1 იანვარს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წარმოთქმული პაპი ფრანცისკეს საახალწლო ქადაგება შინაარსობრივად საშობაო ქადაგების, ღვთის განკაცების საიდუმლოს თემას აგრძელებს.
იმ წუთიდან, როდესაც მარიამში ჩაისახა, ღმერთმა ადამიანური ბუნებაც მიიღო, ჩვენნაირი ხორცი შეისხა, განსხეულდა. მარიამის ღვთისმშობლად წოდება ღმერთის ადამიანთან სიახლოვეს გვახსენებს. საინტერესოა, რომ პაპი ამ შემთხვევაში განკაცების საიდუმლოში ღმერთის ადამიანთან სიახლოვეზე ამახვილებს ყურადღებას და არა ადამიანის ღმერთთან სიახლოვეზე.
ღვთის ადამიანური ბუნებით შემოსვამ ბოლო მოუღო ადამიანის ობლობას; იგი რჩება მუდმივ შვილად, მის ბავშვობას ვერაფერი დაემუქრება.
ლუკას სახარების საშობაო საკითხავის მიხედვით, მარიამმა ყველაფერი გულში დაიმარხა (2,19), სიტყვა არ დაუძრავს ისევე, როგორც ჩვილ იესოს. ღვთის სიტყვა, რომელიც მანამდე სხვადასხვა სახით ესაუბრება ადამიანებს, გაჩუმებულია; ღმერთი, ვის წინაშეც ყველა დამუნჯებულია, თავადაც უსიტყვო ბავშვია. ეს სიჩუმე და სიმდაბლე მის მეუფებაზე მეტყველებს.
მარიამს კი გულში დაუმარხავს ღვთის ძის მოვლენის სიხარულიც და გაურკვეველი მომავლითა, თუ უსახლკარობით (ლუკა 2, 7) გამოწვეული სევდაც, რაც ადამიანს შიშსა და ძრწოლაში ამყოფებს. „გულის სიღრმეში დამარხულს კი ღვთისმშობელი უსიტყვოდ ღმერთთან მიიტანს“.
ადამიანსაც მოეთხოვება სიჩუმით ყურის დაგდება, ახლადდაბადებული იესოს ადგილის სიჩუმით ჭვრეტა, რაც მას ყოველდღიური მომხმარებლობისა და უაზრო სიტყვებისგან გაათავისუფლებს.
„ახალი წლის დასაბამს, ჩვენ მოგზაურებივით, გზის დასაწყისში ვართ, იმის იმედით, რომ წარსულის ტვირთს უკან მოვიტოვებთ და ამიერიდან მხოლოდ მნიშვნელოვანს შევეჭიდებით“. თუ ადამიანს წინ სვლა სურს, იესოს დაბადების ადგილიდან უნდა დაიძრას, სადაც მარიამს იგი მკერდზე მიუკრავსო, ამბობს პაპი, რადგან „მარიამის გულში ფეთქავს ეკლესიის გული“.
პაპი ფრანცისკე თავის მრევლს მოუწოდებს განკაცების საიდუმლოს უსიტყვო ჭვრეტისკენ და ღვთის მსახურების განხორციელებას ადამიანის მიმართ გაწეულ მსახურებაში.
ღვთის განკაცებამ, ადამიანთან მისმა სიახლოვემ სიცოცხლეს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ჩემი წაკითხვით, აქ პაპი ფრანცისკე საერთოდ ღვთის მიერ შექმნილ სიცოცხლეზე საუბრობს რაც, ადამიანის გარდა, ღვთის მიერ შექმნილ სხვა სიცოცხლესაც მოიაზრებს.
მარიამის თაყვანისცემა ქრისტიანისთვის აუცილებელი მოცემულობააო, ამბობს პაპი, დედისა თუ ქალის ნიჭი ყველაზე ძვირფასია ეკლესიისთვის, რადგან ეკლესიაც ქალია. მაშინ, როდესაც მამაკაცი ხშირად აბსტრაქტულ იდეებს ისვრის, ქალმა იცის, როგორ დაიმარხოს გულში <სიტყვა> და მას სიცოცხლე მიანიჭოს. „ყველას გვჭირდება დედის გული, რომელმაც კარგად იცის, როგორ შეინახოს ღვთის სათუთი სიყვარული. …დაე, დედა, ღვთის ყველაზე დახვეწილი ქმნილება, წარგვიძღვეს და დაგვიფაროს ამ წელს და საკუთარი ძის მშვიდობა მოჰგვაროს ჩვენს გულებსა და ჩვენს სამყაროს“.
ჩემი აზრით, ქალისა და კაცის როლების ასეთი გაყოფა იმ კლიშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც, როგორც წესი, პაპი ფრანცისკეს ქადაგებაში არ მოველით. მისი სამოძღვრო ღვთისმეტყველება გაცილებით უფრო სპონტანური და არასტანდარტულია. როგორც ჩანს, ისეთ დელიკატურ საკითხზე, როგორიცაა ქალების როლი ეკლესიაში, პაპი კლიშეებს თავს ვერ არიდებს. ამაზე უფრო ვრცლად სხვა დროს…
საახალწლო ქადაგებას ტრადიციული „ანჯელუსის“ ლოცვა და მიმართვა მოჰყვა, რომელშიც პაპი ფრანცისკე მშვიდობისა და იძულებით გადაადგილებულთა თემას დაუბრუნდა. “მსურს, კვლავაც, მათი დამცველი ვიყო, ვინც მომავალში მშვიდობას მოელის…. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტები და ეკლესია თავდადებულად ზრუნავდეს ლტოლვილების, მიგრანტებისა და ყველა ადამიანის მშვიდობიანი მომავლისთვის”.
საინტერესოა, როგორ განახორციელებს 2018 წელს მშვიდობის მქადაგებელი, სიცოცხლისა და იძულებით გადაადგილებულთა დამცველი წმინდა საყდარი საგარეო და საშინაო პოლიტიკას.