ერთი კვირით ადრე, წმინდა საყდრისა და მოსკოვის საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 თებერვალს პაპი ფრანცისკე შეხვედება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს. ერთობლივი კომუნიკეში ნათქვამია: ‘წმინდა საყდარსა და მოსკოვის საპატრიარქოს პატივი აქვთ მოგახსენოთ, რომ მისის ყოვლად უწმიდესობა პაპი ფრანცისკე და მისი უწმიდესობა მოსკოვის პატრიარქი კირილე შეხვდებიან 12 თებერვალს. მათი შეხვედრა განხორციელდება კუბაში, სადაც მექსიკაში მიმავალი პაპი შეჩერდება, ხოლო პატრიარქი იქ ოფიციალური ვიზიტით იქნება. ჰავანის ხოსე მარტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მათ შორის შედგება პირადი საუბარი, რომელიც დასრულდება საერთო განცხადებით. კათოლიკე ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ შეხვედრისთვის დიდი ხნის მზადების შემდეგ, განხორციელდება პირველი ისტორიული შეხვედრა, რომელიც ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. წმინდა საყდარი და მოსკოვის საპატრიარქო, აგრეთვე, იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველა კეთილმოსურნე ადამიანისთვის იმედის ნიშანი და მოუწოდებენ ყველა ქრისტიანს, ილოცონ, რათა ღმერთის კურთხევით ამ შეხვედრამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს.’
საერთო განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ასახავს, კერძოდ, პაპი სპეციალურად ამ ‘არაფორმალური’ შეხვედრისთვის შეჩერდება ჰავანის აეროპორტში, თავად კუბის კუნძული, ისევე, როგორც აეროპორტი, მიუთითებს ამ შეხვედრის სიმბოლური მნიშვნელობაზე. ასევე, საყურადღებოა, რომ არაოფიციალური გარემოს მიუხედავად, ორი ეკლესიის ლიდერი, პირველად ისტორიაში, ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებაზე, როგორც კომუნიკე გვპირდება.
ეკლესიების მიერ კომუნიკეს გამოქვეყნებას იმავე დღეს მოყვა ოფიციალური კომენტარი ორივე ეკლესიიდან, დომინიკანელი მღვდლის ჰაიაცინტ დესტიველისა, რომელიც პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოში სლავურ ეკლესიებს კურირებს (სხვათა შორის, ასევე პასუხისმგებელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაზე) და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის. ინტერვიუებში შეიმჩნევა რამდენიმე პარალელური ხაზი, მათ შორის, მთავარი და მეორეხარისხოვანი თემების ჩამონათვალი. შეხვედრის არაფორმალური ხასიათის მიუხედავად, წმინდა საყდარი და მოსკოვის საპატრიარქო იმედოვნებენ, რომ ეკლესიის ლიდერები განაცხადებენ ერთობლივ პოზიციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანთა დევნა ახლო აღმოსავლეთსა და საერთოდ მსოფლიოში, ასევე, სიცოცხლის დაცვის, ქორწინებისა და ოჯახის სამოძღვრო საკითხები.
ეკუმენური ურთიერთობის კუთხით, ეს საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში, როგორც ჩანს, ქრისტიანთა დაცვის გეოპოლიტიკური საკითხია,
საინტერესოა წმინდა საყდართან რუსეთის ელჩის რუსეთის საინფორმაციოსთვის მიცემული განცხადება, რომ ეს ფაქტი ‘ამტკიცებს რუსეთის როლს მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, განსაკუთრებით მიმდინარე სანქციების ფონზე’.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა საყდარი საკუთარ ჩართულობას საერთაშორისო თანამეგობრობაში ასაბუთებს მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. წმინდა საყდარი ყოველთვის მშვიდობიან გამოსავალს ეძებს და არასდროს ამართლებს საომარ აგრესიას. ამ მხრივ, საინტერესოა, თუ რა შედეგით დასრულდება საუბარი ეკლესიის ორ ლიდერს შორის. მოსკოვი საპატრიარქოს როლი უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით, რბილად რომ ითქვას, გაურკვეველია. ეს საომარ აგრესიას ეხება, ხოლო რაც შეეხება საეკლესიო იურისდიქციის საკითხს, მოსკოვის საპატრიარქო ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს მის კანონიკურ ტერიტორიაზე, ანუ დამოუკიდებელ უკრაინაში, სხვა იურისდიქციის არსებობას. ვფიქრობ, ეს საკითხი გადამწყვეტი აღმოჩნდა მოსკოვისთვის (ამდენად, შესაძლოა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებზეც იქონია გავლენა) ივნისში დანიშნულ საერთო მართლმადიდებლურ სინოდში მონაწილეობის მისაღებად.
საინტერესოა, ოფიციალურ განცხადებებში ორივე ეკლესია აღიარებს, აღმოსავლური წესის კათოლიკეების საკითხი იმდენად მტკივნეულია, რომ ეკლესიებს შორის რეალურ დაახლოებაზე საუბარი ამ პირობებში შეუძლებელია. მოსკოვის მხარე, კვლავ, ასახელებს გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოყოლებულ პრობლემებს, როგორც ამ ეტაპისთვის გადაუჭრელს.
უკრაინის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა საყდრისთვისაც და მოსკოვის საპატრიარქოსთვისაც. ცხადია, რომ მოსკოვი მოქმედების ახალ გზებსა და ახალ ძლიერ მოკავშირეებს ეძიებს. არაერთი უკრაინელი ექსპერტის მიერ გამოითქვა იმედი, რომ პაპი არსებული პრობლემების მთელი სისავსით აღქმას მოახერხებს, მიუხედავად მოსკოვიდან წამოსული თანადგომის დიდი სურვილისა და წმინდა საყდრისთვის დიდი ხნის სურვილის ასრულებისა.
რუსი ჟურნალისტი, ათეისტი, წერს: იმედია, ამ შეხვედრის შედეგი უფრო მეტად ეკლესიებს წაადგებათ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს.