პაპი ფრანცისკეს ვიზიტი ლუნდში (31 ოქტომბერი – 1 ნოემბერი 2016), უკანასკნელი წლების ეკლესიათა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. პონტიფექსი გაემგზავრა ევროპის ყველაზე დიდ ლუთერულ ქვეყანაში რეფორმაციის 500 წლისთავის მოსახსენებლად (Commemoration).
შვედეთის ლუთერული ეკლესია სახელმწიფო ეკლესიას წარმოდგენდა 1593 წლიდან 2000 წლამდე, როდესაც მოხდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ფორმალური განცალკევება.
ლუნდში პაპის სტუმრობას წინ უძღვოდა გრძელვადიანი მოსამზადებელი პერიოდი. დაახლოებით 2010 წლიდან ლუთერელთა მსოფლიო ფედერაცია (Lutheran World Federation – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანიზაცია, რომელიც ფართო მასშტაბის სოციალურ პროექტებს ახორციელებს მესამე სამყაროს ქვეყნებსა და კონფლიქტურ ზონებში. რეზიდენციით ჟენევაში) ემზადებოდა რეფორმაციის 500 წლისთავის აღსანიშნავად, ხოლო დანარჩენი არარეფორმისტული სამყარო, ძირითადად კათოლიკეები, ეძებდნენ გზას, რომ ეს თარიღი შესაბამისად აღენიშნათ. ქრისტიანები, რომელთა ეკლესიას გამოეყო ქრისტიანთა ერთი ჯგუფი იმ მიზნით, რომ სახარებისეული სწავლება დაეცვათ მათ (რომის) ეკლესიაში არსებული დარღვევებისგან, რეფორმაციის 500 წლისთავის აღნიშვნამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. იოლი არ იყო მართებული პასუხის მონახვა იმ პირობებში, როდესაც, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე რომის ეკლესიამ ყველა სხვა ეკლესიასთან, მათ შორის ლუთერელებთან, დაამყარა საურთიერთო ფორმატი ისე, რომ არც რელატივიზმის მსხვერპლი გამხდარა და არც საკუთარი პრიორიტეტებისა, როგორც პეტრეს მემკვიდრე ეკლესია (თვით-რეფლექსიის მიხედვით, პირველი ეკლესია). ამ ვითარებაში ეკლესიათა გაყოფის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაც უმართებულო იქნებოდა და ამ თარიღის უყურადღებოდ დატოვებაც. ამდენად, რეფორმაციის 500 წლისთავის აღსანიშნავად მოინახა ეკლესიურ-ლიტურგიკული მოხსენიება.
2013 წელს გერმანიაში გამოიცა კრებული სახელწოდებით „კონფლიქტიდან ერთობამდე”, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ლუნდში გამართული ეკუმენური ღონისძიების ორგანიზაციაში. კრებულში გაანალიზებულია მარტინ ლუთერის მისწრაფება ეკლესიის ე.წ. „კლერიკალიზმისგან” წმენდის თაობაზე, რაც საეკლესიო განხეთქილებას არ ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე, ეკლესიებს შორის 50-წლიანმა დიალოგმა იმის წინაპირობა შექმნა, რომ ეკლესიების წინამძღოლები ამ თარიღს ერთად მოიხსენიებენ და დღევანდელი სამყაროს გამოწვევებს ერთად უსწორებენ თვალს.
31 ოქტომბერს მალმოს საერთაშორისო აეროპორტში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, პაპი ფრანცისკე ქალაქ ლუნდში გაემგზავრა, სადაც ლუთერელების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ეპისკოპოს მუნიბ იუნანთან (იორდანიის ლუთერული საეპისკოპოსო რეზიდენციით იერუსალიმში) და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივან პასტორ მარტინ იუნგესთან (ლუთერული ეკლესია ბრაზილიაში) ერთად ეკუმენური ლოცვა ჩატარდა.
ეკუმენური მსახურების შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ და ეპისკოპოსმა მუნიბ იუნანმა საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც სიამაყით აღინიშნება ეკლესიების მიერ განვლილი ორმოცდაათწლიანი დიალოგი, რომელმაც “გვასწავლა, რომ ჩვენ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს”, – ნათქვამია დეკლარაციაში. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია წარსულის შეცვლა, შესაძლებელია, ტრანსფორმაცია იმისა, რა და როგორ გვახსოვს. იმის ცოდნით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვამოწმებთ სახარებას, ჩვენ დასაბამს ვაძლევთ იმ ერთობის გაღრმავებას, რომელიც (ერთმანეთის) ნათლობის აღიარებით იწყება.
ეკლესიათა შორის ერთობის გაღრმავება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს თანამშრომლობას სამართლიანობისათვის, ძალადობის წინააღმდეგ, ლტოლვილთა ცხოვრების შესამსუბუქებლად, – ნათქვამია დეკლარაციაში.
