1 სექტემბერი – გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღე

Image2015 წლის 6 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ 1 სექტემბერი გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გუშინ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარდა საღამოს ლოცვა პაპის მონაწილეობით. გუშინვე ვატიკანის პრესსამსახურის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა ვატიკანთან აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის  პაპის საპირველსექტემბრო გზავნილის განხილვა.

ერთ წელზე მეტი გავიდა Laudato Si-ის გამოქვეყნებიდან. ალბათ, ძნელია მოინახოს დოკუმენტი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს პოპულარობისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მობილიზაციის თვალსაზრისით. იგი მონათულია, როგორც ‘ახალი ცივილიზაციისკენ მოწოდება’, და ‘უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი’.[1]

ვფიქრობ, ქართული სიტყვა „გარემო“ მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს სათქმელს, რადგად უფრო ზუსტი შესატყვისი იქნებოდა „ქმნილება“ (Creation), რომელშიც უკვე ჩადებულია შესაქმის აქტი, ღვთის მიერ მისი არაფრისგან შექმნა. კათოლიკეთა და მართმლმადიდებელთა დამოკიდებულება გარემოს მიმართ სწორედ ამ ხედვას ეფუძნება. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ენაში დამკვიდრებულია „გარემო“. ამ ორს მონაცვლეობით მივმართავ.

მაშ, კათოლიკე ეკლესიაში 1 სექტემბერი გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული. როგორც თავად უმაღლესი პონტიფექსი ბრძანებს, მან გაიზიარა შარშან,  Laudato Si -ის პრეზენტაციის დროს, მართლმადიდებელი მიტროპოლიტისა და დიდი ღვთისმეტყველის იოანე ზიზიულასის შეთავაზება, რომ 1 სექტემბერი ეკლესიას გამოეცხადებინა როგორც Day of Creation (სიტყვა-სიტყვით თარგმნისას „ქმნილების დღე“).

პაპის ახალი გზავნილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ეხმიანება შარშანდელ ცირკულარულ წერილს და მის რამდენიმე მნიშვნელოვან თემას კვლავ აჟღერებს. გარდა ამისა, წლევანდელი გზავნილი, შარშანდელისგან განსხვავებით, დიდ ადგილს უთმობს კონსტანტინოპოლის პატრიარქების დემეტრესა და ბართლომეს მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. Laudato Si- ში მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ერთ ადგილას მოხსენიების, ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არმოხსენიების გამო, მეც გამოვთქვი გულისტკივილი. ათწლეულებია, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ეკუმენური თანამეგობრობა სერიოზულ მუშაობას აწარმოებენ მორწმუნეთა შეგნების ასამაღლებლად. საინტერესოა, რომ პაპის ახალი გზავნილის ენაც, ძალიან ახლოსაა მართლმადიდებლების მიერ „ქმნილებაზე“ ზრუნვის დისკურსთან.

პატრიარქ დემეტრესა და პატრიარქ ბართლომეს დამსახურების გარდა, პაპის გზავნილი აღწერს, თუ როგორ შემოვიდა საეკლესიო ცნობიერებაში ისეთი ცნება, როგორიცაა Time for Creation/ “ქმნილებისთვის განკუთვნილი დრო”. 2008 წელს, რუმინეთის ქალაქ სიბიუში ჩატარდა ევროპის მესამე ეკუმენური ასამბლეა, სადაც ეკლესიები შეთანხმდნენ, რომ 1 სექტემბრიდან (მართლმადიდებელ ეკლესიაში კალენდარული წლის დასაწყისი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ინიცირებული გარემოზე ზრუნვის დღე) 4 ოქტომბრის ჩათვლით (კათოლიკე ეკლესიაში წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღე) პერიოდი “ქმნილებისთვის განკუთვნილ დროდ” გამოცხადდეს. პაპის გზავნილი, ასევე, მიუთითებს ეკუმენური მოძრაობის მიერ ჩატარებულ დიდ სამუშაოზე გარემოს მიმართ სამართლიანი ქმედების მხრივ. პაპი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქრისტინებსა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ თანადგომა და თანამშრომლობა ჩვენი საერთო სახლის სასარგებლოდ. “ჩვენ უნდა გავერთიანდეთ დედამიწის მიმართ გულმოწყალების გამოხატვაში და საერთო ძალებით ვიზრუნოთ სამყაროზე, სადაც ერთად ვცხოვრობთ.”

1 სექტემბრის გზავნილს პაპი ფრანცისკე უწოდებს “ამ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ადამიანთან” დიალოგის განახლებას. ღმერთმა აყვავებული ბაღი გვიბოძა, ჩვენ კი იგი დავაბინძურეთ და სანაგვედ ვაქციეთ. არ უნდა უგულებელვყოთ ის საშიშრობა, რაც ჩვენი პლანეტისთვის ეკოსისტემების განადგურებას  მოაქვს.

