ლექცია ლონდონის წმინდა მიქაელის ეკლესიაში

11 მარტს ლონდონში ვიყავი მიწვეული ლექციით. ლონდონის სიტიში მდებარე წმინდა მიქაელის (St Michael in Cornhill) ეკლესიაში მისმა ახლადდანიშნულმა რექტორმა ეპისკოპოსმა სტივენ პლატენმა გადაწყვიტა, კემბრიჯის თეოლოგიურ ფედერაციასთან თანამშრომლობით,  განაახლოს სადიდმარხვო ლექციების ტრადიცია, რომლითაც ეს ეკლესია ცნობილი იყო წინა საუკუნეში. ოთხი კვირის მანძილზე ოთხ მოწვეულ ლექტორს მოეთხოვება ნებისმიერი საკითხის გარშემო მსჯელობა მოცემული თემის ფარგლებში. ეს თემა გახლავთ რწმენა და ქალაქი, რაც ჩემთვის ორმხრივ საინტერესო აღმოჩნდა: ერთი, რომ ეკლესიის როლი საზოგადოებრივ სფეროში ჩემთვის აქტუალური თემაა, მეორეც, წმინდა საყდართან ურთიერთობამ ამ უკანასკნელი რვა თვის მანძილზე დამანახა, რომ პაპი ფრანცისკეს მცდელობა კათოლიკე ეკლესიის მიმართ იმასაც მოასწავებს, რომ ეკლესიას გარანტირებული ჰქონდეს ადგილი საზოგადოებრივ სივრცეში. აქედან გამომდინარე,  ჩემი ლექციის თემა გახლდათ “ეკლესია საზოგადოებრივ სივრცეში პაპი ფრანცისკეს რეფორმების ფონზე”.

St Michael in Cornhill

მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის, როდესაც ინგლისის ეკლესიის მოწვევით ვარ, მადლიერებას გამოვხატავ წმ. ანდრიას ანგლიკანური ფონდის მიმართ, რომელმაც ჩემი ოქსფორდში სწავლა დააფინანსა და საშუალება მომცა, მეუფე კალისტე უეარის მოწაფე გავმხდარიყავი. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. ეპისკოპოსი სტივენ პლატენი იმ დროს კენტერბერიის არქიეპისკოპოსის მრჩეველი იყო ეკლესიათაშორის ურთიერთობებში და წმ. ანდრიას ფონდის ერთ-ერთი მესვეური. მოკლედ, ჩემი მადლობა მასაც ეხებოდა. (საინტერესო დეტალია, რომ ამჟამად სტივენ პლატენი რომში არსებული ანგლიკანური ცენტრის მმართველი ბორდის დირექტორია.)

საუბრის დასაწყისში მსმენელი გავაფრთხილე, რომ გაეთვალისწინებინათ ჩემი პიროვნული ბაზისი: ქართველი მართლმადიდებელი 13 წლიანი პროფესიონალური გამოცდილებით ეკლესიათაშორის ურთიერთობებში, ხოლო ამ ეტაპზე ჩემი ქვეყნის ელჩი წმინდა საყდართან. ვფიქრობ, სხვადასხვა კონტექსტებში სწავლისა თუ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანს რწმენისა თუ საეკლესიო მოვლენების რაციონალურად შეფასების მეტ საფუძველს აძლევს და იმ ემოციურ ფონს, რაც ისტორიული მეხსიერების გამო შეიძლება არსებობდეს, ნაწილობრივ მაინც გადაფარავს.

როგორც ვფიქრობდი, ისეც მოხდა: აუდიტორიაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მიუკერძოებული ხედვა ვატიკანში მიმდინარე მოვლენებისა და აღფრთოვანება იმით, რასაც პაპი ფრანცისკე ეკლესიისთვის ცდილობს. ორიოდე ანგლიკანისთვის კათოლიკე ეკლესიის მხოლოდ ის უარყოფითი ფაქტები იყო მნიშვნელოვანი, რომელთაც მედია, ხშირად, ხალისიანად ავრცელებს, ხოლო  საეკლესიო ცხოვრების წიაღში მიმდინარე საინტერესო სიახლეებს  უგულებელჰყოფს.

გამიხარდა, რომ დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ინტერესით მოისმინა წმინდა საყდარში მიმდინარე მოვლენების ჩემეული ხედვა და საინტერესო შეკითხვებიც დაისვა.

მოკლედ მოგახენებთ, რა საკითხებს შევეხე.

ეკლესიის საზოგადოებრივ სივრცეში არსებობა და ფუნქციონირება პოლიტიკური თეოლოგიის სფეროა. საერთოდაც, ვიზიარებ იმ ღვთისმეტყველთა აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ ეკლესია ყოველთვის გარკვეულ პოლიტიკურ თეოლოგიას მისდევს და ახორციელებს, საქმე ისაა, როგორ შესაბამისობაშია იგი არსებულ პოლიტიკურ კლიმატთან.  რასაკვირველია, ეს ვრცელი თემაა, მაგრამ სწორედ პოლიტიკური თეოლოგია განსაზღვრავს დიდწილად საზოგადოებრივ სივრცეში ეკლესიის როლს.

