5-6 ივლისს, ვატიკანში, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის თაოსნობით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი 2015 წლის ზაფხულში გამოცემული პაპის ენციკლიკის Laudato Si‘-სადმი. ქართველი მკითხველისთვის, ყოველ შემთხვევაში ამ ბლოგის მკითხველისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ წმინდა საყდარმა Laudato Si‘-ის მეშვეობით სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში. Laudato Si‘-მ, ფაქტობრივად, თავი მოუყარა წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვენელოვან საკითხებს – მიგრაცია, სიღარიბე, ყოველი ადამიანის ღირსების დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა – და ეს საკითხები, “ინტეგრალური ეკოლოგიის” სახელით, კლიმატური ცვლილებების ჩარჩოში მოიაზრა.
Laudato Si‘-მ, ბოლო სამი წლის მანძილზე, საერთაშორისო სამეცნიერო, თუ საღვთისმეტყველო საზოგადოების გაერთიანებასაც შეუწყო ხელი და კათოლიკე ეკლესიაში აზრთა დაპირისპირებასაც. ვისთვისაც პაპი ფრანცისკეს მოდერნისტულ-რეფორმისტული განწყობა მიუღებელია, ვისთვისაც ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური თანასწორობა და კლიმატური კატასტროფისგან დედამიწის დაცვა, ცხადია, Laudato Si‘ მათ პრობლემებს უქმნის. სტატისტიკური მონაცემებისთვის გვერდის ავლით, Laudato Si‘-სთან და ზოგადად, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩემეული ხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ Laudato Si‘-ის როგორც კათოლიკე ეკლესიაში, ასევე მის გარეთაც ძალიან ბევრი ადამინი თანაუგრძნობს, ხოლო ამ ბოლო ხანს დიდი კორპორაციებიც ცდილობენ მას თავისი ხმა შეაწიონ. ეს მოკლე შესავალი იმას ემსახურება, რომ მოვაყოლო: Laudato Si‘ პაპი ფრანცისკეს ეპოქის ჰიტ-ია, მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.
5-6 ივლისის კონფერენციის მონაწილეებს პაპი ფრანცისკე მიესალმა გზავნილით, რომელშიც მისი პონტიფიკატის მნიშვნელოვანი თემებია ჩამოთვლილი: ფრანცისკე ასიზელისთვის უფლის გამოცხადება სიტყვებით, “წადი და შეაკეთე ჩემი სახლი, რომელიც, როგორც ხედავ, ნანგრევებად ქცეულა”; ინტეგრალური ეკოლოგია; მეცნიერთა მიერ მოპოვებული ფაქტები კლიმატური ცვლილებების ანთროპოგენურ წარმოშობაზე; პარიზის 2015 წლის შეთანხმება; 12-14 სექტემბერს სან-ფრანცისკოს სამიტი გლობალურ კლიმატურ ქმედებაზე (Global Climate Action); კატოვიცეში, მომავალ დეკემბერს COP24-ის სამიტი; მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1 სექტემბრის ქმნილების დღედ გამოცხადება; ინტეგრალური ეკოლოგიის საკითხის ერთ-ერთ მთავარ თემად გატანა მომავალ ორ სინოდზე, ახალგაზრდებისა და მკვიდრი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ამაზონის რეგიონის მკვიდრთა შესახებ სინოდებზე.
კონფერენციის მონაწილეებს პირადად მიესალმა და სამუშაო პროგრამის ერთგვარი შესავალი გააკეთა კარდინალმა პიტერ ტურკსონმა, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის ხელმძღვანელმა. ღვთის საჩუქარი ქმნილების სახით ყველა ადამიანს თანაბრად ეკუთვნის, ამიტომ “ჩვენი საერთო სახლის”, პლანეტის გადარჩენა, ყველას ინტერესებშია – კარდინალმა ტურკსონმა არსებული ვითარების სიმწვავეზე ისაუბრა და მყისიერად საერთო ძალებით ქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კონფერენციის მიმართულებაც სწორედ ეს გახლდათ, საზოგადეობის სხვადასხვა სეგმენტის ჩართვა ინტეგრალური ეკოლოგიის გააზრებასა და პრაქტიკულ განხორციელებაში. იმავე გზავნილით მიმართა საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა: კლიმატური კატასტროფის გათვალისწინებით, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა ყველგან, მკვიდრი მოსახლეობიდან ევროატლანტიკური სივრცის საზოგადოებებამდე.
