18-22 ივნისს ბოლონიაში გაიმართა რელიგიის ევროპული აკადემიის კონფერენცია (www.europeanacademyofreligion.org). იგი დაარსდა გასული წლის დეკემბერში და პირველი შეკრება განხორციელდა სათაურით Ex Nihilo Zero Conference –ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც “არაფრიდან, ნულოვანი კონფერენცია”.
ევროპის უნივერსიტეტების საღვთისმეტყველო და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები დაინტერესებულნი არიან ამ ფორუმით. მომზადების პროცესში კონფერენციის ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან. საბოლოოდ სტატისტიკური მონაცემებიც გამოქვეყნდება. სამწუხაროდ, საქართველოდან კონფერენციის მიმართ ინტერესი და შეთავაზება არ ყოფილა.
რელიგიის ევროპული აკადემიის ფორუმი მონაწილეებს თავაზობს შეხვედრების გასამართ სივრცეს, დანარჩენი მონაწილეების პასუხისმგებლობაა. ვისთვისაც ცნობილია რელიგიის ამერიკული აკადემიის სტრუქტურა, ადვილად წარმოიდგენს, თუ რა ხდება ბოლონიის ფორუმზე. ხოლო ვინც არ დასწრებია, უნდა წარმოიდგინოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ასზე მეტ პანელს აერთიანებს და ქალაქის სხვადასხვა შენობაშია გაბნეული. ამ თემატური პანელების გარდა ეწყობა ერთი ან რამდენიმე საერთო პანელიც უფრო ფართო თემაზე.
რასაკვირველია, ამ ინიციატივის უკან დგას, უპირველეს ყოვლისა, 1088 წელს დაარსებული უნივერსიტეტი და აკადემიურ სამყაროში კარგად ცნობილი იოანე XXIII სახელობის რელიგიურ მეცნიერებათა ფონდი (www.fscire.it). ფონდს ხელმძღვანელობს ქრისტიანობის ისტორიის პროფესორი ალბერტო მელონი, რომელსაც იუნესკომ რელიგიური პლურალიზმის საპატიო დეკანის ტიტული მიანიჭა რელიგიების სამეცნიერო კვლევის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. აღსანიშნავია, რომ ფონდში, ამჯერად, 24 ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობს და იგი 6 ინტერნს მასპინძლობს. ფონდი ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემების მაღალი სტანდარტით. სხვათა შორის, ფონდმა მოამზადა რუის-ურბნისის ძეგლისწერის ინგლისური თარგმანი, რომელიც, ალბათ, მალე გამოიცემა.
ჩვენს საელჩოს ფონდთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამდენჯერმე ვუპასუხეთ მათ შეკითხვას, პირადად გავიცანი რამდენიმე მათგანი, გასული წლის დეკემბრის შეხვედრასაც ვესწრებოდი წმინდა საყდართან აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად. ცოტა ხნის წინ პროფესორმა მელონიმ მთხოვა, 20 ივნისის პანელზე მიმეღო მონაწილეობა.
რელიგიის ევროპულმა აკადემიამ 20 ივნისის დილის სესია მიუძღვნა თემას “განათლება და გლობალური მოქალაქეობა”. პანელს უძღვებოდა პროფესორი ალბერტო მელონი, ხოლო მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო იტალიის განათლების მინისტრი ქალბატონი ვალერია ფედელი. დასაწყისში საზოგადოებას, ასევე, მიესალმნენ იტალიის სასამართლოს ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ანდრეა მასკერინი, წმინდა საყდართან სლოვენიისა და მონაკოს ელჩები, ბატონი ტომაზ კუნსტელი და ბატონი კლოდ ჯორდანი, ბოსნიის მთავარი მუფტი, ემერიტუსი, მუსტაფა კერიკი, საუდის არაბეთის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი აბდულაჰ ლეედანი, ვერონის უნივესიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რიკარდო პოცო. შემდეგ პანელზე მოკლე მოხსენებებით საზოგადოებას მიმართეს ემორის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ აარონ გოლდფედერმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის პორფესორმა დინა პორატმა, ანდრეა მასკერინიმ და მე. პროფესორ მელონის თხოვნით, ვისაუბრე თემაზე დიალოგის მნიშვნელობა გლობალური მოქალაქეობისთვის.
