პაპი ფრანცისკეს შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

pope
9 იანვარს გაიმართა პაპი ფრანცისკეს შეხვედრა წმინდა საყდართან აკრედიტებულ  რეზიდენტ (86) და არარეზიდენტ ელჩებთან (ასამდე). ეს გახლავთ ტრადიციული საახალწლო შეხვედრა, სადაც პაპი მისიების ხელმძღვანელებს ულოცავს ახალი წლის დადგომას, მოკლედ მიმოიხილავს გასული წლის საგარეო პოლიტიკის საკვანძო მოვლენებს და აცნობს მიმდინარე წლის საგარეო კურსის მთავარ გზავნილს.

2017 წლის დასაწყისში წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკის ვექტორი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის  თემებმა განსაზღვრეს.

2016 წელს, მოწყალების საიუბილეო წელს წმინდა საყდართან  კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, ძალაში შევიდა რამდენიმე ახალი შეთანხმება, რაც ქვეყნების კეთილგანწყობისა და წმინდა საყდართან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია.

ბევრისთვის დღეს მშვიდობა ყოველდღიურობაა, ამბობს პაპი ფრანცისკე, ხოლო ბევრისთვის შორეული ოცნება. სწორედ ამიტომ, მისი დიპლომატიურ კორპუსთან მიმართვის მთავარი თემაა უსაფრთხოება და მშვიდობა. ეს მიმართვა შინაარსით ახლოსაა მშვიდობის დღის – 1 იანვარი –  50 წლის აღსანიშნავ გზავნილთან (იხილეთ ბლოგი “შობა და ახალი წელი წმინდა საყდარში”).

პაპის სიტყვებით, ყველა რელიგია მშვიდობის მქადაგებელია.  მან ეს საკუთარ თავზე გამოცადა, 2016 წლის სექტემბერში ქალაქ ასიზიში გამართულ მშვიდობის ფორუმზე – “მშვიდობისათვის ლოცვის საერთაშორისო დღე”, ხოლო შემდეგ რომის სინაგოგასა და ბაქოს მეჩეთში. მშვიდობის კუთხით რელიგიათა შორის დიალოგის აუცილელობას პაპი ფრანცისკეს გზავნილში მოსდევს ქრისტიანულ კონფესიათა შორის დიალოგის  აუცილებლობა.
03744_09012017

ისტორიულად, სწორედ ევროპა გახდა მოწმე რელიგიით, ქრისტიანების გაყოფით მოტივირებული ძალადობისა. “შვედეთში ჩემი ყოფნის დროს ვახსენე წარსული ჭრილობების მყისიერი მოშუშების აუცილებლობა და საერთო მიზნისკენ ერთად სვლა. ამ ერთობლივი სვლის საფუძველი უნდა იყოს ავთენტური დიალოგი სხვადასხვა კონფესიასა და რელიგიას შორის. ამგვარი დიალოგი შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, როგორც მე ამის ჩვენებას ვეცადე პატრიარქ კირილესთან შეხვედრით კუბაზე ისევე, როგორც ჩემი სამოციქულო მოგზაურობისას სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც დავინახე, ხალხის მხრივ, მრავალწლიანი კონფლიქტების გადაჭრის, ჰარმონიული თანაცხოვრებისა და მშვიდობის მიღწევის სურვილი.”

ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევა, ტერორიზმი, სულიერი სიმწირის პირმშოა და უმეტეს შემთხვევაში, სოციალურ სიღარიბესთანაცაა კავშირში. ამავე კონტექსტში პაპი მიმართავს ევროპის საბჭოს ინიციატივას განათლების როლზე რადიკალიზმთან ბრძოლაში.

პაპის ღრმა რწმენით, პოლიტიკოსები არ უნდა დასჯერდნენ მხოლოდ საკუთარი ხალხის მშვიდობაზე ზრუნვას, არამედ იღვაწონ საყოველთაო მშვიდობისთვის. “მშვიდობა აქტიური სიკეთეა” -ბრძანებს პაპი, ძალადობის უარყოფა ის პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კანონის უზენაესობასა და თითოეული პიროვნების ღირსებას ეფუძნება, რაც დღეს, მასობრივი მიგრაციის პირობებში,  კარგად უნდა გვახსოვდეს.