როგორ შეიძლება მოხვდეს ეკლესია საზოგადოებრივი აზრის ეპიცენტრში დემოკრატიული მმართველობის პირობებში? ეკლესია, საკუთარ სწავლებაზე დაყრდნობით, დემოკრატიული მმართველობის პროცესში ჩართული ერთ-ერთი აგენტია. ეკლესიის ხმას საზოგადოება უსმენს და ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ავთენტურობა-შენარჩუნებულია ჩართული. მოდერნიზმის პირობებში ეს იოლი არაა. დღეს, სეკულარიზმისა და პოსტ-პოსტმოდერნიზმის პირობებში, ეკლესიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამგვარი ჩართულობა მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეკლესიას მოეთხოვება გარე სამყაროს ცვალებადობის მძაფრი შეგრძნება და საჭიროების შემთხვევაში ამ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, ხოლო  ეს უკანასკნელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის ბუნებასა და მისიასთან.

ცხადია, პაპი ფრანცისკეს რეფორმებს ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით არ იზიარებს, თუმცა ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ეს რეფორმა ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების მიერ შემუშავებული პროგრამის გაგრძელებაა, ხოლო თავად პაპის მოწოდებები შესაბამისობაშია მისი წინამორბედების, იოანე XXIII, პავლე VI, იოანე პავლე II, ბენედიქტე XVI-ის ღვთისმეტყველებასთან. ის, რაც პაპი ფრანცისკეს ღვთისმეტყველებაში ყველაზე რეფორმისტულადაა მიჩნეული, პრინციპში, ყველაზე მეტად ტრადიციულია, კერძოდ, მისი გზავნილების სახარებითა და წმინდა მამების სწავლებით გაჯერებულობა, ანუ როგორც კარდინალი კასპერი იტყვის, “რადიკალური ევანგელიზმი”.

პაპი ფრანცისკეს “რადიკალური ევანგელიზმის” ერთ-ერთი ნიშანია ეკლესიის მეტი გახსნილობა, დაკარგული ცხოვარის შინ დაბრუნება, მათ მოსანახად გარეთ გასვლა, გზააბნეულთათვის წყალობის გაცემა. ცხადია, თუ ეკლესიამ კარი უფრო ფართოდ გააღო და თავისი ზრუნვა უწილადა სულიერ სიმწირეში მყოფ ადამიანებს, გაიზრდება იმათი რიცხვი, ვინც მას გულისყურით მოუსმენენ და მის სიტყვებს გაითვალისწინებენ. ეკლესიის მიერ კარის ფართოდ გაღება, ჭეშმარიტად, ემსახურება ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებრივ სივრცეში.

15 თებერვლის საკვირაო წირვა


კვირას, 15 თებერვალს, წმინდა პეტრეს ტაძარში საკვირაო წირვაზე საგანგებოდ აღინიშნა წინა დღის მნიშვნელოვანი მოვლენა.

14 თებერვალს რომის კათოლიკე ეკლესიამ 20 ეპისკოპოსი აღავლინა კარდინალის ხარისხში. ახალი კარდინალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანდნენ რომს, მათ შორის მხოლოდ ორია იტალიიდან. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ საკვირაო ქადაგებაში პაპი ფრანცისკე მიმართავს ახალ კარდინალებს და მათ შემდეგი სიტყვებით მოძღვრავს:

“არა მხოლოდ მათ გაუღეთ კარი და სახარებისეული ძალისხმევით დახმარების ხელი გაუწოდეთ, ვინც თქვენს კარზე დააკაკუნებს, არამედ გარეთ გადით, რათა შიშისა და ცრურწმენის გარეშე ეძიებდეთ <ეკლესიისგან> შორს მყოფთ და უსასყიდლოდ გაუნაწილეთ მათ ის, რაც ჩვენც უსასყიდლოდ მიგვიღია. ‘ვინც ამბობს, რომ მასში <ქრისტეში> რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.’ (1იოანე 2:6) ჩვენი ნიშანთვისებაა სხვათა მსახურებისთვის სრული გახსნილობა/ღიაობა.”

აგერ უკვე ორი წელი გახდება, რაც ხშირად ისმის პაპი ფრანცისკეს ეს სიტყვები ეკლესიის მსახურთა მიმართ: ნუ დარჩებით ეკლესიის კედლებში, გარეთ გამოდით და თავად მონახეთ, ვისაც დახმარება ჭირდება. ამ დამოძღვრის მეორე მხარეა, ეკლესიის კარის უფრო ფართოდ გაღება, ქრისტემიერი სიყვარულისა და თანაგრძნობის უხვად გაცემა. კვლავაც შიშისა და ცრურწმენის გარეშე.