თითქმის ყველა გამოსვლა – 30-ზე მეტმა ადამიანი წარდგა მოხსენებით – საინტერესო იყო, მათგან ბევრი საქმიანი და კონკრეტული. სწორედ კონკრეტული მაგალითების გაზიარებითა და სამომავლოდ პრაქტიკული ქმედებების მოაზრებით, იგი ყველაზე მეტად ეხმიანებოდა საქართველოს, გერმანიისა და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამართულ მარტის კონფერენციას, “ქმნილებების – ადამიანისა და ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის – დამახასიათებელი ფასეულობა” (რომი, პაპის “გრეგორიანის” უნივერსიტეტი, 7-8 მარტი 2018).
Laudato Si‘-ის რეგიონული გავლენისადმი მიძღვნილ პანელზე ისაუბრეს აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის, ევროპისა და ოკეანეთის მკვიდრმა ახალგაზრდებმა. მაგალითად, 16 წლის ავსტრალიელი ჯეიდ ჰამაისტერი ჩრდილოეთ პოლუსზე იყო ექსპერტებთან ერთად და კატასტროფული მდგომარეობა საკუთარი თვალით იხილა. თუ ყინულის დნობა არ შემცირდა, რადგან შეჩერება ამ ეტაპზე გამორიცხულია, 30 წლის მერე ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული აღარ იქნება. ახალგაზრდების ჩართულობა “ჩვენი საერთო სახლის გადასარჩენად”, ცხადია, ემოციურადაც დატვირთული იყო: რას უტოვებენ ზრდასრულები მომავალ თაობას? მომავალი თაობის წინაშე უფროსი თაობის პასუხისმგებლობის საკითხი რამდენჯერმე გაისმა ამ ორი დღის მანძილზე.
ბრიტანეთის კლიმატური ცვლილებების დამოუკიდებელი კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ გამერი, იგივე ლორდი დებენი, ამბობდა, რომ ადამიანებმა თავიდან უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება, გარე სამყაროსთან მიმართებიდან გამომდინარე, არა იმიტომ, რომ ამას ფილოსოფოსები გვკარნახობენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მისი მოწოდება იყო, სიხარულით მოვეკიდოთ ამ ახალ გზას, რომ მომავალში, დედამიწაზე, ადამიანებს სიცოცხლის საშუალება ჰქონდეთ.
იმავე პანელზე მარშალის კუნძულების მკვიდრმა პოეტმა კათი ჯენტილ-კიჯინერმა წაიკითხა ლექსი, რომელსაც მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ. მარშალის კუნძულები ერთ-ერთი პირველი დაიფარება წყლით მას შემდგე, რაც რამდენიმე ათეულ წელიწადში გლობალური დათბობა 1.5./2. გრადუსით გაიზრდება.
იმავე დილით, მეორე სესიის თემა იყო: “ყური მივუგდოთ დედამიწის გოდებას და ღარიბთა გოდებას”. პირველი მოხსენება გააკეთა წმინდა საყდარში სახელმწიფოებთან უთიერთობის მდივნის მოადგილემ მონსინიორ ანტუან კამილერიმ, რომელმაც ინტეგრალური ეკოლოგია სულიერი და ეკოლოგიური კრიზისიდან გამოსავალ გზად დასახა. “ინტეგრალური კრიზისის” ეპოქაა, თქვა მონსინიორ კამილერიმ, მასზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ დიალოგს იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ იგი ერთობლივად და სწრაფად.
