ლიბერალური დემოკრატიის გამოფხიზლების შანსი

იანვრის შუა რიცხვებში, მასაჩუსეტსის კოლეჯში გზად მიმავალი, ნიუ-იორკში ჩავფრინდი. საზღვარზე, რასაკვირველია, უამრავი დეტალური შეკითხვა დამისვა კეთილგანწყობილმა მესაზღვრემ, მათ შორის მეკითხებოდა, რა უნდა ასწავლოო. ჩემი მოწვევის წერილში ეწერა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის პროგრამით ვიყავი მიწვეული, ამიტომ აღარ ჩავეძიე დეტალებს, რომ რელიგიისა და პოლიტიკის ამბები-მეთქი და მარტივად ვუპასუხე, პოლიტიკა. მაშინვე კი მივაყოლე, არა ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის. მესაზღვრემ თან პასპორტი გამომიწოდა, ნიშნად, უკვე შიგნით ხარო, თან კითხვა მოაყოლა, ამერიკელი რომ იყო, ხმას ვის მისცემდიო. მე ვუთხარი, რომ ყოველთვის დემოკრატი ვიქნებოდი. გავუღიმეთ ერთმანეთს, თუმცა უკმაყოფილება შევატყვე. კოლეჯში ჩემს კოლეგებს ეს ეპიზოდი რომ ვუამბე, გაოცდნენ, როგორ გაბედა ასეთი შეკითხვის დასმაო. მასაჩუსეტსის კოლეჯი , სადაც მე ოთხი თვის ნაცვლად, ორი თვე დავყავი (პანდემიით შეშინებულმა ორ თვეში სახლისკენ მოვკურცხლე), ასპროცენტიანად დემოკრატი იყო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდს დაემთხვა მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობის ამბები, რასაც პროფესორ-სტუდენტიანად ყველა თვალს ადევნებდა. ამაზე ერთად მსჯელობდნენ და კამათობდნენ. ძალიან საინტერესო იყო დაკვირვება, როგორ ყალიბდებიან ამერიკელი სტუდენტები ადრეული ასაკიდანვე ‘პოლიტიკურ’ მოქალაქეებად.

ამერიკელი სტუდენტების აბსოლუტური უმეტესობა, ვისთანაც მე პირდაპირი შეხება მქონდა ან დებატებში ვუსმენდი, ბერნი სანდერსს უჭერდა მხარს, მის რადიკალურად ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპებს. ერთი-ორჯერ მოკრძალებულად, უცხოელის პოზიციიდან გავუზიარე ჩემი აზრი, რომ ამერიკის დემოკრატიული პარტია ჯერ არაა მზად ბერნი სანდერსის გამარჯვებისთვის, იმ სოციალური ძვრებისთვის, რომელიც ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას თავდაყირა დააყენებს-მეთქი. სტუდენტებს კი უნდოდათ, რომ ბერნი სანდერსს გაემარჯვა. როგორც ამ დღეებში გამოჩნდა, ბერნი სანდერსის და ელიზაბეთ უორენის მემარცხენეობას აცდენილი, ჯო ბაიდენის ცენტრისტული პოლიტიკის გულშემატკივრობაც კი  არ ყოფილა იოლი.  იმედია, 2020 წლის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ამერიკის დემოკრატებს  შეაგულიანებს, რომ, სამომავლოდ,  ახალი თაობის მოთხოვნებისთვის მოემზადონ.

რას ნიშნავს დემოკრატების მმართველობა ჩვენთვის? ფაქტია, რომ პარტიული უთანხმოება არასდროს ასახულა აშშ-ის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო საქართველო წარმოადგენს ხოლმე, ვიდრე ამერიკული ორპარტიულობა.

ყველა ნიშნის მიხედვით, ჯო ბაიდენი, გამოცდილი დემოკრატი პოლიტიკოსი, ხელს შეუწყობს მრავალფორმატიან საერთაშორისო თანამშრომლობას, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, არ შეეპუება დიდი პოლიტიკური მოთამაშეების მხრივ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევის მცდელობას. რუსეთს, მაგალითად, არც ეს აწყობს და არც ის, რომ ამ ადმინისტრაციისგან მოსალოდნელია თანმიმდევრული ქმედებები და რიტორიკა, ნაკლებადაა მოსალოდნელი იმპულსური ნაბიჯების გადადგმა, დაუბალანსებელი შეფასებები ცალკეული პიროვნებებისა თუ მოვლენების შესახებ. გამოცდილი დემოკრატი პოლიტიკოსისგან თანამშრომლები თუ კოლეგები მოელიან საკუთარი ადმინისტრაციის პატივისცემას, გუნდთან ერთად მუშაობას.

ბაიდენი პრიორიტეტულად მიიჩნევს ლიბერალური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხს, როგორიცაა კლიმატური პირობებისთვის თვალის გასწორება, პარიზის ხელშეკრულების ხელმომწერთა ჯგუფში დაბრუნება. ეს, სხვა თუ არაფერი, სიცოცხლეზე, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვად ითარგმნება.

ახალი ადმინისტრაციის პირველი დიდი გამოცდა პანდემიასთან გამკლავება იქნება. ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავება ურთულესია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდი ნაწილი იმითაც იქნება კმაყოფილი, თუ სახელმწიფო ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შემუშავებულ რჩევებს გაითვალისწინებს და არსებულ სიტუაციას რეალისტურად წარმოადგენს. პოლიტიკოსებს ისედაც ბევრი მითის მოგონება უწევთ ხოლმე. უმჯობესია, ეს მითები არ ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობას.

საერთაშორისო კონფერენცია Laudato Si’-ის სამი წლის თავზე

Laudatosiconference2018
5-6 ივლისს, ვატიკანში, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის თაოსნობით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი 2015 წლის ზაფხულში გამოცემული პაპის ენციკლიკის Laudato Si‘-სადმი. ქართველი მკითხველისთვის, ყოველ შემთხვევაში ამ ბლოგის მკითხველისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ წმინდა საყდარმა Laudato Si‘-ის მეშვეობით სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში. Laudato Si‘-მ, ფაქტობრივად, თავი მოუყარა წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვენელოვან საკითხებს – მიგრაცია, სიღარიბე, ყოველი ადამიანის ღირსების დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა – და ეს საკითხები, “ინტეგრალური ეკოლოგიის” სახელით, კლიმატური ცვლილებების ჩარჩოში მოიაზრა.

Laudato Si‘-მ, ბოლო სამი წლის მანძილზე, საერთაშორისო სამეცნიერო, თუ საღვთისმეტყველო საზოგადოების გაერთიანებასაც შეუწყო ხელი და კათოლიკე ეკლესიაში აზრთა დაპირისპირებასაც. ვისთვისაც პაპი ფრანცისკეს მოდერნისტულ-რეფორმისტული განწყობა მიუღებელია, ვისთვისაც ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური თანასწორობა და კლიმატური კატასტროფისგან დედამიწის დაცვა, ცხადია, Laudato Si‘ მათ პრობლემებს უქმნის. სტატისტიკური მონაცემებისთვის გვერდის ავლით, Laudato Si‘-სთან და ზოგადად, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩემეული ხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ Laudato Si‘-ის როგორც კათოლიკე ეკლესიაში, ასევე მის გარეთაც ძალიან ბევრი ადამინი თანაუგრძნობს, ხოლო ამ ბოლო ხანს დიდი კორპორაციებიც ცდილობენ მას თავისი ხმა შეაწიონ. ეს მოკლე შესავალი იმას ემსახურება, რომ მოვაყოლო: Laudato Si‘ პაპი ფრანცისკეს ეპოქის ჰიტ-ია, მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.

