შობა-ახალი წელი წმინდა საყდარში

გასაკვირი არაა, რომ 2017 წლის გარიჟრაჟზე პაპი ფრანცისკეს გზავნილები მშვიდობისკენ მოუწოდებს. წმინდა პეტრეს ტაძარში აღვლენილ ღამის ლიტურგიაზე უმაღლესი პონტიფექსი განმარტავს მოციქული პავლეს სიტყვებს: “გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი” (ტიტე 2:11). ამ ყრმის შობამ ხილული გახადა ღვთის სიყვარული, ამ ღამით მოეფინა სამყაროს ღვთის დიდება, სიხარული და სინათლე. ღვთის ბაგაში შობით ღმერთმა ადამიანებს საკუთარი დამდაბლება ახლადგაჩენილი ბავშვის სისუსტით გამოუცხადა. სახარება გვამცნობს ღვთის ამქვეყნად მოვლენის პარადოქსს არა ძლევამოსილი მმართველის სახით, არამედ ჩვილის უმწეობით ბაგაში.
Papa Francesco visita il presepe
შობის დღეებში ყველაზე მეტ გამოწვევას ველით დაუბადებელი და მოწყვლადი, მშიერი და იარაღასხმული ბავშვებისგან.

იესოს ბაგაში შობასა და ჯვარცმით მის პურად და ღვინოდ გარდაქმნას სიყვარული აკავშირებს, რომელიც ადამიანების გულში მშვიდობასა და სინათლეს ნერგავს.

“მოდით, მივუახლოვდეთ ღმერთს, რომელიც ჩვენ გვიახლოვდება. მოდით, მზერა შევაჩეროთ აკვანზე და ჩვენს წარმოსახვაში განვაახლოთ ქრისტეს შობა: სინათლე და სიმშვიდე, უკიდურესი სიღარიბე და უარყოფა. მოდით, მწყემსებთან ერთად მივეახლოთ ნამდვილ შობას, იესოსთან მივიდეთ ჩვენი გაუცხოებითა და მოუშუშებელი ჭრილობებით, ჩვენი ცოდვებით. მაშინ იესოში შევიმეცნებთ შობის ჭეშმარიტ სულისკვეთებას, ღვთის სიყვარულის მშვენიერებას. მოდით, ბაგაში, მარიამთან და იოსებთან ერთად, შევჩერდეთ იესოს, სასიცოცხლო საზრდელად მოვლენილის წინაშე. მისი თავმდაბალი და უშრეტი სიყვარულის შემეცნებით, ვუთხრათ, გმადლობ, რადგან ეს ყოველივე ჩემთვის გააკეთე.”

25 დეკემბერს პაპი, ჩვეულებისამებრ, მიმართავს მთელ სამყაროსა და ქალაქ რომს – Urbi et Orbi. “ბედნიერ შობას გისურვებთ! დღეს ეკლესია კიდევ ერთხელ გაოცდება ღვთისმშობელთან, იოსებთან და მწყემსებთან ერთად, ბაგაში ახლადგაჩენილი ბავშვის, მხსნელი იესოს შემყურე. “საკვირველი მრჩეველი, საუკუნო მამა, მთავარი მშვიდობისა” (ესაია 9:6), მისი ძალა სიყვარულია და არა ამქვეყნიური ძლიერება. ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით იგი დასაბამს აძლევს ამქვეყნად ღვთის სასუფეველს, სამართლიანობისა და მშვიდობის სასუფეველს.

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება.” (ლუკა 2:14) დღეს ეს სიტყვები სამყაროს ყველა კუთხეში გაისმის, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იქ, სადაც მშვიდობისთვის ზრუნვას ომისა თუ კონფლიქტის მოტანილი იარებისთვის თავი ვერ გაურთმევია. უპირველეს ყოვლისა, ალეპო, სადაც ამ უკანასკნელ დროს ყველაზე საშინელი ბრძოლები და სისხლისღვრა მიმდინარეობს. საერთაშორისო თანამეგობრობამ აქტიურად უნდა ეძიოს გამოსავალი, რათა ქვეყანაში სამოქალაქო ცხოვრება აღდგეს.

