27 მარტი – ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ვატიკანში

12672135_1174614285883507_654236035863860864_o
თავიდანვე ძნელია ზუსტი ფორმულირება, თუ ვინ და სად აღნიშნა 27 მარტს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. იმის თქმა, რომ ეს “დასავლური” აღდგომაა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, სწორი არ არის. 27 მარტს აღდგომას დღესასწაულობს კათოლიკე ეკლესია, ანგლიკანური ტრადიციის ეკლესია, პროტესტანტული ეკლესიები და სხვა არატრადიციული ქრისტიანები არა მხოლოდ დასალეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამდენად, უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ დასავლური ტრადიციიდან მომდინარე ეკლესიები, თუმცა, ფინეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესია, ქვეყნის ქრისტიანი მოსახლეობის უმრავლესობის გათვალისწინებით, აღდგომას დასავლური ტრადიციის შესაბამისად აღნიშნავს.

მოკლედ, 27 მარტიდან მოყოლებული კათოლიკე ეკლესიაში დიდი დღესასწაულია.

26-ში, შაბათს, საღამოს ცხრის ნახევარზე ჩაბნელებულ წმინდა პეტრეს ტაძარში დაიწყო სააღდგომო მწუხრის ლოცვა პაპი ფრანცისკეს წინამძღვრობით. ამ დღისთვის ტაძრის მოსართავი ყვავილები სლოვენიიდან გამოგზავნეს, ხოლო კვირას წმინდა პეტრეს მოედანი ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ყვავილებით მორთეს.

როგორც ყოველთვის, პონტიფექსის მსახურება ზედმიწევნით მოწესრიგებული და ესთეტიურად სრულყოფილი იყო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ამ სრულყოფის მისაღწევად პროფესიონალების დიდი გუნდი მუშაობს.

სააღდგომო მწუხრის საკითხავებს შორის იყო ლუკას სახარების 24-ე თავის 1-12 მუხლი.

12885766_1174614235883512_8817162137934682481_o

“ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ” (ლუკა 24,12) – ამ სიტყვებით დაიწყო პაპის ქადაგება. პეტრემ, ისევე როგორც დანარჩენმა ათმა არ დაიჯერა მენელსაცხებლე დედების მონათხრობი, მაგრამ ცოტა ხნის  მერე ადგა და საფლავისკენ გიქცა, რაც იმის მანიშნებელია, ბრძანებს პაპი ფრანცისკე, რომ, სხვებისგან განსხვავებით, პეტრე იესოს ეძიებდა. ასე დაიწყო პეტრეს აღდგომაო. სევდისა და სიბნელის მიმართ დაუმორჩილებლობით პეტრემ ადგილი დაუთმო სასოებას: საკუთარ გულში ღვთის ნათელი შემოუშვა. მენელსაცხებლე დედებმაც იგივე განიცადეს, ანგელოზის სიტყვებმა “რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?” მათზე დიდი გავლენა იქონია.

ქრისტიანთა ხვედრია, რომ ჩვენსავე დაბეჭდილ სამარხებში სიცოცხლის მომნიჭებლად უფალი შემოვუშვათ. ამ ღამეს, უპირველეს ყოვლისა, უიმედობის ქვა უნდა გადავაგოროთ და უფალს მისგან ხსნა შევთხოვოთ, ბრძანებს უმაღლესი პონტიფექსი.

ჯვარცმული უფლის აღდგომა ქრისტიანთა იმედის ქვაკუთხედია, რომელიც ყველას ეძლევა, ვისაც საკუთარი თავიდან გასვლა შეუძლია. სულიწმიდის მონიჭებული სასიცოცხლო ძალა პრობლემებს თავისთავად კი არ გადაგვიჭრის, არამედ ქრისტეს სიყვარულითა და შენდობით გაგვაძლიერებს. აღდგომაც სწორედ ამ იმედისა და ჭეშმარიტების დღესასწაულია, რადგან ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ქრისტეს სიყვარულს ჩამოგვაშოროს (რომაელთა 8:39). ამ იმედითა და სიხარულით სავსე ქრისტიანები ქრისტეს აღდგომას საკუთარი ცხოვრების მაგალითითა და სიყვარულით ამოწმებენ.

სააღდგომო მსახურება გვასწავლის, გვახსოვდეს უფლის მიერ გავლილი გზა. სახარების საკითხავშიც მოვისმინეთ, რომ ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს მოუწოდებს, გაიხსენონ უფლის სიტყვები (6).

ქრისტე აღდგა! გაუღეთ გულის კარი სასოებას და მიჰყევით იმ ვარსკვლავს, რომელსაც უსასრულო აღდგომისკენ მივყავართ.

კვირას დილით პაპის გზავნილი ქალაქ რომსა და მთელ მსოფლიოს, Urbi et Orbi – უფლის აღდგომის სიხარულსა და სინათლეს აუწყებს. აქვე პაპი დიდი გულისტკივილით საუბრობს ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვაგან მიმდინარე კონფლიქტებსა და სისხლისღვრაზე, ადამიანების უმოწყალო მიგრაციაზე, ლტოლვილთა არაადამიანურ პირობებზე და მათ არასახარბიელო მომავალზე. მიუხედავად ყოველივე ამისა, უფლის აღდგომა, საკუთარი სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვა, სიხარულს ჰფენს მორწმუნეთა გულებს.
12891783_1174624112549191_4767759355547112946_o

ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ დღე არ გავა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოდან პაპის მისასამძიმრებელი წერილი არ გავიდეს მეთქი. წმინდა საყდარი, რასაკვირველია, თანაგრძნობას გამოხატავს ადამიანის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მისი ღირსების შელახვის თაობაზე. სირია, ერაყი, თურქეთი, პაკისტანი, ბელგია, საფრანგეთი, მოზამბიკი, ბურუნდი, ნიგერია, კამერუნი..

ცხადია, სააღდგომო გზავნილი ყოველთვის უფლის მიერ სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვისა და უსასრულო სიცოცხლის მინიჭების გზავნილია. ახლაც კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი თავის მრევლს უფლის აღდგომით მონიჭებული სასოების გაღვივებისკენ მოუწოდებს.

ორნახევარი დღე ბოზეს მონასტერში

12841302_10207640974354982_6909257337679738400_o
ის, ვინც ბოზეს მონასტერშია ნამყოფი, მიმიხვდება, რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ბოზე დღევანდელ სამყაროში სულიერების სავანეა.იგი ვატიკანის მეორე კრების მერე დაარსდა, 1965 წელს, მთიანი პიემონტეს მიტოვებულ სოფლებთან.

მონასტრის ღვთისმსახურება და სულისკვეთება მთლიანად ვატიკანის მეორე კრების გავლენის ქვეშაა. არაკათოლიკე ქრისტიანთა მიმართ მათი გახსნილობა და ინტერესი ამის საუკეთესო დასტურია. მონასტერში აღკვეცილ ქალთა და კაცთა უმეტესობა კათოლიკე ეკლესიის შვილია, თუმცა იქ სხვა ეკლესიების შვილებიც მკვიდრობენ, რომელთა მიღებას და შეთვისებას ბოზე შესაშური გულწრფელობით ახორციელებს.

პირველი შთაბეჭდილება აქ მოსულთათვის, სწორედაც, ეს გულწრფელი, სიხარულით აღსავსე სტუმართმოყვარეობაა. რამდენიმე საათის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აღკვეცილ ქალთა და კაცთა ცხოვრებას უწყვეტი ფიზიკური შრომა და ლოცვა წარმოადგენს.

1908244_10207640974474985_4331835052839075537_n

ჩვენი ჯგუფი წმინდა საყდართან აკრედიტებული რამდენიმე ელჩისა და იეზუიტი მღვდლის მამა კით პეკლერსისგან შედგებოდა. მე და მამა კითი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, 8 წლის წინ, როდესაც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების წარმომადგენელი ვიყავი ჟენევაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან არსებული “რწმენისა და წესრიგის” კომისიის სამდივნოში, ერთად ვიმუშავეთ ბოზეში განხორციელებულ პროექტზე “მოწამეობა საზღვრებს მიღმა” (ეს უკანასკნელი პირობითი სათაურია, რათა პროექტის შინაარსი გადმოგცეთ). მამა კითი ამ პროექტში წმინდა საყდრის მიერ რეკომენდირებული ლიტურგისტი გახლდათ. მას შემდეგ, რაც რომში ვარ, გულითადად ეკიდება ჩვენს საელჩოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, დაუზარებლად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს და გვირჩევს, როცა გვჭირდება. აქვე დიდ მადლობას ვეტყვი მას.

სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ ელჩებისთვის გაეცნო ბოზე, როგორც სულიერების ძალიან საინტერესო სავანე. ჩემთვის ბოზეში ჩასვლა ყოვლთვის ფასეულია, ხოლო ახლა კიდევ უფრო მეტად, რადგან მათი წინამძღვარი, ენცო ბიანკი პაპის ქრისტიანთა საბჭოს აქტიური წევრია. ბოზეს ბერებსა და მონაზვნებსაც ხშირად იწვევენ კათოლიკე ეკლესიის წიაღში მიმდინარე მსჯელობა-საუბრებზე. ასე რომ, მათთან ჩემი შეხვედრა და აზრთა გაცვლა საინტერესო და სასარგებლოა.

მართლაც, შემიძლია, ენთუზიაზმით წარვადგინო ბოზე, სადაც სულიერება და ინტელექტუალური საქმიანობა განუყოფელია, სადაც ყველაფერი სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდება, სადაც ყველა მოსულს მოწიწებით ხვდებიან და საჭიროების შემთხვევაში თანადგომას ფრთხილად სთავაზობენ. მოკლედ, ყოველ ნაბიჯზე ხედავ აქ მცხოვრებთა გულწრფელობის, თავმდაბლობის, ზრუნვისა და სიყვარულის შედეგს.

10443072_10207640974394983_8663091030600230611_o

ადამინისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ ათავსებენ ბოზეს მკვიდრნი მძიმე ფიზიკურ შრომასა და სულიერ ღვაწლს: ყოველდღიური ლოცვები, ევქარისტული ლიტურგია, ბიბლიური გაკვეთილები (Lectio Divina), ქადაგება, მთარგმელობითი და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობა, როგორიცაა საღვთისმეტყველო სამეცნიერო საქმიანობა, ხატწერა, კერამიკა. ამასთანავე, ადგილობრივი პროდუქტით ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმის დამზადება.

1044175_10207640978395083_7718743952350796909_n

ყოველივე ამის ფონზე, მონასტრის თითოეული წევრი მზადაა, მოგისმინოთ და კეთილი სიტყვით გაგამხნევოთ.

ოც წელზე მეტია, რაც ბოზე სექტემბრის დასაწყისში მართლმადიდებელი სულიერების საერთაშორისო კონფერეციას ატარებს. 2001 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ამ კოფერენციებში, სადაც საუკეთესო მომხსენებლები სხვაზე მეტია.

ამ უკანასკნელი სტუმრობისას შევიტყვე, რომ ბოზე ერაყიდან და სირიიდან მოსულ ლტოლვილებს ეხმარება იტალიაში ცხოვრების უფლების მიღებისათვის აუცილებელ პროცედურებში.

არ იფიქროთ, რომ ჩემი ეს წერილი ბოზეს სარეკლამოდაა გათვლილი. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს, სულიერებისა და ინტელექტუალური შემოქმედების მსგავსი მაგალითების გამრავლება დღეს, როცა ქრისტიანულ რწმენას არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, რათა სამყაროს წინაშე დაამოწმოს ქრისტეს განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს ერთგულება.

12829506_10207640974434984_4807867681376351696_o

რომის პაპისა და მოსკოვის პატრიარქის შეხვედრის შესახებ

PA-25507350-800x500
Photo (c) catholicherald.co.uk

ორ კვირაზე მეტია, რაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო მოცულია რომის პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის პატრიარქ კირილეს შეხვედრითა და ერთობლივი განცხადებით, ‘ერთობლივი დეკლარაციით’. ასობით ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს, ბევრმა წინასწარ შეაფასა, მაგრამ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა თავად დეკლარაციის ტექსტს. რასაკვირველია, ჩემთვისაც ძნელი იყო, თავი ამერიდებინა ამ შეხვედრისა და ტექსტის შეფასებისთვის. ვფიქრობ, ამ ბლოგზე კი უნდა გავაზიარო ინგლისურად გამოქვეყნებული ორი შეფასების სინთეზი.

დავიწყებ იქიდან, რომ პაპისა და პატრიარქის 12 თებერვლის შეხვედრის წინა დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან რომის წმიდა თომა აკვინელის უნივესიტეტში შევუდექი ქრისტიანთა ერთობის კურსის სწავლებას. სტუდენტების უმეტესობა ‘ლიჩენცა’-ს ანუ სამაგისტრო ხარისხს ეძიებს, მათ შორის ხელდასხმულნიც არიან, რამდენიმე ქალიც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, არცერთი იტალიელი. თითქმის ყველა სტუდენტი, მათი შეკითხვებისა და რეაქციების მიხედვით, კარგ თეოლოგიურ მომზადებას ამჟღავნებს. ინგლისურიც ყველამ კარგად იცის, ამიტომ მათთან კურსის წაკითხვა, მართლაც, ძალიან საინტერესოა. იმედია, ისინიც ასე ფიქრობენ : )

მოკლედ, კურსის დასაწყისი რომ ამ ძალიან საინტერესო ფაქტს დაემთხვა, ამის გვერდის ავლა ვერ შევძელი და პირველივე ლექციაზე ქრისტიანთა ერთობის განხილვას მიმდინარე მოვლენებით შევუდექით. ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, ვფიქრობ, რადგან მეორე კვირას, უკვე დეკლარაციის ტექსტზე თავად გააკეთეს სწორი აქცენტები. ახლა, ჩემს მიერ გაკეთებულ აქცენტებზე მოგახსენებთ.

12 თებერვალს ჰავანის აეროპორტში შედგა აწ ისტორიულად წოდებული პირველი შეხვედრა რომის პაპსა და მოსკოვის პატრიარქს შორის. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანთა ერთობლივი დამოწმების თვალსაზრისით ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიის ლიდერების შეხვედრა. ჩემი მხრივ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თავად შეხვედრის ფაქტზე, მაგრამ შინარსობრივად იგი ბევრ შეკითხვას ბადებს.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ პაპი ფრანცისკე მიემგზავრებოდა მექსიკაში ერთკვირიან ვიზიტზე და გზად შეჩერდა ჰავანის აეროპორტში, სადაც მოსკოვის პატრიარქი იმყოფებოდა, თავის მხრივ, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით. როგორც აეროპორტი, ასევე ჰავანა, ბევრის მთქმელია, ნეიტრალურად მიჩნეული ტერიტორიაა, არაეკლესიური გარემოა შემთხვევითობის იერით. სინამდვილეში, იგი რამდენიმე ხანია მზადდება. მოსკოვის საპატრიარქო სხვადასხვა გზას ეძიებდა, რათა რომის პაპი მოსკოვში არ ჩასულიყო, ხოლო პატრიარქი კირილე ვატიკანში , მაგრამ შეხვედრა შემდგარიყო. აი, ეს გარემო და დრო იქნა შერჩეული. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებებიდან ირკვევა, ბოლო დღეებამდე საერთო დეკლარაციის ტექსტი გასაიდუმლოებული იყო. ვატიკანის ჟურნალისტებმაც დაიჩივლეს, რომ შეხვედრის ანალიზს პირდაპირი ჩართვით აწარმოებდნენ, ხოლო ტექსტი ბოლო წუთამდე ხელთ არ ჰქონდათ.