5-6 ივლისის კონფერენციის მონაწილეებს პაპი ფრანცისკე მიესალმა გზავნილით, რომელშიც მისი პონტიფიკატის მნიშვნელოვანი თემებია ჩამოთვლილი: ფრანცისკე ასიზელისთვის უფლის გამოცხადება სიტყვებით, “წადი და შეაკეთე ჩემი სახლი, რომელიც, როგორც ხედავ, ნანგრევებად ქცეულა”; ინტეგრალური ეკოლოგია; მეცნიერთა მიერ მოპოვებული ფაქტები კლიმატური ცვლილებების ანთროპოგენურ წარმოშობაზე; პარიზის 2015 წლის შეთანხმება; 12-14 სექტემბერს სან-ფრანცისკოს სამიტი გლობალურ კლიმატურ ქმედებაზე (Global Climate Action); კატოვიცეში, მომავალ დეკემბერს COP24-ის სამიტი; მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1 სექტემბრის ქმნილების დღედ გამოცხადება; ინტეგრალური ეკოლოგიის საკითხის ერთ-ერთ მთავარ თემად გატანა მომავალ ორ სინოდზე, ახალგაზრდებისა და მკვიდრი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ამაზონის რეგიონის მკვიდრთა შესახებ სინოდებზე.

dgnlqi0x4aaxz4o_1530022198კონფერენციის მონაწილეებს პირადად მიესალმა და სამუშაო პროგრამის ერთგვარი შესავალი გააკეთა კარდინალმა პიტერ ტურკსონმა, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის ხელმძღვანელმა. ღვთის საჩუქარი ქმნილების სახით ყველა ადამიანს თანაბრად ეკუთვნის, ამიტომ “ჩვენი საერთო სახლის”, პლანეტის გადარჩენა, ყველას ინტერესებშია – კარდინალმა ტურკსონმა არსებული ვითარების სიმწვავეზე ისაუბრა და მყისიერად საერთო ძალებით ქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კონფერენციის მიმართულებაც სწორედ ეს გახლდათ, საზოგადეობის სხვადასხვა სეგმენტის ჩართვა ინტეგრალური ეკოლოგიის გააზრებასა და პრაქტიკულ განხორციელებაში. იმავე გზავნილით მიმართა საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა: კლიმატური კატასტროფის გათვალისწინებით, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა ყველგან, მკვიდრი მოსახლეობიდან ევროატლანტიკური სივრცის საზოგადოებებამდე.

თითქმის ყველა გამოსვლა – 30-ზე მეტმა ადამიანი წარდგა მოხსენებით – საინტერესო იყო, მათგან ბევრი საქმიანი და კონკრეტული. სწორედ კონკრეტული მაგალითების გაზიარებითა და სამომავლოდ პრაქტიკული ქმედებების მოაზრებით, იგი ყველაზე მეტად ეხმიანებოდა საქართველოს, გერმანიისა და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამართულ მარტის კონფერენციას, “ქმნილებების – ადამიანისა და ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის – დამახასიათებელი ფასეულობა” (რომი, პაპის “გრეგორიანის” უნივერსიტეტი, 7-8 მარტი 2018).

Laudato Si‘-ის რეგიონული გავლენისადმი მიძღვნილ პანელზე ისაუბრეს აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის, ევროპისა და ოკეანეთის მკვიდრმა ახალგაზრდებმა. მაგალითად, 16 წლის ავსტრალიელი ჯეიდ ჰამაისტერი ჩრდილოეთ პოლუსზე იყო ექსპერტებთან ერთად და კატასტროფული მდგომარეობა საკუთარი თვალით იხილა. თუ ყინულის დნობა არ შემცირდა, რადგან შეჩერება ამ ეტაპზე გამორიცხულია, 30 წლის მერე ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული აღარ იქნება. ახალგაზრდების ჩართულობა “ჩვენი საერთო სახლის გადასარჩენად”, ცხადია, ემოციურადაც დატვირთული იყო: რას უტოვებენ ზრდასრულები მომავალ თაობას? მომავალი თაობის წინაშე უფროსი თაობის პასუხისმგებლობის საკითხი რამდენჯერმე გაისმა ამ ორი დღის მანძილზე.

ბრიტანეთის კლიმატური ცვლილებების დამოუკიდებელი კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ გამერი, იგივე ლორდი დებენი, ამბობდა, რომ ადამიანებმა თავიდან უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება, გარე სამყაროსთან მიმართებიდან გამომდინარე, არა იმიტომ, რომ ამას ფილოსოფოსები გვკარნახობენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მისი მოწოდება იყო, სიხარულით მოვეკიდოთ ამ ახალ გზას, რომ მომავალში, დედამიწაზე, ადამიანებს სიცოცხლის საშუალება ჰქონდეთ.

იმავე პანელზე მარშალის კუნძულების მკვიდრმა პოეტმა კათი ჯენტილ-კიჯინერმა წაიკითხა ლექსი, რომელსაც მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ. მარშალის კუნძულები ერთ-ერთი პირველი დაიფარება წყლით მას შემდგე, რაც რამდენიმე ათეულ წელიწადში გლობალური დათბობა 1.5./2. გრადუსით გაიზრდება.

იმავე დილით, მეორე სესიის თემა იყო: “ყური მივუგდოთ დედამიწის გოდებას და ღარიბთა გოდებას”. პირველი მოხსენება გააკეთა წმინდა საყდარში სახელმწიფოებთან უთიერთობის მდივნის მოადგილემ მონსინიორ ანტუან კამილერიმ, რომელმაც ინტეგრალური ეკოლოგია სულიერი და ეკოლოგიური კრიზისიდან გამოსავალ გზად დასახა. “ინტეგრალური კრიზისის” ეპოქაა, თქვა მონსინიორ კამილერიმ, მასზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ დიალოგს იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ იგი ერთობლივად და სწრაფად.

გერმანელი პროფესორი ჰანს იოაკიმ შელენუბერი ეკოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია, პოტსდამის კლიმატური გავლენის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი სიტყვებით, დედამიწას სიმსივნე შეყრია, რომლის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მაგრამ პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია. პროფესორი შელენუბერის გამოსვლას მესამედ დავესწარი – გასულ თვეს მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გამართულ სიმპოზიუმზე მოვუსმინე – და სამივეჯერ შიშის ზარის მომგვრელი იყო მის მოხსენებაში ასახული მეცნიერულად მოპოვებული ფაქტები, რა ელის დედამიწის მოსახლეობას ცელსიუსის ორი გრადუსით ტემპერატურის მომატებისას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის შეიძლება ძალების მოკრება, რომ 2 გრადუსი 1.5-ზე დავიდეს. მან მოითხოვა, რომ დაარსდეს ე.წ. კლიმატური პასპორტი, რომელიც წყლით დაფარვის საშიშროების ზონაში მცხოვრებთ საშუალებას მისცემს ემიგრაციაში გაემგზავრონ შედარებით უსაფრთხო ზონაში, თუმცა უსაფრთხო ადგილები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

პარიზის 2015 წლის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა გაეროს კლიმატური ცვლილების კონვენციის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიცია ესპინოზამ. დოქტორი ესპინოზა მექსიკელი კარიერული დიპლომატია (მონაწილეობდა ათენის სიმპოზიუმში გასულ თვეს, რომელსაც მეც დავესწარი). დოქტორ ესპინოზამ ანტარქტიდასა და ტუნდრაში არსებულ დრამატულ პირობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს ბუნებრივი სტიქიები იზოლირებულად არ მოიაზრება. კლიმატური ცვლილების დღევანდელი მდგომარეობა აღემატება ამინდისა და ეკონომიკის სფეროს და უფრო ფართო კითხვებს წარმოშობს, როგორიცაა ზნეობა, მემკვიდრეობითობა, ადგილობრივი მმართველობა. კლიმატი მოითხოვს საყოველთაო საზოგადოებრივ ქმედებას. დღეს კლიმატური ნეიტრალიტეტის დაცვა უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მოქმედება. მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრის COP24-ის სამიტი მეტ მოთხოვნებს წაუყენებს მთავრობებს.

