მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგება
2017 წლის 24 დეკემბერი
წმინდა პეტრეს ბაზილიკა
ვატიკანი
მარიამმა “შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.” (ლუკა 2,7) მახარებლის სიტყვები ამ წმინდა ღამის მთავარ თემას ასახელებს, მარიამმა შვა იესო, სამყაროს ნათელი, აღწერს ფაქტს, რომელიც ისტორიას სამუდამოდ შეცვლის. ამ ღამეს ყველაფერი იმედით გაჯერდა.
დაახლოებით ასე ჟღერს პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგების დასაწყისი. შემდეგ შობის ისტორიული მხარეა მოთხრობილი, იოსებისა და მარიამის იძულებითი გადაადგილება, იმპერიის მასშტაბით გატარებულ აღწერაში დასარეგისტრირებლად, მათი მოგზაურობის სირთულე, უცნობი და სახიფათო გზის გავლა. ყველაზე რთული, ამბობს პაპი ფრანცისკე, აღმოჩნდა ბეთლემში ჩასვლა, სადაც მათ არ ელოდნენ და თავშესაფარი ვერ მონახეს. სწორედ ასეთ რთულ პირობებში მოევლინა სამყაროს ემანუელი. “ღვთის შვილი ბაგაში უნდა დაბადებულიყო, რადგან <მის> ხალხს მისთვის ადგილი არ აღმოაჩნდა”. სწორედ იმ ადგილას, სადაც, წესით, სიბნელეს უნდა ეზეიმა, ღვთის სიყვარულის ნაპერწკალმა გაიელვა; მათ, ვინც თავის მიწასა და ქვეყანას მოშორებული იყო, იმედი ჩაესახათ.
ცხადია, რომ პაპი ფრანცისკე სახარებისეული შობის მოთხრობას, ჩვენი სინამდვილისკენ მიმართავს: ოჯახები იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი საცხოვრებელი, თავშესაფრის საძიებლად გზას დაადგნენ. დღეს მილიონობით ადამიანს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უწევს სახლის, საყვარელი ადმაიანების მიტოვება. ზოგიერთი მათგანისთვის იძულებით გადაადგილება იმედიანი მომავლის საწინდარია, უმეტესობისთვის კი მხოლოდ გადარჩენა, “დღევანდელი ჰეროდეებისგან თავის დაღწევა, რომელნიც უდანაშაულო სისხლისღვრას არ ერიდებიან საკუთარი ძალაუფლებისა და სიმდიდრის გაზრდის მიზნით.”
მარიამის პირმშომ კი სიღარიბითა და სიმდაბლით გვიჩვენა ჭეშმარიტი ძალაუფლება და თავისუფლება, რაც გლახაკთა და უპოვართა დახმარებასა და პატივისმიგებაშია. “იმ ღამით, იგი, ვისი დაბადებისთვისაც ადგილი არ მოიძებნა, გამოეცხადა მათ, ვისაც მაგიდასთან ადგილი არ აღმოაჩნდა და ქუჩაში იყო”.
პირველი, ვინც ეს სიხარული გაიზიარა, მწყემსები იყვნენ. საშობაო ქადაგება მწყემსების სოციალურ სტატუსზე მიუთითებს, საზოგადოებაში მათ მარგინალურ პოზიციაზე, უწმინდურობაზე, მათ მიმართ საზოგადოების მხრივ უდნობლობაზე. თუმცა, სწორედ მათ გამოეცხადა ანგელოზი მიმართვით: “ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდი სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.” (ლუკა 2,10-11)
შობის ღამის სიხარულია ღვთის უსაზღვრო წყალობა, რომლითაც იგი ეგებება წარმართებს, ცოდვილებს, უცხოებს, და იმავეს მოელის ადამიანებისგან. “ჩვენი რწმენა, რომელსაც ამ ღამეს ვაღიარებთ, გვაიძულებს, ღმერთი დავინახოთ ყველგან, სადაც, ჩვენი ფიქრით, ის არ არის. ხშირად ამოუცნობი, იგი დაუპატიჟებელ სტუმარშია, ჩვენს ქალაქებსა და უბნებში დადის, ავტობუსით მგზავრობს, კარზე გვიკაკუნებს.”
ქადაგებაში, პაპი ფრანცისკე, განკაცების, ღვთის ძის ადამიანად მოსვლის საიდუმლოში, მორწმუნეთა აქტიური ჩართულობისკენ მოწოდებას აღნიშნავს: ყრმა იესოში ადამიანი იმედის მაცნედაა მოაზრებული; ყრმა იესოში ღმერთი ადამიანს ასწავლის უცხოს სახლში მიღებას. “დაე, თქვენმა რევოლუციურმა სინაზემ დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ, მართლაც, ადამიანებისთვის იმედისა და სინაზის მაცნეებად ვართ წარმოგზავნილი.”
სწორედ ეს რწმენაა, რომ ადამიანებს ახალი სოციალური წარმოსახვისკენ ახალი ტიპის ურთიეთობებისკენ უბიძგებს, რათა არავის გაუჩნდეს სამყაროში ადგილის ვერ მონახვის განცდა. პაპი ფრანცისკე ამ სიტყვებით მხოლოდ საკუთარ მრევლს არ მიმართავს, მან კარგად იცის, რომ, რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ სეკულარულ გარემოში, მას სამყაროს დიდი ნაწილი უსმენს, სხვა აღმსარებლობისა და რელიგის მიმდევრები, აგნოსტიკები და ათეისტები. კონფლიქტური და ავტორიტარული სინამდვილიდან ადამიანების მიგრაცია ძალიან მოკლე დროში ევროპისა და ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხი გახდა. მშვიდობის, ადამიანის პატივისცემისა და თავისუფლების დამცველი წმინდა საყდარი მიგრანტების საკითხს მრავალმხრივ განიხილავს. ვფიქრობ, რომ 2018 წლის საახალწლო ქადაგება რომის ქალაქსა და სამყაროს, Urbi et Orbi – ისევე, როგორც 8 იანვარს დანიშნული შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, ამ მიმართულებით წარიმართება.
გილოცავთ უფლის შობას ყველას, ვინც უფლის განკაცების სასწაულის დღეს აღნიშნავთ!
“დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება.” (ლუკა 2,14)