Laudato Si-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ეგრეთ წოდებული, ინტეგრალური ეკოლოგია, რაც გულისხმობს, რომ ბუნების კრიზისი საზოგადოების კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს, “რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული” (137). ადამიანმა არასწორად გაიაზრა ბიბლიის (დაბ. 2:15) მოწოდება, რომ სამყარო მას ეძლევა მოსახმარად და საზრუნავად. “მეტი მოხმარება და ნაკლები ზრუნვა – ცოდვაა”, ამბობს პაპი ფრანცისკე. ყველამ  უნდა მოვინანიოთ, კონკრეტული ნაბიჯებით ეკოლოგიურ მონანიებამდე მივიდეთ.

ამ მხრივ, კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ხედვა ერთიანია, გარემოში მიმდინარე კრიზისი, მეტწილად, ადამიანის უპასუხისმგებლობის შედეგია, იმის დავიწყებაა, რომ ღმერთმა ადამიანი ბუნების მხოლოდ მომხმარებლად კი არა, მის მცველად და მზრუნველად დააყენა. პაპი ადამიანის ცოდვას სამგანზომილებიან ჭრილში ხედავს: ქმნილების, ღარიბთა და მომავალი თაობის მიმართ ჩადენილ ცოდვად.

დღეს გაბატონებული ცხოვრების წესი სიხარბესა და მოგებაზეა დამყარებული, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ მოვინანიოთ, რაც ჩვენი საერთო სახლის მიმართ შეგვიცოდავს. გარემოს მიმართ ჩადენილი ცოდვა ჩვენს ძმებსა და დებზეც ვრცელდება, რისი აღიარება და აღსარება ჩვენი მოვალეობაა, ამბობს პაპი ფრანცისკე.

პაპის გზავნილი ყველას მოუწოდებს ცხოვრების სტილში თუნდაც პატარა ცვლილებების შეტანისკენ. ბუნებაში მიმდინარე კრიზისის შეჩერებას ეს პატარა ცვლილებებიც შეუწყობენ ხელს. “საზოგადოებასა და კულტურაში არ უნდა მძლავრობდეს მოკლევადიან ან მსწრაფლ ფინანსურ მოგებაზე თუ ელექტორატის გულის მოსაგებაზე დაფუძნებული აზროვნება.” ჩვენ საერთო სიკეთის თანამონაწილენი ვართ, რაც, გარემოზე ზრუნვასაც გულისხმობს. პაპს შემოაქვს ისეთი ცნება, როგორიცაა “ეკოლოგიური დავალიანება”. გლობალური ჩრდილოეთი გლობალური სამხრეთის მიმართ ვალშია,  განვითარებადი ქვეყნები და ღარიბი მოსახლეობა მეტ ყურადღებას იმსახურებენ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური დახმარების მხრივ. “ჩვენი საერთო სახლის დაცვა მოითხოვს მზარდ გლობალურ კონსენსუსს.” იმედია, რომ 2015 წლის დეკემბერში პარიზში კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო შეხვედრაზე მიღებული მდგრადი განვითარების მიზნები (იმავე წლის სექტემბერში ჩამოყალიბებული), აიძულებს მთავრობებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარემოზე ზრუნვას. ეს უკანასკნელი უპირველესად მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, მაგრამ მთავრობების აქტიურობაც აუცილებელია.

“არაფერი გვაკავშირებს ღმერთთან მეტად, ვიდრე გულმოწყალება; უფლის მოწყალებითაა, რომ ჩვენ ცოდვა მოგვეტევება და მისი სახელით სიკეთის კეთება შეგვიძლია.” მოწყალების გარეშე საქმიანობა მკდარია. (იაკობი 2:17) რადგან გლობალიზაციის პირობებში სიღარიბის ახალი ფორმები იჩენს თავს, შემოქმედებითი მიდგომა გვმართებს საქველმოქმედოდ ახალი, პრაქტიკული ფორმების შემუშავებისას. პაპის სიტყვებით, მათეს 25-ე თავში (42-44) ჩამოთვლილი მოწყალების ექვს სახეობას მივუმატოთ მეშვიდე – ჩვენს საერთო სახლზე ზრუნვა.

[1] პირველი დახასიათება მიეწერება ფრანგ ფილოსოფოსს ედგარ მორინს, ხოლო მეორე ბილ მაკიბენს.

http://www.news.va/en/news/presentation-of-pope-francis-message-of-day-of-pra

2016 წლის 4 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდანად შერაცხავს დედა ტერეზას (1910 – 1997)

2016 წლის 4 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდანად შერაცხავს დედა ტერეზას (1910 – 1997) დედა ტერეზა (აგნეს გონზა ბოიაჯიუ)  ნეტართა რიცხვს 2003 წლის 19 ოქტომბერს შეუერთდა პაპ იოანე პავლე მეორის თაოსნობით, წმინდანად მის შერაცხვას კი პაპი ფრანცისკე აღასრულებს. ამას წინათ ვატიკანის საინფორმაციო წყაროებში გამოჩნდა ეს აზრი, რომ დედა ტერეზა ახლანდელი პონტიფექსის საღვთისმეტყველო ხედვის ცხოვრებაში განხორციელების საუკეთესო მაგალითია.