დღის მეორე ნახევარში გამომსვლელთაგან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა გარემოს დაცვის თემაზე მართლმადიდებლების ყველაზე უფრო ცნობილმა სპიკერმა მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან. იგი ათენის ზემოთხსენებულ სიმპოზიუმშიც მონაწილეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ზიზიულასმა ღვთის ქმნილების საკრალურობაზე ისაუბრა, ღვთისგან მოცემული ბუნების ღმერთისთვის დაბრუნებაზე; ასევე, შეეხო ღვთისგან ჩვენთვის ბოძებულის მომავალ თაობებზე გადაცემას და ამდენად, ბუნებისთვის დამახიასეთებელ მუდმივ მიმოქცევას გაუსვა ხაზი. მისი გამოსვლის ერთ-ერთი თემა იყო ტექნოლოგიების ადამიანზე ზემოქმედება, ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანის ურთიერთობა. ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედება მიტროპოლიტმა კომუნიკაციას შეადარა, ზიარების საპირისპიროდ; ზიარება ადამიანსა და მის იქით არსებულ სინამდვილეს შორის ერთადერთი ჭეშმარიტი კავშირია. ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ კომუნიკაციის უნარი აქვს და არა ჭეშმარიტი კავშირის. ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანცვლებს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას. აქვე ვიტყოდი, რომ მიტროპოლიტი არ “ებრძვის” ტექნოლოგიურ პროგრესს, მხოლოდ სიფხიზლეს ქადაგებს მისი მოხმარების მიმართ.

ამ პანელის მეორე მომხსენებლმა სრულიად სხვა პლატფორმიდან მიმართა მონაწილეებს, ბრიტანელი პროფესორი ნიკოლას სტერნი, ეკონომისტი (London School of Economics) ამბობდა, ფასეულობის გარეშე ეკონომიკა ვერ იარსებებსო. მან დადებითად შეაფასა სულიერი ლიდერების ჩართულობა კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო აქტივობებში; როგორც ეს პაპის ენციკლიკამ დაადასტურა, არცერთი პოლიტიკური ლიდერის მოწოდებას ასეთი გამომხმაურება არ მოყვებოდაო. არსებობს მეცნიერული გამოთვლები, რომელთა უგულებელყოფა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის შეცდომა იქნება. მაგალითად, მომავალი 20 წლის მანძილზე აუცილებლად უნდა შემცირდეს გაზების ემისია 30%-ით, მაგრამ ამავე პერიოდში მოსალოდნელია, ურბანული მოსახლეობის ზრდა 30%-ით. კლიმატური ცვლილებების კუთხით ინვესტიციის გაკეთება დღეს ერთადერთი გზაა მომავლისკენ: უმოქმედობის ფასი იქნება ძალიან მაღალი შედარებით დღევანდელი ქმედების ფასთან. საკითხია ისმის, ჩაიდოს თუ არა ინვესტიცია ბუნებრივ კაპიტალში?

მესამე მომხსენებლი იყო ბრიტანელ-ამერიკელი პროფესორი სელია დინ-დრამონდი, მარტის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, განათლებით ბიოლოგი და თეოლოგი. მისი მოხსენების მთავარი საკითხი იყო: რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? პროფესორმა დინ-დრამონდმა, ერთგვარად, შეაჯამა წინა ორი მომხსენებლის გამოსვლა, მენციერული კვლევით მოპოვებულ მასალას ფილოსოფიური საფუძველი მისცა და საზოგადოების სხვადასხვა დონეზე აუცილებლად მიიჩნია გამჭრიახობა/Discernment, დღეს განვითარებული იმ დრამატული მოვლენის ფონზე, რასაც სახეობების გადაშენება ჰქვია.

კონფერენციის მეორე დღეს, სრულიად გამორჩეული იყო კარდინალ პედრო ხიმენოსის, ჰიუანკაიოს მთავარეპისკოპოსის (პერუ) გამოსვლა, რომელმაც ამაზონის აუზის მკვიდრი მოსახლეობის მაგალითზე ვრცლად ისაუბრა მათი ცხოვრების წესის სიახლოვეზე ქრისტიანული სწავლებისა და კათოლიკე ეკლესიის სოციალური მოძღვრების საფუძვლებთან. როგორც წინა დღეს, აქაც გაისმა, დედამიწის მკურნალობის მიზნით, საყოველთაო ძალების გაერთიანების აუცილებლობა და მყისიერება, არა შიშითა და ძრწოლვით, არამედ სიხარულით.

გამომსვლელთა შორის იყვენენ ამერიკელი ბილ მაკკიბენი, არასამთავრობო ორგანიზაცია 350. org-ის დამაარსებელი, ფრანგული ორგანიზაციის “ფინანსური პაქტი – კლიმატი ევროპისთვის” სპიკერი პიერ ლარუტურუ, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ნორვეგიელი ერიკ სოლჰაიმი, ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის თანამშრომელი მონსინიორ აუგუსტო ძამპინი (მარტის კონფერენციის მონაწილე). კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე, მარტის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი დოქტორ ერიკ სალა, ოკეანეთის მკვლევარი და მისი დამცველი. ვატიკანში მონაწილეთა შორის იყო გარემოს დაცვის ერთ-ერთი მძლავრი ფონდის, ლეონარდო დი კაპრიოს ფონდის დირექტორი მედიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კარლ ბურკარტი. კონფერენციის დასასრულს, საელჩოს სახელით სავახშმოდ მივიწვიე მარტის კონფერენციის სამი მონაწილე, პროფ. სელია დინ-დრამონდი, დოქტორ ერიკ სალა, დოქტორ ოლივერ პუტცი და კარლ ბურკარტი. ძალიან საინტერესო იყო მათ მიერ იმის აღიარება, რომ მარტის კონფერენციამ ყველა ეს საკითხი გააშუქა და მსჯელობა უფრო მიზნობრივად წარმართა, იმდენად, რომ, თემების გადაფარვას ადგილი არ ჰქონია. ერიკ სალამ ისიც თქვა, რომ ჩვენმა კონფერენციამ, ფაქტობრივად, დააკავშირა იგი წმინდა საყდართან, რადგან იგი თავს რელიგიურად არ მოიაზრებს. Laudato Si‘-ის ყველაზე დიდი პარადოქსი კი სწორედ ესაა, რომ ენციკლიკამ შეძლო ხმა ეკლესიის მიღმა მიეწვდინა და გარემოს დაცვის ექსპერტები თუ აქტივისტები გაეერთიანებინა. თავად კათოლიკეები არასდროს მალავენ იმ ფაქტს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ინიციატივა გარემოს დაცვის ხაზით პირველმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აიტაცა და სერიოზული წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მიუხედავად საერთაშორისო ჩართულობისა ეკოლოგიის ხაზით (კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს “მწვანე” პატრიარქსაც უწოდებენ, 2002 წელს ეკოლგოიური პრემიაც აქვს მიღებული ნეორვეგიაში – Sophia Prize), როგორც ჩანს, წმინდა საყდარს სიტყვის საქმედ ქცევის სხვა მექანიზმი გააჩნია. მართლამდიდებლები ამას ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ, კათოლიკეებთან კონკურენციაში შესვლის გარეშე. კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლება კათოლიკეებს საზოგადო საკითხებთან შესაჭიდებლად ზურგს უმაგრებს. იმედს არ ვკარგავ, რომ მართლმადიდებლები, ერთ დღეს, ერთმანეთთან გულწრფელ და ყოვლისმომცველ დიალოგს გამართავენ, რაც ბუნებრივად მიიყვანს მათ სინოდალურ დონეზე სოციალური სწავლების ჩამოყალიბებამდე.

5-6 ივლისის კონფერენციის შედეგი ისაა, რომ კათოლიკე ეკლესიის მიერ სამეცნიერო, პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური აქტივისტების (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მის სინონიმს ვერ ვპოულობ), ძალიან ფართო წარმომადგენლობითობითობა ხმას უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენს, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ასევე, პოლიტიკოსებს და ზოგადად გადაწყვეტილელების მიმღებთ. კლიმატური კატასტროფა ცხადზე ცხადია, ადამინის გავლენა გლობალურ დათბობაზე 95%-ს შეადგენს, მხოლოდ 5% მოდის ბუნებრივი მიზეზების წილ, 2 გრადუსით დათბობა ადამინის სიცოცხლისთვის და პლანეტის ფუნქციონირებისთვის დამანგრეველია, რის საწინააღმდეგოდ სწრაფი მოქმედება აუცილებელია, გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე დაყვანა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს.

თავის შემაჯამებელ სიტყვაში კარდინალმა ტურკსონმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა გამომსვლელმა, აღნიშნა მყისიერი ქმედების აუცილებლობა: როგორც მთვარეზე გაფრენა გახდა შესაძლებელი ამ საკითხზე შვიდწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ადამიანისთვის არც კლიმატის ცვლილების დაკონსერვება და მოსალოდნელი დათბობის შემცირებაა შეუძლებელი. ამას ესაჭიროება ადამიანის ნება და თავდადება.

