს პაპაქრისტუ და დიაკვანი ლეონიდე ებრალიძე. ამგვარმა არჩევანმა შესაძლებლობა მოგვცა მართლმადიდებლურ ერთიანობაზე მხოლოდ დოკუმენტების განხილვით კი არ გვემსჯელა, არამედ ერთიანი მართლმადიდებლური სულისკვეთება დაგვედასტურებინა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ დღეს ამ სულისკვეთებას უფრო მეტის თქმა მოუწევდა, ვიდრე პროექტის ჩასახვისას იყო გათვალისწინებული. ექვსი მომხსენებელი ოთხი ავტოკეფალური ეკლესიისა (კონსტანტინოპოლი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი) და სამი კულტურული კონტექსტის (ბერძნები, რუმინელები, ქართველები) წარმომადგენლები გახლდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ დოკუმენტების შეფასების მეთოდი და ენა (ნაწილმა ინგლისურად ვისაუბრეთ, ნაწილმა იტალიურად), განსხვავდებოდა, შესაშური იყო ეკლესიის მორწმუნეთა წიაღში  მართლმადიდებლური ერთიანობის დამაჯერებლად გამოხატვა, რომლის დადასტურებაც, ზოგჯერ, უმაღლესი საეკლესიო ავტორიტეტის დონეზე უფრო რთულია.

ჩვენეული შეფასებები ასე გამოიყურებოდა:

თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბოგდან ტატარუ-კაზაბანი – დოკუმენტი დიასპორის შესახებ; თეოლოგიის დოქტორი პროფესორი დიმიტრიოს კერამიდასი  – დოკუმენტი მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის შესახებ დღეს; ამ სტრიქონების ავტორი – მართლმადიდებლების დამოკიდებულება სხვა ქრისტიანებთან; პაპის აღმოსავლური ინსიტუტის სტუდენტები მარიუშ ალექსანდრუ (დოგმატიკური ღვთისმეტყველების სტუდენტი) და  დიაკვანი ლეონიდე ებრალიძე (ლიტურგიკული ღვთისმეტყველების სტუდენტი) – ქორწინებისა და მარხვის დოკუმენტები; წმ. გრიგოლის უნივერსიტეტის საეკლესიო კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოს პაპაქრისტუმ (ბერძნულენოვანი საეკლესიო ვებგვერდ ‘ამენ’-ის ავტორი) ისაუბრა საერთო მართლმადიდებლური კრების მომზადების პროცესის საკომუნიკაციო მეთოდებზე.

ყველა მომხსენებელმა თავისებურად გამოხატა მხარდაჭერა  საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის  მიმართ. შეხვედრის ეს გზავნილი დღეს, როდესაც დიდი კრება მცირე სინაქსმა ჩაანაცვლა, როდესაც 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან ოთხი არ თუ ვერ გაემგზავრა შეხვედრაზე, რაც თავისთავად იქნებოდა ნიშანი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

რასაკვირველია, დოკუმენტების განხილვა, თავისთავად, ძალიან საინტერესო იყო. თავად დოკუმენტების მიმართ კრიტიკული მოსაზრება არაერთგზის გამოითქვა მართლმადიდებელი საეკლესიო ავტორიტეტებისა თუ საუნივერსიტეტო ღვთისმეტყველების მიერ, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებით.  ამ შემთხვევაშიც მომხსენებლებმა კონსტრუქციული შეფასებებით გამოავლინეს ის სირთულეები, რაც მართლმადიდებლური სწავლების საყოველთაოდ გაზიარებას ზოგჯერ წინ ეღობება. ცხადია, მართლმადიდებლებს მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ გააჩნიათ იმის პრობლემა, რომ დოგმატურ თუ სულიერი ცხოვრების საკითხებზე ერთობა დაადასტურონ. აზრთა სხვადასხვაობა თავს იჩენს  მაშინ, როდესაც, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით, სამყაროში ორიენტაციის საკითხი დგება: ურთიერთობა  არამართლმადიდებლებთან, გათვალისწინება სეკულარული სამყაროს ისეთი მონაპოვარისა, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ეგრეთ წოდებული დიასპორის საკითხი ანუ რა მიმართებაშია ავტოკეფალური (იგივე ნაციონალური) ეკლესიის მიერ უცხოეთში დაარსებული ეპარქიები თუ სამრევლოები ‘დედა ეკლესიასთან’, როგორ ართმევს თავს დღეს ეკლესია შერეულ ქორწინებას, რას წარმოადგენს დღეს მართლმადიდებელისთვის მარხვის დაცვა სამყაროს ნებისმიერ ადგილას.

გამოსვლის ტექსტები სექტემბერში დაიბეჭდება ინგლისურ და იტალიურ ენაზე, რომის ერთიანობის ცენტრის მიერ.