პაპი ფრანცისკეს მსგავსი გზავნილები რადიკალურად სახარებისეულია და ამიტომაც, ყველა ქრისტიანისთვის ახლობელია.

15 თებერვლის საკვირაო საკითხავებია: ძველი აღთქმიდან ლევიანების მე-13-ე თავის ის მუხლები, სადაც კეთროვანთა უწმინდურობასა და მათ განცალკევებით დასახლებაზეა საუბარი (1-2; 44-46.), პავლეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან მუხლები (10:31-33; 11:1), სადაც პავლე მოუწოდებს: “ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ეკლესიას. ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე ქრისტესი.” ხოლო მარკოზის სახარების საკითხავში იესო განწმენდს კეთროვანს და განკურნებულს ეუბნება, რომ მოსეს ბრძანების მიხედვით, შესაწირი გაიღოს განწმენდისთვის (1:40-45). პაპმა ფრანცისკემ იესოს თავისუფალი ქცევა, კეთროვნის განკურნება მოსეს სჯულის საწინააღმდეგოდ, და მოციქული პავლეს სიტყვები, ქრისტეს მივბაძოთო, ეკლესიის მსახურების პასუხისმგებლობასთან დააკავშირა და ასე დამოძღვრა ახალი კარდინალები.

იესოს ქმედება გარიყულთა, განდევნილთა რეაბილიტაციას და ინტეგრაციას გვასწავლისო, ბრძანებს პაპი ფრანცისკე. ხოლო, საღვთო “ლოგიკით”, ეკლესია უნდა ეცადოს, არა მხოლოდ დაიბრუნოს გზააბნეული ცხოვარი, არამე თავად გავიდეს მის მოსაძებნად და დახმარების ხელი გაუწოდოს. კეთროვანთა მიმართ თანაგრძნობა განსაზღვრავს იესოს ამ კონკრეტულ ქმედებასო, თანაგრძნობა, რათა გარიყულნი აღადგინოს.

“იესო არ შეუშინდა სკანდალს, მან არ იფიქრა შეზღუდული გონების მქონე ადამიანებივით, ვისთვისაც სკანდალურია ნებისმეირი ქმედება, რაც მათი გონებრივი თუ სულიერი ჩარჩოს გარეთაა, ან ნებისმიერი ზრუნვა თუ სინაზე, რაც არ ემთხვევა მათ ჩვეულ აზროვნებასა და რიტუალურ სიწმინდეს. იესოს სურდა გარიყულის აღდგენა, მათი ხსნა, ვინც ბანაკს გარეთ იმყოფებოდა.”

პაპის ეს ქადაგება ეხმიანება კათოლიკე ეკლესიის იმ რეფორმებს, რომლის გატარებასაც იგი ცდილობს: ეკლესიამ ფართოდ გაუღოს კარი იქ შესვლის მსურველთ და სიყვარულით მიეგებოს მათ. “სიყვარული ვერ იქნება ნეიტრალური, ინდიფერენტული, ნელ-თბილი, ან ობიექტური. სიყვარული გადამდებია, რისკზე წამსვლელია და მომცველია. ჭეშმარიტი სიყვარული დაუმსახურებელია, უპირობო და უსასყიდლოა,” მიმართა პაპმა ფრანცისკემ ახალ კარდინალებსა და კათოლიკე მრევლს 15 თებერვლის წირვაზე.

ძვირფასო თანამემამულეებო,

რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის წარგზავნილი აღმოვჩნდი ვატიკანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა, მაგრამ ამ მოცულობისთვის შეუსაბამოდ დიდი ავტორიტეტის მატარებელ სახელმწიფოში.

ადამიანისთვის, რომელსაც ღვთისმეტყველის პროფესიული გამოცდილება აქვს, თანაც ეკლესიათა შორის საღვთისმეტყველო დიალოგის გამოცდილება, ვატიკანში ყოფნა ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით დღეს.

უნდა ითქვას, რომ პაპი ფრანცისკეს ეკლესიოლოგია და პასტორალური ღვთისმეტყველება ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისთვის, არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ახლობელიც. ახლა, როცა უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც აქ ვარ, სურვილი გამიჩნდა, ზოგიერთი რამ სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ეს სხვები კი ჩემი თანამემამულეები ბრძანდებით. თუ საინტერესოდ მოგეჩვენოთ ჩემი მცირე მონათხრობი, გამიხარდება. თუ დასაძრახად მოგეჩვენოთ, შემინდეთ, მაგრამ უარყოფითად ნუ გამჟღავნდებით მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბლოგი ერთადერთ მიზანს ემსახურება: ქართულად გააჟღეროს სხვა ენაზე, სხვა კულტურის წიაღში ჩამოყალიბებული აზრები ღვთისმოსავობის, ღვთის სიყვარულისა და მშვიდობისა შესახებ.

ვეცდები გარკვეული ინტერვალით გაგიზიაროთ აქაური ამბები.