გერმანული კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე კლიმატის ცვლილებასთან შებრძოლებას 1.115 მილიარდი ევროს ინვესტიცია ესაჭიროება.

კლიმატური ცვლილება, ომისა და კონფლიქტის, მაშასადამე, მიგრაციისა და სიღარიბის, ადამიანისთვის ღირსებამოკლებული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული.

მართალია, ივნისის მოვლენებზე თავში უნდა მეთქვა, მაგრამ აქ ვიტყვი. 5-7 ივნისს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ჩატარდა მეცხრე სიმპოზიუმი გარემოს დაცვის საკითხებზე სათაურით: “მწვანე ატიკისთვის, პლანეტის გადასარჩენად და მის მკვიდრთა დასაცავად”. სიმპოზიუმი გაიხსნა აკროპოლისის მუზეუმის დარბაზებში, ხოლო მომდევნო ორ დღეს სხდომები ჩატარდა კუნძულ სპეცისა და კუნძულ ჰიდრაზე. ამ სიმპოზიუმის სულისჩამდგმელი გახლდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერი გარემოს დაცვის საკითხებზე, დიაკვანი, ცნობილი თეოლოგი ჯონ ქრისავგისი, რომელიც, ასევე, მარტის კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, კარდინალ ტურკსონის, პროფესორ დინ-დრამონდისა და ერიკ სალას გვერდით.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თავის მიმართვაში აღნიშნა საზოგადო სიკეთისთვის საერთო ძალების მოკრებით ქმედების აუცილებლობა. ამ კუთხით, პაპის ენციკლიკის მნიშვნელობაც ახსენა, ადამიანთა უფლებების დაცვის უნივერსალური დეკლარაციაც, მართლმადიდებლური სწავლებაც.

5-6 ივლისის კონფერენციაზე მონაწილეებს შორის იყვნენ ათენის სიმპოზიუმის მომხსენებლები პატრიცია ესპინოზა და ჰანს იოაკიმ შელენუბერი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და კარდინალი ტურკსონი. წელს, პირველად მივიღე მონაწილეობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სიმპოზიუმში, პატრიარქ ბართლომეს პირადი მოწვევით.

გამომსვლელთაგან მინდა საგანგებოდ აღვნიშნო ამერიკელი მეცნიერის ჯეფრი საკსის მონაწილეობა, რომელიც არც მარტის კონფერენციას ესწრებოდა და არც 5-6 ივლისის. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს მისთვის დამახასიათებელი საკითხის მძაფრი პოლიტიზირება. როგორც ცნობილი ეკონომისტი, ავტორი წიგნისა The Age of Sustainable Development – პროფ. საკსი სისტემატურად ესწრება და მონაწილეობს წმინდა საყდრის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამართულ გარემოს დაცვით კონფერენციებში. იგი ყოველთვის უკიდურესად ნეგატიურია საკუთარი მმართველობის მიმართ, ახლანდელი თუ წინა ადმინისტრაციის მიუხედავად. აქ პირველად მოვისმინე პროფ. საკსის გამოსვლა, სადაც მან აკადემიურად გამართული, არაპოლიტიზირებული და ნათლად ჩამოყალიბებული მოხსენება წაიკითხა. საკსი ლიბერალური დემოკრატიის სერიოზული კრიტიკით გამოდის, კორპორატიული კაპიტალიზმის წინააღმდეგ, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობისა და გაუმაძღარი, ხარბი ეკონომიკის ნაზავია. ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკა დღევანდელი საქართველოს სინამდვილეში წინააღმდეგობრივია. მართალია, ამ კრიტიკის შინაარსი დასავლეთის საზოგადოებისთვის სასარგებლოა და მისი ლოგიკა დასავლურ კონტექსტში გასაგებია, ჩვენთვის, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების განხორციელებამდე მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ, დემოკრატიის ნებისმიერი გამოვლინების არაკვალიფიციური კრიტიკის შედეგია, დასავლეთის ფასეულობების მიმართ ნიჰილიზმი და მათი ჩანაცვლების სურვილი პოპულიზმით, ხშირად რელიგიური ხასიათის პოპულიზმით. ამ შემთხვევაში, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაშიც, გამჭრიახობა და მოცემულობის ანალიტიკური შეფასება ერთადერთი გამოსავალია.

გამიჭირდა ამ ბლოგის უფრო პოზიტიურად დამთავრება: “ჩვენი საერთო სახლი” ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ხდება; ინტეგრალური ეკოლოგია, ცხოვრების წესის შეცვლა, ანთროპოგენური გავლენის შემცირებისთვის ინვესტიციების გაკეთება აუცილებელიცაა და სასწრაფოდ განსახორციელებელიც.

GAUDETE ET EXSULTATE

cq5dam.thumbnail.cropped.1500.844
“იხარეთ და იმხიარულეთ” (მათე 5:12), მოუწოდებს პაპი ფრანცისკეს ახალი სამოციქულო წერილი, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. წერილის მთავარ თემად მოაზრებულია სიწმინდე და წმინდანები ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების წმინდანობა.

ღვთის ძის განკაცება იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთს სურდა ისტორიაში შებიჯება. ღმერთი თითოეულ ადამიანს მოუწოდებს სიწმინდისკენ, ყოველ ადამიანს  მისთვის გასაგებ ენაზე ეურთიერთება, ამიტომ სრულყოფილებისკენ ლტოლვა არ შეიძლება იყოს ვინმეს მიბაძვა, ან გამეორება. პაპის რწმენით, უამრავი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავად აღვიქვამთ, სიწმინდის მატარებელია და ამას სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ადამიანებში სიწმინდე უშეცდომობაში კი არ უნდა ვეძიოთ, ამბობს პაპი ფრანცისკე, მათი სიცოცხლე მთლიანობაში უნდა მოვიაზროთ.

წერილში სახარებისეული ცხრა ნეტარება განმარტებულია სწორედ ყოველდღიურობის ფონზე, ყოველი ნეტარების შინაარსი უპასუხებს შეკითხვაზე, რა არის სიწმინდე?

პასუხი მარტივია. ესაა გულით სიღარიბე, თავმდაბლობა, სხვისთვის გლოვა, სამართლიანობის წყურვილი, მოწყალება, სიყვარული, მშვიდობისყოფა, ყოველდღიური სიძნელისა და გამოწვევის მიღება, უფლის ერთგულება.

მათეს სახარებაში ცხრა ნეტარებას მოსდევს იესოს მოწოდება -“იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში”.

საინტერესოა, რომ წერილის დასაწყისშივე პაპი ახსენებს წმინდანებს, რომლებიც სიცოცხლეში განსაკუთრებული რწმენით გამოირჩეოდნენ, მაგალითად, მარია გაბრიელა საგედუ, იტალიელი (სარდიინიიდან) ქალი, რომელიც 25 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქრისტიანთა ერთობას ქადაგებდა ისე, რომ არანაირი მომზადება ამ კუთხით არ ჰქონია. აქ, შესაძლოა, პაპი ფრანცისკე, ეხმიანებოდეს იდეას, რომელიც ეკუმენურ კონტექსტში მეტ-ნაკლებად ცნობილი და დამუშავებულია, რომ სიწმინდე “არ ცნობს” კონფესიურ საზღვრებს, არამედ იგი საყოველთაო-ქრისტიანულია. წმინდა იოანე პავლე მეორეს სიტყვებიცაა მოხმობილი წმინდანთა შესახებ, 2000 წელს კოლიზეუმში წარმოთქმული: წმინდანები “ის საუნჯეა, რომელიც ნებისმიერ განხეთქილებაზე მეტად მეტყველია.“

პაპი ფრანცისკეს ამ სწავლებაში სიწმინდე, ცხრა ნეტარებასთან ერთად,  განსაზღვრულია  მათეს 25-ე თავის მუხლებით, სადაც აღწერილია სამსჯავროზე მართალთა გამორჩევა იმის მიხედვით, დააპურეს თუ არა მშიერი, მიაწოდეს თუ არა წყალი მწყურვალს, უმასპინძლეს თუ არა უცხოს, შემოსეს თუ არა შიშველი, ინახულეს თუ არა სნეულნი და საპყრობილეში მყოფნი.

თანამედროვე ცხოვრებაში სიწმინდის მტრად პაპი აცხადებს გნოსტიციზმისა და პელაგიანიზმის ახალ ვერსიებს. იგი გნოსტიციზმად მიიჩნევს “მისტიურის მოშინაურებას”, ყველა მოვლენის მხოლოდ ემპირიული გზით ახსნის მცდელობას იმდენად, რომ სულიწმიდას სამოძრაო სივრცე აღარ რჩება, ხოლო ეკლესია მუზეუმად იქცევა, სადაც წესებსა და ჩვევებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სხვა რამეს. პაპი თომა აქვინელსაც იმოწმებს იმის დასტურად, რომ სახარებისთვის  წესების დამატებისას სიფრთხილე გვმართებს.

დღეს ადამიანები დაბრკოლებულნი არიან გარშემო არსებული უარყოფითი მუხტით, შფოთვით, კონსუმერიზმით, ინდივიდუალიზმით, იოლი სულიერების ძიებით. დღეს საზოგადოება დაბრკოლებულია აგრესიის გამოვლენით სოციალურ მედიაში, ტყუილი დამოწმებით, ხოლო ამ ყოველივესთან გამკლავება შეუძლია ადამიანის გამჭრიახობას, ამბობს პაპი ფრანცისკე.

“ვატიკანისტი” ჟურნალისტები პაპის წერილს აფასებენ, როგორც არაპირდაპირ პასუხს, უკანასკნელ ხანს, მისთვის წაყენებულ ორ ბრალდებაზე. პირველი ბრალდების მიხედვით, თითქოს, პაპმა უარყო სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ, 91 წლის იტალიელ ჟურნალისტთან ინტერვიუში. მეორეა, 2016 წლის სამოციქულო წერილ Amoris Laetitia-ში განქორწინებულთა ზიარებაზე დაშვების კრიტიკა. ზოგადად ეს ორი “ბრალდება” ასახავს იმ დაპირისპირებას, რაც პაპი ფრანცისკეს სწავლებასა და მის მოწინააღმდეგეთა შორის არსებობს. სხვა დროსაც აღმინიშნავს, პაპი არ შეიძლება ლიბერალად მოინათლოს სამოქალაქო კატეგორიების მიხედვით. მისი “ლიბერალობა” ვატიკანის მეორე კრების სწავლებასთან კავშირზე ლაპარაკობს, თუმცა შეუძლებელია ვინმეს გამოეპაროს, რომ მის სწავლებაში სახარებასა და იეზუიტურ სულიერებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება.

ცხადია, პაპს არ უარყვია ჯოჯოხეთის სწავლება და, როგორც გაირკვა, არც ინტერვიუ მიუცია ჟურნალისტისთვის. მათ ისაუბრეს, რასაც მოჰყვა სკანდალური განცხადება. უნდა ითქვას, რომ წმინდა საყდარს სკანდალურ განცხადებებეთან დაპირისიპირების დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ, საბოლოოდ, არც ამ განცხადებას გამოუწვევია დიდი მითქმა-მოთქმა.

უფრო მეტის თქმა შეიძლება მეორე “ბრალდებაზე”. საინტერესოა, რომ 7 აპრილს, GAUDETE ET EXSULTATE სამოციქულო წერილის გამოცემემდე ორი დღით ადრე, რომში შეხვედრა გამართა კათოლიკეთა ჯგუფმა, რომელიც პაპისგან მოითხოვს Amoris Laetitia-ში შესწორებების შეტანას. რამდენიმე ასეული კათოლიკე, მათ შორის, სამღვდელო პირები და კარდინალები – ამერიკელი რაიმონდ ბურკე და გერმანელი უოლტერ ბრანდმიულერი – შეიკრიბნენ, როგორც “კარდინალ კაფარას მეგობრები”. (კარდინალ კაფარას ჯგუფს მიეკუთვნებოდა, აგრეთვე აწ გარდაცვლილი გერმანელი კარდინალი  იოაკიმ მაისნერი). თავად კარდინალი კაფარა, 2017 წლის სექტემბერში გარდაცვალებამდე Amoris Laetitia-ის  მკაცრი კრიტიკით გამოდიოდა. კრიტიკის ფონი ასეთია: Amoris Laetitia წინააღმდეგობაშია ეკლესიის სწავლებასთან ქორწინებაზე, რომელიც პაპმა პავლე მეექვსემ ჩამოაყალიბა სამოციქულო წერილში Humanae Vitae (1968 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას).  კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, სადაც განმარტებულია ქორწინების არსი, ხოლო ბოლო პუნქტი მოითხოვს, აეკრძალოს ზიარება საეკლესიო ქორწინების შემდეგ განქორწინებულთ, რომლებიც ამჟამად სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, რადგან ისინი ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ. პაპი ფრანცისკე ცდილობს, არ დაუკარგოს ეკლესიას მორწმუნე ადამიანები, რომელნიც შეცდნენ. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეკრების ფარგლებში ვიღაცას წამოუყვირია: „ ღვთის ხალხო, აღსდექით! უნდა ვიმოქმედოთ!”

პაპი ფრანცისკეს ეს, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი, წმინდანების გამადემოკრატიებელი წერილი, სიწმინდის ყოველდღიურობაში დანახვის ნაცვლად სულ სხვა მხრივ იქნა გაანალიზებული. ჩემი მხრივ იმასაც დავამატებდი, თუ აქამდე არავის გაუმახვილებია ყურადღება, ხოლო მე კი გამომრჩა, რომ დოკუმენტში მოხსენიებული წმინდანები, უმეტესად, ქალები არიან, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ პაპს ეკლესიაში ქალთა როლის გარშემო გაჩაღებულ დებატებზეც სურდა “პასუხის გაცემა”: ქალები ისეთივე მატარებლები არიან სიწმინდის, როგორც მამკაცები. თუმცა, ეს “პასუხი” არადამაკმაყოფილებელია მათთვის, ვისაც აინტერესებს ქალთა  ჩართულობა  საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე დავამატებ, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ლათინური ამერიკის საკითხებში პაპის კომისიის მოთხოვნა, რომ პონტიფექსმა მოიწვიოს საგანგებო სინოდი ქალთა როლის შესახებ. შესაძლოა, ნაადრევი იყოს სინოდის დონეზე ამ საკითხის გატანა, თუ ეს ერთჯერადი შეხვედრა იქნება იმ მიზნით, რომ შედეგი დაიდოს.

ეს ბოლო ხანია წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკამ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საუბარია ე.წ. “ოსტპოლიტიკაზე”. ეს უკანასკნელი გასული საუკუნის 60-იან წლებში, მონსინიორ აგოსტინო კაზაროლის მიერ ჩამოყალიბებულ დიპლომატიას გულისხმობს, რომლის მიზანი იყო “რკინის ფარდის” მიღმა, აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობა დიალოგითა და დათმობით. (კაზაროლი შემდეგ პაპ იოანე პავლე მეორის სახელმწიფო მდივანი გახდა.) “ოსტპოლოტიკას” მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ “მდუმარების ეკლესიის” იერარქები, მაგალითად, ცნობილი პოლონელი კარდინალი სტეფან ვიჟინსკი (გარდ. 1981 წ.). ამჯერად, წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებაში “ოსტპოლიტიკად” ნათლავს ოთხმოც წელს გადაცილებული, წარმოშობით ჩინელი კარდინალი იოზეფ ძენი,  ჰონგ-კონგის ყოფილი ეპისკოპოსი. “ოსტპოლოტიკის” კვალი, ნამდვილად, დღესაც შესამჩნევია წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობებში (ყველაზე თვალნათელია მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობაში), თუმცა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, არა სახელმწიფოებთან ურთიერთობის სექციაში, არამედ უფრო სხვაგან, დიკასტერიებში.