გერმანელი პროფესორი ჰანს იოაკიმ შელენუბერი ეკოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია, პოტსდამის კლიმატური გავლენის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი სიტყვებით, დედამიწას სიმსივნე შეყრია, რომლის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მაგრამ პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია. პროფესორი შელენუბერის გამოსვლას მესამედ დავესწარი – გასულ თვეს მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გამართულ სიმპოზიუმზე მოვუსმინე – და სამივეჯერ შიშის ზარის მომგვრელი იყო მის მოხსენებაში ასახული მეცნიერულად მოპოვებული ფაქტები, რა ელის დედამიწის მოსახლეობას ცელსიუსის ორი გრადუსით ტემპერატურის მომატებისას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის შეიძლება ძალების მოკრება, რომ 2 გრადუსი 1.5-ზე დავიდეს. მან მოითხოვა, რომ დაარსდეს ე.წ. კლიმატური პასპორტი, რომელიც წყლით დაფარვის საშიშროების ზონაში მცხოვრებთ საშუალებას მისცემს ემიგრაციაში გაემგზავრონ შედარებით უსაფრთხო ზონაში, თუმცა უსაფრთხო ადგილები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.
პარიზის 2015 წლის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა გაეროს კლიმატური ცვლილების კონვენციის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიცია ესპინოზამ. დოქტორი ესპინოზა მექსიკელი კარიერული დიპლომატია (მონაწილეობდა ათენის სიმპოზიუმში გასულ თვეს, რომელსაც მეც დავესწარი). დოქტორ ესპინოზამ ანტარქტიდასა და ტუნდრაში არსებულ დრამატულ პირობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს ბუნებრივი სტიქიები იზოლირებულად არ მოიაზრება. კლიმატური ცვლილების დღევანდელი მდგომარეობა აღემატება ამინდისა და ეკონომიკის სფეროს და უფრო ფართო კითხვებს წარმოშობს, როგორიცაა ზნეობა, მემკვიდრეობითობა, ადგილობრივი მმართველობა. კლიმატი მოითხოვს საყოველთაო საზოგადოებრივ ქმედებას. დღეს კლიმატური ნეიტრალიტეტის დაცვა უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მოქმედება. მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრის COP24-ის სამიტი მეტ მოთხოვნებს წაუყენებს მთავრობებს.
დღის მეორე ნახევარში გამომსვლელთაგან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა გარემოს დაცვის თემაზე მართლმადიდებლების ყველაზე უფრო ცნობილმა სპიკერმა მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან. იგი ათენის ზემოთხსენებულ სიმპოზიუმშიც მონაწილეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ზიზიულასმა ღვთის ქმნილების საკრალურობაზე ისაუბრა, ღვთისგან მოცემული ბუნების ღმერთისთვის დაბრუნებაზე; ასევე, შეეხო ღვთისგან ჩვენთვის ბოძებულის მომავალ თაობებზე გადაცემას და ამდენად, ბუნებისთვის დამახიასეთებელ მუდმივ მიმოქცევას გაუსვა ხაზი. მისი გამოსვლის ერთ-ერთი თემა იყო ტექნოლოგიების ადამიანზე ზემოქმედება, ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანის ურთიერთობა. ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედება მიტროპოლიტმა კომუნიკაციას შეადარა, ზიარების საპირისპიროდ; ზიარება ადამიანსა და მის იქით არსებულ სინამდვილეს შორის ერთადერთი ჭეშმარიტი კავშირია. ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ კომუნიკაციის უნარი აქვს და არა ჭეშმარიტი კავშირის. ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანცვლებს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას. აქვე ვიტყოდი, რომ მიტროპოლიტი არ “ებრძვის” ტექნოლოგიურ პროგრესს, მხოლოდ სიფხიზლეს ქადაგებს მისი მოხმარების მიმართ.
