პონტიფიკატის ხუთი წლისთავზე

FrancisSistine13 მარტს პაპი ფრანცისკეს აღსაყდრებიდან ხუთი წელი შესრულდება. წმინდა საყდარი ისტორიის ამ მონაკვეთს გაიხსენებს, უპირველეს ყოვლის, იმ გავლენის გამო, რომელიც პაპმა ფრანცისკემ ფართო საზოგადოებაში მოიპოვა. ის, თუ რა ძალებმა მოიზიდა განსხვავებული აზრის ასეთი ფართო სპექტრი, შეიძლება ერთ წინადადებაშიც ითქვას და შეიძლება ამის აღწერას ტომებიც დაჭირდეს. თუ მაინც ერთ წინადადებაში შევეცდები ამის გამოთქმას, ალბათ, ასე ჩამოვაყალიბებდი (სანამ ტომებს შევეჭიდები:) ფრანცისკემ თავისი მზრუნველი/პასტორალური გახსნილობით, ცხოვრების მოკრძალებული წესითა და სიტყვის საქმედ ქცევით კათოლიკეებისა და არაკათოლიკეების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა ხუთივე კონტინენტზე. ძალიან საინტერესო მოვლენაა, სხვადასხვა სფეროს ლიდერების მცდელობა მის გვერდით მოხვედრაზე. თუ ისინი ვერ მოახერხებენ პაპის გონივრული სიტყვების შესმენას ჩვენი პლანეტის გადარჩენის, თუ ადამიანების სულიერი ცხოვრების სასიკეთოდ, სამახსოვრო ფოტოთი მაინც “გააისტორიულებენ” ამ ფაქტს.

აი, პაპი ფრანცისკეს მიმართ მსოფლიოს დიდი ნაწილის ამ დაუოკებელი აღფრთოვანების ფონზე, ვატიკანი ისეთ წინააღმდეგობებს წააწყდა, რომელიც პაპის გულშემატკივრებსაც დააფიქრებს. შევეხები უკანასკნელი ორიოდე კვირის მანძილზე მედიაში გაზრდილ ყურადრებას კათოლიკე ეკლესიაში ქალების როლსა და მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივ ძალადობაზე.

ვატიკანის მეორე კრებას დამკვირვებლის სტატუსით რამდენიმე ქალი ესწრებოდა. 1964 წლის 8 სექტემბერს, მესამე სესიის გახსნისას პაპმა პავლე მეექვსემ თავის ქადაგებაში თქვა: ” ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზოგიერთი კვალიფიცირებული და მორწმუნე ქალი, მსმენელის როლში, დაესწროს ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების მესამე სესიის საზეიმო თუ საზოგადო სხდომებს; (კერძოდ) იმ სხდომებს, სადაც ქალთა ცხოვრებისთვის საინტერესო საკითხებზე იქნება მსჯელობა”. საინტერესოა, რომ ქალები ყველა სხდომაზე იყვნენ დაშვებულნი, მიუხედავად პაპის ფრთხილად მიწოდებული აზრისა. ესენი იყვნენ აღკვეცილ ქალთა საერთაშორისო გაერთიანებების ლიდერები. მათ შორის იყო ავსტრალიელი როზმარი გოლდი. რამდენიმე დღის წინ წმინდა საყდართან ავსტრალიის ელჩმა ქალბატონმა მელისა ჰიტჩენმა საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საელჩოს საკონფერენციო დარბაზს როზმარი გოლდის სახელი. ამ საზეიმო შეკრების საპატიო სტუმარი კი, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, სენატორი ქალბატონი მარიზ პეინი გახლდათ.

დილის ცხრის ნახევარზე ავსტრალიის საელჩოში, რასაკვირველია, გამოვცხადდი ჩემი ავსტრალიელი კოლეგის პატივისცემის ნიშნად, თუმცა იქ ძალიან საინტერესო ამბები აღმოვაჩინე.