ამასობაში, წმინდა საყდარმა პაპი ფრანცისკეს მნიშვნელოვანი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი ჩილეს ეპისკოპოსთა უმართებულო დაცვის გამო ბოდიშს იხდის ძალადობის მსხვერპლთა წინაშე: “მე სერიოზული შეცდომები დავუშვი სიტუაციის შეფასებასა და განჭვრეტაში, როგორც ჩანს, საკმარისი, თუ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობის გამო”. ვიდრე სიმართლე გაირკვეოდა, 200-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა პაპის სპეციალური წარგზავნილის, არქიეპისკოპოს ჩარლზ შიკლუნას მიერ როგორც ჩილეში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.  პონტიფექსი არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას, როდესაც მან გაამართლა ჩილეში მცირეწლოვანთა მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი სამღვდელო პირები და იერარქები. ფაქტია, რომ პაპის ჩილეში ვიზიტს (2018 წლის იანვარში) მალევე მოჰყვა წმინდა საყდართან ჩილეს ელჩის გაწვევა. მართალია, საკითხი ეკლესიის შიდა ცხოვრებას ეხებოდა, მაგრამ მას დიდი გამოხმაურება მოყვა ქვეყნის მასშტაბით. გუშინ პაპმა გამოთქვა სურვილი, ძალადობის მსხვერპლთ  შეხვდეს და ბოდიში პირადად  მოუხადოს.

მართალია, პაპის მხარდამჭერები, როგორც კათოლიკე ეკლესიაში, ასევე მის გარეთ, აღემატებიან მის მოწინააღმდეგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკი აზრის შეცვლას, ან უკან დახევას აპირებს. ეს ხომ ეკლესიის წიაღში მიმდინარე საუკუნოვანი ჭიდილია.

პონტიფიკატის ხუთი წლისთავზე

FrancisSistine13 მარტს პაპი ფრანცისკეს აღსაყდრებიდან ხუთი წელი შესრულდება. წმინდა საყდარი ისტორიის ამ მონაკვეთს გაიხსენებს, უპირველეს ყოვლის, იმ გავლენის გამო, რომელიც პაპმა ფრანცისკემ ფართო საზოგადოებაში მოიპოვა. ის, თუ რა ძალებმა მოიზიდა განსხვავებული აზრის ასეთი ფართო სპექტრი, შეიძლება ერთ წინადადებაშიც ითქვას და შეიძლება ამის აღწერას ტომებიც დაჭირდეს. თუ მაინც ერთ წინადადებაში შევეცდები ამის გამოთქმას, ალბათ, ასე ჩამოვაყალიბებდი (სანამ ტომებს შევეჭიდები:) ფრანცისკემ თავისი მზრუნველი/პასტორალური გახსნილობით, ცხოვრების მოკრძალებული წესითა და სიტყვის საქმედ ქცევით კათოლიკეებისა და არაკათოლიკეების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა ხუთივე კონტინენტზე. ძალიან საინტერესო მოვლენაა, სხვადასხვა სფეროს ლიდერების მცდელობა მის გვერდით მოხვედრაზე. თუ ისინი ვერ მოახერხებენ პაპის გონივრული სიტყვების შესმენას ჩვენი პლანეტის გადარჩენის, თუ ადამიანების სულიერი ცხოვრების სასიკეთოდ, სამახსოვრო ფოტოთი მაინც “გააისტორიულებენ” ამ ფაქტს.

აი, პაპი ფრანცისკეს მიმართ მსოფლიოს დიდი ნაწილის ამ დაუოკებელი აღფრთოვანების ფონზე, ვატიკანი ისეთ წინააღმდეგობებს წააწყდა, რომელიც პაპის გულშემატკივრებსაც დააფიქრებს. შევეხები უკანასკნელი ორიოდე კვირის მანძილზე მედიაში გაზრდილ ყურადრებას კათოლიკე ეკლესიაში ქალების როლსა და მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივ ძალადობაზე.

ვატიკანის მეორე კრებას დამკვირვებლის სტატუსით რამდენიმე ქალი ესწრებოდა. 1964 წლის 8 სექტემბერს, მესამე სესიის გახსნისას პაპმა პავლე მეექვსემ თავის ქადაგებაში თქვა: ” ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზოგიერთი კვალიფიცირებული და მორწმუნე ქალი, მსმენელის როლში, დაესწროს ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების მესამე სესიის საზეიმო თუ საზოგადო სხდომებს; (კერძოდ) იმ სხდომებს, სადაც ქალთა ცხოვრებისთვის საინტერესო საკითხებზე იქნება მსჯელობა”. საინტერესოა, რომ ქალები ყველა სხდომაზე იყვნენ დაშვებულნი, მიუხედავად პაპის ფრთხილად მიწოდებული აზრისა. ესენი იყვნენ აღკვეცილ ქალთა საერთაშორისო გაერთიანებების ლიდერები. მათ შორის იყო ავსტრალიელი როზმარი გოლდი. რამდენიმე დღის წინ წმინდა საყდართან ავსტრალიის ელჩმა ქალბატონმა მელისა ჰიტჩენმა საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საელჩოს საკონფერენციო დარბაზს როზმარი გოლდის სახელი. ამ საზეიმო შეკრების საპატიო სტუმარი კი, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, სენატორი ქალბატონი მარიზ პეინი გახლდათ.

დილის ცხრის ნახევარზე ავსტრალიის საელჩოში, რასაკვირველია, გამოვცხადდი ჩემი ავსტრალიელი კოლეგის პატივისცემის ნიშნად, თუმცა იქ ძალიან საინტერესო ამბები აღმოვაჩინე.

ავსტრალიის მკვიდრი როზმარი გოლდი, ხანგრძლივად ევროპაში ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი, როგორც საუკეთესო სტუდენტი სიდნეის უნივერსიტეტიდან სორბონის უნივერსიტეტში გაგზავნეს ფრანგული ლიტერატურის შესასწავლად. სწორედ აქ დაუკავშირდა იგი ახლაგაზრდა ქრისტიან ქალთა ჯგუფებს (Veritas, The Grail, Pax Romana) და მათთან თანამშრომლობდა. როზმარი ერთ-ერთია, ვისაც წვლილი მიუძღვის რომის კურიაში ხელდაუსხმელთა საბჭოს შექმნაში, მას შემდეგ რაც 1946 წელს პაპმა პიუს მეთორმეტემ განაცხადა, რომ ხელდაუსხმელნიც ეკლესიას წარმოადგენენ.

როზმარი გოლდს აინტერესებდა ჩვეულებრივი ადამიანების როლი კათოლიკე ეკლესიაში და ეკლესიის როლი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში. 1952-1962 წწ. იგი რომშია, სამუშაოდაა მიწვეული ხელდაუსხმელთა საერთაშორისო კონგრესის მუდმივ კომისიაში.

საინტერესოა, რომ ავსტრალიის საელჩოს ეს ინიციატივა დაემთხვა ქალების საკითხზე გამართულ დისკუსიას ვატიკანის პრესაში. ასე მოხდა, რომ 8 მარტს, კათოლიკე ქალთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ კონფრენციაზე, რომელიც, ტრადიციულად, ვატიკანის ტერიტორიაზე იმართებოდა, (წინასწარ) არ დაუშვეს ორიოდე მონაწილე, მათ შორის ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი მაკლიზი, რომელიც LGBT-ის უფლებების დამცველია და აფრიკელი LGBT-ის დამცველი ქალი. ხელდაუსხმელთა, ოჯახისა და სიცოცხლის ახლადშექმნილი დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კევინ ფარელი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა; ფაქტიურად, აუკრძალა ამ ქალებს ვატიკანის ტერიტორიაზე საუბარი. პრესაში მეორე წყაროც გამოჩნდა, თითქოს, ზემოთ მოხსენიებული ქალები მანამდე იყვენენ “აკრძალულნი” ვატიკანის ტერიტორიაზე საუბრისთვის, ვიდრე 8 მარტის კონფერენციის საკითხი განიხილებოდა. ცხადია, მათ ადგილას, შესაძლოა, ლგტბ-ს დამცველი მამაკაცები ყოფილიყვნენ და მათ აკრძალვოდათ ვატიკანის ტერიტორიაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა. ალბათ, პრესა მაშინაც დაინტერესდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ორი ქალია, მათ შორის ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამასთანავე, ირლანდიის პრესაში მერი მაკლიზის მძაფრი ინტერვიუც გამოჩნდა.

