1 სექტემბერი – გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღე

Image2015 წლის 6 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ 1 სექტემბერი გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გუშინ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარდა საღამოს ლოცვა პაპის მონაწილეობით. გუშინვე ვატიკანის პრესსამსახურის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა ვატიკანთან აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის  პაპის საპირველსექტემბრო გზავნილის განხილვა.

ერთ წელზე მეტი გავიდა Laudato Si-ის გამოქვეყნებიდან. ალბათ, ძნელია მოინახოს დოკუმენტი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს პოპულარობისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მობილიზაციის თვალსაზრისით. იგი მონათულია, როგორც ‘ახალი ცივილიზაციისკენ მოწოდება’, და ‘უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი’.[1]

ვფიქრობ, ქართული სიტყვა „გარემო“ მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს სათქმელს, რადგად უფრო ზუსტი შესატყვისი იქნებოდა „ქმნილება“ (Creation), რომელშიც უკვე ჩადებულია შესაქმის აქტი, ღვთის მიერ მისი არაფრისგან შექმნა. კათოლიკეთა და მართმლმადიდებელთა დამოკიდებულება გარემოს მიმართ სწორედ ამ ხედვას ეფუძნება. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ენაში დამკვიდრებულია „გარემო“. ამ ორს მონაცვლეობით მივმართავ.

მაშ, კათოლიკე ეკლესიაში 1 სექტემბერი გარემოზე ზრუნვისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული. როგორც თავად უმაღლესი პონტიფექსი ბრძანებს, მან გაიზიარა შარშან,  Laudato Si -ის პრეზენტაციის დროს, მართლმადიდებელი მიტროპოლიტისა და დიდი ღვთისმეტყველის იოანე ზიზიულასის შეთავაზება, რომ 1 სექტემბერი ეკლესიას გამოეცხადებინა როგორც Day of Creation (სიტყვა-სიტყვით თარგმნისას „ქმნილების დღე“).

პაპის ახალი გზავნილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ეხმიანება შარშანდელ ცირკულარულ წერილს და მის რამდენიმე მნიშვნელოვან თემას კვლავ აჟღერებს. გარდა ამისა, წლევანდელი გზავნილი, შარშანდელისგან განსხვავებით, დიდ ადგილს უთმობს კონსტანტინოპოლის პატრიარქების დემეტრესა და ბართლომეს მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. Laudato Si- ში მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ერთ ადგილას მოხსენიების, ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არმოხსენიების გამო, მეც გამოვთქვი გულისტკივილი. ათწლეულებია, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ეკუმენური თანამეგობრობა სერიოზულ მუშაობას აწარმოებენ მორწმუნეთა შეგნების ასამაღლებლად. საინტერესოა, რომ პაპის ახალი გზავნილის ენაც, ძალიან ახლოსაა მართლმადიდებლების მიერ „ქმნილებაზე“ ზრუნვის დისკურსთან.

პატრიარქ დემეტრესა და პატრიარქ ბართლომეს დამსახურების გარდა, პაპის გზავნილი აღწერს, თუ როგორ შემოვიდა საეკლესიო ცნობიერებაში ისეთი ცნება, როგორიცაა Time for Creation/ “ქმნილებისთვის განკუთვნილი დრო”. 2008 წელს, რუმინეთის ქალაქ სიბიუში ჩატარდა ევროპის მესამე ეკუმენური ასამბლეა, სადაც ეკლესიები შეთანხმდნენ, რომ 1 სექტემბრიდან (მართლმადიდებელ ეკლესიაში კალენდარული წლის დასაწყისი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ინიცირებული გარემოზე ზრუნვის დღე) 4 ოქტომბრის ჩათვლით (კათოლიკე ეკლესიაში წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღე) პერიოდი “ქმნილებისთვის განკუთვნილ დროდ” გამოცხადდეს. პაპის გზავნილი, ასევე, მიუთითებს ეკუმენური მოძრაობის მიერ ჩატარებულ დიდ სამუშაოზე გარემოს მიმართ სამართლიანი ქმედების მხრივ. პაპი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქრისტინებსა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ თანადგომა და თანამშრომლობა ჩვენი საერთო სახლის სასარგებლოდ. “ჩვენ უნდა გავერთიანდეთ დედამიწის მიმართ გულმოწყალების გამოხატვაში და საერთო ძალებით ვიზრუნოთ სამყაროზე, სადაც ერთად ვცხოვრობთ.”

1 სექტემბრის გზავნილს პაპი ფრანცისკე უწოდებს “ამ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ადამიანთან” დიალოგის განახლებას. ღმერთმა აყვავებული ბაღი გვიბოძა, ჩვენ კი იგი დავაბინძურეთ და სანაგვედ ვაქციეთ. არ უნდა უგულებელვყოთ ის საშიშრობა, რაც ჩვენი პლანეტისთვის ეკოსისტემების განადგურებას  მოაქვს.

Laudato Si-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ეგრეთ წოდებული, ინტეგრალური ეკოლოგია, რაც გულისხმობს, რომ ბუნების კრიზისი საზოგადოების კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს, “რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული” (137). ადამიანმა არასწორად გაიაზრა ბიბლიის (დაბ. 2:15) მოწოდება, რომ სამყარო მას ეძლევა მოსახმარად და საზრუნავად. “მეტი მოხმარება და ნაკლები ზრუნვა – ცოდვაა”, ამბობს პაპი ფრანცისკე. ყველამ  უნდა მოვინანიოთ, კონკრეტული ნაბიჯებით ეკოლოგიურ მონანიებამდე მივიდეთ.

ამ მხრივ, კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ხედვა ერთიანია, გარემოში მიმდინარე კრიზისი, მეტწილად, ადამიანის უპასუხისმგებლობის შედეგია, იმის დავიწყებაა, რომ ღმერთმა ადამიანი ბუნების მხოლოდ მომხმარებლად კი არა, მის მცველად და მზრუნველად დააყენა. პაპი ადამიანის ცოდვას სამგანზომილებიან ჭრილში ხედავს: ქმნილების, ღარიბთა და მომავალი თაობის მიმართ ჩადენილ ცოდვად.

დღეს გაბატონებული ცხოვრების წესი სიხარბესა და მოგებაზეა დამყარებული, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ მოვინანიოთ, რაც ჩვენი საერთო სახლის მიმართ შეგვიცოდავს. გარემოს მიმართ ჩადენილი ცოდვა ჩვენს ძმებსა და დებზეც ვრცელდება, რისი აღიარება და აღსარება ჩვენი მოვალეობაა, ამბობს პაპი ფრანცისკე.

პაპის გზავნილი ყველას მოუწოდებს ცხოვრების სტილში თუნდაც პატარა ცვლილებების შეტანისკენ. ბუნებაში მიმდინარე კრიზისის შეჩერებას ეს პატარა ცვლილებებიც შეუწყობენ ხელს. “საზოგადოებასა და კულტურაში არ უნდა მძლავრობდეს მოკლევადიან ან მსწრაფლ ფინანსურ მოგებაზე თუ ელექტორატის გულის მოსაგებაზე დაფუძნებული აზროვნება.” ჩვენ საერთო სიკეთის თანამონაწილენი ვართ, რაც, გარემოზე ზრუნვასაც გულისხმობს. პაპს შემოაქვს ისეთი ცნება, როგორიცაა “ეკოლოგიური დავალიანება”. გლობალური ჩრდილოეთი გლობალური სამხრეთის მიმართ ვალშია,  განვითარებადი ქვეყნები და ღარიბი მოსახლეობა მეტ ყურადღებას იმსახურებენ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური დახმარების მხრივ. “ჩვენი საერთო სახლის დაცვა მოითხოვს მზარდ გლობალურ კონსენსუსს.” იმედია, რომ 2015 წლის დეკემბერში პარიზში კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო შეხვედრაზე მიღებული მდგრადი განვითარების მიზნები (იმავე წლის სექტემბერში ჩამოყალიბებული), აიძულებს მთავრობებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარემოზე ზრუნვას. ეს უკანასკნელი უპირველესად მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, მაგრამ მთავრობების აქტიურობაც აუცილებელია.

“არაფერი გვაკავშირებს ღმერთთან მეტად, ვიდრე გულმოწყალება; უფლის მოწყალებითაა, რომ ჩვენ ცოდვა მოგვეტევება და მისი სახელით სიკეთის კეთება შეგვიძლია.” მოწყალების გარეშე საქმიანობა მკდარია. (იაკობი 2:17) რადგან გლობალიზაციის პირობებში სიღარიბის ახალი ფორმები იჩენს თავს, შემოქმედებითი მიდგომა გვმართებს საქველმოქმედოდ ახალი, პრაქტიკული ფორმების შემუშავებისას. პაპის სიტყვებით, მათეს 25-ე თავში (42-44) ჩამოთვლილი მოწყალების ექვს სახეობას მივუმატოთ მეშვიდე – ჩვენს საერთო სახლზე ზრუნვა.

[1] პირველი დახასიათება მიეწერება ფრანგ ფილოსოფოსს ედგარ მორინს, ხოლო მეორე ბილ მაკიბენს.

http://www.news.va/en/news/presentation-of-pope-francis-message-of-day-of-pra

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s