ავსტრალიის მკვიდრი როზმარი გოლდი, ხანგრძლივად ევროპაში ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი, როგორც საუკეთესო სტუდენტი სიდნეის უნივერსიტეტიდან სორბონის უნივერსიტეტში გაგზავნეს ფრანგული ლიტერატურის შესასწავლად. სწორედ აქ დაუკავშირდა იგი ახლაგაზრდა ქრისტიან ქალთა ჯგუფებს (Veritas, The Grail, Pax Romana) და მათთან თანამშრომლობდა. როზმარი ერთ-ერთია, ვისაც წვლილი მიუძღვის რომის კურიაში ხელდაუსხმელთა საბჭოს შექმნაში, მას შემდეგ რაც 1946 წელს პაპმა პიუს მეთორმეტემ განაცხადა, რომ ხელდაუსხმელნიც ეკლესიას წარმოადგენენ.

როზმარი გოლდს აინტერესებდა ჩვეულებრივი ადამიანების როლი კათოლიკე ეკლესიაში და ეკლესიის როლი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში. 1952-1962 წწ. იგი რომშია, სამუშაოდაა მიწვეული ხელდაუსხმელთა საერთაშორისო კონგრესის მუდმივ კომისიაში.

საინტერესოა, რომ ავსტრალიის საელჩოს ეს ინიციატივა დაემთხვა ქალების საკითხზე გამართულ დისკუსიას ვატიკანის პრესაში. ასე მოხდა, რომ 8 მარტს, კათოლიკე ქალთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ კონფრენციაზე, რომელიც, ტრადიციულად, ვატიკანის ტერიტორიაზე იმართებოდა, (წინასწარ) არ დაუშვეს ორიოდე მონაწილე, მათ შორის ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი მაკლიზი, რომელიც LGBT-ის უფლებების დამცველია და აფრიკელი LGBT-ის დამცველი ქალი. ხელდაუსხმელთა, ოჯახისა და სიცოცხლის ახლადშექმნილი დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კევინ ფარელი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა; ფაქტიურად, აუკრძალა ამ ქალებს ვატიკანის ტერიტორიაზე საუბარი. პრესაში მეორე წყაროც გამოჩნდა, თითქოს, ზემოთ მოხსენიებული ქალები მანამდე იყვენენ “აკრძალულნი” ვატიკანის ტერიტორიაზე საუბრისთვის, ვიდრე 8 მარტის კონფერენციის საკითხი განიხილებოდა. ცხადია, მათ ადგილას, შესაძლოა, ლგტბ-ს დამცველი მამაკაცები ყოფილიყვნენ და მათ აკრძალვოდათ ვატიკანის ტერიტორიაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა. ალბათ, პრესა მაშინაც დაინტერესდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ორი ქალია, მათ შორის ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამასთანავე, ირლანდიის პრესაში მერი მაკლიზის მძაფრი ინტერვიუც გამოჩნდა.

კათოლიკე ქალთა ასოციაცია, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსთან მეგობრობით, ცდილობს ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მაგალითების საზოგადოებასთან მიტანას. შექმნილი ვითარება, ამჯერად, ასოციაციის სახელმწიფო სამდივნოსთან მეგობრობის წისქვილზე წყალს ვერ დაასხამს. აღნიშნული კონფერენცია 8 მარტს გაიმართება ვატიკანის კედლებს მიღმა. უსიამოვნო გამოხმაურებას, ცხადია, ეს საკითხი ვერ აცდებოდა. ამას ისიც ემატება, რომ პაპი ფრანცისკეს მოწადინება ეკლესიაში ქალთა საკითხის გამოკვლევაზე, კონკრეტულად, ქალთა დიაკვნობის შესახებ სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაშია.