კათოლიკე ქალთა ასოციაცია, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსთან მეგობრობით, ცდილობს ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მაგალითების საზოგადოებასთან მიტანას. შექმნილი ვითარება, ამჯერად, ასოციაციის სახელმწიფო სამდივნოსთან მეგობრობის წისქვილზე წყალს ვერ დაასხამს. აღნიშნული კონფერენცია 8 მარტს გაიმართება ვატიკანის კედლებს მიღმა. უსიამოვნო გამოხმაურებას, ცხადია, ეს საკითხი ვერ აცდებოდა. ამას ისიც ემატება, რომ პაპი ფრანცისკეს მოწადინება ეკლესიაში ქალთა საკითხის გამოკვლევაზე, კონკრეტულად, ქალთა დიაკვნობის შესახებ სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაშია.

კათოლიკე ქალების ასოციაციის მხრივ, გასულ წელს მეტის მოლოდინი შეიმჩნეოდა. ჩემი აზრით, ეს მოლოდინი საფუძველს მოკლებული იყო. ქალების როლი ეკლესიაში (კათოლიკე თუ მართლმადიდებელი) რთული საკითხია და იმის მისაღწევად, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ერთმა ნახევარმა მეორე ნახევართან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებაში თანასწორი უფლება მოიპოვოს, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ამასობაში, წმინდა საყდრისთვის კიდევ უფრო მტკივნეულმა საკითხმა მიიპყრო ყურადღება, მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის დამალვამ. პაპის ჩილეში მოგზაურობის დროს იანვრის მეორე ნახევარში, მედიამ უარყოფითად გააშუქა მის მიერ ეპისკოპოს ხუან ბაროსის მიმართ თბილი დამოკიდებულება. ეპისკოპოს ხუან ბაროსს ბრალად ედება, რომ ხელს აფარებდა მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივად მოძალადე საეკლესიო პირებს. ამას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ პაპის ცხრა კარდინალისგან შემდგარი კომისიისა და მცირეწლოვანთა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს კარდინალ შონ ო’მალის 2015 წელს, ჩილეში მოგზაურობისას, ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა მისი ხელით წერილი გაუგზავნა პაპს, სადაც ეპისკოპოს ხუან ბაროსს ბრალი ედებოდა თვალთმაქცობაში, კრიმინალური ქმედებების არგამხელაში. ჟურნალსტურმა გამოძიებამ ვერ დაადგინა, წაიკითხა თუ არა ეს წერილი პაპმა ფრანცისკემ. თუ წაიკითხა, მისი ჩილეში მოქმედება შეუსაბამო იქნებოდა. თუ არ წაუკითხავს, გამოდის, რომ მისმა ნდობით აღჭურვილმა კარდინალმა პირობა დაარღვია და მისდამი რწმუნებული წერილი, ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე, პაპს არ გადასცა.

ვატიკანში დაბრუნებულმა პაპმა ერთ კვირაში ჩილეში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა, არქიეპისკოპოსი ჩარლზ შიკლუნა, რომელიც საყოველთაო ნდობითაა აღჭურვილი და მსგავსი კვლევის ექსპერტადაა მიჩნეული. მონსინიორ შიკლუნა შეხვდა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლს, ხუან კრუზს. ამ უკანასკნელმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადლობელია არქიეპისკოპოსის, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა და იმედი აქვს, ვატიკანი შესაბამისად იმქომედებს.

მოლოდინია, რომ მარხვის პერიოდი (14 თებერვლიდან კათოლიკე ეკლესია მარხვას ინახავს) საუკეთესოა აღსარებებისთვის და დამნაშავეები საკუთარ თავს გამოააშკარავებენ. ყოველ შემთხვევაში, კათოლიკეები მეტ სიცხადეს მოელიან ისეთ საკვანძო საკითხზე მაინც, როგორიცაა მცირეწლოვანთა მიმართ სქესობრივად მოძალადეთა და მათ მფარველთა გამოაშკარავება.

პაპი ფრანცისკეს ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მეოცე საუკუნის მესამე პაპის კანონიზაცია დაიგეგმა. 2014 წლის აპრილში წმინდანად შერაცხეს პაპი იოანე ოცდამესამე (გარდ. 1963 წ. ვატიკანის მეორე კრების ავტორი) და იოანე პავლე მეორე (გარდ.2005 წ.). გასულ კვირას პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ 2018 წელს წმინდანად შეირაცხება პაპი პავლე მეექვსე, ჯოვანი ბატისტა მონტინი (გარდ. 1978 წ.), ვატიკანის მეორე კრების გამგრძელებელი. მისი ინიციატივით ვატიკანის მეორე კრებამ, საეკლესიო რეფორმისთვის აუცილებელი ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას მიეკუთვნება ჩასახვის საშუალებების აკრძალვა წერილში Humanae Vitae (1968), რომელიც დღემდე ცხოველი დისკუსიის წყაროა.

ღმერთის ადამიანთან სიახლოვე – სიცოცხლის განსაკუთრებულობა

900222858
1 იანვარს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში  წარმოთქმული  პაპი ფრანცისკეს საახალწლო ქადაგება შინაარსობრივად საშობაო ქადაგების, ღვთის განკაცების საიდუმლოს თემას  აგრძელებს.

იმ წუთიდან, როდესაც მარიამში ჩაისახა, ღმერთმა ადამიანური ბუნებაც მიიღო, ჩვენნაირი ხორცი შეისხა, განსხეულდა. მარიამის ღვთისმშობლად წოდება ღმერთის ადამიანთან სიახლოვეს გვახსენებს. საინტერესოა, რომ პაპი ამ შემთხვევაში განკაცების საიდუმლოში ღმერთის ადამიანთან სიახლოვეზე ამახვილებს ყურადღებას და არა ადამიანის ღმერთთან სიახლოვეზე.

ღვთის ადამიანური ბუნებით შემოსვამ ბოლო მოუღო ადამიანის ობლობას; იგი რჩება მუდმივ შვილად, მის ბავშვობას ვერაფერი დაემუქრება.

ლუკას სახარების საშობაო საკითხავის მიხედვით, მარიამმა ყველაფერი გულში დაიმარხა (2,19), სიტყვა არ დაუძრავს ისევე, როგორც ჩვილ იესოს. ღვთის სიტყვა, რომელიც მანამდე სხვადასხვა სახით ესაუბრება ადამიანებს, გაჩუმებულია; ღმერთი, ვის წინაშეც ყველა დამუნჯებულია, თავადაც უსიტყვო ბავშვია. ეს სიჩუმე და სიმდაბლე მის მეუფებაზე მეტყველებს.

მარიამს კი გულში დაუმარხავს ღვთის ძის მოვლენის სიხარულიც და გაურკვეველი მომავლითა, თუ უსახლკარობით (ლუკა 2, 7) გამოწვეული სევდაც, რაც ადამიანს შიშსა და ძრწოლაში ამყოფებს. „გულის სიღრმეში დამარხულს კი ღვთისმშობელი უსიტყვოდ ღმერთთან მიიტანს“.

ადამიანსაც მოეთხოვება სიჩუმით ყურის დაგდება, ახლადდაბადებული იესოს ადგილის სიჩუმით ჭვრეტა, რაც მას ყოველდღიური მომხმარებლობისა და უაზრო სიტყვებისგან  გაათავისუფლებს.

„ახალი წლის დასაბამს, ჩვენ მოგზაურებივით, გზის დასაწყისში ვართ, იმის იმედით, რომ წარსულის ტვირთს უკან მოვიტოვებთ და ამიერიდან მხოლოდ მნიშვნელოვანს შევეჭიდებით“. თუ ადამიანს წინ სვლა სურს, იესოს დაბადების ადგილიდან უნდა დაიძრას, სადაც მარიამს იგი მკერდზე მიუკრავსო, ამბობს პაპი, რადგან „მარიამის გულში ფეთქავს ეკლესიის გული“.

პაპი ფრანცისკე თავის მრევლს მოუწოდებს განკაცების საიდუმლოს უსიტყვო ჭვრეტისკენ  და ღვთის მსახურების განხორციელებას ადამიანის მიმართ გაწეულ მსახურებაში.

ღვთის განკაცებამ, ადამიანთან მისმა სიახლოვემ სიცოცხლეს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ჩემი წაკითხვით, აქ პაპი ფრანცისკე საერთოდ ღვთის მიერ შექმნილ სიცოცხლეზე საუბრობს რაც, ადამიანის გარდა, ღვთის მიერ შექმნილ სხვა სიცოცხლესაც მოიაზრებს.