თითქმის ორი ათეული წელია, რაც სხვადასხვა სახის დიალოგთან ვარ შეხებაში. ჯერ იყო, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ინგლისში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, ვცდილობდი ჩემი – ახლადთავისუფლება მოპოვებული საქართველოდან ჩამოსულის – სათქმელი მათთვის გასაგები ყოფილიყო. ეს გახლდათ ჩემთვის საერთაშორისო დიალოგის პირველი გამოცდილება. შემდეგ, უკვე “რწმენისა და წყობის” კომისიასთან მუშაობისას ჟენევაში, ეკლესიათაშორისო დიალოგში ჩართულობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ჩემი, როგორც თეოლოგის, პროფესიული ჩამოყალიბებისთვის. ხოლო კულტურული და კონფესიური დიალოგის ამ გამოცდილებამ ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ წმინდა საყდართან წარმომედგინა საქართველო, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პაპი ფრანცისკეს სინამდვილეში. პონტიფექსი ხომ პირველი დღეებიდანვე ლაპარაკობს დიალოგის, როგორც დამაკავშირებელი ხიდის, აუცილებლობაზე. როდესაც პაპმა თებერვალში წარმოთქვა მისი გახმაურებული ფრაზა, “ვაშენოთ ხიდები და არა კედლები”, ეს არ წარმოადგენდა ერთი გარკვეული მოვლენის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას. დიალოგური ხიდების გადება მისი დისკურსის ერთ-ერთი მახასიათებელია. მართალია, პაპი, ზოგჯერ, “პოპულიზმის” გავლენით, თეოლოგებს ერთ კუთხეს მიუჩენს ხოლმე, ამბობს, აუცილებელია, რომ ისაუბრონ და ისაუბრონო, ხოლო დანარჩენებმა საერთო ძალებით ვიშრომოთ ჩვენი პლანეტის გადარჩენაზე, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, მიგრანტების ღირსების შესანარჩუნებლადო.
დიალოგის შემეცნებითი ხასიათის მიუხედავად, თუ იგი წარმატებულია, ემოციურადაც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და სრულყოფას.
დიალოგი ერთმანეთის უკეთ გაცნობის ის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მშვიდობიან გამოსავალს ეძებს და იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, მათ მშვიდობიანი დაშორებისკენ უბიძგებს. ერთმანეთის უკეთ გაცნობის გზით, მშვიდობიანი გამოსავლის ძიება, წესით, დიალოგის მამოძრავებელიცააა და მიზანიც.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დიალოგის წარმართვისა არის თავისუფლება, მის გარეშე დიალოგი მიზანს ვერ აღწევს. თუ ერთი მხარე ცდილობს სხვა მხარე(ებ)ზე ზეწოლით მიზნის მიღწევას, დიალოგი ვერ შედგება. დიალოგში ჩართულებმა აუცილებლად უნდა გადალახონ ცრურწმენები და საუბარში თანასწორობა აღიარონ, ზომისა და წონის მიუხედავად.
დღეს არსებული ღიაობის პირობებში დიალოგისთვის თავის არიდება ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, გლობალური ღიაობა, რომელიც დიალოგისკენ მოუწოდებს, ამასთანავე, იზოლაციისკენაც უბიძგებს მათ, ვინც ღიაობის ამ გარდაუვალ “ტრენდს” შიშით უყურებს.
ღიაობისა და იზოლაციისკენ სწრაფვის ეს დინამიკა, განსაკუთრებით ერთსა და იმავე სარწმუნოებრივ ოჯახებში, არც თუ ისე ახალი მოვლენაა, მაგრამ გლობალური დიალოგისა და ვირტუალური პირისპირ დგომის პირობებში იგი გაცილებით მეტი სიმძაფრით გამოირჩევა. გლობალური ღიაობის თაობისთვის ვირტუალურ სივრცეში სიახლოვის განცდა არც იდეალიზმია და არც რომანტიზმი. სამაგიეროდ, ასეთივე წარმატებით ჩნდება თითქმის გადაულახავი ზღვრები თანაგუნდელებსა და ოჯახის წევრებს შორის: ერთნი ვერ ეგუებიან ჩარჩოებიდან გასვლას, მეორენი ჩარჩოებით შეზღუდვას. თანამოაზრეობის სხვაგან მონახვა ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ერთმორწმუნესთან გაუცხოება.
ჩვენი დროის ყველაზე რთულ გამოწვევებს შორის, გლობალურად თუ ლოკალურად, მესახება დიალოგში შესვლა მათთან, ვისაც ეს არ სურს. დიალოგის გარეშე კი, ღიაობის ეპოქაში, მშვიდობიანი თანაარსებობა ვერ შედგება.
ახლა საქართველოს არჩართულობაზე რელიგიათა ევროპულ აკადემიაში. თუ ჩვენი ქვეყანა ევროპის სივრცეში დამკვიდრებისკენაა მიმართული, მსგავს ფორუმებში მონაწილეობა აუცილებელია. აქ მონაწილეები უსმენენ ერთმანეთს, სვამენ შეკითხვებს, ერთად ფიქრობენ სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობაზე, პირადად ხვდებიან მათ, ვისაც მხოლოდ პუბლიკაციებით იცნობენ, ეს ყოველივე კი ამ ადამიანებს, გუნდებს, კათედრებს საერთო ვროპულ თუ საერთაშორისო პროცესებში ჩართულობისთვის ამზადებს. ამ ფორუმებზე საკუთარი თავისა და უნივერსიტეტის რეკლამირებით არ არიან დაინტერესებულნი. აქ თავს იყრიან იმისთვის, რომ გაიგონ, რას ფიქრობენ დღეს ევროპის რელიგიათმცოდნეები და ღვთისმეტყველები, აქ ცვლიან იდეებს და აწარმოებენ დიალოგს, რათა კარგად გააცნობიერონ, როგორ აზროვნებს დღევანდელი საღთისმეტყველო და რელიგიათმცოდნეობის აკადემიური სამყარო და მას საკუთარი ხმაც შეაწიონ.