ამ პანელის მეორე მომხსენებლმა სრულიად სხვა პლატფორმიდან მიმართა მონაწილეებს, ბრიტანელი პროფესორი ნიკოლას სტერნი, ეკონომისტი (London School of Economics) ამბობდა, ფასეულობის გარეშე ეკონომიკა ვერ იარსებებსო. მან დადებითად შეაფასა სულიერი ლიდერების ჩართულობა კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო აქტივობებში; როგორც ეს პაპის ენციკლიკამ დაადასტურა, არცერთი პოლიტიკური ლიდერის მოწოდებას ასეთი გამომხმაურება არ მოყვებოდაო. არსებობს მეცნიერული გამოთვლები, რომელთა უგულებელყოფა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის შეცდომა იქნება. მაგალითად, მომავალი 20 წლის მანძილზე აუცილებლად უნდა შემცირდეს გაზების ემისია 30%-ით, მაგრამ ამავე პერიოდში მოსალოდნელია, ურბანული მოსახლეობის ზრდა 30%-ით. კლიმატური ცვლილებების კუთხით ინვესტიციის გაკეთება დღეს ერთადერთი გზაა მომავლისკენ: უმოქმედობის ფასი იქნება ძალიან მაღალი შედარებით დღევანდელი ქმედების ფასთან. საკითხია ისმის, ჩაიდოს თუ არა ინვესტიცია ბუნებრივ კაპიტალში?
მესამე მომხსენებლი იყო ბრიტანელ-ამერიკელი პროფესორი სელია დინ-დრამონდი, მარტის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, განათლებით ბიოლოგი და თეოლოგი. მისი მოხსენების მთავარი საკითხი იყო: რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? პროფესორმა დინ-დრამონდმა, ერთგვარად, შეაჯამა წინა ორი მომხსენებლის გამოსვლა, მენციერული კვლევით მოპოვებულ მასალას ფილოსოფიური საფუძველი მისცა და საზოგადოების სხვადასხვა დონეზე აუცილებლად მიიჩნია გამჭრიახობა/Discernment, დღეს განვითარებული იმ დრამატული მოვლენის ფონზე, რასაც სახეობების გადაშენება ჰქვია.
კონფერენციის მეორე დღეს, სრულიად გამორჩეული იყო კარდინალ პედრო ხიმენოსის, ჰიუანკაიოს მთავარეპისკოპოსის (პერუ) გამოსვლა, რომელმაც ამაზონის აუზის მკვიდრი მოსახლეობის მაგალითზე ვრცლად ისაუბრა მათი ცხოვრების წესის სიახლოვეზე ქრისტიანული სწავლებისა და კათოლიკე ეკლესიის სოციალური მოძღვრების საფუძვლებთან. როგორც წინა დღეს, აქაც გაისმა, დედამიწის მკურნალობის მიზნით, საყოველთაო ძალების გაერთიანების აუცილებლობა და მყისიერება, არა შიშითა და ძრწოლვით, არამედ სიხარულით.
გამომსვლელთა შორის იყვენენ ამერიკელი ბილ მაკკიბენი, არასამთავრობო ორგანიზაცია 350. org-ის დამაარსებელი, ფრანგული ორგანიზაციის “ფინანსური პაქტი – კლიმატი ევროპისთვის” სპიკერი პიერ ლარუტურუ, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ნორვეგიელი ერიკ სოლჰაიმი, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის თანამშრომელი მონსინიორ აუგუსტო ძამპინი (მარტის კონფერენციის მონაწილე). კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე, მარტის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი დოქტორ ერიკ სალა, ოკეანეთის მკვლევარი და მისი დამცველი. ვატიკანში მონაწილეთა შორის იყო გარემოს დაცვის ერთ-ერთი მძლავრი ფონდის, ლეონარდო დი კაპრიოს ფონდის დირექტორი მედიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კარლ ბურკარტი. კონფერენციის დასასრულს, საელჩოს სახელით სავახშმოდ მივიწვიე მარტის კონფერენციის სამი მონაწილე, პროფ. სელია დინ-დრამონდი, დოქტორ ერიკ სალა, დოქტორ ოლივერ პუტცი და კარლ ბურკარტი. ძალიან საინტერესო იყო მათ მიერ იმის აღიარება, რომ მარტის კონფერენციამ ყველა ეს საკითხი გააშუქა და მსჯელობა უფრო მიზნობრივად წარმართა, იმდენად, რომ, თემების გადაფარვას ადგილი არ ჰქონია. ერიკ სალამ ისიც თქვა, რომ ჩვენმა კონფერენციამ, ფაქტობრივად, დააკავშირა იგი წმინდა საყდართან, რადგან იგი თავს რელიგიურად არ მოიაზრებს. Laudato Si‘-ის ყველაზე დიდი პარადოქსი კი სწორედ ესაა, რომ ენციკლიკამ შეძლო ხმა ეკლესიის მიღმა მიეწვდინა და გარემოს დაცვის ექსპერტები თუ აქტივისტები გაეერთიანებინა. თავად კათოლიკეები არასდროს მალავენ იმ ფაქტს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ინიციატივა გარემოს დაცვის ხაზით პირველმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აიტაცა და სერიოზული წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მიუხედავად საერთაშორისო ჩართულობისა ეკოლოგიის ხაზით (კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს “მწვანე” პატრიარქსაც უწოდებენ, 2002 წელს ეკოლგოიური პრემიაც აქვს მიღებული ნეორვეგიაში – Sophia Prize), როგორც ჩანს, წმინდა საყდარს სიტყვის საქმედ ქცევის სხვა მექანიზმი გააჩნია. მართლამდიდებლები ამას ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ, კათოლიკეებთან კონკურენციაში შესვლის გარეშე. კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლება კათოლიკეებს საზოგადო საკითხებთან შესაჭიდებლად ზურგს უმაგრებს. იმედს არ ვკარგავ, რომ მართლმადიდებლები, ერთ დღეს, ერთმანეთთან გულწრფელ და ყოვლისმომცველ დიალოგს გამართავენ, რაც ბუნებრივად მიიყვანს მათ სინოდალურ დონეზე სოციალური სწავლების ჩამოყალიბებამდე.
5-6 ივლისის კონფერენციის შედეგი ისაა, რომ კათოლიკე ეკლესიის მიერ სამეცნიერო, პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური აქტივისტების (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მის სინონიმს ვერ ვპოულობ), ძალიან ფართო წარმომადგენლობითობითობა ხმას უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენს, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ასევე, პოლიტიკოსებს და ზოგადად გადაწყვეტილელების მიმღებთ. კლიმატური კატასტროფა ცხადზე ცხადია, ადამინის გავლენა გლობალურ დათბობაზე 95%-ს შეადგენს, მხოლოდ 5% მოდის ბუნებრივი მიზეზების წილ, 2 გრადუსით დათბობა ადამინის სიცოცხლისთვის და პლანეტის ფუნქციონირებისთვის დამანგრეველია, რის საწინააღმდეგოდ სწრაფი მოქმედება აუცილებელია, გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე დაყვანა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს.
თავის შემაჯამებელ სიტყვაში კარდინალმა ტურკსონმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა გამომსვლელმა, აღნიშნა მყისიერი ქმედების აუცილებლობა: როგორც მთვარეზე გაფრენა გახდა შესაძლებელი ამ საკითხზე შვიდწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ადამიანისთვის არც კლიმატის ცვლილების დაკონსერვება და მოსალოდნელი დათბობის შემცირებაა შეუძლებელი. ამას ესაჭიროება ადამიანის ნება და თავდადება.
გერმანული კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე კლიმატის ცვლილებასთან შებრძოლებას 1.115 მილიარდი ევროს ინვესტიცია ესაჭიროება.
კლიმატური ცვლილება, ომისა და კონფლიქტის, მაშასადამე, მიგრაციისა და სიღარიბის, ადამიანისთვის ღირსებამოკლებული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული.