კათოლიკე ქალების ასოციაციის მხრივ, გასულ წელს მეტის მოლოდინი შეიმჩნეოდა. ჩემი აზრით, ეს მოლოდინი საფუძველს მოკლებული იყო. ქალების როლი ეკლესიაში (კათოლიკე თუ მართლმადიდებელი) რთული საკითხია და იმის მისაღწევად, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ერთმა ნახევარმა მეორე ნახევართან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებაში თანასწორი უფლება მოიპოვოს, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ამასობაში, წმინდა საყდრისთვის კიდევ უფრო მტკივნეულმა საკითხმა მიიპყრო ყურადღება, მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის დამალვამ. პაპის ჩილეში მოგზაურობის დროს იანვრის მეორე ნახევარში, მედიამ უარყოფითად გააშუქა მის მიერ ეპისკოპოს ხუან ბაროსის მიმართ თბილი დამოკიდებულება. ეპისკოპოს ხუან ბაროსს ბრალად ედება, რომ ხელს აფარებდა მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივად მოძალადე საეკლესიო პირებს. ამას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ პაპის ცხრა კარდინალისგან შემდგარი კომისიისა და მცირეწლოვანთა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს კარდინალ შონ ო’მალის 2015 წელს, ჩილეში მოგზაურობისას, ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა მისი ხელით წერილი გაუგზავნა პაპს, სადაც ეპისკოპოს ხუან ბაროსს ბრალი ედებოდა თვალთმაქცობაში, კრიმინალური ქმედებების არგამხელაში. ჟურნალსტურმა გამოძიებამ ვერ დაადგინა, წაიკითხა თუ არა ეს წერილი პაპმა ფრანცისკემ. თუ წაიკითხა, მისი ჩილეში მოქმედება შეუსაბამო იქნებოდა. თუ არ წაუკითხავს, გამოდის, რომ მისმა ნდობით აღჭურვილმა კარდინალმა პირობა დაარღვია და მისდამი რწმუნებული წერილი, ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე, პაპს არ გადასცა.

ვატიკანში დაბრუნებულმა პაპმა ერთ კვირაში ჩილეში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა, არქიეპისკოპოსი ჩარლზ შიკლუნა, რომელიც საყოველთაო ნდობითაა აღჭურვილი და მსგავსი კვლევის ექსპერტადაა მიჩნეული. მონსინიორ შიკლუნა შეხვდა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლს, ხუან კრუზს. ამ უკანასკნელმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადლობელია არქიეპისკოპოსის, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა და იმედი აქვს, ვატიკანი შესაბამისად იმქომედებს.

მოლოდინია, რომ მარხვის პერიოდი (14 თებერვლიდან კათოლიკე ეკლესია მარხვას ინახავს) საუკეთესოა აღსარებებისთვის და დამნაშავეები საკუთარ თავს გამოააშკარავებენ. ყოველ შემთხვევაში, კათოლიკეები მეტ სიცხადეს მოელიან ისეთ საკვანძო საკითხზე მაინც, როგორიცაა მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივად მოძალადეთა და მათ მფარველთა გამოაშკარავება.

პაპი ფრანცისკეს ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მეოცე საუკუნის მესამე პაპის კანონიზაცია დაიგეგმა. 2014 წლის აპრილში წმინდანად შერაცხეს პაპი იოანე ოცდამესამე (გარდ. 1963 წ. ვატიკანის მეორე კრების ავტორი) და იოანე პავლე მეორე (გარდ.2005 წ.). გასულ კვირას პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ 2018 წელს წმინდანად შეირაცხება პაპი პავლე მეექვსე, ჯოვანი ბატისტა მონტინი (გარდ. 1978 წ.), ვატიკანის მეორე კრების გამგრძელებელი. მისი ინიციატივით ვატიკანის მეორე კრებამ, საეკლესიო რეფორმისთვის აუცილებელი ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას მიეკუთვნება ჩასახვის საშუალებების აკრძალვა წერილში Humanae Vitae (1968), რომელიც დღემდე ცხოველი დისკუსიის წყაროა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s