იმავე დღეს ლუნდის სამეფო სასახლეში პაპი ფრანცისკე მიიღეს შვედეთის მეფემ კარლ გუსტავ მეთექვსმეტემ და დედოფალმა სილვიამ. შვედეთის მეფემ და დედოფალმა მონაწილეობა მიიღეს ეკუმენურ მსახურებაში (დედოფალი სილვია მონაწილეობს წმინდა საყდართან არსებული სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ტრეფიკინგის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში).
რომში დაბრუნებისას თვითმფრინავში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პაპმა აღნიშნა, რომ ლუნდის ვიზიტი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს იყო საეკლესიო, ეკუმენური მოგზაურობა.
1 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია ყველაწმიდის დღესასწაულს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, ქალაქ მალმოს კათოლიკე მოსახლეობასთან ერთად, პაპმა წირვა აღასრულა ღია სტადიონზე.
პაპმა ლიტურგიის დროს მოიხსენია ორი შვედი წმინდანი, მეთოთხმეტე საუკუნის წმინდა ბრიგიტა (ცნობილია, როგორც ევროპის ერთ-ერთი მფარველი წმინდანი) და მეოცე საუკუნის წმინდა მერი ელიზაბეტი (ჰესელბლადი), შერაცხული ამ წლის დასაწყისში. ორივეს მაგალითი დღეს მნიშვნელოვანია, როგორც ღარიბთა და უპოვართა განმკითხველების.
ამავე კონტექსტში პაპი ფრანცისკე ინსტაგრამზე აქვეყნებს: “წმინდანები თავიანთი ცხოვრებით აღგვაფრთოვანებენ, ხოლო ღვთის წინაშე მათი შეწევნით ჩვენც ვხდებით მოწამეობის ღირსნი. დამხარება გავუწიოთ ერთმანეთს მოწამეობის გზაზე“.
შვედეთის კათოლიკე ეკლესია 113 000-მდე წევრს ითვლის. კათოლიკე მღვდლის, მამა ემანუელსონის სიტყვებით, დღეს შვედეთში პრობლემას წარმოადგენს არა ეკლესიებს შორის დიალოგი, არამედ სახარებასა და შვედეთის საზოგადოებას შორის დიალოგი.
ვიზიტის ფარგლებში პაპმა საქებარი სიტყვა არ დაიშურა შვედეთის მიერ ლტოლვილებისთვის აღმოჩენილი დახმარების მიმართ. ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ მისასალმებელია ქვეყნების მიერ იმდენი ლტოლვილის მიღება, რამდენის ინტეგრაციის უნარი შესწევს ამა თუ იმ საზოგადოებას.
ლუთერის საეკლესიო რეფორმას უკავშირდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი, ოცდაათწლიანი ომი (1618-1648). რეფორმაციის 500 წლისთავის მოხსენიების კონტექსტში უნდა მოიაზრებოდეს პაპი ფრანცისკეს მოწოდება, შეუნდონ ერთმანეთს წარსულის შეცდომები. ცხადია, პონტიფექსის მიერ “შენდობის“ თხოვნა ეკლესიურ-ლიტურგიკული ცხოვრებისთვის ნიშანდობლივი „მონანიების“ (ბერძნ. მეტანოია) გამოძახილია. სხვაგვარად იგი გაუგებარია.
პაპი ფრანცისკეს ადგილობრივი მასპინძელი ლუნდში გახლდათ შვედეთის პირველი ქალი მთავარეპისკოპოსი ანტი ჯაკელენი (Antje Jackelén), შვედეთის ეკლესიის (Church of Sweden), ევროპის ყველაზე დიდი ლუთერული დენომინაციის წინამძღოლი. პაპმა და მთავარესპიკოპოსმა ქრისტესმიერი სიყვარულითა და ამბორით მოიკითხეს ერთმანეთი.
ცხადია, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა თვითმფრინავში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პაპს შეკითხვით მიმართეს, თუ რას ფიქრობს იგი ქალთა ხელთდასხმის საკითხზე კათოლიკე ეკლესიაში. პაპმა ფრანცისკემ გაიმეორა პაპი იოანე პავლე მეორის სიტყვები ქალთა ხელთდასხმის შეუძლებლობაზე, თუმცა იქვე აღნიშნა კათოლიკე ეკლესიის ორი განზომილება: პეტრე და მარიამი. ეკლესიის საიდუმლოს ასახსნელად კათოლიკური ტრადიცია მარიამს მოციქულებზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. პაპის სიტყვებით, ქალი ბევრ რამეს მამაკაცზე უკეთ უძღვება, მაგრამ, პეტრეს კათედრის ტრადიციით, ქალის ფუნქცია ეკლესიაში ემიჯნება მამაკაცისას.