მიგრანტების ღირსეული მიღება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მიმღებმა ქვეყნებმა საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შეაფასონ, ლტოლვილთა ღირსეული მიღება საკუთარი მოსახლეობისთვის ზიანის მიუყენებლად განახორციელონ.

ქრისტიანული მრწამსის აბსოლუტური ხასიათიდან გამომდინარე პაპის გზავნილი ამბობს, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა ვერ დამყარდება, თუ ერთი ადამიანის ღირსებაც კი შელახულია.

მშვიდობისა და განვითარების მთავარი კომპონენტია სოლიდარობა, რაც ძალიან კარგად გამოავლინეს ევროპაში გერმანიის, იტალიის, საბერძნეთისა და შვედეთის მოსახლეობებმა. უფრო აღმოსავლეთით ლიბანმა, იორდანიამ, თურქეთმა. ამერიკის კონტინენტზე მექსიკის მოსახლეობამ.

უსაფრთხოების  მძიმე სურათის ფონზე განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაეთმოს ბავშვების თემას, უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა როგორც თავად ომებმა და კონფლიქტებმა, ასე ამ მიზეზით გამოწვეულმა მიგრაციამ. ჩემი მუდმივი საფიქრალია სირიის მოსახლეობა, ამბობს პაპი და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას იაქტიურონ კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულებისთვის. განიარაღების საკითხი უნდა გადაიჭრას კორეის ნახევარკუნძულზე,  წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობისთვის განახლდეს დიალოგი. სუდანსა და სამხრეთ სუდანში, და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში განახლდეს მშვიდობიანი სამოქალაქო თანაცხოვრება.

საინტერესოა პაპის გზავნილი ევროპის კონტინენტის შესახებ. მისი სიტყვებით, ევროპას დრო დაუდგა თავიდან გაიაზროს თავისი იდენტობა, სამომავლო გეზის დასახვისთვის გაიხსენოს საკუთარი ფესვები. ყოველივე აღნიშნულის ფონზე დროა, განახლდეს “ევროპის იდეა”, დიალოგისა და ინტეგრაციის (ე.წ.”ძველი კონტინენტის” მახასიათებლების) განახლებით დასაბამი მიეცეს ახალ ჰუმანიზმს.

საბოლოოდ, უსაფრთხოებისა და მშვიდობის თემა გარემოზე ზრუნვაში იყრის თავს.

მშვიდობა ღვთისგან ნაბოძებია, მაგრამ ადამიანებისთვის იგი სერიოზული გამოწვევაა, რადგან მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. მშვიდობას მოიტანს მხოლოდ შრომა ინტეგრირებული განვითარებისთვის, ამბობს პაპი და დაუსახელებლად ხაზს უსვამს 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული ახალი დიკასტერიის მნიშვნელობას.

თავისი მიმართვის ბოლოს პაპმა, წმინდა საყდრისა და სახელმწიფო სამდივნოს სახელით, დამსწრე ელჩებს აღუთქვა განუხრელი თანამშრომლობა მათთან, ვინც კონფლიქტის გადაჭრას ესწრაფვის და დახმარების გაწევა მათთვის, ვინც გასაჭირშია.

“მშვიდობა თქვენდა!… გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენ ოჯახებსა და ქვეყნებს,”

ამის შემდეგ პაპი ინდივიდუალურად მიესალმა ელჩებს. დაუწერელი კანონის მიხედვით, ელჩები ერთი, ან ორი წუთით ჩერდებიან პაპთან და ადგილს უთმობენ მომდევნოს. მე, რასაკვირველია, მივულოცე ახალი წელი საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის, ასევე უწმიდესის სახელით. საპასუხოდ, პაპმა მადლობაო და ორჯერ წარმოთქვა ეს ფრაზა: “პატრიარქი ილია ღვთის კაცია”. მადლობის მეტი რა მეთქმოდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s