გარდა იმისა, რომ დედა ტერეზას სახელი საყოველთაოდაა ცნობილი, მას რამდენიმე ქევეყანა ეცილება: დაიბადა სკოპიეში, დღევანდელ მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში, 18 წლიდან ცხოვრობდა ინდოეთში. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონია.  1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.

დედა ტერეზას წმინდანთა დასთან შეერთება წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ვატიკანში. წმინდა საყდართან საქართველოს საელჩო, თავის მხრივ, ეხმიანება ამ მოვლენას დედა ტერეზას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული ფაქტების გახსენებით.

article 4

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მრავალათასიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ჯავშანმანქანების, ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბიეს, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ქალი, ხოლო, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზებული იქნა ასობით ადამიანი.  (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, მიიღო).

9 აპრილის ტრაგედიამ ქართველი ერის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღისა და მომწამლავი გაზის გამოყენება, რომელსაც სრულიად უდანაშაულო 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უმძიმეს გამოფხიზლებად იქცა საქართველოში, სადაც დამოუკიდებლობის სურვილი არ შეესაბამებოდა  მოსახლეობის მზადყოფნას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის. 9 აპრილიდან მოკიდებული უფრო ნათლად გამოიკვეთა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის სირთულე, არამედ საბჭოთა სისტემის მსხვრევის პროცესში გადარჩენისაც.

1989 წლის 22 ივნისს თბილისში ჩამოდის დედა ტერეზა იმ მიზნით, რომ 9 აპრილს დაშავებულები მოინახულოს, ხოლო გარდაცვლილებს პატივი მიაგოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წლის ივნისში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებაა – კომუნისტური მმართველობა, ხოლო წმინდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობა დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ 1992 წელს დაამყარა.

ეს იყო დედა ტერეზას მესამე ჩამოსვლა საბჭოთა კავშირში, 1986 წელს მან მოინახულა ჩერნობილის მსხვერპლნი, 1988 წელს სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლნი, ხოლო 1989 წელს 9 აპრილის ღამეს დაშავებულნი ანუ საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების მსხვერლნი, რასაც, ყველაზე მეტად, ხელი შეუწყო მშვიდობის კომიტეტმა. შესაძლოა, ის არეულობა, რაც საქართველოში 1989 წელს სუფევდა, იმ დროს ისე კარგად არ აღიქმებოდა, როგორც ახლა, თუნდაც, დედა ტერეზას საქართველოში ჩამოვლასთან დაკავშირებულ დეტალებში.

საბჭოთა კავშირში არსებობდა ეგრეთ წოდებული მსოფლიოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. საბჭოთა კავშირისთვის იგი, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთთან ურთიერთობის ფრონტალურ ორგანოს წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ეს ორგანო გმობდა ნატოს მიერ ატომური იარაღის ევროპაში განთავსებას, მაგრამ თავად მიესალმებოდა საბჭოთა კავშირის მიერ, თავდაცვის მიზნით, ატომური იარღის წარმოებას. აი, სწორედ, ამ ორგანიზაციის თაოსნობით, როგორც ირკვევა, დედა ტერეზა მიიწვიეს საქართველოში (საქართველოში მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე).

Tbilisi, Georgia, 1989

გაზეთ კომუნისტის 1989 წლის 25 ივნისის გამოშვება აქვეყნებს სტატიას ‘დედა ტერეზა თბილისში’, ფოტოზე პირველ პლანზეა დედა ტერეზა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სტატია აღწერს ‘უძლურთა, მარტოხელათა, მოხუცთა და ბავშვთა განმკითხავ’ დედა ტერეზასა და გულმოწყალე დების ჩამოსვლას საქართველოში. როგორც გაზეთი გვატყობინებს, დედა ტერეზამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც გულმოწყალების დებს აინტერესებდათ, გაჭირვებულებისთვის ურვის შემსუბუქება იყო.  იმავე წელს გულმოწყალე დების სამი ცენტრი გაიხსნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე: მოსკოვში, ერევანსა და თბილისში. 1999 წლიდან გულმოწყალების დები ქუთაისში, ბათუმსა და გორშიც გამოჩნდნენ.

ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება, რომელიც ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანისთვის 2003 წლის ოქტომბერში რეჟისორ თამარ დულარიძის მიერ მიცემულ ინტერვიუში დასტურდება. დები პიტრებისთვის, რომელთაც დედა ტერეზაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, თამარ დულარიძეს საჩუქრად მიურთმევია ქართული ხალხური სიმღერები ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით. ფირფიტაზე პირველი სიმღერა ‘ურმული’ ყოფილა. დებ პიტრებს ეს ფირფიტა გადაუციათ დედა ტერეზასთვის, რომელიც ‘ურმულის’ გაგონებაზე აცრემლებულა და უკითხავს, ეს კაცი რომელ ეკლესიაში გალობსო. მერე უთხრეს, რომ სიმღერა იმ ქვეყნიდან იყო, სადაც მას 9 აპრილს დაშავებული ხალხი ელოდა.