წინასწარი ვნებათაღელვის ფონზე ინტერესით ველოდით ამ შეხვედრას. ეკლესიის ლიდერები მშვიდობის ამბორით მიესალმენ ერთმანეთს და სასაუბროდ დასხდნენ. შესამჩნევი იყო, რომ მოსკოვის პატრიარქი გაცილებით მეტს საუბრობდა, ვიდრე რომის ეპისკოპოსი. ამ საუბრის შინაარსი ოფიციალურად არაა ცნობილი. სამაგიეროდ, ხელთ გვაქვს ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი.

ნაწილობრივ, ასეთი შინაარსის დეკლარაცია ვატიკანისთვის უჩვეულოა. იგი ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობისთვის 10-11 თემას ასახელებს. პირველი მუხლები ქრისტიანულ სიყვარულსა და თანადგომაზეა ორიენტირებული. შემდეგაც გამოჩნდება ისეთი ფრაზები, როგორიცაა ‘ძმური სიყვარული’, ეკლესიებს შორის თანადგომა და არა კონკურენცია. ეს ყოველივე, ჩემი აზრით, მისასალმებელი და სასიხარულოა.

ახლა იმ ბინდით მოცულ თემებზე, რომელსაც საერთოდაც არ მოელის კათოლიკე იქნება თუ მართლმადიდებელი იმ შეხვედრიდან, რომლის ‘შემთხვევითობა’ ყველა სხვა მხრივ იყო დაცული.

12 თებერვლის შეხვედრა ორივე ეკლესიამ ოფიციალურად ერთი კვირით ადრე გამოაცხადა. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, საერთო განცხადების ტექსტი მზად იყო, მაგრამ გასაიდუმლოებული. ორივე ეკლესიამ გააკეთა ამ შეხვედრის წინასწარი შეფასება, თითქმის ერთი და იგივე შინაარსის ტექსტებით, სადაც გამოთქმულ სიხარულთან ერთად ჩამოთვლილია სავარაუდო სალაპარაკო თემები, ხოლო მთავარ თემად დასახელებულია ქრისტიანთა დევნა ახლო აღმოსავლეთში. მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებაში ძალიან მკაცრადაა აღწერილი ბერძნული წესის კათოლიკეების მიერ რუსული მართლმადიდებლობის მიმართ ჩადენილი ‘ცოდვები’ და ეს ყოველივე ‘სისხლიან ჭრილობადაა’ წოდებული, რაც ეკლესიებს შორის ურთიერთობათა ‘ნორმალიზაციას’ ხელს შეუშლისო. საერთოდაც, არანაირი პირობა იმისა, რომ ამ შეხვედრით ეკლესიები ერთმანეთს დაუახლოვდებიან , მოსკოვის განცხადებაში არ ჩანდა.

ახლა ვნახოთ დეკლარაციის ტექსტი. სულ ცოტა ოთხი მუხლი, ანუ ერთი გვერდი ეძღვნება ორი ეკლესიის დაახლოვებას. წინასწარი განცხადების მიუხედავად, ეკუმენური მიზნები დეკლარაციის შინაარსის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და უგულებელყოფს ბერძნული წესის კათოლიკეთა მიერ მიყენებულ და მოუშუშებელ ‘სისხლიან ჭრილობას’. ჩემთან ერთად , სხვა კომენტატორებმაც გამოთქვეს თავიანთი გაოცება ბერძნული წესის კათოლიკეებთან აქამდე უცნობი შემრიგებლური სულისკვეთების თაობაზე. ვგონებ, შეხვედრისას არანაირი შესწორება არ შესულა ტექსტში. მოსკოვი ძველებური მეთოდით მოქმედებს, ერთს ამბობს და სხვას აკეთებს. ამ შემთხვევაში, ეს მეთოდი გამართლებულია, უარესის მოლოდინში, უკეთესი მივიღეთ. თუმცა იმავე მეთოდის სხვა მიმართულებით გამოყენებამ გულდაწყვეტა და აღშფოთებაც გამოიწვია. ლაპარაკია არა შეხვედრის მთავარ სასაუბროდ წინასწარ გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის თემაზე,არამედ რეალურად შეხვედრის ცენტრალურ საკითხზე, კონფლიქტზე უკრაინაში.

უკრაინაში არსებული კონფლიქტი მოხსენებულია როგორც ‘შუღლი’, ხოლო ომი მოხსენიებულია როგორც ‘მხარეების ჩართულობა კონფლიქტში’. ორი ეკლესია ამ თვალსაზრისით სხვადასხვა გამოცდილების მატარებელია. წმინდა საყდარი არასდროს მიესალმება სისხლისღვრას, მისთვის მიუღებელია ‘წმინდა ომის’ იდეა, რომელიც უკანასკნელ დროს მოსკოვის საპატრიარქოს რიტორიკაში შეიმჩნევა.

წმინდა საყდარს ზურგს უმაგრებს დიპლომატიური ურთიერთობებისა და შეთანხმების მიღწევის დიდი გამოცდილება. ამიტომ, შეუძლებელია, ეს შეხვედრა მიღწევად ითვლებოდეს, თუ არა გრძელვადიანი ხედვა, რისთვისაც აუცილებელია ორი ეკლესიის ლიდერებს შორის ურთიერთობის დამყარება.

მოსკოვის საპატრიარქო ამ შეხვედრაზე გამოდის საერთო მართლმადიდებლობის სახელით, რაც უხერხულობას შეუქმნის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომლის პრეროგატივასაც წარმოდგენს მართლმადიდებელთა ერთიანობა. ხოლო ქრისტიანთა ერთობა, მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ საერთო გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე მტკივნეული საკითხია. 13 ავტოკეფალური ეკლესიიდან ბევრისთვის ძნელი იქნება მოსკოვის ინიციატივა, საერთომართლმადიდებლური ავტორიტეტით დაადასტუროს ქრისტიანული ერთობისთვის მართლმადიდებლების მზაობა.

12 თებერვალს პაპი ფრანცისკე ხვდება რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილეს

ერთი კვირით ადრე, წმინდა საყდრისა და მოსკოვის საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 თებერვალს პაპი ფრანცისკე შეხვედება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს. ერთობლივი კომუნიკეში ნათქვამია: ‘წმინდა საყდარსა და მოსკოვის საპატრიარქოს პატივი აქვთ მოგახსენოთ, რომ მისის ყოვლად უწმიდესობა პაპი ფრანცისკე და მისი უწმიდესობა მოსკოვის პატრიარქი კირილე შეხვდებიან 12 თებერვალს. მათი შეხვედრა განხორციელდება  კუბაში, სადაც მექსიკაში მიმავალი პაპი შეჩერდება, ხოლო პატრიარქი იქ ოფიციალური ვიზიტით იქნება. ჰავანის ხოსე მარტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მათ შორის შედგება პირადი საუბარი, რომელიც დასრულდება საერთო განცხადებით. კათოლიკე ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ შეხვედრისთვის დიდი ხნის მზადების შემდეგ, განხორციელდება პირველი ისტორიული შეხვედრა, რომელიც ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. წმინდა საყდარი და მოსკოვის საპატრიარქო, აგრეთვე, იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველა კეთილმოსურნე ადამიანისთვის იმედის ნიშანი და მოუწოდებენ ყველა ქრისტიანს, ილოცონ, რათა ღმერთის კურთხევით ამ შეხვედრამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს.’

საერთო განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ასახავს, კერძოდ, პაპი სპეციალურად ამ ‘არაფორმალური’ შეხვედრისთვის შეჩერდება ჰავანის აეროპორტში, თავად კუბის კუნძული, ისევე, როგორც აეროპორტი, მიუთითებს ამ შეხვედრის სიმბოლური მნიშვნელობაზე. ასევე, საყურადღებოა, რომ არაოფიციალური გარემოს მიუხედავად, ორი ეკლესიის ლიდერი, პირველად ისტორიაში, ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებაზე, როგორც კომუნიკე გვპირდება.

ეკლესიების მიერ კომუნიკეს გამოქვეყნებას იმავე დღეს მოყვა ოფიციალური კომენტარი ორივე ეკლესიიდან, დომინიკანელი მღვდლის ჰაიაცინტ დესტიველისა, რომელიც პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოში სლავურ ეკლესიებს კურირებს (სხვათა შორის, ასევე პასუხისმგებელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაზე) და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის. ინტერვიუებში შეიმჩნევა რამდენიმე პარალელური ხაზი, მათ შორის, მთავარი და მეორეხარისხოვანი თემების ჩამონათვალი. შეხვედრის არაფორმალური ხასიათის მიუხედავად, წმინდა საყდარი და მოსკოვის საპატრიარქო იმედოვნებენ, რომ ეკლესიის ლიდერები განაცხადებენ ერთობლივ პოზიციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანთა დევნა ახლო აღმოსავლეთსა და საერთოდ მსოფლიოში, ასევე, სიცოცხლის დაცვის, ქორწინებისა და ოჯახის სამოძღვრო საკითხები.

ეკუმენური ურთიერთობის კუთხით, ეს საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში, როგორც ჩანს, ქრისტიანთა დაცვის გეოპოლიტიკური საკითხია,

საინტერესოა წმინდა საყდართან რუსეთის ელჩის  რუსეთის საინფორმაციოსთვის მიცემული განცხადება, რომ ეს ფაქტი ‘ამტკიცებს რუსეთის როლს მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, განსაკუთრებით მიმდინარე სანქციების ფონზე’.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა საყდარი საკუთარ ჩართულობას საერთაშორისო თანამეგობრობაში ასაბუთებს მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. წმინდა საყდარი ყოველთვის მშვიდობიან გამოსავალს ეძებს და არასდროს ამართლებს საომარ აგრესიას. ამ მხრივ, საინტერესოა, თუ რა შედეგით დასრულდება საუბარი ეკლესიის ორ ლიდერს შორის. მოსკოვი საპატრიარქოს როლი უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით, რბილად რომ ითქვას, გაურკვეველია. ეს საომარ აგრესიას ეხება, ხოლო რაც შეეხება საეკლესიო იურისდიქციის საკითხს, მოსკოვის საპატრიარქო ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს მის კანონიკურ ტერიტორიაზე, ანუ დამოუკიდებელ უკრაინაში, სხვა იურისდიქციის არსებობას. ვფიქრობ, ეს საკითხი გადამწყვეტი აღმოჩნდა მოსკოვისთვის (ამდენად, შესაძლოა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებზეც იქონია გავლენა) ივნისში დანიშნულ საერთო მართლმადიდებლურ სინოდში მონაწილეობის მისაღებად.

საინტერესოა, ოფიციალურ განცხადებებში ორივე ეკლესია აღიარებს, აღმოსავლური წესის კათოლიკეების საკითხი იმდენად მტკივნეულია, რომ ეკლესიებს შორის რეალურ დაახლოებაზე საუბარი ამ პირობებში შეუძლებელია. მოსკოვის მხარე, კვლავ, ასახელებს გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოყოლებულ პრობლემებს, როგორც ამ ეტაპისთვის გადაუჭრელს.

უკრაინის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა საყდრისთვისაც და მოსკოვის საპატრიარქოსთვისაც. ცხადია, რომ მოსკოვი მოქმედების ახალ გზებსა და ახალ ძლიერ მოკავშირეებს ეძიებს. არაერთი უკრაინელი ექსპერტის მიერ გამოითქვა იმედი, რომ პაპი არსებული პრობლემების მთელი სისავსით აღქმას მოახერხებს, მიუხედავად მოსკოვიდან წამოსული თანადგომის დიდი სურვილისა და წმინდა საყდრისთვის დიდი ხნის სურვილის ასრულებისა.

რუსი ჟურნალისტი, ათეისტი, წერს: იმედია, ამ შეხვედრის შედეგი უფრო მეტად ეკლესიებს წაადგებათ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს.

ევქარისტიისადმი მიძღვნილი 51-ე საერთაშორისო კონგრესი ფილიპინებზე

12662454_10207300139834332_6591515138431989343_n

დღეს დასრულდა 51-ე საერთაშორისო კონგრესი მიძღვნილი ევქარისტიისადმი. პაპმა, კონგრესის დახურვასთან დაკავშირებით, სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მე გუშინ დავბრუნდი, ამიტომ პაპის სიტყვა ვატიკანის რადიოს გვერდზე მოვისმინე.

ფილიპინების ქალაქ სიბუში გამართული 51-ე კონგრესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, თავიდან ბოლომდე კათოლიკეების მიერ იყო ორგანიზებული, პირველად ვესწრებოდი. რასაკვირველია, საშური ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა ყველა ნაბიჯზე თვალში გეცემოდა. ერთკვირიან შეხვედრას 15000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ათეულობით კარდინალი და ასეულობით ეპისკოპოსი. მგონი, მე ერთადერთი არაკათოლიკე გახლდით. დღის პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ დილის საათები ეთმობოდა ლოცვას, კეტეხიზმოსა და პიროვნულ დამოწმებას, ხოლო სადილის მერე დრო განკუთვნილი იყო მოხსენებებისა და სემინარებისთვის.

