24 მაისს, 8:30 სთ-ზე რომის პაპმა ფრანცისკემ სპეციალური აუდიენციის ფარგლებში მიიღო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პაპის შემდეგ პრეზიდენტი შეხვდა სახელმწიფო მდივან კარდინალ პიეტრო პაროლინს და სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტმა დაათვალიერა სიქსტეს კაპელა. ამის შემდეგ კი, იგი კვირინალეს სასახლეში გაემართა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შესახვედრად.
ვატიკანი, პრეზიდენტის ცხრადღიანი მოგზაურობის მესამე ვიზიტია, საუდის არაბეთისა და იერუსალიმის შემდეგ.
პაპის არჩევიდან დღემდე ამ ორ პიროვნებას შორის ერთგვარი უთანხმოებაა. პაპის მიერ არაქრისტიანად გამოცხადება მათი, ვინც ხიდების ნაცვლად კედლებს აგებს, პრეზიდენტის მხრივ უკომენტაროდ არ დარჩენილა. ხოლო 2013 წლის მარტში, როდესაც ახლადარჩეული პონტიფექსი გაეშურა სასტუმროს ანგარიშის გადასახდელად (ასევე, უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში ცხვორებაზე და წმინდა პეტრეს ბაზილიკის გადაღმა მდებარე პატარა სასტუმროში მოთავსდა), დონალდ ტრამპმა ტვიტერში პაპის ქმედება გააკრიტიკა, მე არ მსურს ისეთი პაპი, რომელიც სასტუმროში ფულს იხდისო. მას შემდეგ, რაც ტრამპის, აწ წარმატებით დასრულებული, საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, პაპის გზავნილები დაუსახელებლად ტრამპის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის წინააღმდეგაა მიმართული. უნდა ითქვას, რომ ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფრანცისკეს ქმედება და რიტორიკა იმ „დაუნდობელი“ კაპიტალიზმის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამარჯვებული პარტიის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ კურსში აისახება. ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტების საკითხს, რომელიც პონტიფექსის საკვანძო საკითხია და, თავის მხრივ, სიღარიბის, ტრეფიკინგის, თუ გარემოს დაცვის საკითხებთანაა გადაჯაჭვული. საინტერესოა, რომ ამერიკელი კათოლიკეების დიდი ნაწილი უარყოფს მათი პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსსა და პონტიფექსის გზავნილებს შორის წინააღმდეგობას. ჩემთვის, როგორც ზოგიერთი სხვა თეოლოგისთვის, ეს აზრი მიუღებელია. ამ ორი ლიდერის მიმართულებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მიუხედავად ამისა, მათი საუბარი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ არსებული განსხვავების ფონზე, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ცხადია, ეს შეხვედრა არ შედგებოდა, რომ ორივე მხრივ არ ყოფილიყო მშვიდობიანი საუბრის სურვილი.
როგორც წმინდა საყდრის პრესსამსახური წერს, „გულითადი საუბრის დროს, კმაყოფილება გამოითქვა წმინდა საყდარსა და აშშ-ს შორის არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობის ისევე, როგორც სიცოცხლის, რელიგიური მსახურებისა და სინდისის თავისუფლებისადამი საერთო პასუხისმგებლობის გამო. იმედია, რომ აშშ-ში სახელმწიფოსა და კათოლიკე ეკლესიას შორის მშვიდი თანამშრომლობა იქნება ხალხის ჯანმრთელობის, განათლებისა და მიგრანტების დახმარების სფეროში. საუბარი აგრეთვე წარიმართა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერებაზე პოლიტიკური ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის გზით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას და ქრისტიანების დაცვის საკითხს“. იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანსა და საგარეო ურთიერთობების მდივანს ხვდებოდა, ქალბატონი მელანია ტრამპი იმყოფებოდა წმინდა საყდრის პატრონაჟსი ქვეშ მოქმედ ბავშვთა ჰოსპიტალში (Ospedale pediatrico Bambino Gesù) იმყოფებოდა, ხოლო ქალბატონი ივანკა ტრამპი Sant’Egidio-ის საქველმოქმედო ცენტრში (ისინი ბოლო ხანს, ძირითადად, მიგრანტებით, პაპი ფანცისკესთვის უმთავრესი საკითხით, არიან დაკავებული და პრაქტიკულად ახორციელებენ პონტიფექსის სამოძღვრო გზავნილს მიგრანტთა ღირსების შენარჩუნებაზე).
პრეზიდენტისა და პაპის პირადი საუბარი, რომელიც ნახევარ საათამდე გაგრძელდა, რასაკვირველია, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით გაიმართა, მაგრამ მათი პირველი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა ისევე, როგორც დამშვიდობება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ გადაიცემოდა. შეხვედრის ამ მომენტებს ე.წ. „ვატიკანისტებიც“ ესწრებოდნენ. ისინი კარგად იცნობენ პაპი ფრანცისკეს ჟესტებსა და გამომეტყველებას, ასევე, ყურადღებას აქცევენ, თუ რა სიტყვებით ესალმება და ემშვიდობება პონტიფექსი განსაკუთრებულ სტუმრებს. სწორედ ამ ცალკეულ ფრაზებსა და body language-ს რამდენიმე საინტერესო ანალიზი მოჰყვა. თავდაპირველი შეხვედრის სცენა, მართლაც, ითხოვდა კომენტარს, გაღიმებული პრეზიდენტის გვერდით იდგა ზომაზე მეტად მოწყენილი პაპი. დამშვიდობებისას კი, ფრანცისკე ხუმრობდა, განსაკუთრებით პირველ ლედისთან. „ვატიკანისტებს“ შეუმჩნეველი არ დარჩათ, რომ ფოტოსესიის დროს პაპმა თავი აარიდა არაფორმალურ გასაუბრებას, რასაც იგი, როგორც წესი, სხვა ლიდერებთან აკეთებს ხოლმე.
ნიშნადობლივია, რომ ფრანცისკემ ტრამპს საჩუქრად მიართვა ზეთისხილის ხის პატარა ქანდაკება და თან დაურთო (ესპანურ ენაზე): “ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ თქვენ გახდეთ ზეთისხილის ხე მშვიდობის განსახორციელებლად”. ამაზე პრეზიდენტმა უპასუხა: “ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა”, რაც ცოტა ენიგმატურად ჟღერს. ამასთან ერთად, პაპმა პრეზიდენტს გადასცა ორი წიგნი, 2017 წლის 1 იანვრის მშვიდობის გზავნილი – „სამშვიდობო პოლიტიკა ძალადობის გარეშე“ და მისი ენციკლიკა გარემოს დაცვაზე. პრეზიდენტი შეპირდა, რომ ორივეს წაიკითხავს. ყველაზე მეტი ოპტიმიზმი ახლავს პაპის საყოველთაოდ ცნობილი ენციკლიკის Laudato Si-ს გარშემო საუბარს. იმედია, რომ პაპმა დაარწმუნა პრეზიდენტი, მისი ქვეყანა არ გამოეთიშოს პარიზის (2015 წლის დეკემბრის) შეთანხმების რეალიზაციის პროცესს.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა პაპს უსახსოვრა ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველის მარტინ ლუთერ კინგის სამი ტომის პირველი გამოცემა. დამშვიდობებისას, პრეზიდენტმა ყველასთვის გასაგონად თქვა: „გამდლობ, გმადლობ. არ დამავიწყდება თქვენი სიტყვები“,’ ხოლო შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა: „დიდებული (შეხვედრა იყო), მართლაც, ძალიან კარგი ვინმეა. ფანტასტიური შეხვედრა გვქონდა“.