მართალია, ივნისის მოვლენებზე თავში უნდა მეთქვა, მაგრამ აქ ვიტყვი. 5-7 ივნისს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ჩატარდა მეცხრე სიმპოზიუმი გარემოს დაცვის საკითხებზე სათაურით: “მწვანე ატიკისთვის, პლანეტის გადასარჩენად და მის მკვიდრთა დასაცავად”. სიმპოზიუმი გაიხსნა აკროპოლისის მუზეუმის დარბაზებში, ხოლო მომდევნო ორ დღეს სხდომები ჩატარდა კუნძულ სპეცისა და კუნძულ ჰიდრაზე. ამ სიმპოზიუმის სულისჩამდგმელი გახლდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერი გარემოს დაცვის საკითხებზე, დიაკვანი, ცნობილი თეოლოგი ჯონ ქრისავგისი, რომელიც, ასევე, მარტის კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, კარდინალ ტურკსონის, პროფესორ დინ-დრამონდისა და ერიკ სალას გვერდით.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თავის მიმართვაში აღნიშნა საზოგადო სიკეთისთვის საერთო ძალების მოკრებით ქმედების აუცილებლობა. ამ კუთხით, პაპის ენციკლიკის მნიშვნელობაც ახსენა, ადამიანთა უფლებების დაცვის უნივერსალური დეკლარაციაც, მართლმადიდებლური სწავლებაც.
5-6 ივლისის კონფერენციაზე მონაწილეებს შორის იყვნენ ათენის სიმპოზიუმის მომხსენებლები პატრიცია ესპინოზა და ჰანს იოაკიმ შელენუბერი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და კარდინალი ტურკსონი. წელს, პირველად მივიღე მონაწილეობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სიმპოზიუმში, პატრიარქ ბართლომეს პირადი მოწვევით.
გამომსვლელთაგან მინდა საგანგებოდ აღვნიშნო ამერიკელი მეცნიერის ჯეფრი საკსის მონაწილეობა, რომელიც არც მარტის კონფერენციას ესწრებოდა და არც 5-6 ივლისის. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს მისთვის დამახასიათებელი საკითხის მძაფრი პოლიტიზირება. როგორც ცნობილი ეკონომისტი, ავტორი წიგნისა The Age of Sustainable Development – პროფ. საკსი სისტემატურად ესწრება და მონაწილეობს წმინდა საყდრის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამართულ გარემოს დაცვით კონფერენციებში. იგი ყოველთვის უკიდურესად ნეგატიურია საკუთარი მმართველობის მიმართ, ახლანდელი თუ წინა ადმინისტრაციის მიუხედავად. აქ პირველად მოვისმინე პროფ. საკსის გამოსვლა, სადაც მან აკადემიურად გამართული, არაპოლიტიზირებული და ნათლად ჩამოყალიბებული მოხსენება წაიკითხა. საკსი ლიბერალური დემოკრატიის სერიოზული კრიტიკით გამოდის, კორპორატიული კაპიტალიზმის წინააღმდეგ, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობისა და გაუმაძღარი, ხარბი ეკონომიკის ნაზავია. ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკა დღევანდელი საქართველოს სინამდვილეში წინააღმდეგობრივია. მართალია, ამ კრიტიკის შინაარსი დასავლეთის საზოგადოებისთვის სასარგებლოა და მისი ლოგიკა დასავლურ კონტექსტში გასაგებია, ჩვენთვის, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების განხორციელებამდე მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ, დემოკრატიის ნებისმიერი გამოვლინების არაკვალიფიციური კრიტიკის შედეგია, დასავლეთის ფასეულობების მიმართ ნიჰილიზმი და მათი ჩანაცვლების სურვილი პოპულიზმით, ხშირად რელიგიური ხასიათის პოპულიზმით. ამ შემთხვევაში, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაშიც, გამჭრიახობა და მოცემულობის ანალიტიკური შეფასება ერთადერთი გამოსავალია.
გამიჭირდა ამ ბლოგის უფრო პოზიტიურად დამთავრება: “ჩვენი საერთო სახლი” ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ხდება; ინტეგრალური ეკოლოგია, ცხოვრების წესის შეცვლა, ანთროპოგენური გავლენის შემცირებისთვის ინვესტიციების გაკეთება აუცილებელიცაა და სასწრაფოდ განსახორციელებელიც.