ორიოდე დაუვიწყარი გამოსვლა მოვისმინე. მანილას მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლეს კატეხმიზმო თემაზე – ევქარისტია და კულტურათა დიალოგი. იმ დღეს წმინდა თომა აქვინელის ხსენების დღე იყო, 28 იანვარი. კარდინალმა თქვა, თომას აქვინელი ევქარისტიაზე შეყვარებული იყოო და შემდეგ  საოცარ სიღრმეებში შეგვიყვანა, კულტურის გამოხატვის მრავალსახეობა სხვადასხვა კუთხით დაგვანახა და დაასკვნა, რომ დიალოგისთვის აუცილებელია კულტურული შემეცნებითობა (Cultural Intelligence). ერთი მისი გამონათქვამი განსაკუთრებით გამომყვა, ევქარისტიამ ჩამოანგრია გაუცხოების კედელიო (the wall of alienation has been torn down by the Eucharist), ევქარისტია საჩუქრისა და გაზიარების კულტურააო.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო მუმბაის მთავარეპისკოპოსის კარდინალ ოსვალდ გრასიას კატეხიზმო თემაზე – ევქარისტია ეკლესიის სხვა რელიგიებთან დიალოგში. აქცენტირებული იყო საჭმლის საკრალურობა. აზიის კონტინენტზე არსებულ სხვადასხვა რელიგიაში გამასპინძლება, პურის გატეხვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქრისტიანობაში. აქვე ერთმა სტატისტიკურმა მონაცემმა გამაოცა, თურმე ქრისტიანები აზიის მოსახლეობის მხოლოდ 5 %-ს შეადგენენ. ამის წარმოდგენა ძნელია მაშინ, როდესაც 15 000 ქრისტიანი ესწრება აზიის კონტინენტზე მიმდინარე კონგრესს და გგონია, რომ მთელი აზია ქრისტიანებითაა დასახლებული. ზოგჯერ სტატისტიკა გვაფხიზლებს…

რაც შეეხება თეოლოგიურ მოხსენებებს, რატომღაც ისე იყო განაწილებული, რომ ოთხ მოხსნებას შორის არჩევანი უნდა გაგეკეთებინა. სულ რვა მოხსენება იყო ორ დღეზე განაწილებული, აქედან, პირველ დღეს, ერთი ჩემი იყო, ამიტომ ვერ დავესწარი არაჩვეულებრივი ოქსფორდელი დომინიკანელის ტიმოთე რადკლიფის მოხსენებას. ისე კი ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო ღვთისმეტყველია. მერე ვიღაც ამბობდა, მოხსენების დროს ხალხს ეუბნებოდა, „იფიქრეთ, იფიქრეთო“. სამღვდელოება, რომელიც ფიქრისკენ მოგიწოდებს,  სიმპატიურად გამოიყურება.

მეორე დღის მოხსენებებიდან ავირჩიე დოქტორ ჟოზეფინა მანაბატი. პრინციპში, ეს ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან მხოლოდ ჟოზეფინა და მე ვიყავით ქალი მომხსენებლები. იყვნენ კიდევ ქალები, ვინც დამოწმებით წარსდგნენ დილის სესიებზე.

დოქტორ მანაბატი აღმოჩენა იყო, იქ გავიცანი, საოცარი ფილიპინელი ქალბატონი. ლიტურგიკა შეჰყვარებია მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. თავისი ეპისკოპოსის დახმარებით, ჯერ მანილაში უსწავლია ღვთისმეტყველება, შემდეგ რომში წასულა და იქ წმიდა ანსელმოში ლიტურგიკის განხრით სადოქტორო დაუწერია. უნდა ითქვას, რომ ორივე ჩვენს მოხსენებაზე უამრავი ქალი მოვიდა, სოლიდარობას უცხადებდნენ გამომსვლელებსაც და, ჩემს შემთხვევაში, თემასაც – “ეკლესია როგორ ქალი: ქალის მისიონერული და პასტორალური როლი ეკლესიაში“. როდესაც მოწვევა მივიღე კონგრესის კომიტეტისგან სიბუს მთავარეპისკოპოს ხოსე პალმას სახელით, ვიფიქრე, რომ შემოთავაზებული  თემის სათაური ცოტა გამოწვევა სათაური იყო, მეც ასე მივუდექი საკითხს. საბოლოოდ, მოხსენების დასკვნით ნაწილში, ისე გამოვიდა, რომ ქალის მისიონერული და პასტორალური ფუნქცია, ეკლესიის თვალსაზრისით, იგივეა, რაც კაცის: ღვთის შექმნილის ხსნა. ისტორიულად, უფრო სწორად ეკლესიის ჩასახვის პირველ საუკუნეებში, ქალების მონაწილეობა საეკლესიო ცხოვრებაში უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე დღეს. ამის მაგალითია ქალი დიაკვნები, რომელთა შორის წმინდანებიც არიან. გავიხსენე წმინდა ნინოს მაგალითი, როგორც მისიონერისა, რომელსაც ეკლესიამ მოციქულთა სწორი უწოდა. ჩემი აზრით, დღეს მართებულია იმ შეკითხვის დასმა, თუ რატომ არ არიან ქალები ფორმალურად ჩაბმულები ეკლესიის ცხოვრებაში. რასაკვირველია, მე მხოლოდ მართლმადიდებლებზე ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ პარალელებს კათოლიკე ეკლესიასთანაც ვავლებ. ქალები გაცილებით მეტად არიან ჩართულნი ფორმალურად კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებაში, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. ეს გამოიხატება ეკლესიის ოფიციალურ დიალოგებში, საღვთისმეტყველო კომისიებში მონაწილეობით თუ სხვა. ჩემს მოხსენებაზე მოკლე რეპორტაჟი გააკეთა შონ ლოვეტმა, ინგლისური სექციის ხელმძღვანელმა, რომელიც სიბუში იმყოფებოდა. მოსმენა შესაძლებელია ვატიკანის რადიოს ინგლისურ გვერდზე.

პაპის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

11062760_1126556714022598_5909633713861366082_o2016 წლის 11 იანვარს, ვატიკანში, გაიმართა პაპი ფრანცისკეს ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვა, როგორც წესი, წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკის შემაჯამებელი ხედვაა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ უმაღლესი პონტიფექსი მშვიდობის თემას განავითარებდა. თუმცა, მთავარი იყო, რა აქცენტებს გააკეთებდა იგი.

პაპმა ფრანცისკემ თავის მიმართვაში მშვიდობის თემა მიგრაციის მწვავე კრიზისის ფონზე გაშალა. იგი იმედოვნებს, რომ იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელმაც დღეს მსოფლიო მოიცვა, კათოლიკე ეკლესიის მიერ გამოცხადებული მოწყალების საიუბილეო წელიც უნდა მიეხმაროს.

პაპის სიტყვების მიხედვით, მიგრაციის კრიზისი განსაკუთრებული სიმწვავით ევროპის კონტინენტმა იწვნია. “სხვა კონტინენეტებზე არსებული დრამატული სიტუაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვარზე, სადაც მე თებერვალში ვიქნები სიუდად-ხუარესში ვიზიტის დროს, ჩემი ფიქრი განსაკუთრებით ევროპას მიემართება.  უკანასკნელი წლის მანძილზე ევროპა ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღის მოწმე გახდა, რომელთაგან ბევრი გზაში დაიღუპა. ევროპის უახლეს ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს, არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აზიიდან და აფრიკიდან წამოსული ლტოლვილები ევროპაში ხედავენ იმ პრინციპების შუქურას, სადაც დაცულია კანონის წინაშე თანასწორობა, ადამინის ბუნებისთვის ნიშანდობლივი ფასეულობების, მათ შორის თითოეული პიროვნების ღირსებისა და თანასწორობის ხელშეუხებლობა, მოძმის სიყვარული მისი წარმოშობის მიუხედავად, სინდისის თავისუფლება და ადამიანის მიმართ თანაგრძნობა.

ევროპის ნაპირებზე ლტოლვილთა ასეთი მასიური შემოჭრა უმძიმესი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ნაშთებზე ტკივილით აგებული საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ადამიანურობის შუქურადაა მიჩნეული. … ევროპამ ლტოლვილების მიმართ ის ჰუმანისტური სულისკვეთება გამოავლინა, რომლის დამცველადაც თავად გვევლინება. მსურს დავადასტურო, რომ ევროპას, თავისი დიდი კულტურული და რელიგიური გამოცდილებით, საშუალება აქვს არ უღალატოს პიროვნების ცენტრალურობის პრინციპს და სწორად გადაანაწილოს ძალები ორმაგ პასუხისმგებლობაზე, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და დაეხმაროს ლტოლვილებს. ამასთანავე, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ინიციტივის მიმართ, რომელიც ლტოლვილების ღირსეულ მიღებას ემსახურებოდა. უპირველესად ვფიქრობ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიგრანტებისა და ლტოლვილების ფონდზე, და იმ ქვეყნებზე, რომელთაც გულითადი სოლიდარობა გამოუცხადეს მიგრანტებს. ასევე ვფიქრობ სირიის მეზობელ ქვეყნებზე, განსაკუთრებით ლიბანზე, სადაც მიგრანტების რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს მიაღწია, ასევე, იორდანიაზე, რომელსაც საზღვარი არ ჩაუკეტავს, მიუხედავად უკვე მიღებული ასიათასობით ლტოლვილისა.  მსურს აღვნიშნო თურქეთის და საბერძნეთის მიერ გამოვლენილი სოლიდარობა. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ იტალიის მიმართ, მრავალი ადამიანის გადარჩენისთვის და შეფარებისთვის ხმელთაშუა ზღვაში.”

ვატიკანის ანალისტები მიიჩნევენ, რომ პაპის ეს განცხადება განსაკუთრებით მძაფრად აღსაქმელია დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის, რადგან ევროპას არ გააჩნია ლტოლვილთა შეფარვის რაიმე გეგმა. მეორე მსიფლიო ომის შემდეგ ევროპისკენ წამოსული ლტოლვილები თვისობრივად განსხვავდებოდნენ ახლანდელი ლტოლვილებისგან, უმეტესი მათგანი ევროპელი იყო. ახლანდელი ლტოლვილები არა მხოლოდ სიმრავლის გამოა რთულად შესათვისებელი, არამედ მათი პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობის გამო.

სამწუხაროდ, ლტოლვილთა ნაკადი დაემთხვა ევროკავშირის შიგნით მიმდინარე კრიზისს. პარადოქსია, რომ ევროკავშირის დამცველთა შორის, და არა მარტო ევროკავშირის, არამედ გაეროსიც, აღმოჩნდა არგენტინელი პაპი. როგორც ეკლესიის ისტორიკოსი მასიმო ფაჯიოლი ამბობს: “ევროპის ერთიანობის იდეალის კრიზისი, კათოლიკე ეკლესიის ევროპაზე წარმოდგენის კრიზისსაც მოასწავებს.” ევროპაში  ტერორისტული ქმედებების გაძლიერების ფონზე, რომელშიც ზოგჯერ ახლადშეფარებული მიგრანტებიც მონაწილეობენ, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. პროფესორი ფაჯიოლის მიხედვით, ამის ნათელი მაგალითია ამ ბოლო ხანს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის დისკურსში ცვლილება ლტოლვილთა მისამართით. ამიტომ, შესაძლოა, პაპის აქცენტი მინგრანტების ღირსეულ მიღებაზე ევროპის ქვეყნებმა ვერ გაიზიარონ. ეს განსაკუთრებით ევროპის მემარჯვენე ძალებს ეხება, მიუხედავად მათი სიახლოვისა კათოლიკე ეკლესიასთან. პარადოქსია, ამბობს მასიმო ფაჯიოლი, მაგრამ პაპის მოწოდების განხორციელება მემარცხენე, არაეკლესიური ძალების მიერ უფროა მოსალოდნელი.

მშვიდობის თემის ფონზე გაშლილი სხვა მნიშვნელოვანი გზავნილი პაპის მიმართვაში გახლდათ მოწოდება დიალოგისკენ, რასაც პაპი ფრანცისკე უახლოეს წარსულში განხორციელებული ვიზიტებით ადასტურებს. 2015 წელს იგი ეწვია კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბოლივიას, ეკვადორსა და პარაგვაის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კენიას, უგანდას, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას. სწორედ ამ უკანასკნელი ოთხი ქვეყნის ვიზიტისას მთავარი გზავნილი იყო ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დიალოგი. ახალი ხიდების აგება, მშვიდობიანი თანაცხოვრება მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის პირობებშია შესაძლებელი, “მოთმინებითა და ნდობით აღსავსე დიალოგის შედეგადაა შესაძლებელი სხვა კულტურის ფასეულობის მიღება და სხვისი სასიკეთო გამოცდილების გაზიარება.” პაპის გზავნილები, ვიზიტები, შეხვედრები განუხრელად მოუწოდებს დიალოგისკენ. დიალოგისთვის არაა დამახასიათებელი მოკლე დროში პრობლემის გადაჭრა, განსაკუთრებით რელიგიურ სფეროში. კეთოლიკე ეკლესიისთვის ეს კარგადაა ცნობილი, ამიტომ სხვა ეკლესიებსა თუ რელიგიებთან დიალოგი უმნიშვნელოვანესია. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ მტრული განწყობილება, ხშირად, დიალოგის ერთ-ერთი მონაწილის შიდა პრობლემაა, როგორც დღეს ეს ცხადია ისლამის მაგალითზე.

პროფესორ ფაჯიოლის შეფასებით, პაპი ფრანცისკეს მოღვაწეობა გამოირჩევა ისტორიული განზომილების მხედველობაში მიღებითა და შესაბამისი შორსმჭვრეტელობით.

2015 წელს მიღებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეთანხმებებს შორის პაპის მიერ დასახელებულია ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმება, პარიზში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს “სამყაროს მოვლა-პატრონობის კულტურის განვითარებას”. იმედის მომცემია აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნები, კვიპროსის კონფლიქტის მოგვარების ახალი ინციატივა, კოლუმბიელი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. “ყველანი იმედით შევყურებთ სირიის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც მოსახლეობის ტანჯვას ბოლო უნდა მოუღოს,” ბრძანებს პაპი. 2016 წლის დასაწყისის გამოწვევებს შორის პაპმა დაასახელა უთანხმოება სპარსეთის ყურის რეგიონში და კორეის ნახევარკუნძულზე წარმოებული სამხედრო გამოცდა. მოწყალების საიუბილეო წელს, პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, დიალოგის საშუალებით მიღწეული იქნება მშვიდობა ბურუნდიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანში, კონფლიქტი დასრულდება უკრაინაში. “ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს წინაშე ინდეფერენტიზმის დაძლევა და საერთო ძალებით მშვიდობისთვის მუშაობაა, რაც მუდმივად საძიებელი სიკეთეა. … ვლოცულობ, რათა ამ ახალ წელს ისრაელისა და პალესტინის გამყოფი ღრმა ჭრილობები მოშუშდეს, რათა შესაძლებელი შეიქნას ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება, რაც, დარწმუნებული ვარ, ორივეს სურს გულის სიღრმეში.”

პაპის მიმართვის ბოლო ფრაზამ ხაზი გაუსვა წმინდა საყდრის პოზიციას საერთაშორისო სარბიელზე, იდგას მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების სადარაჯოზე. “დარწმუნებული ვარ, მოწყალების წელი ბევრი ადამიანის გაციებულ გულს მოწყალების სითბოთი აავსებს, ღვთის ნიჭი შიშს სიყვარულად გადააქცევს, ხოლო ადამიანებს – მშვიდობის დამცველებად.”

 

 

 

შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან და მიტროპოლიტ იოანესთან

Constantinopleძვირფასო მკითხველო (ზოგჯერ ვეჭვობ, რომ არსებობ, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ასეა),

მსურს ქართულადაც გავაზიარო მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და მიტროპოლიტ იოანესთან (ზიზიულასი) შეხვედრის შთაბეჭდილება.