შეხვედრამ ორ საათს გასტანა. დარბაზი სავსე იყო როგორც დიპლომატებითა თუ ღვთისმეტყველებით, უბრალო საკითხით დაინტერესებული პირებით. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთმა  აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის კრების შინაარსის გაცნობა.

აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი პირადი გულისტკივილი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ დაესწრება საერთო მართლმადიდებლურ შეხვედრას, რაც არ უნდა იყოს ამ შეკრების საბოლოო სტატუსი: წმინდა და დიდი კრება თუ მცირე შეკრება. როგორც მოგახსენეთ კრებასთან დაკავშირებით არ შემიცვლია შეხედულება, მართლმადიდებელი ერთიანობისთვის აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის უმთავრესი პრინციპის კრებსითობის ანუ სინოდალობის აღდგენა. ’აღდგენა’-თქო ვამბობ, რადგან ამ თორმეტი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლები არ შეკრებილან იმ მიზნით, რომ საერთო გადაწყვეტილება მიეღოთ, ერთმანეთს როგორც მოდავე მხარეები კი არ დაუპირისპირდნენ, არამედ გულისხმიერად მოუსმინონ, საკუთარი ეროვნული ინტერესები საერთო მართლმადიდებლურ ჭრილში გაზომონ, ეკლესიის სწავლების წიაღში მსჯელობით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და ეს პასუხისმგებლობა ყველამ ერთნაირად გაიზიაროს. ეს ყოველივე კი მხოლოდ ურთიერთ პატივისცემის, სიყვარულისა და ლოცვის შედეგად შეიძლება განხორციელდეს.

ერთი კანონზომიერება გამოვლინდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრეტის კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმით. 1997 წელს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრობაზე, საერთო მართლმადიდებლური კრებისთვის მზადების პროცესი გამწვავებული იყო იმდენად, რომ 1999 წლიდან 2008 წლამდე ვერ მოხერხდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურების შეხვედრა. ამის მიზეზი, როგორც ამჯერად, ნაწილობრივ იურისდიქციული საკითხი იყო, ნაწილობრივ ვერ შეთანხმება ეკლესიის სწავლების დღევანდელ დღესთან მიმართებაზე. 90-იანი წლების დასასრულს გამწვავებულ მდგომარეობასთან გამკლავება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საერთო ქრისტიანული მოძრაობიდან გამოსვლით გადაჭრა.  ახლაც, როცა მართლმადიდებლური ერთიანობა, მოულოდნელად, გამწვავდა ავტოკეფალური ეკლესიების პასუხისმგებლობის გაზრდის ფონზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოეთიშა რბოლას. რატომ განუვითარდა ამ უძველეს და ბრძენ ეკლესიას ბრძოლიდან გამოთიშვის ინსტინქტი? გამოთიშვა თუ განზე გადგომა არც საკლესიო სწავლებით და არც დღევანდელი სამყაროს გადმოსახედიდანაა გამართლებული.

ფაქტობრივად, კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზად სახელდება კრებაზე განსახილველი დოკუმენტები, რომელთაც მოწონება არსად დაუმსახურებია. ეს ტექსტები შეირჩა, როგორც შედარებით იოლი თემები, საერთო მართმადიდებლური მსჯელობის, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების, კრებსითობის, სინოდალობის ახალი ეტაპის დაწყების მიზნით.

ვიცი, რომ ჩემს თვალსაზრისს საქართველოში ყევლა არ ეთანხმება. გაითვალისწინეთ, მეც ამ ეკლესიის შვილი ვარ და მისი ავ-კარგი ისევეა ჩემი სატკივარი, როგორც მათი, ვინც ჩემს ხედვას არ ეთანხმებით.

ვისწავლოთ ერთად საუბარი მაშინაც, როცა ჩვენი აზრები არ ემთხვევა. ღვთის ნებაა, რომ ჩვენ ერთი ცის ქვეშ გავჩნდით, ხოლო ერთსა და იმავე ეკლესიის წიაღში ხედვათა სხვადასხვაობა ჩვენი არჩევანია. პატივი მივაგოთ ერთმანეთის არჩევანს.

19 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ათი ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლებმა  კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონის წმინდა მინას საკათედრო ტაძარში წმინდა ჟამისწირვა აღასრულეს. დღეს იწყება სამუშაო შეხვედრები. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იმის ფონზე, რომ ანტიოქიის ეკლესიასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის გრძელდება იურისდიქციული პრობლემა, ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიები განსახილველი დოკუმენტების მიუღებლობის გამო არ მონაწილეობენ, ხოლო მოსკოვის საპატრიარქო სხვა ადგილობრივი ეკლესიების არმონაწილეობის გამო არ მონაწილეობს.
13434742_1757065404507361_5918750518832372960_n

მიუხედავად ამ რთული ხლართისა, არიადნეს ძაფს თუ მივყვებით, კრეტას ლაბირინთიდან სინათლეზე გამოსვლა არ გაგვიჭირდება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s