მშვიდობიან ცხოვრებას ელიან წმინდა მიწის მკვიდრნი, ერაყის, ლიბიისა და იემენის მოსახლეობა. ნიგერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა სასწრაფოდ საჭიროებს ძალების მობილიზაციას ტერორიზმთან გასამკლავებლად, შუღლის დასაძლევად.

აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა იტანჯება კონფლიქტის შედეგებით, რასაც ბოლო უნდა მოეღოს უახლოეს მომავალში.

კოლუმბიასა და ვენესუელაში დიალოგისა და შერიგების აუცილებლობა მყისიერია.

მშვიდობიან თანაცხოვრებას ეძიებენ მიანმარსა და კორეის ნახევარკუნძულზე.

მშვიდობას ელიან მიგრანტები და ლტოლვილები, ბავშვობას მოკლებული ბავშვები.

“მოდით, ამ სიხარულით სავსე დღეს, ყველანი დავფიქრდეთ იმ ყრმის შობაზე, ვინც იმედი ჩაგვისახა. მისი მადლითა და ჩვენი ქმედებით დავამოწმოთ მშვიდობა და თანაგრძნობა. ბედნიერი შობა!”

2017 წლის 1 იანვარს პაპმა ფრანცისკემ  მშვიდობის დღედ გამოცხადების ორმოცდაათი წელი აღნიშნა.

მშვიდობის დღის გამოცხადება პაპი პავლე მეექვსის სახელს უკავშირდება. სამოციან წლებში, “რკინის ფარდისა” და ატომური ომის საშიშროების პირობებში, მშვიდობის თემა კათოლიკე ეკლესიაში განსაკუთრებულ კონტექსტში განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, პავლე მეექვსე აღნიშნავდა, რომ კაცობრიობის პროგრესის ერთადერთი გზა მშვიდობაზე გადის.

კათოლიკე ეკლესია სამშვიდობო ქმედებაში (Peacebuilding) ძალადობის აქტიური უარყოფით მონაწილეობს, რაც აისახება მისი საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩართვითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობით. ზნეობრივი ნორმების მისადაგებით იგი ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგება. ეკლესიისთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათეს სახარებიდან მთის ქადაგებას (5:3-10), სადაც იესო მშვიდობას ძალადობის უარყოფით ქადაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა პოლიტიკური და რელიგიური ლიდერებისთვის სერიოზული გამოწვევაა, პაპის აზრით, მათი მოვალეობაა, მშვიდობისთვის სწორედ ასე იღვაწონ.

საზოგადო მშვიდობის საწყისი კი ოჯახია, სადაც დაუშვებელია ძალადობა.

პაპი ფრანცისკე თხოვნით მიმართავს თავის სამწყსოს, ძალადობის ნაცვლად მიმართონ გულწრფელ დიალოგს,  იზრუნონ განიარაღებისა და ატომური იარაღის აკრძალვისათვის.

ომითა და კონფლიქტით, ტერორიზმითა და ტრაფიკინგით, გარემოს უგულებელყოფით დანაწევრებულ სამყაროს მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა გაამთელებს. თავად იესო ძალადობით სავსე სინამდვილეში ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიან გამოსავალს ქადაგებდა, მტრის სიყვარულს (მათე 5:44), მოღალატე ქალის შენდობას (იოანე 8:1-11), მახვილის გადაგდებას (მათე 26:52).

პაპი ეკლესიას თხოვნით მიმართავს, მშვიდობის მისაღწევად ძალადობის უარმყოფელ ყველა ღონეს მიმართოს. 1 იანვრიდან მას ამაში დაეხმარება ახალი დიკასტერია – “ადამიანის ინტეგრირებული განვითარებისათვის”.

პაპი თავის გზავნილს ასრულებს სიტყვებით 2016 წლის სექტემბერში ქ. ასიზიში გამართულ ფორუმზე (“THIRST FOR PEACE: Religions and cultures in dialogue”) წარმოთქმული სიტყვიდან: “თუ ღმერთს ლოცვით მივმართავთ, არაფერია შეუძლებელი. თითოეული ადამიანი შეიძლება მშვიდობის შემოქმედი გახდეს.” აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაპისთვის ლოცვის აღვლენა მხოლოდ სიტყვას არ წარმოადგენს, არამედ სიტყვის მყისიერად საქმედ გარდაქმნას.

 

Leave a comment