ამა წლის 4-6 იანვარს მსოფლიო პატრიარქის მიწვევით, 30-მდე მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობა მიიღო ე.წ. ‘მეცნიერთა შეხვედრაში’. საპატრიარქოს მიზანი იყო მოესმინა იმ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისთვის, ვინც აკადემიურ თეოლოგიურ განათლებას სხვადასხვა სფეროში იყენებს. ჩემი თეოლოგიური განათლება, ამ შემთხვევაში, შეფასებული იყო, როგორც წმინდა საყდართან დიპლომატიურ სამსახურში მყოფისა.

პატრიარქი ბართლომე და მიტროპოლიტი იოანე 2016 წელს დაგეგმილი წმიდა და დიდი კრების მოლოდინში (ამა წლის სულთმოფენობის კვირაში) ინტერესით მოეკიდნენ არახელდასხმულთა და არაიერარქთა აზრს, აინტერესებდათ, რას ‘ურჩევდა’ მართლმადიდებელი საზოგადოების ეს წარმომადგენლობითი ნაწილი მომავალ სინოდს.

30 ღვთისმეტყველი საქმიანობის მიხედვით ხუთ ჯგუფად განაწილდა, თითოეულმა ჯგუფმა პატრიარქს წარუდგინა წინასწარი მოლაპარაკების  შეჯამება. ამ შეხვედრის მონაწილეთაგან ოთხი ქალი იყო, რომლებიც ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით. ჩემი აზრით, ჩვენი წინადადებები ყველაზე საინტერესო იყო, რადგან პირდაპირ დავასახელეთ სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხები, როგორიცაა არახელდასხმულთა ჩართულობა საეკლესიო ცხოვრებაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებულ შეხვედრებზე კვალიფიციური კადრის მოზიდვა, მათ შორის ქალების და სხვა.

პატრიარქმა ინტერესით მოისმინა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ მიტროპოლიტ იოანესთან. გასაოცარი ადამიანია, 80-ს გადაცილებული, კვლავ თანმიმდევრული  და ზუსტია. ჭეშმარიტად, ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი ღვთისმეტყველი. მან დამსწრეთ გააცნო წმიდა და დიდი კრების შესახებ საკუთარი მოსაზრება, რომელიც ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მიუხედავად სირთულეებისა, კრების ჩატარება აუცილებელია. არსებულ სირთულეთა მნიშვნელოვან ნაწილს კი ის წარმოადგენს, რომ მერვე საუკუნის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიები არ შეკრებილან, რათა საერთო ძალისხმევით მიეღოთ გადაწყვეტილება ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. ამიტომაც, მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაკარგეს სინოდალობის განცდა.

ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს ნამდვილად ესაჭიროებათ შეკრება და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობით გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ყველა გაიზიარებს ანუ სინოდის ავტორიტეტი შენარჩუნებული იქნება. ამ საკითხთა როგს მიეკუთვნება სხვა ქრისტიანებთან დამოკიდებულება, მათი მიღება მართლმადიდებლობაში, ეკლესიისა და საზოგადოების დამოკიდებულება, პოლიტიკური თეოლოგიის საკითხების განხილვა და სხვა. ამის ფონზე, რასაკვირველია, არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება მოსამზადებელი ჯგუფის მიერ შერჩეული, საერთო კრებაზე განსახილველ საკითხთა სია, როგორიცაა მარხვა ან დიპტიქები. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სინოდის ავტორიტეტი არ უნდა შეილახოს იმით, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია შეძლებს კრების გადაწყვეტილებების პრაქტიკულ გაზიარებას, ხოლო ზოგიერთისთვის ეს შეუძლებელი ამოცანაა.

შეხვედრისას მიტროპოლიტმა იოანემ მოსამზადებელი ჯგუფის მუშაობისას გამოვლენილი არაერთი პრობლემა ახსენა. მძიმე მოსასმენი იყო, რომ კრების მომზადებისას (ოთხი შეხვედრა ჩატარდა 2014-2015 წლებში) ავტოკეფალური ეკლესიები ზოგჯერ საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს უფრო მისდევდნენ, ვიდრე საერთო მართლმადიდებლურს.

მიტროპოლიტმა, ისევე როგორც პატრიარქმა ბართლომემ თავის ოფიციალურ მიმართვაში,  წარმომადგენლობით ჯგუფს ნდობა გამოუცხადა, რომ ჩვენგან კრებისთვის საინტერესო და სასიკეთო რჩევას მოისმენდნენ. იყო თუ არა ასე, ძნელი სათქმელია, მაგრამ მსჯელობაში ყველამ სცადა მონაწილეობის მიღება და აზრის გამოთქმა. პირადად ჩემთვის ყველას აზრი საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო.

მთავარი საკითხი, რომელის გარშემო მონაწილეთა აზრი გაიყო, კრების ჩატარების საკითხი გახდა. მიტროპოლიტის სიტყვებით, კრება, მიუხედავად ყველა სირთულისა, უნდა ჩატარდეს. რასაკვირველია, ეს განცხადება სხვადასხვანაირად შეფასდა. ჩემი აზრით, სინოდალური სულისკვეთების აღორძინება იმდენად მნიშვნელოვანია ავტოკეფალური ეკლესიების ცხოვრებაში, რომ კრება უნდა შედგეს, თუმცა დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მან არ დაძაბოს ურთიერთობები და თავიდან აიცილოს ნებისმიერი კონფლიქტი.

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წმიდა და დიდი კრება ახალი მნიშვნელოვანი პროცესის დასაბამად მესახება, რაც თავისთავად პატივისცემას იმსახურებს.

წლევანდელი და შარშანდელი სინოდი

2013 წლის მარტიდან მოყოლებული პაპ ფრანცისკეს ძალისხმევა რამდენიმე მიმართულებით დასტურდება და ისინი მის სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში გადაიკვეთება. ყველაზე ხშირად ისმის, რომ იგი სიღარიბეს ეხმიანება, თუმცა სოციალურ საკითხს, როგორც ასეთს, ვერ გამოყოფ მის სამოძღვრო სწავლებაში, რადგან სოციალური საკითხია მისი სამოძღვრო სწავლების ამოსავალი: სიღარიბე, თანამედროვე მონობის ნაირსახეობა, კლიმატური ცვლილებები. სოციალური სწავლების ჭრილშივეა განხილული ოჯახური პრობლემატიკა, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის მანძილზე წმინდა საყდარმა ამდენი დრო დაუთმო. ამ მიმართულებების გაერთმნიშვნელიანება პაპის სამოძღვრო სწავლებაში მიმდინარეობს ეკლესიის მისიის ფონზე: ეკლესიამ კარი კი არ უნდა ჩაკეტოს, პირიქით, იგი ფართოდ გააღოს  დაკარგული ან დაბნეული ცხოვარის შესაფარებლად და სანუგეშებლად.

2014 წლის რიგგარეშე და 2015 წლის რიგითი სინოდი ყველაზე დიდი შეტევაა ეკლესიის მისიის მოაზრებაზე ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების შემდეგ, პაპის ინსტიტუტის, ეპისკოპოსთა კოლეგიის, ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთმიმართებაზე.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ამ კონტექსტში ეკლესიის დეცენტრალიზაციაა. შესაძლებელია თუ არა კათოლიკე ეკლესიამ განახორციელოს დეცენტრალიზაცია? რას შეიძლება გულისხმობდეს უმაღლესი პონტიფექსი ეკლესიის დეცენტრალიზაციაში? შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში, რომის ეპისკოპოსის მიერ (პაპი ფრანცისკე ამ ტიტულს ყოველთვის საგანგებოდ აღნიშნავს), ეს გზაა მიჩნეული ეკლესიის გადარჩენის გზად. ამ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს პაპისგან რამე სახის დოგმატური ან დოქტრინული გადახვევა. პირიქით, ის ცდილობს ეკლესიის სწავლების სიღრმისეული შრეების ზედაპირზე გამოტანას, იმის გამოშკარავებას, რაც ავთენტიკურია, მაგრამ მივიწყებული.

პაპის ინსტიტუტის დანიშნულებაა, რომ ყური დაუგდოს ქრისტეს მთლიან სხეულს, მთელ ეკლესიას. ეპისკოპოსთა კოლეგია პაპის თავმჯდომარეობით ისმენს ყველას სატკივარს, ბერის და ერის: მსჯელობენ, არ ეთანხმებიან, ცდილობენ მონახონ საერთო პლატფორმა, ცდილობენ შეთანხმდნენ. ცხადია, ეს მეთოდი იდეალური ვერ იქნება, ვატიკანში შეკრებილი სინოდი ვერ შეძლებს, ყური დაუგდოს მრავლმილიონიანი მრევლის ყველა წევრს დედამიწის ყველა კუთხეში. თუმცა აღნიშნული მისწრაფება იმედის მომცემია, რომ ამ გზით, ფაქტობრივად, ხორციელდება ეკლესიის მისია ემსახუროს მრევლს და ანუგეშოს ის, ვინც შველას ითხოვს.

XXX

2015 წლის 4 – 25 ოქტომბერს ვატიკანში მიმდინარეობდა XIV რიგითი სინოდი – “ოჯახის მოწოდება და მისია ეკლესიასა და თანამედროვე სამყაროში” – რომელმაც, წესით, ოჯახთან დაკავშირებული ბევრი საკითხის გადაჭრას უნდა შეუწყოს ხელი. წლევანდელი სინოდი გაგრძელებაა შარშანდელი მესამე რიგგარეშე სინოდისა თემაზე – “ოჯახთან დაკავშირებული პასტორალური გამოწვევები ევანგელიზაციის კონტექსტში”.

მესამე რიგგარეშე სინოდზე პაპმა მიუთითა ეკლესიის წიაღში გამოვლენილ რამდენიმე განსაცდელზე. მაგალითად, მორწმუნეთა ჩაკეტილობა, რეალობისგან მოწყვეტა, აგრეთვე, ცდუნება, რომ პრობლემების შემთხვევაში ვუმკურნალოთ არა გამომწვევ მიზეზებს, არამედ მხოლოდ სიმპტომებს. განსაცდელმა არ უნდა შეაშინოს მორწმუნე, თავად უფალიც გამოიცადა (მათე 12:24). წმინდა ეგნატე ლოიოლას სიტყვებით, სულის ეს მოძრაობა უმჯობესია, ვიდრე ჩუმი შეთანხმება ან ყალბი ზავი.

ეკლესია, ქრისტეს ჭეშმარიტი სასძლო, მისი სწავლების ერთგულია. ეს ის ეკლესიაა, რომელსაც არ ეშინია მეძავებთან ერთად პურის გატეხვის. ეკლესიის კარი ფართოდაა გაღებული გაჭირვებულთა მისაღებად. ეკლესიას არ სცხვენია დაცემული ძმის.

როდესაც ეკლესია თავის თავს გამოხატავს როგორც მორწმუნეთა ერთობას, იგი უცდომელია. ესაა სულიწმიდის მოქმედების შედეგი, რათა ყველას შეეძლოს სახარების წიაღში შესვლა და იესოს გზაზე სიარულის სწავლა.

პაპის მოვალეობაა ეკლესიის ერთობის გარანტია, შეახსენოს მოძღვართ, რომ მრევლს  სულიერი საზრდო არ მოაკლონ, კეთილად დაიბრუნონ დაკარგული ცხოვარი, უფრო სწორად, გარეთ გავიდნენ, რათა მონახონ გზააბნეულნი. მოძღვრისა ვალია შეახსენოს, რომ ეკლესიის ავტორიტეტი მსახურებაშია. ეპისკოპოსებიც არიან მსახურნი და არა უფალნი, ხოლო პაპი უმაღლესი მსახურია, ანუ მსახურთა მსახურია.

ეტაპობრივია ის რეფორმა, რომელიც პაპ ფრანცისკეს განუზრახავს: ეკლესიის სინოდური ხასიათის გაფართოება, პაპის ფუნქციებში მსახურების წინ წამოწევა, ეკლესიის კარის ფართოდ გაღება, რაც უზრუნველყოფს ეკლესიის რეალობისგან მოუწყვეტლობას.

2014 წლის სინოდის შეფასებისას პაპი ფრანცისკე იტყვის: “რომის ეპისკოპოსთან ერთად შეკრება თავისთავად იყო მადლის გამოხატულება, ხოლო ეპისკოპოსთა კოლეგიალობა სულიერი და სამოძღვრო გამჭრიახობის გზით გამოვლინდა”.

აღნიშნულ ორ სინოდს შორის მთელი კათოლიკური სამყარო ჩართული იყო 2014 წლის სინოდის ანგარიშის – Relatio Sinodi – განხილვაში: აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიები, ეპისკოპოსთა კონფერენციები, რომის კურიის დიკასტერიები, კათოლიკე მოწესეები უზენაეს წინამძღვართა გაერთიანება, კათოლიკე მრევლი. Relatio Sinodi გასაჯაროვებულია და დართული აქვს ანგარიშის თითოეული მუხლის შეფასება სინოდის მონაწილე ეპისკოპოსთა მიერ.

რამდენიმე თვის მანძილზე კათოლიკე ეკლესია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ჯგუფთან აწარმოებდა იმ საკითხების განხილვას, რაც 2014 წლის ოქტომბრის მესამე რიგგარეშე სინოდმა დღის წესრიგში დააყენა. ამ პროცესების შედეგად მომზადდა დოკუმენტი Instrumentum Laboris, რომელიც ასახავს როგორც შარშანდელი სინოდის დასკვნებს, ასევე, ამ დასკვნებზე ფართო საზოგადოების მსჯელობის შედეგებს.

Instrumentum Laboris-ის პირველი ვარიანტი ჯერ ეპისკოპოსთა საბჭომ განიხილა 2015 წლის მაისში, ხოლო საბოლოო სახით ვატიკანმა იგი გამოსცა 23 ივნისს, როგორც წმინდა საყდრის XIV რიგითი სინოდის სამუშაო დოკუმენტი.

