იანვრის შუა რიცხვებში, მასაჩუსეტსის კოლეჯში გზად მიმავალი, ნიუ-იორკში ჩავფრინდი. საზღვარზე, რასაკვირველია, უამრავი დეტალური შეკითხვა დამისვა კეთილგანწყობილმა მესაზღვრემ, მათ შორის მეკითხებოდა, რა უნდა ასწავლოო. ჩემი მოწვევის წერილში ეწერა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის პროგრამით ვიყავი მიწვეული, ამიტომ აღარ ჩავეძიე დეტალებს, რომ რელიგიისა და პოლიტიკის ამბები-მეთქი და მარტივად ვუპასუხე, პოლიტიკა. მაშინვე კი მივაყოლე, არა ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის. მესაზღვრემ თან პასპორტი გამომიწოდა, ნიშნად, უკვე შიგნით ხარო, თან კითხვა მოაყოლა, ამერიკელი რომ იყო, ხმას ვის მისცემდიო. მე ვუთხარი, რომ ყოველთვის დემოკრატი ვიქნებოდი. გავუღიმეთ ერთმანეთს, თუმცა უკმაყოფილება შევატყვე. კოლეჯში ჩემს კოლეგებს ეს ეპიზოდი რომ ვუამბე, გაოცდნენ, როგორ გაბედა ასეთი შეკითხვის დასმაო. მასაჩუსეტსის კოლეჯი , სადაც მე ოთხი თვის ნაცვლად, ორი თვე დავყავი (პანდემიით შეშინებულმა ორ თვეში სახლისკენ მოვკურცხლე), ასპროცენტიანად დემოკრატი იყო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდს დაემთხვა მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობის ამბები, რასაც პროფესორ-სტუდენტიანად ყველა თვალს ადევნებდა. ამაზე ერთად მსჯელობდნენ და კამათობდნენ. ძალიან საინტერესო იყო დაკვირვება, როგორ ყალიბდებიან ამერიკელი სტუდენტები ადრეული ასაკიდანვე ‘პოლიტიკურ’ მოქალაქეებად.
ამერიკელი სტუდენტების აბსოლუტური უმეტესობა, ვისთანაც მე პირდაპირი შეხება მქონდა ან დებატებში ვუსმენდი, ბერნი სანდერსს უჭერდა მხარს, მის რადიკალურად ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპებს. ერთი-ორჯერ მოკრძალებულად, უცხოელის პოზიციიდან გავუზიარე ჩემი აზრი, რომ ამერიკის დემოკრატიული პარტია ჯერ არაა მზად ბერნი სანდერსის გამარჯვებისთვის, იმ სოციალური ძვრებისთვის, რომელიც ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას თავდაყირა დააყენებს-მეთქი. სტუდენტებს კი უნდოდათ, რომ ბერნი სანდერსს გაემარჯვა. როგორც ამ დღეებში გამოჩნდა, ბერნი სანდერსის და ელიზაბეთ უორენის მემარცხენეობას აცდენილი, ჯო ბაიდენის ცენტრისტული პოლიტიკის გულშემატკივრობაც კი არ ყოფილა იოლი. იმედია, 2020 წლის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ამერიკის დემოკრატებს შეაგულიანებს, რომ, სამომავლოდ, ახალი თაობის მოთხოვნებისთვის მოემზადონ.
რას ნიშნავს დემოკრატების მმართველობა ჩვენთვის? ფაქტია, რომ პარტიული უთანხმოება არასდროს ასახულა აშშ-ის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო საქართველო წარმოადგენს ხოლმე, ვიდრე ამერიკული ორპარტიულობა.
ყველა ნიშნის მიხედვით, ჯო ბაიდენი, გამოცდილი დემოკრატი პოლიტიკოსი, ხელს შეუწყობს მრავალფორმატიან საერთაშორისო თანამშრომლობას, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, არ შეეპუება დიდი პოლიტიკური მოთამაშეების მხრივ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევის მცდელობას. რუსეთს, მაგალითად, არც ეს აწყობს და არც ის, რომ ამ ადმინისტრაციისგან მოსალოდნელია თანმიმდევრული ქმედებები და რიტორიკა, ნაკლებადაა მოსალოდნელი იმპულსური ნაბიჯების გადადგმა, დაუბალანსებელი შეფასებები ცალკეული პიროვნებებისა თუ მოვლენების შესახებ. გამოცდილი დემოკრატი პოლიტიკოსისგან თანამშრომლები თუ კოლეგები მოელიან საკუთარი ადმინისტრაციის პატივისცემას, გუნდთან ერთად მუშაობას.
ბაიდენი პრიორიტეტულად მიიჩნევს ლიბერალური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხს, როგორიცაა კლიმატური პირობებისთვის თვალის გასწორება, პარიზის ხელშეკრულების ხელმომწერთა ჯგუფში დაბრუნება. ეს, სხვა თუ არაფერი, სიცოცხლეზე, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვად ითარგმნება.
ახალი ადმინისტრაციის პირველი დიდი გამოცდა პანდემიასთან გამკლავება იქნება. ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავება ურთულესია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდი ნაწილი იმითაც იქნება კმაყოფილი, თუ სახელმწიფო ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შემუშავებულ რჩევებს გაითვალისწინებს და არსებულ სიტუაციას რეალისტურად წარმოადგენს. პოლიტიკოსებს ისედაც ბევრი მითის მოგონება უწევთ ხოლმე. უმჯობესია, ეს მითები არ ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობას.