2016 წლის 4 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდანად შერაცხავს დედა ტერეზას (1910 – 1997) დედა ტერეზა (აგნეს გონზა ბოიაჯიუ) ნეტართა რიცხვს 2003 წლის 19 ოქტომბერს შეუერთდა პაპ იოანე პავლე მეორის თაოსნობით, წმინდანად მის შერაცხვას კი პაპი ფრანცისკე აღასრულებს. ამას წინათ ვატიკანის საინფორმაციო წყაროებში გამოჩნდა ეს აზრი, რომ დედა ტერეზა ახლანდელი პონტიფექსის საღვთისმეტყველო ხედვის ცხოვრებაში განხორციელების საუკეთესო მაგალითია.
გარდა იმისა, რომ დედა ტერეზას სახელი საყოველთაოდაა ცნობილი, მას რამდენიმე ქევეყანა ეცილება: დაიბადა სკოპიეში, დღევანდელ მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში, 18 წლიდან ცხოვრობდა ინდოეთში. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონია. 1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.
დედა ტერეზას წმინდანთა დასთან შეერთება წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ვატიკანში. წმინდა საყდართან საქართველოს საელჩო, თავის მხრივ, ეხმიანება ამ მოვლენას დედა ტერეზას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული ფაქტების გახსენებით.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მრავალათასიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ჯავშანმანქანების, ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბიეს, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ქალი, ხოლო, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზებული იქნა ასობით ადამიანი. (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, მიიღო).
9 აპრილის ტრაგედიამ ქართველი ერის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღისა და მომწამლავი გაზის გამოყენება, რომელსაც სრულიად უდანაშაულო 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უმძიმეს გამოფხიზლებად იქცა საქართველოში, სადაც დამოუკიდებლობის სურვილი არ შეესაბამებოდა მოსახლეობის მზადყოფნას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის. 9 აპრილიდან მოკიდებული უფრო ნათლად გამოიკვეთა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის სირთულე, არამედ საბჭოთა სისტემის მსხვრევის პროცესში გადარჩენისაც.
1989 წლის 22 ივნისს თბილისში ჩამოდის დედა ტერეზა იმ მიზნით, რომ 9 აპრილს დაშავებულები მოინახულოს, ხოლო გარდაცვლილებს პატივი მიაგოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წლის ივნისში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებაა – კომუნისტური მმართველობა, ხოლო წმინდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობა დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ 1992 წელს დაამყარა.
ეს იყო დედა ტერეზას მესამე ჩამოსვლა საბჭოთა კავშირში, 1986 წელს მან მოინახულა ჩერნობილის მსხვერპლნი, 1988 წელს სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლნი, ხოლო 1989 წელს 9 აპრილის ღამეს დაშავებულნი ანუ საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების მსხვერლნი, რასაც, ყველაზე მეტად, ხელი შეუწყო მშვიდობის კომიტეტმა. შესაძლოა, ის არეულობა, რაც საქართველოში 1989 წელს სუფევდა, იმ დროს ისე კარგად არ აღიქმებოდა, როგორც ახლა, თუნდაც, დედა ტერეზას საქართველოში ჩამოვლასთან დაკავშირებულ დეტალებში.
საბჭოთა კავშირში არსებობდა ეგრეთ წოდებული მსოფლიოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. საბჭოთა კავშირისთვის იგი, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთთან ურთიერთობის ფრონტალურ ორგანოს წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ეს ორგანო გმობდა ნატოს მიერ ატომური იარაღის ევროპაში განთავსებას, მაგრამ თავად მიესალმებოდა საბჭოთა კავშირის მიერ, თავდაცვის მიზნით, ატომური იარღის წარმოებას. აი, სწორედ, ამ ორგანიზაციის თაოსნობით, როგორც ირკვევა, დედა ტერეზა მიიწვიეს საქართველოში (საქართველოში მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე).
გაზეთ კომუნისტის 1989 წლის 25 ივნისის გამოშვება აქვეყნებს სტატიას ‘დედა ტერეზა თბილისში’, ფოტოზე პირველ პლანზეა დედა ტერეზა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სტატია აღწერს ‘უძლურთა, მარტოხელათა, მოხუცთა და ბავშვთა განმკითხავ’ დედა ტერეზასა და გულმოწყალე დების ჩამოსვლას საქართველოში. როგორც გაზეთი გვატყობინებს, დედა ტერეზამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც გულმოწყალების დებს აინტერესებდათ, გაჭირვებულებისთვის ურვის შემსუბუქება იყო. იმავე წელს გულმოწყალე დების სამი ცენტრი გაიხსნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე: მოსკოვში, ერევანსა და თბილისში. 1999 წლიდან გულმოწყალების დები ქუთაისში, ბათუმსა და გორშიც გამოჩნდნენ.
ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება, რომელიც ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანისთვის 2003 წლის ოქტომბერში რეჟისორ თამარ დულარიძის მიერ მიცემულ ინტერვიუში დასტურდება. დები პიტრებისთვის, რომელთაც დედა ტერეზაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, თამარ დულარიძეს საჩუქრად მიურთმევია ქართული ხალხური სიმღერები ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით. ფირფიტაზე პირველი სიმღერა ‘ურმული’ ყოფილა. დებ პიტრებს ეს ფირფიტა გადაუციათ დედა ტერეზასთვის, რომელიც ‘ურმულის’ გაგონებაზე აცრემლებულა და უკითხავს, ეს კაცი რომელ ეკლესიაში გალობსო. მერე უთხრეს, რომ სიმღერა იმ ქვეყნიდან იყო, სადაც მას 9 აპრილს დაშავებული ხალხი ელოდა.