Instrumentum Laboris-ის დასაწყისშივეა მითითებული (მუხლი 5 2014 წლის ანგარიშიდან Realtio Sinodi), რომ ქრისტეს სწავლების ერთგულნი ცდილობენ, თანამედროვე ოჯახის რეალური სიტუაცია მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისონ. ჩვენი დროის ანთროპოლოგიურ და კულტურულ სიახლეებს გავლენა აქვთ ცხოვრების ყველას ასპექტზე, რაც მოითხოვს მათ მიმართ ანალიტიკურ და დივერსიფიცირებულ მიდგომას.  აქედან გამომდინარე, დადებით მხარედ გვევლინება სიტყვის თავისუფლება და ქალებისა და ბავშვების უფლებათა აღიარება თუ საყოველთაოდ არა, ზოგიერთ ქვეყანაში მაინც. უარყოფით მხარედ მოიაზრება ინდივიდუალიზმის საშიში ზრდა, რაც ოჯახურ ურთიერთობებს ასუსტებს. ამასთანავე, რწმენის კრიზისი, რაც, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში ქორწინებისა და ოჯახის პრობლემას უკავშირდება. პაპი ფრანცისკე ამავე კონტექსტში ასახელებს ეკოლოგიურ კრიზისს და ადამიანებს ‘ერთიანი ეკოლოგიისკენ’ მოუწოდებს, ანუ ადამიანის, გარემოს, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის განვითარებაზე ზრუნვისკენ. (საუკეთესოდ გადმოცემულია პაპის ცირკულარულ წერილში Laudato Si). დოკუმენტი ასახელებს ოჯახთან დაკავშირებულ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ეკონომიკური, ეკოლოგიური, მოხუცებულები, გარდაცვალების წინა და გლოვის პერიოდი, შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები, მიგრაცია, ქალის როლი საზოგადოებაში, (მოქალაქეთა) სისუსტე და ზრდადაუსრულებლობა, ბიოეთიკური და სამოძღვრო გამოწვევები,

Instrumentum Laboris 70 გვერდიანი დოკუმენტია. მის გარშემო სინოდის წევრებმა სამი კვირის მანძილზე იმსჯელეს, ხოლო ორიოდე თვეში აღნიშნული პროცესის მიხედვით პაპი გამოსცემს ცირკულარულ წერილს, რომელიც საეკლესიო მოძღვრების ნაწილი გახდება.

სინოდის ფარგლებში პაპის მიმართვებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 17 ოქტომბერს,  სინოდის ინსტიტუციის 50-ე წლისთავზე, ეპისკოპოსებისადმი მიმართვა. მისი წინამორბედნი, პაპი პავლე VI-დან მოყოლებული, აღნიშნავდნენ ეპისკოპოსთა სინოდის წესებში ცვლილების შეტანის აუცილებლობას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამბობს პაპი, ეკლესიის მისიაა, თანამშრომლობა გააძლიეროს ყველა მიმართულებით. სწორედ ამგვარ სინოდuroბას მოელის ღმერთი მესამე ათასწლეულის ეკლესიისგან.

თავად სიტყვა ‘სინოდი’ მიუთითებს ერთობლივ მოგზაურობას, მრევლის, მღვდელმსახურთა და რომის ეპისკოპოსისა, რაც სათქმელად გაცილებით იოლია, ვიდრე განსახორციელებლად.

იმავე კონტექსტში პაპი ხაზს უსვამს საერო პირთა მონაწილეობის მნიშვნელობას საეკლესიო ცხოვრებაში. მრევლს, ყველა სიკეთესთან ერთად, იმის უნარიც შესწევს, რომ საღვთო გამოცხადების ახალი გზები დაინახოს.

პაპის განმარტებით, სინოდალურია ეკლესია, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ ყურის დაგდება მხოლოდ მოსმენას არ გულისხმობს, არამედ ერთმანეთისგან სწავლას: მორწმუნე ხალხი, ეპისკოპოსთა კრება, რომის ეპისკოპოსი ყურს უგდებენ ერთმანეთს, ხოლო ერთად ყურს უგდებენ სულიწმიდას, რათა გაიგონ, რას ეუბნება იგი ეკლესიას.

ეპისკოპოსთა სინოდი ეკლესიის სხვადასხვა დონეზე განხორციელებული თავშეყრისა და მოსმენის პროცესია, რომელიც სათავეს იღებს ხალხისთვის ყურის დაგდებით, შემდეგ სამღვდელო პირების მოსმენით. სინოდში შეკრებილნი წარმოდგებიან როგორც დამცველები, ინტერპრეტატორები და მოწმეები მთელი ეკლესიის სარწმუნოებისა, რაზეც ისინი სიფრთხილით უნდა ჩამოყალიბდნენ, რადგან ხალხის აზრს ითვალისწინებენ, ხოლო ეს უკანასკნელი ცვალებადია. სინოდის პროცესის კულმინაციას წარმოადგენს რომის ეპისკოპოსისთვის ყურის დაგდება, რადგან იგი მთელი ეკლესიის რწმენას დაემოწმება და არა საკუთარ აზრებს.

სინოდი ყოველთვის მოქმედებს Cum Petro და Sub Petro –ს მიხედვით, რაც ერთობის გარანტიაა და არა თავისუფლების შეზღუდვა. სინოდალობა საუკეთესოდ განმარტავს იერარქიული მსახურების შინაარსს. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, ეკლესია და სინოდი სინონიმებია. ეკლესიაში ვერავინ აიმაღლებს თავს სხვებზე, პირიქით, აქ ყველა თავს იმდაბლებს, რათა სხვის სამსახურში ჩადგეს. მხოლოდ ღვთის ხალხის მსახურების გზით ხდება ეპისკოპოსი ‘ქრისტეს ვიკარიუსი’.

“იესოს მოწაფეებისთვის ერთადერთი ავტორიტეტია მსახურების ავტორიტეტი, ერთადერთი ძალაუფლებაა ჯვრის ძალაუფლება. როგორც უფალი ამბობს: ‘თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.’” (მათე 20:25-27)

ძალიან საინტერესოა, როგორ ცდილობს პაპი ფრანცისკე მისდიოს წინამორბედი პაპების ხაზს, მაგრამ თან ახალი სული ჩაჰბეროს სიტყვებს ეკლესიის სინოდურობის შესახებ. რომის ეპისკოპოსის უპირველესი დანიშნულებაა სხვათა – მრევლისა თუ სამღვდელოების – მოსმენა და მსახურება. რასაკვირველია, სინოდურობის ამგვარი გაგება გულისხმობს ძალაუფლების გარკვეულ ‘დეცენტრალიზაციას’, პერიფერიის გაძლიერებას, მრევლის გააქტიურებას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ‘სინოდურობა’ საკლესიო ტერმინია და მასში ერისშვილთა პირდაპირი მონაწილეობა არ იგულისხმება, თუმცა სამღვდელოებას ევალება, მრევლს ყური დაუგდოს.

რეალური ცვლილება, ეკლესიის ფუნქციონირების, დეცენტრალიზაციის, ფარგლებში, მოსალოდნელია ეპისკოპოსებისთვის დამოუკიდებელი ქმედების გაფართოების თვალსაზრისით.  საინტერესოა, რას იტყვის პაპი ფრანცისკე თავის ახალ ცირკულარ წერილში.

24 ოქტომბერს პაპი თავის დასკვნით სიტყვაში მადლობას უძღვნის სინოდის გენერალურ მდივანს, კარდინალ ლორენცო ბალდისერისა და მის მოადგილეს, ასევე ათობით სხვა პასუხისმგებელ პირს, რომელთა ძალისხმევით შესაძლებელი იყო სამკვირიანი სინოდის ჩატარება. მან, ასევე, მადლობა უძღვნა იმ უცნობ ადამიანებს, კათოლიკე ეკლესიის მრევლს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს შარშანდელი სინოდის მასალის შეფასებაში და, ამდენად, წვლილი შეიტანეს ამა წლის სინოდის სამუშაო დოკუმენტის Instrumentum Laboris მომზადებაში.

შემდეგ პაპი ფრანცისკე განმარტავს ამ სინოდის ხასიათსა და დანიშნულებას. უპირველესად, იგი ემსახურებოდა ჰორიზონტის გაფართოებას, კონსპირაციული თეორიებისა და ვიწრო თვალთახედვის უარყოფას, ღვთის შვილების თავისუფლების დაცვასა და ქრისტიანული გზავნილის, რაც ხშირად არქაული თუ გაუგებარი ენითაა გადმოცემული, ახლიდან გაჟღერებას.

სინოდის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი აზრი, რაც ზოგჯერ უხერხულობასაც ქმნიდა. თუმცა ამან მდიდარსა და ცოცხალ დებატებს შეუწყო ხელი. სინოდმა დაადასტურა, რომ პაპის თანდასწრებით სინოდის ყველა მონაწილეს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. გარდა ამისა, კათოლიკე ეკლესიის ყველა წევრს აქვს საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვას ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესებზე (ეს კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილ 17 ოქტომბრის მიმართვაში.)

“ჩვენ მოწმენი გავხდით, რომ ეკლესიის ოფიციალურ სწავლებაში გადმოცემული დოგმატური საკითხების მიღმა, რაც მისაღებია ერთი კონტინენტის ეპისკოპოსებისთვის, მიუღებელია სხვებისთვის, რაც სრულიად ნორმალურია ერთისთვის, თითქმის სკანდალურია მეორესთვის, რაც უფლებების დარღვევაა ერთ საზოგადოებაში, სრული უფლებაა მეორეში, რაც ერთისთვის თავისუფალი შეგნებაა, მეორესთვის გაუგებრობაა”, ბრძანა პაპმა ფრანცისკემ. ამიტომ, ყოველი დოგმატური საკითხი მოითხოვს ინკულტურაციას, რათა იგი სათანადოდ პატივ მიგებული და გამოყენებული იყოს. ჯერ კიდევ 1985 წლის სინოდზე, რომელიც ვატიკანის მეორე კრების 20 წლისთავს მიეძღვნა, აღინიშნა ინკულტურაციის აუცილებლობა თვითმყოფადი კულტურული ფასეულობების ტრანსფორმაცია ქრისტიანობაში ინტეგრაციით. ამიტომ, ინკულტურაცია კი არ ასუსტებს ჭეშმარიტ ფასეულობებს, პირიქით, ნათელყოფს მათ ძალასა და თვითმყოფადობას, რადგან ამ ფასეულობების კულტურული ინტეგრაციის პროცესი ამ ფასეულობებს არ ცვლის,  თავიდანაა აცილებული ნებისმიერი რელატივიზმი. წლევანდელი სინოდის მოწყალების საიუბილეო წლის კონტექსტში ჩატარებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

სინოდმა ხელი შეუწყო იმის შეგნებას, რომ საეკლესიო სწავლების საუკეთესო დამცველად გვევლინება ის, ვინც მის სულისკვეთებას შეიმეცნებს და არა ის, ვინც მის სიტყვას ზედმიწევნით ჩაეძიება. არა ფორმულებით, არამედ ღვთით მონიჭებული სიყვარულითა და პატიებით. მართალია, ფორმულები, კანონი და საღვთო მცნებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ღვთის სიდიადე ადამიანებს თავისი უსაზღვრო სიკეთით ზომავს (შდრ. რომაელთა 3:21-30, ფსალმუნი 129, ლუკა 11:47-54). ეს კი მოასწავებს კანონსა და მცნებებზე მეტის შემეცნებას, რადგან კანონია ადამიანისთვის და არა პირიქით (მარკოზი 2:27).

სწორედ ამიტომაა, რომ, მონანიება, საქმე თუ მცდელობა მეტ მნიშვნელობას იძენს: ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით ჩვენთვის მონიჭებული ხსნა იოლ გზას კი არ გვთავაზობს, არამედ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, სათანადოდ ვუპასუხოთ მას, ვინც საკუთარი უდანაშაულო სისხლის ფასად გვიხსნა ჩვენ, ცოდვილნი.

ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა საღვთო მოწყალების გამოცხადება და საყოველთაო მოწოდება კონვერსიისკენ, გულისა და გონების ცვლილებისკენ, არა დაგმობა ან ანათემას გადაცემა, არამედ უფალში ხსნისკენ გაძღოლა (იოანე 12:44-50).

პაპი ფრანცისკე მოუხმობს მისი წინამორბედების ქადაგებებიდან გამონათქვამებს საღვთო მოწყალების შესახებ და თავის შემაჯამებელ სიტყვაში ამბობს: “ოჯახის თემაზე მსჯელობის შედეგად ჩვენ გავმდიდრდით. ბევრმა ჩვენთაგანმა იგრძნო სულიწმიდის ზემოქმედება, რომელიც სინოდის ჭეშმარიტი წინამძღოლი და პროტაგონისტია. …სინოდის დასასრული ნიშნავს დავუბრუნდეთ ‘ერთად მოგზაურობას’, რათა მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ყოველ ეპარქიაში, ყოველ სამრევლოში, ყველანაირ სიტუაციაში მივიტანოთ სახარების ნათელი, ეკლესიის, ღვთის მოწყალების თანადგომა.”

ველოდებით პაპის ახალ წერილს…

 

 

Laudato Si…

31 ივლისი 2015

მოგესალმებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან! ეს რამდენიმე კვირაა რომში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ძალიან ცხელა! ამ კლიმატურ პირობებს ვატიკანისგან წამოსული სიცხეც ემატება. პაპი ფრანცისკე, ზაფხულის მიუხედავად, განაგრძობს აქტიურობას, სულიერი საზრდოს მიწოდებას როგორც კათოლიკე ქრისტიანებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც შესმენის სურვილი აქვს. დღეს პაპის მთავარი საზრუნავია ჩვენი საერთო სახლი, როგორც იგი თავად უწოდებს ჩვენს პლანეტას, დედამიწას, სამყაროს, გარემოს, ბუნებას და რომელსაც იგი ადამიანთან უშუალო კავშირში განიხილავს.

რამდენიმე კვირის წინ პაპი ფრანცისკეს ენციკლიკის Laudato Si-ს მოლოდინში ვიყავით (წინა პოსტი). აწ დიდად გახმაურებული ეს წერილი ადამიანისგან უგულებეყოფილი და ექსპლოუატირებული გარემოს დამცველად მოგვევლინა. ენციკლიკაში წარმოდგენილი მოძღვრება ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისა და ღვთის ქმნილების (ანუ ჩვენი პლანეტის, დედამიწის, სამყაროს, გარემოს, ბუნების) განუყოფელობის შესახებ ღრმად ქრისტიანულია, წმინდა წერილისა და ეკლესიის მამების სწავლებაზეა დაფუძნებული.

ენციკლიკა ადამიანებს მოუწოდებს, შეიმეცნონ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები და შესაბამისი პასუხი მოიძიონ ამ პრობლემების გაუარესებისგან თავიდან ასაცილებლად. ხოლო ეს ყოველივე ენციკლიკაში სოლიდურ სამეცნიერო მონაცემებს ეფუძნება.

ამას წინათ, ახალ ენციკლიკასთან დაკავშირებით წმინდა საყდრის დიპლომატიურმა კორპუსმა, გრიგოლის პაპისეული უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტთან ერთად, სემინარი გამართა. რამდენიმე მომხსენებელთა შორის მეც აღმოვჩნდი. აქვე ვეცდები ჩემი გამოსვლა შევაჯამო.

პაპის ცირკულარული წერილი საზოგადოებას მოუხმობს, ადამიანებმა შეიმეცნონ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება, ხოლო აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ-ეკონომიურ გადაწყვეტილებებსა და ცხოვრების წესში ძირეული ცვლილებების შეტანისთვის მოემზადონ. პაპის ამ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დეკემბერში პარიზში დანიშნული შეხვედრის წინ.

7-8 დეკემბერს პარიზში გაიმართება მასშტაბური შეხვედრა,  21-ე კონფერენცია კლიმატის საკითხებზე, რომლის მიზანია, ამ მიმართულებით გაეროს ოცწლიანი გამოცდილების საფუძველზე მიაღწიოს უნივერსალურსა და ლეგალურად გამაერთიანებელ შეთანხმებას კლიმატის შესახებ, რათა გლობალური დათბობის ზღვარმა ცელსიუსის 2 გრადუსს არ გადააჭარბოს. სავარაუდოდ, ქვეყნები მიაღწევენ ლეგალურ შეთანხმებას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას ეფექტური ფინანსური სამოქმედო სტრატეგიის  შესახებ.

პაპის ენციკლიკა მიმართავს დედამიწის მთელ მოსახლეობას. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს წერილი, უპირველეს ყოვლისა, კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლის პასტორალური მიმართვაა თავისი მრევლის მიმართ. შესაბამისად, იგი კათოლიკე ეკლესიის სწავლებაზეა აღმოცენებული, მათ შორის ეყრდნობა კათოლიკე ეკლესიის დოკუმენტს სოციალურ სწავლებაზე. იგი შინაარსითა და სულისკვეთებით ახლოს დგას პაპის პირველ ცირკულარულ წერილთან Evangelii Gaudium ისევე, როგორც სრულ შესატყვისობაშია მის უშუალო წინამორბედების, ბენედიქტე მეთექვსმეტის, იოანე-პავლე მეორის, პავლე მეექვსის სწავლებასა და სულისკვეთებასთან, სხვა სიტყვებით, ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების სულისკვეთებასთან. წერილი, ამასთანავე, ითვალისწინებს ადგილობრივ ეპისკოპოსთა საბჭოების დოკუმენტებსა და მოსაზრებებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ცირკულარული წერილი გლობალური განზომილებისაა, რადგან იგი, ერთი, რომ დედამიწაზე, საერთო სახლზე ზრუნავს, მეორე, სიცოცხლის ზნეობრივსა და სულიერ მხარეს ეხმიანება და მესამეც, თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობა.

თავისი გზავნილით ენციკლიკამ უკვე მიიზიდა როგორც სხვა ქრისტიანული ტრადიციისა თუ სხვა რელიგიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს გზავნილია ეკოლოგიური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით როგორც საზოგადოებრივი, ასევე პოლიტიკური მზადყოფნა. გარემოს დასაცავად საზოგადოების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ძირეული ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უმთავრესია.

ცირკულარული წერილის მიხედვით, სიცოცხლის უნივერსალური ზნეობრივი მხარე და ქრისტიანული მრწამსი ურთიერთმასაზრდოებელია. ადამიანი გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობისკენაა მოწოდებული, ხოლო ღვთის ქმნილების წინაშე მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

რადგან პაპისთვის წმინდა ფრანცისკე ასიზელს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ბიბლიური, ლიტურგიკული თუ პატრისტიკული წყაროებით გაჯერებული ეს მოძღვრება ჰარმონიულ ურთიერთობასა და  ღვთის ქმნილების წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობაზე, სწორედ ამ წმინდანის სახელთანაა ასოცირებული. კლიმატური ცვლილებების შეჩერების პაპისეული ხედვა სიღარიბესთან ჩერდება, სიღარიბე და შელახული გარემო ურთიერთდამოკიდებულებაშია. გარემოს უგულებელყოფა და ბუნებრივი რესურსების უპასუხისმგებლო გამოყენება ხელს უწყობს არა მხოლოდ ბუნებრივ კატასტროფებს, არამედ სიღარიბის ზრდასაც. ცხადია, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე კიდევ ბევრი სხვა პრობლემა წამოყოფს თავს, როგორიცაა ეკონომიური მიგრაცია, ტრაფიკინგი, კონფლიქტები, ომი, უმუშევრობა.

პაპის ცირკულარული წერილის მიმართ ჩემი კრიტიკა შეეხო სამყაროს ბინარულ ხედვას, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად პოლარიზაციას. ამგვარ ხედვაში ვერ ჯდება ისეთი მზარდი ეკონომიკისა და გარდამავალი ქვეყნები (States in Transition), როგორიცაა საქართველო. ასევე, სასურველი იქნებოდა, წერილში ასახულიყო ის უზარმაზარი მასალა, რომელიც გარემოს დაცვის ხაზით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ჟენევა, შვეიცარია) ინიციატივით იქნა შემუშავებული. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიერ წარმოებულ ათიოდე საერთაშორისო  შეხვედრიდან მხოლოდ ერთია მოხსენიებული.

21-22 ივლისს, პაპის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი მარჩელო სანჩეს სორონდო, შედგა საერთაშორისო შეხვედრა თემაზე – “თანამედროვე მონობა და კლიმატური ცვლილებები: ქალაქების ვალდებულება” და სიმპოზიუმი – “კეთილდღეობა, ხალხი და პლანეტა: მდგრადი განვითარებისთვის ჩვენს ქალაქებში”. მოწვეულთა შორის იყვნენ მსოფლიოს წამყვანი თუ პატარა ქალაქების მერები,  ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, გაეროს ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირები.

მნიშვნელოვანი იყო, რომ შეკრებილთ სიტყვით მიმართა პაპმა ფრანცისკემ და ტრაფიკინგისა თუ ექსპლუატაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი სიტყვებით, უკანასკნელი წერილი არა მხოლოდ “მწვანე” დოკუმენტია, არამედ სოციალური: “გარემოზე ზრუნვა ჰუმანური ეკოლოგიაა. სხვა სიტყვებით, ადამიანი და გარემო ორ სხვადასხვა მოვლენას არ წარმოადგენს. სწორედ ამის გამოხატვას ვცდილობდი ენციკლიკაში, რომ ადამიანის გარემოსგან გამოცალკევება შეუძლებელია. ეს ურთიერთობა ურთიერთგავლენაა, თუ გარემო ზიანდება, ეს ადამინებზეც აღიბეჭდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ცირკულარული წერილი მწვანე კი არა, სოციალური ენციკლიკაა. შეუძლებელია, გარემოზე ზრუნვა გამოეყოს სოციალურ კონტექტს, სოციალურ ცხოვრებას. უფრო მეტიც, გარემოზე ზრუნვა სოციალური დამოკიდებულებაა.”

მნიშვნელოვანია, წმინდა საყდრის მიერ ქალაქების მერების მოწვევა და კლიმატური ცვლილებების, სიღარიბისა და ტრაფიკინგის ერთ ჭრილში განხილვა. ქალაქის მოსახლეობის უსასრულო ზრდასთან ერთად იზრდება სიღარიბე და გაჭირვება, რასაც მოყვება მიგრაცია, უმუშევრობა, ტრაფიკინგი. პაპმა ფრანცისკემ მერებთან გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ დეკემებერში, პარიზის შეხვედრაზე, მიღწეული იქნება საბაზისო შეთანხმება. “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაეროს ორგანიზაციები გულისყურით მოეკიდებიან ამ პრობლემებს, გასნაკუთრებით კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ადამიანის ტრაფიკინგისა და ექსპლუატაციის საკითხს. … უფალს შევთხოვ, მოგვანიჭოს მადლი იმის სრული შემეცნებისა, რომ ჩვენგან უზრუნველად მიტოვებული გარემო დღეს პრობლემების წინაშეა.”

საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე. პაპის წერილი ხომ სამყაროს ყველა მოქალაქეს მიმართავს…

ქმნილება და ეკოლოგია: მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ეკოლოგიურ პრობლემებზე

ძვირფასო მკითხველებო, ძალიან გამიგრძელდა პაუზა ინფორმაციის მოწოდებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სათქმელი არ მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, იმდენი სათქმელი და გასაზიარებელი დამიგროვდა, რომ ვერ მოვახერხე თქვენამდე მოატანა.
ეს ბოლო ხანია ქართულად ვამზადებდი ერთ სტატიას, რომელიც ინგლისურად დაიბეჭდა 13 წლის წინ. სტატია ეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ეკოლოგიურ კრიზისთან დაკავშირებით. შარშან, სიმპატიური ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომლებიც მართლმადიდებლობის საკითხებით არიან დაინტერესებულნი, მთხოვეს ამ სტატიის გამოქვეყნება ქართულ ენაზე და მეც შევუდექი მის თარგმნას. მართალია, ეს პროცესი ერთ წელს გაგრძელდა, მაგრამ, ახლა, როცა იგი გამოსაქვეყნებლად მზადაა, მგონი, მართლაც, დროულია ამ საჭირბოროტო საკითხების წამოჭრა. ერთი, რომ თბილისის წყალდიდობა, რომელსაც საზარელი მსხვერპლი მოჰყვა. მეორე, 18 ივნისს, წმინდა საყდარი გამოაქვეყნებს კლიმატური ცვლილებების შესახებ  პაპის ცირკულარულ წერილს Laudato Si/ ‘აქებდეთ’. პაპის ახალ ცირკულარულ წერილთან დაკავშირებით, ხუთშაბათს, 18 ივნისს, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნო მართავს პრეს-კონფერენციას წმინდა საყდართან აკრედიტირებული დიპლომატებისთვის. წინასწარი ცნობით, პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო), ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი.
საკუთარი ნაფიქრის გაზიარების უკან ის აზრია, რომ ფიქრი და თანამოაზრეობა საზოგადოებრივი ცხოვრების სასიცოცხლო ძალაა. იმედია, სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ტრაგედია, ჩვენთან თუ სხვაგან, კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს სიცოცხლეზე, ღვთის ქმნილებაზე და მათ შორის ურთიერთობაზე.
უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ სტატიაში სქოლიოებს, სადაცაა მეტწილად ჩემი პოზიცია დაფიქსირებული.

ქმნილება1  და ეკოლოგია:

მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ეკოლოგიურ პრობლემებზე

ღვთის ქმნილება ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა

ეკლესიის მამები გვარწმუნებენ, რომ ქმნილება ადამიანისა და სხვა ქმნილებების მიმართ ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. მართლმადიდებლური სწავლება დღესაც იმავეს ქადაგებს. ქმნილების საფუძველია ღვთის ნება: “დასაბამითგან ღმერთია შემოქმედი და ქმნის საკუთარი სურვილით, თავისი უსასრულო სიკეთით, თავის თანა-არს ლოგოსთან და სულთან ერთად”, წერს წმ. მაქსიმე აღმსარებელი.2

ღმერთმა თავისი უსასრულო სიყვარულით განკარგა სამყარო და მთელი ქმნილება; საკუთარი ქმნილებების მიმართ იგი სიყვარულითაა აღსავსე. ღვთის სიყვარული ქმნილების საფუძველშია და მისი შემოქმედითობის გამოვლინებაა. სწორედ ამ სიყვარულითაა შესაძლებელი ქმნილების ღმერთთან შეერთება, რადგან “სიყვარული იხსნის მთელი ქმნილების ისტორიას,” ამბობს წმ. ისაკ ასური.3  ღვთის სიყვარული ვრცელდება მთელს ქმნილებაზე: ანგელოზებზე, ადამიანებზე, სხვა არსებებზე. დაცემამ ვერ დააშთო და ვერც გაანელა ღვთის სიყვარული საკუთარი ქმნილების მიმართ.

Eco

ქმნილება ex nihilo

ღვთის ქმნილება არაფრისგან შეიქმნა და მისგან განსხვავებულია, არა იმდენად სივრცობრივად, რამდენადაც თვისობრივად/ბუნებით.4  ქმნილებას დასაბამი მიეცა ღვთის ნების შედეგად იმ მიზნით, რომ მას სრული მონაწილეობა მიეღო საღვთო ცხოვრებაში; სხვა სიტყვებით, იმისთვის, რომ ქმნილება ჰარმონიულ ურთიერთობაში, უწყვეტ კავშირში ყოფილიყო თავის შემოქმედთან.5  მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ არაფრისგან შექმნილი სამყარო ღვთის ნების შედეგია, თუმცა, რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მიხედვით (8:20-21), გადაშენების, გაქრობის საშიშროების წინაშე. ამასთანავე, ქმნილებას, იმავე ღვთის ნების გამო, მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაც მიეცა. ამიტომაა, რომ  მართლმადიდებლები ღმერთს იმის დაცვას შესთხოვენ, რაც ღმერთს მათთვის სიყვარულით უბოძებია.

ჰოი, ქრისტევ,  რომელმაც ყველაფერი არაფრისგან დაარსე

და მიუწვდომელი სიბრძნით, მოყვარულო, თითოეულს

მოგვანიჭე უნარი იმის დაცვისა, რაც

დასაბამითგან დაუწესე ყოველ ქმნილებას,

აკურთხე შენი შექმნილი ყოველი არსება,

რადგან შენ ხარ ყოვლისშემძლე მხსნელი.6

ყოველი მწუხრის ლოცვისას წაკითხული 103-ე ფსალმუნის 24-ე მუხლი,  “რაოდენ მრავალი არიან საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია”, ხოტბას ასხამს ღვთის ქმნილებას როგორც ნიშანს და აღიარებას მთელი ქმნილების გარდაქმნისა ხსნით და დიდებით. ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესია აკურთხებს წყლებს, ხოლო ხილსა და სხვა ნაყოფს ფერიცვალების დღესასწაულზე: სამყაროს ნაწილების კურთხევით ეკლესია ადამიანს შეახსენებს, რომ ღვთის ქმნილება  კურთხეულია და ქმნილების ყოველ ნაწილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ბუნება კურთხეულია,  სამყარო ღვთიური ძალების სამყოფელია. კურთხეული ბუნება ადამიანს უბიძგებს, რომ თვალი გაუსწოროს სამების პარადოქსს: შემოქმედი ერთდროულად ტრანსცენდენტური და იმანენტურია თავის ქმნილებასთან მიმართებაში.

ადამიანი როგორც ქმნილების გვირგვინი

მართლმადიდებელმა ეკლესიამ  ისევე ცოცხლად შემოინახა სწავლება მატერიის გარდაქმნის შესახებ, როგორც ეს ადრეულ ეკლესიაში სწამდათ: უფლის აღდგომიდან მოკიდებული ადამიანს მინიჭებული აქვს განღმრთობის შესაძლებლობა. აღმოსავლეთის ეკლესიის მამებმა განღმრთობის ცნება სიღრმისეულად შეიმეცნეს – ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანს შესძლებოდა განღმრთობა7  – ხოლო ზოგიერთი მამა მთელი ქმნილების განღმრთობაზეც საუბრობს.

სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში ჩამოყალიბებულ განღმრთობის მამებისეულ ახსნებს ის აზრიც აერთიანებს, რომ საღვთო ნებით შესაძლებელია შექმნილის ამქვეყნიური არსებობა განღმრთობით დაგვირგვინდეს. განღმრთობა მიწიერ ცხოვრებაშივე იღებს სათავეს, მაგრამ სრულად მომავალში განხორციელდება.8  განღმრთობა ადამიანს მთლიანად მოიცავს, სულიერად და ხორციელად: “განღმრთობილი ადამიანი სულიერად და ხორციელად ადამიანი რჩება და, ამასთანავე, სულიერად და ხორციელად ღმერთად იქცევა, მადლითა და იმ კურთხეული დიდების საღვთო ნათელით, რომელიც მთელს მის პიროვნებას მოიცავს.”9

ღმერთმა ადამიანი შექმნა როგორ მიკროკოსმოსი, ცისა და დედამიწის შემაერთებელი, ამ უკიდურესი გაყოფის ბუნებრივი შემაკავშირებელი და მედიატორი.10  ღმერთმა ადამიანი ორთავე ბუნებით დააჯილდოვა, ხილულითა და უხილავით; სხვა სიტყვით, ადამიანის სახით ღმერთმა ახალი სამყარო შექმნა, რომელიც იმავდროულად მცირეცაა და დიდიც და იგი მიწაზე დაასახლა, რათა “მიწიერ ქმნილებებზე იმეფოს და ზემოდან მოცემულ ბრძანებებს დაემორჩილოს.”11  სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი მეფობს ღვთის შექმნილზე, მაგრამ ისე, რომ იმავდროულად ყოვლისშემქმნელის ნებას ემორჩილება. მაშასადამე, თუ ადამიანი მოვლენილია იმისთვის, რომ ქმნილებაზე იმეფოს, მან ქრისტეს უნდა მიბაძოს, “წარმოცარიელდეს”. ქრისტემ ხომ “დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე.” (ფილიპელთა 2: 7-8) თუ ქრისტიანს შეგნებული აქვს, რომ ბუნებრივი წესი ღვთის ნიშანი და საიდუმლოა, ეს ცოდნა მას დაიცავს ქმნილებაზე გამანადგურებელი ბატონობისგან, ბუნებრივი რესურსების ავად გამოყენებისგან, ყველა იმ გამოწვევისგან, რომელიც მატერიალურ პროგრესს ფუფუნებისკენ ექაჩება.

ადამიანის არა-გამანადგურებელი ბატონობა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ,” (ლუკა 6:31) გვასწავლის სახარება და ეს ჭეშმარიტება გარემოზეც ვრცელდება. ადამიანის, როგორც ღვთის ნების აღმასრულებელის, მოვალეობაა გარე სამყაროს სიფრთხილით, პატივისცემითა და სიყვარულით მოეკიდოს. ამგვარად ადამიანი გასცდება ქმნილების გადარჩენაზე ზრუნვას და მისი სიწმიდის ხარისხში აყვანასა და შემოქმედთან მიახლოებაზე იზრუნებს.

როდესაც 1960 წელს ქრისტიანობას ბრალად დაედო საყოველთაო ეკოლოგიური კრიზისი, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია ჩამოაყალიბა.  მან გაიზიარა მიმდინარე ეკოლოგიურ კრიზისში ქრისტიანობის წვლილი, მაგრამ, ამასთანავე, დამაჯერებლად ახსნა, თუ როგორ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური სწავლება ღვთის ქმნილებაზე და, ზოგადად, მართლმადიდებელი სულიერება კარს მომდგარ ეკოლოგიურ კატასტროფას.

მართლმადიდებლური სწავლების მიერ ეკოლოგიური კრიზისის გააზრება ჩამოყალიბებულია გარემოს დაცვის საკითხებზე გამართულ საყოველთაო მართლმადიდებელთა კონფერენციის (კრეტა, საბერძნეთი 1991) რეკომენდაციებში. მაგალითად,

“მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს მათ გულისწუხილს, ვინც განიცდის ადამიანის მიერ ბუნებრივი გარემოს შეუქცევად განადგურებას, რომელსაც ეკლესია ცოდვას უწოდებს და რის გამოც ყველას მონანიებისკენ მოუწოდებს. მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ მართლმადიდებელი ტრადიციის ლიტურგიკულ-ევქარისტული და ასკეტური ეთოსი ამ კრიზისიდან გამოსავლის მონახვის საუკეთესო საშუალებაა. ეს კი თავიდან გვაცილებს ახალი ეთიკური მოძღვრების ძიების აუცილებლობას. 12

ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისათვის არაა საჭირო, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, ფილოსოფიური თუ იდეოლოგიური საფუძვლებისა და მეთოდის მოსაძიებლად, რომელიმე ეკოლოგიურ მიმდინარეობასთან, პარტიასთან ან ორგანიზაციასთან გაიგივდეს. მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ღვთისმეტყველებით ადამიანის ურთიერთობაზე ღმერთთან თუ სხვა ადამიანებთან, სწორედაც ცხოვრების ახალ გზას ემოწმება.13  რას წარმოადგენს ეს ახალი გზა?

მართლამადიდებელი ეკლესია მიმდინარე ეკოლოგიურ კრიზისს დაცემისა და ცოდვის ჭრილში განიხილავს. ეკოლოგიური კრიზისი, ეკლესიის სწავლების მიხედვით, ცოდვაა: “ესაა პიროვნული ცოდვისა და კოლექტიური ცოდვის პოლარიზაციის შედეგი,” ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე.14  კრეტის აღნიშნული კონფერენცია მართლმადიდებლებს მოუწოდებს, რომ პატივი მიაგონ 1 სექტემბერს, საეკლესიო კალენდრის პირველ დღეს, როგორც ღვთის ქმნილების დაცვის დღეს.

ეკოლოგიური საკითხი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში წამოჭრა კონსტანტინოპოლის საპატრირქომ ეპისტოლეების, გზავნილების, ქადაგებების, კონფერენციების, სემინარების, წიგნების სახით. ასევე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ინსპირირებული საყოველთაო მართლმადიდებლური შეხვედრებით; ერთ-ერთ პირველ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, სწორედ, საყოველთაო მართლმადიდებლური კონფერენციის გადაწყვეტილება 1986 წელს შამბეზიში (ჟენევა, შვეიცარია). ასევე, ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია წმ. იოანე მახარებლის მონასტერში კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი) 1988 წელს და იმავე წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. 1990 წელს მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა ერთი ჯგუფი შეიკრიბა ორმილიის ხარების მონასტერში (საბერძნეთი) რათა ჩამოეყალიბებინათ ეკოლოგიური კრიზისის მიმართ მართლმადიდებლური პოზიცია. აქ ძირითადად საუბარია ქმნილების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებაზე და ქმნილების მიმართ ქრისტიანთა პასუხისმგებლობაზე.

კრეტის კონფერენციიდან მოკიდებული, ცხადი შეიქნა, რომ ეკოლოგიურ კრიზისთან მიმართებაში მართლმადიდებელი ეკლესია არ ეძიებდა ახალ იდენტობას. ეკლესია თავისთავად წარმოადგენს და ემოწმება არსებობის განსხვვებულ მოდუსს, რომელიც კოსმოლოგიისა და ანთროპოლოგიის შესახებ საკუთარი სწავლების საფუძველზე თავის განსაკუთრებულ პერსპექტივას გვთავაზობს.

კრიზისიდან გამოსავალი

ამ კრიზისიდან გამოსავალი მონანიებაშია, ამბობს მართლმადიდებლური სწავლება, იმ აზროვნების აღდგენაშია, რომლის მიხედვითაც სამყარო ფასეულია, იგი სიყვარულის ობიექტია და არა ექსპლუტაციის.  ამგვარი აზროვნების ადამიანი მიდრეკილია, რომ აქტიურად უპასუხოს ღვთის სიყვარულით გამსჭვალულ (საღვთო) შემოქმედებითობას.

მართლაც, მონანიების იდეამ მთლიანად განსაზღვრა მართლმადიდებლების ეკოლოგიურ კრიზისთან დამოკიდებულება. ამიტომაც, აღნიშნულ საკითხში მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის შესამეცნებლად მიზანშეწონილია, ჩავწვდეთ მონანიების ცნებას მართლმადიდებლურ ტრადიციაში.

მონანინება – მეტანოია,  მართლმადიდებელი ტრადიციის მიხედვით, გონების, დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს. ეკოლოგიური კრიზისის შემთხვევაში ასეთი ცვლილება გულისხმობს გამოყენებითი თუ მომხმარებლური აზროვნების შეცვლას იმ აზროვნებით, რომლისთვისაც ნიშანდობლივია პასუხისმგებლობა, მსახურება და არა ბატონობა. აზროვნების ამგვარი ცვლილება- მონანიება – ადამიანის, ღვთის ქმნილების გადარჩენას ემსახურება. ამ კონტექსტში, მართებული იქნება თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორ მოხდა მართლმადიდებლების დაინტერესება მიმდინარე ეკოლოგიური კრიზისის სულიერი და თეოლოგიური საფუძვლებით.

1968 წელს ამერიკელმა ისტორიკოსმა ლინ უაიტმა ეკოლოგიური კრიზისი მიზეზად ქრისტიანობის ისტორიული საფუძვლები მიიჩნია. მართლმადიდებლებმა ამის საწინააღმდეგოდ საკუთარი პოზიცია მცირეოდენი შესწორებით გამოხატეს, კერძოდ, რომ ეკოლოგიური კრიზისი ზოგიერთი ქრისტიანული მიმართულების უკიდურესმა გარაციონალურებამ მოიტანა.

უმაღლესი ღვთიურობის, როგორც აბსოლუტური სიკეთის, იდეა, რომლის სუბსტანცია, სიკეთე, სამყაროში ვრცელდება,  პირველად, პლატონიზმში, შემდეგ ნეო-პლატონიზმსა და გნოსტიციზმში განვითარდა. ემანაციის ამ იერარქიულ პროცესში მატერიალური სამყარო სულ ქვემოთაა მოქცეული. ამიტომ, მატერიალური სამყარო უსხეულო არსებებთან შედარებით გაცილებით ნაკლებფასეულია, ბოროტებასთანაცაა ასოცირებული და საბოლოო სავანეში მას ადგილი არ მოეძებნება.

ადრეული ეკლესიის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორები, როგორიცაა კლემენტი ალექსანდრიელი და ორიგენე ამ მიმართულების გავლენის ქვეშ იყვნენ. მართლმადიდებელმა ტრადიციამ ორივე ავტორს თვალსაჩინო ადგილი მიაგო, თუმცა, მსოფლიოს მეხუთე საეკლესიო კრებამ ორიგენის სწავლება სულთა წინასწარი არსებობის შესახებ მწვალებლობად გამოაცხადა (მსოფლიოს მეხუთე ანუ ე.წ. კონსტანტინოპოლის მეორე კრება 553 წელს). მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლურმა სწავლებამ მაინც მოახერხა, რომ ტრადიციაში ორიგენის ღვთისმეტყველებისთვის თვალსაჩინო ადგილი მიკუთვნებინა.

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ეკოლოგიური კრიზისი ბუნების იმ არასწორ გაგებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ბუნება მოხმარების ობიექტად განიხილება. ასეთი მიდგომა კი ეწინააღმდეგება სამყაროს, როგორც ჰარმონიული მთელის აღქმას და მას ხედავს როგორც საჭირო, გამოსაყენებელი საგნების ნაკრებს. თუმცა ბუნება მხოლოდ იმ პირობით ემსახურება ადამიანს, თუ ეს უკანასკნელი მას იცავს და მის გამოსაყენებლად შესაბამის კანონს ექვემდებარება (შდრ დაბ. 2:15). ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ გარე სამყარო ბუნებისთვის ზიანის მიუყენებლად მოიხმაროს. ესაა, აგრეთვე, იმის საწინდარი, რომ ბუნება მას მომავალშიც ემსახუროს. (ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოში სერიოზული პრობლემებია: გარე სამყაროსთან მიმართება რადიკალურად გამოყენებით ხასიათს ატარებს და ეკოლოგიური შეგნების გასაღვივებლად მწირი ნიადაგია.)15

მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს ხედავს უფრო როგორც მსახურს, ‘მინისტრს’, ვიდრე ბატონს. სამყაროს მსახურება პატივია, ღვთის ხატად შექმნილის უპირატესობაა,  რათა ღმერთს მისივე ბოძებული კრძალვითა და სიმდაბლით დაუბრუნოს. ხოლო ადამიანის როლი ქმნილების გადარჩენაში საკვანძოა: მხოლოდ მის მსახურებას შეუძლია ქმნილების დაცვა მიმდინარე კრიზისისგან. როგორც სასულიერო პირი წირავს ღმერთს პურსა და ღვინოს მთელი ერის სახელით, ასევე უნდა წირავდეს  მადლიერი ადამიანი ღმერთს მისსავე ქმნილებას: ღვთისგან სიყვარულით ბოძებული ღმერთს სიყვარულითვე უნდა დაუბრუნოს. ღვთის ქმნილების წინაშე პასუხისმგებლობა ადამიანის მიერ მატერიალური სამყაროს ექსპლუატაციას საზღვრებს უწესებს. ადამიანს, მართლაც, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქმნილებაში, როგორც ღვთის ხატის მატარებელს, მედიატორსა და მადლიერებით ღვთის მადიდებელს.

ევქარისტული საიდუმლოს აღსრულება  მატერიალური სამყაროს წმინდაყოფასა (sanctification) და გარდაქმნას (transformation) მოასწავებს. ლიტურგიკულ ენაზე ღვთისგან ნაბოძები ქმნილების უკან ღვთისთვის დაბრუნება გამოიხატება შემდეგი სიტყვებით: “შენი შენთანა, შენდა შემწირველი, ყოველთა და ყოვლისათვის”. როდესაც მღვდელი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, დიაკვანი, გადაჯვარედინებული ხელებით მაღლა ასწევს წმიდა ბარძიმსა და კოვზს ისე, რომ ჯვარი გამოისახოს, ხოლო თავად ქრისტეს ხორცსა და სისხლს მდაბლად თავს მოუდრეკს.  ევქარისტული ლოცვით, ადამიანი ღმერთს უბრუნებს მისივე ბოძებული ქმნილების ნაყოფს, პურსა და ღვინოს, რომლებიც, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, სულიწმიდის მოხმობის შედეგად ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნება. ლიტურგიკული აქტივობის შედეგად, ქმნილების ნაყოფი თავისი პირვანდელი სახით კი არ უბრუნდება შემოქმედს, არამედ შეცვლილი სახით, ადამიანის შრომის შედეგად: ხორბალი პურის სახით, ხოლო ყურძენი ღვინის. მატერიალური სამყაროს საუკეთესო მიზნებისთვის გამოყენება  ადამიანის უპირატესობაა. მატერიალური სამყაროს ამგვარი გამოყენება ჰარმონიულადაა შერწყმული გარე სამყაროსთან და, თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ჰარმონიულ ურთიერთობებს ღმერთთან, ადამიანებთან და სხვა სულიერ არსებებთან. სწავლება იმის შესახებ, რომ ევქარისტია მომავალთან მიახლოებაა (foretaste of the age to come), ძლიერ ესქატოლოგიაზე მიუთითებს მართლმადიდებლობაში: სწორედ ევქარისტული ლოცვის დროს შეიგრძნობს ადამიანი თავის უმაღლეს დანიშნულებას – განღმრთობას.

ღვთისთვის მისი ქმნილების ნაყოფთა დაბრუნება მადლიერებით ხდება, რაც ასახავს მართლმადიდებელი ღვთისმსახურების უმთავრეს თემას – ღვთის განდიდებასა და მის მიმართ მადლიერების გამოხატვას. სამწუხაროდ, დღეს ლოცვის ეს უმთავრესი მოტივი დაჩრდილულია. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებას უსიყვარულოდ ეკიდება და საკუთარი პასუხისმგებლობა მის წინაშე დავიწყებული აქვს.

            რა შეიძლება მოგიძღვნა შენ, ქრისტე ღმერთო, ჩვენთვის განკაცებულო?

            ყოველი შენით შექმნილი მადლობას გიძღვნის:

            ანგელოზები თავის გალობას, მოგვები ძღვენს, მწყემსები გაოცებას. 16

ევქარისტული ლოცვა მართლმადიდებელი ღვთისმსახურების ღერძია. კონსტანტინოპოლის პატრიარქის დემეტრიოსის (+1989) სიტყვებით, “ქმნილების სულიწმიდით გარდაქმნის ყველაზე ნატიფი გამოხატულება და გამოცდილებაა ზიარება. ქმნილებისეულ მატერიას ადამიანი თავისი ხელით ახალ სიცოცხლეს შესძენს პურისა და ღვინის სახით და ღმერთს უძღვნის იმის შეგნებით, რომ მთელი ქმნილება ღვთისგანაა. ევქარისტული ზიარებისას მადლით ნაკურთხი პურისა და ღვინის სახით შემწირველს, მღვდელსა თუ მღვდელთმთავარს, უბრუნდება შეწირული ნაყოფის სისავსე, რათა ყველამ გაიზიაროს და ამგვარად მლოცველები გახდნენ ის არხი, რომლითაც ღვთის მადლი და წყალობა მთელს ქმნილებას მოეფინება.”17

ევქარისტული ლოცვის აღსრულებისას შემწირველი სათქმელს პირველი პირის მრავლობითით გამოხატავს, “ჩვენ ვწირავთ”, რაც მიუთითებს შეწირვის კოლექტიურ ხასიათზე, ლოცვის დროს ინდივიდებს შორის არსებულ ერთობაზე. მათ შორის უსიტყვო შეთანხმებით, შეწირვა მადლიერებითა და ქედმოხრით ხორციელდება.

“ეთოსი ეთიკის სანაცვლოდ, კულტურა კანონმდებლობის სანაცვლოდ”

რას გულისხმობს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი), როცა მოუწოდებს, ეთიკის ეთოსად, ხოლო კანონმდებლობის კულტურით შეცვლას?  მიტროპოლიტი იოანე ამით ცდილობს ადამიანს დაანახოს, რომ მონანიება, აზროვნების წესის შეცვლა, ეწინააღმდეგება ქმნილებაზე ადამიანის გაბატონებას. დღევანდელი ტექნოლოგიური ეთოსი, მიტროპოლიტის აზრით, ვერ იქნება ქმნილების გადარჩენის ერთადერთი გზა. მონანიებით კი გარემოსთან დაკავშირებული თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები “ზრუნვისა და შემოქმედებითი მიდგომის ობიექტი ხდება. ამასთანავე,  მონანიებას თან უნდა ახლდეს იმგვარი აქტივობები, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის ეთოსს გამოხატავენ.”18

როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ 1987 წელს ქალაქ სოფიაში ჩატარებული საერთო-მართლმადიდებლური კონსულტაციის ანგარიში გვამცნობს, “ადამიანებმა უნდა ისწავლონ ქმნილებას მოეპყრან ისე, როგორც ეპყრობიან ღვთის წმიდა შესაწირს, მსხვერპლს, მადლის გადამცემს, ყველაზე კეთილშობილური მისწრაფებებისა და ლოცვის განსახიერებას.”19

ღვთის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული ნების თავისუფლებამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ისეთ ეკოლოგიურ კატასტროფებს, როგორიცაა დღესდღეობით გლობალური დათბობა, გვალვა, უდაბნოს აღმოცენება, ტყის გაქრობა, ზღვის დაბინძურება, ცხოველთა ჯიშების გადაშენება, ჰიდროლოგიური ციკლის დარღვევა და ოზონის ფენის განლევა. მართლმადიდებლების პასუხი ამ კრიტიკულ მდგომარეობაზე არის აზროვნების წესისა და დამოკიდებულების შეცვლა, ქრისტიანული ასკეტიზმის, თვით-დისციპლინის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს, რომ ეთიკაზე ორიენტირებულ კანონმდებლობას ქრისტიანულ ეთოსზე ორიენტირებული კულტურა ჩაენაცვლოს. სხვა სიტყვებით, ქმნილებაზე ზრუნვა ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების, ქრისტიანული ცხოვრების წესის ნაწილია. ამ ეთოსისთვის სამყაროში არსებობის მოდუსია მადლიერება, ზომიერება, თვით-გაკონტროლება ისევე, როგორც სტუმართმოყვარეობა, გაჭირვებულთა დახმარება, მოყვასის სიყვარული. სხვაზე ზრუნვით, მონაგრის გაზიარებითა და მოყვასის სიყვარულით ადამიანი საკუთარ თავსაც აკონტროლებს და ღვთის მთელი ქმნილების მიმართაც მზრუნველობას ავლენს, რაც აუცილებლად შეამცირებს ეკოლოგიური კრიზისის ნიშნებს.

მატერიალური სამყაროსგან ასკეტური განდგომა მატერიის უარყოფას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ მატერიისთვის პატივის მიგებასა და გარე სამყაროს ექსპლუატაციის უარყოფას. მატერიალური სამყაროს მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა ღვთის ქმნილების სიყვარულის, დაფასებისა და მადლიერების ნიშანია. ამ თვალსაზრისით, ადრეულ-ქრისტიანული ასკეტიკის პრინციპები არცთუ იმდენად შეუფერებელია თანამედროვე ცხოვრებისთვის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. პირიქით, მათი გათვალისწინებით თანამედროვეობის ზოგიერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრაც კია შესაძლებელი.

ბოლო სამ ათწლეულზე მეტია, რაც მართლმადიდებელი ეკლესია თანმიმდევრულად ეხმიანება ეკოლოგიურ პრობლემებს და ამ მიმართულებით ეკლესიამ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა.  ამის საუკეთესო მაგალითია მონასტრებში ეკოლოგიურად გააზრებული მეურნეობის ინიციატივები (მაგალითად, ქრისოპიგის თუ ორმილიის მონასტრები საბერძნეთში). 1 სექტემბერი მართლმადიდებელ ეკლესიაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ინიციატივით, გამოცხადებულია გარემოსთვის სპეციალური მსახურებისა და ლოცვის დღედ. «ქმნილების შემოქმედო, რომლემაც დასაბამითგან ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინე, ნუ უგულებელყოფ შენივე ხელით შექმნილს, არამედ შენი მადლსავსე მზერით ზეციდან გადმოხედე შენს ვენახს, უფალო, და აღადგინე იგი შენი ნების მიხედვით, და დაიცავ იგი ყოველი დამანგრეველი ძალისგან.»20

მართლმადიდებლური ვედრება ყოვლისშემძლე ღვთის, ცისა და მიწის შემქმნელის მიმართ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობას აღუძრავს: რადგან ღმერთმა ქმნილება სიყვარულით შექმნა და იგი ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, სიყვარული განუხრელად უნდა იყოს ქრისტიანთა ეთოსი. «მეცნიერება აღწერს, თუ რა შეცდომებია დაშვებული ეკოლოგიის თვალსაზრისით და რა ტექნოლოგიებია საჭირო ამის გამოსასწორებლად, მაგრამ არსებითი მაინც ისაა, რომ ადამიანს უყვარდეს გარემო. სხვაგვარად მისი გადარჩენა შეუძლებელია.”21

—————————————————————————————————————–
1. ბიბლიის თანამედროვე თარგმანის მიხედვით ასე ითარგმნება Creation.

სტატია თავდაპიველად დაიბეჭდა ჟურნალში The Ecumenical Review, 54, no. 3 (July 2002) 211-218. სტატიაში გარდა ციტირებული ლიტერატურისა, აგრეთვე, გამოყენებულია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის, მიტროპოლიტ კალისტე უეარის, დედა თეოქსენის, მამა კ.მ. ჯორჯის, ალექსანდრე ბელოპოპსკის, დიმიტრი ოიკონომოსის, ელიზაბეტ თეოკრიტოვის ნაწერები. სტატიის მიზანია, შეაჯამოს აღნიშნულ საკითხზე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული პოზიცია მესამე ათასწლეულის დასაწყისისთვის. ამ შეჯამების ფონზე გამოიკვეთება სტატიის ავტორის ხედვა, თუ როგორ უპასუხებს მართლმადიდებლური სწავლება ეკოლოგიურ კრიზისს ეკლესიის წიაღში, ევქარისტული ღვთისმეტყველების შეგნებით.

2. Fourth Century on Love, 3, The Philokalia : The Complete Text, compiled by St Nikodimos of the Holy Mountain and St Makarios of Corinth, vo. 2, translated from the Greek, G.E.H. Palmer, Philip Sherard and Kallistos Ware, eds. London, Faber and Faber, 1981, 100.

3. წმინდა ისაკ ასურის ტექსტი აღებულია ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის წიგნიდან, ისაკ ასურის სამყარო, მოსკოვი, 1998, 39.

4.  იხ. იოანე დამასკელის De Fidei Orthodoxa, I,13, PG XCIV, 853C.

5.  იხ. ვლადიმერ ლოსკი, The Mystical Theology of the Eastern Church, Cambridge, J. Clarke, repr. 1991, 112.

6. სტიქირა ‘უფალო ღაღადჰყავ’-ზე აღებულია ინგლისური გამოცემიდან: The Holy Office of Vespers by Gerasimos, a monk of Little Saint Anne’s on the Holy Mountain, translated into English by Spencer T. Kezios, protopresbyter.

7. ეკლესიის მამების სწავლებაში განღმრთობის საკითხისთვის საკვანძოდ მიჩნეულია რამდენიმე ბიბლიური პასაჟი: ფს. 81:6, დაბ.1:26-7, რომ.8:29, 1კორ.15:49, 2კორ. 3:18, 2პეტრე 1:4. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ათანასე ალექსანდრიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა სწავლებანი.

8. Myrrha Lot-Borodine, La deification de l’Homme selon la doctrine des Peres grecs, Paris, Editions du Cerf, 1970, 21. Jean-Claude larchet, La divinization de l’homme selon Maxime le Confesseur, Paris, Cerf, 1996, 25.

9. მაქსიმე აღმსარებელი, Ambigua, PG 91, 1305B.

10. ეს აზრი ასახავს ცნობილი შვედი ღვთისმეტყველის ლარს თუნბერგის მთავარ იდეას მის ძალზე პოპულარულ წიგნში მაქსიმე აღმსარებლის ანთროპოლიგიის შესახებ, «მიკროკოსმოსი და მედიატორი». Lars Thunberg, Microscosm and Mediator : The Theological Anthropology of Maximus the Confessor (Chicago : Open Court, Second Edition 1995). ლარს თუნბერგის შესანიშნავი წიგნი, რომელსაც ხუთი ათეული წელია არ დაუკარგავს მნიშვნელობა, თავს უყრის მეშვიდე საუკუნემდე წმინდა მამების ნააზრევს ქრისტიანული ანთროპოლოგიის ურთულეს საკითხთან დაკავშირებით: ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი, ამასთანავე, იგი მიკროკოსმოსია, სამყაროს ანუ მაკროკოსმოსის ანალოგიით. მაქსიმე აღმსარებლის ქალკედონურ ქრისტოლოგიას ავტორი განიხილავს ღვთის სამყაროსთან/ მაკროკოსმოსთან მიმართებაში და ღვთის ადამიანთან/ მიკროკოსმოსთან მიმართებაში. ლარს თუნბერგი უფრო ინტუიტურად, ვიდრე კონკრეტული მასალის საფუძველზე, ამ ‘ანთროპოლოგიურ გაორებას’, სამყაროში ადამიანის განსაკუთრებულ როლს, მედიაციას უწოდებს. (რასაკვირველია, წმინდა მამების ნააზრევში ხაზი ადამიანის განსაკუთრებული ფუნქციის შესახებ სამყაროში არაერთგზის დასტურდება, მაგრამ მედიაციის ენა თუნბერგს ეკუთვნის.) თუნბერგის მითითებით, მაქსიმე აღმსარებელი ადამიანისა და სამყაროს ხსნის გზას ხედავს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ბუნებისა და ქრისტეში მისი ასკეტური ცხოვრების წიაღში. ცხადია, თუნბერგის იდეა ადამიანის მედიაციის შესახებ დამაჯერებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანის განსაკუთრებული ფუნქცია, თუ გნებავთ მისი მედიაცია სამყაროში, მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი: მხოლოდ აქ ხორციელდება განღმრთობა, ეკლესიის წიაღში, რომელიც აღმდგარი ქრისტეს სხეულია.

11. გრიგოლ ღვთისმეტყველი, Oration 45 on Easter, PG 36, 632A.

12. ეს დებულება, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდბლური სწავლების სიღრმისეული შრეების გამოვლენას მოუწოდებს, სტატიის ავტორის აზრით, სიფრთხილეს  მოითხოვს. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მართლმადიდბლური სწავლება გამზადებულ პასუხებს გვთავაზობდეს. საქმე ეხება ამ სწავლების ინტერპრეტაციას დღვანდეელობასთან მიმართებაში, ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით. სწორედ ესაა ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობა, რომ ნებისმიერ დროში ადეკვატურად უპასუხოს ეპოქის გამოწვევებს. 

13. სტატიის ავტორის აზრით, ეს ახალი გზა მიუთითებს, რომ აუცილებელია ყოველ ეპოქაში ადეკვატურად შეიმეცნებოდეს ქრისტიანული ტრადიცია.

14. იხილეთ პატრიარქ ბართლომეს მიმართვა 1994 წლის 1 სექტემბერს.

15. გარე სამყაროს მიმართ გამოყენებითი დამოკიდებულების გარდა, დღევანდელი ცივილიზაციის უკიდურესი ინდივიდულიზმიც ღვთის ქმნილებისგან გაუცხოების ჭრილშია დასანახი.

16. საშობაო ტროპარი.

17. კონსტანტინოპოლის პატრიარქ დემეტრიოსის მიმართვა 1989 წლის 1 სექტემბერს.

18. მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის გამოსვლიდან ეგეოსის ზღვის სიმპოზიუმზე 1995 წელს. 

19. Orthodox Perspectives on Creation : Report of the WCC Inter-Orthodox Consultation, Sofia, Bulgaria, October 1987, par.46. 

20. მწუხრის ლოცვიდან სტიქირა ფს. 79/80 :15.

21. მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასის ზემოთხსენებული გამოსვლიდან.