მარიამის თაყვანისცემა ქრისტიანისთვის აუცილებელი მოცემულობააო, ამბობს პაპი, დედისა თუ ქალის ნიჭი ყველაზე ძვირფასია ეკლესიისთვის, რადგან ეკლესიაც ქალია. მაშინ, როდესაც მამაკაცი ხშირად აბსტრაქტულ იდეებს ისვრის, ქალმა იცის, როგორ დაიმარხოს გულში <სიტყვა> და მას სიცოცხლე მიანიჭოს.  „ყველას გვჭირდება დედის გული, რომელმაც კარგად იცის, როგორ შეინახოს ღვთის სათუთი სიყვარული. …დაე, დედა, ღვთის ყველაზე დახვეწილი ქმნილება, წარგვიძღვეს და დაგვიფაროს ამ წელს და საკუთარი ძის მშვიდობა მოჰგვაროს ჩვენს გულებსა და ჩვენს სამყაროს“.

ჩემი აზრით, ქალისა და კაცის როლების ასეთი გაყოფა იმ კლიშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც, როგორც წესი, პაპი ფრანცისკეს ქადაგებაში არ მოველით. მისი სამოძღვრო ღვთისმეტყველება გაცილებით უფრო სპონტანური და არასტანდარტულია. როგორც ჩანს, ისეთ დელიკატურ საკითხზე, როგორიცაა ქალების როლი ეკლესიაში, პაპი კლიშეებს თავს ვერ არიდებს. ამაზე უფრო ვრცლად სხვა დროს…

საახალწლო ქადაგებას ტრადიციული „ანჯელუსის“ ლოცვა და მიმართვა მოჰყვა, რომელშიც პაპი ფრანცისკე მშვიდობისა და იძულებით გადაადგილებულთა თემას დაუბრუნდა. “მსურს, კვლავაც, მათი დამცველი ვიყო, ვინც მომავალში მშვიდობას მოელის…. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტები და ეკლესია თავდადებულად ზრუნავდეს ლტოლვილების, მიგრანტებისა და ყველა ადამიანის მშვიდობიანი მომავლისთვის”.

საინტერესოა, როგორ განახორციელებს 2018 წელს მშვიდობის მქადაგებელი, სიცოცხლისა  და იძულებით გადაადგილებულთა დამცველი წმინდა საყდარი საგარეო და საშინაო პოლიტიკას.

პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგება

Pope Francis leads the Christmas night mass in Saint Peter's Basilica at the Vaticanმისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგება

2017 წლის 24 დეკემბერი
წმინდა პეტრეს ბაზილიკა
ვატიკანი

მარიამმა “შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.” (ლუკა 2,7) მახარებლის სიტყვები ამ წმინდა ღამის მთავარ თემას ასახელებს, მარიამმა შვა იესო, სამყაროს ნათელი, აღწერს ფაქტს, რომელიც ისტორიას სამუდამოდ შეცვლის. ამ ღამეს ყველაფერი იმედით გაჯერდა.

დაახლოებით ასე ჟღერს პაპი ფრანცისკეს საშობაო ქადაგების დასაწყისი. შემდეგ შობის ისტორიული მხარეა მოთხრობილი, იოსებისა და მარიამის იძულებითი გადაადგილება, იმპერიის მასშტაბით გატარებულ აღწერაში დასარეგისტრირებლად, მათი მოგზაურობის სირთულე, უცნობი და სახიფათო გზის გავლა. ყველაზე რთული, ამბობს პაპი ფრანცისკე, აღმოჩნდა ბეთლემში ჩასვლა, სადაც მათ არ ელოდნენ და თავშესაფარი ვერ მონახეს. სწორედ ასეთ რთულ პირობებში მოევლინა სამყაროს ემანუელი. “ღვთის შვილი ბაგაში უნდა დაბადებულიყო, რადგან <მის> ხალხს მისთვის ადგილი არ აღმოაჩნდა”. სწორედ იმ ადგილას, სადაც, წესით, სიბნელეს უნდა ეზეიმა, ღვთის სიყვარულის ნაპერწკალმა გაიელვა; მათ, ვინც თავის მიწასა და ქვეყანას მოშორებული იყო, იმედი ჩაესახათ.

ცხადია, რომ პაპი ფრანცისკე სახარებისეული შობის მოთხრობას, ჩვენი სინამდვილისკენ მიმართავს: ოჯახები იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი საცხოვრებელი, თავშესაფრის საძიებლად გზას დაადგნენ. დღეს მილიონობით ადამიანს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უწევს სახლის, საყვარელი ადმაიანების მიტოვება. ზოგიერთი მათგანისთვის იძულებით გადაადგილება იმედიანი მომავლის საწინდარია, უმეტესობისთვის კი მხოლოდ გადარჩენა, “დღევანდელი ჰეროდეებისგან თავის დაღწევა, რომელნიც უდანაშაულო სისხლისღვრას არ ერიდებიან საკუთარი ძალაუფლებისა და სიმდიდრის გაზრდის მიზნით.”

მარიამის პირმშომ კი სიღარიბითა და სიმდაბლით გვიჩვენა ჭეშმარიტი ძალაუფლება და თავისუფლება, რაც გლახაკთა და უპოვართა დახმარებასა და პატივისმიგებაშია. “იმ ღამით, იგი, ვისი დაბადებისთვისაც ადგილი არ მოიძებნა, გამოეცხადა მათ, ვისაც მაგიდასთან ადგილი არ აღმოაჩნდა და ქუჩაში იყო”.

პირველი, ვინც ეს სიხარული გაიზიარა, მწყემსები იყვნენ. საშობაო ქადაგება მწყემსების სოციალურ სტატუსზე მიუთითებს, საზოგადოებაში მათ მარგინალურ პოზიციაზე, უწმინდურობაზე, მათ მიმართ საზოგადოების მხრივ  უდნობლობაზე. თუმცა, სწორედ მათ გამოეცხადა ანგელოზი მიმართვით: “ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდი სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.” (ლუკა 2,10-11)

შობის ღამის სიხარულია ღვთის უსაზღვრო წყალობა, რომლითაც იგი ეგებება წარმართებს, ცოდვილებს, უცხოებს, და იმავეს მოელის ადამიანებისგან. “ჩვენი რწმენა, რომელსაც ამ ღამეს ვაღიარებთ, გვაიძულებს, ღმერთი დავინახოთ ყველგან, სადაც, ჩვენი ფიქრით, ის არ არის. ხშირად ამოუცნობი, იგი დაუპატიჟებელ სტუმარშია, ჩვენს ქალაქებსა და უბნებში დადის, ავტობუსით მგზავრობს, კარზე გვიკაკუნებს.”

ქადაგებაში, პაპი ფრანცისკე, განკაცების, ღვთის ძის ადამიანად მოსვლის საიდუმლოში, მორწმუნეთა აქტიური ჩართულობისკენ მოწოდებას აღნიშნავს: ყრმა იესოში ადამიანი იმედის მაცნედაა მოაზრებული; ყრმა იესოში ღმერთი ადამიანს ასწავლის უცხოს სახლში მიღებას. “დაე, თქვენმა რევოლუციურმა სინაზემ დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ, მართლაც, ადამიანებისთვის იმედისა და სინაზის მაცნეებად ვართ წარმოგზავნილი.”

სწორედ ეს რწმენაა, რომ ადამიანებს ახალი სოციალური წარმოსახვისკენ ახალი ტიპის ურთიეთობებისკენ უბიძგებს, რათა არავის გაუჩნდეს სამყაროში ადგილის ვერ მონახვის განცდა. პაპი ფრანცისკე ამ სიტყვებით მხოლოდ საკუთარ მრევლს არ მიმართავს, მან კარგად იცის, რომ, რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ სეკულარულ გარემოში, მას სამყაროს დიდი ნაწილი უსმენს, სხვა აღმსარებლობისა და რელიგის მიმდევრები, აგნოსტიკები და ათეისტები. კონფლიქტური და ავტორიტარული სინამდვილიდან ადამიანების მიგრაცია ძალიან მოკლე დროში ევროპისა და ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხი გახდა. მშვიდობის, ადამიანის პატივისცემისა და თავისუფლების დამცველი წმინდა საყდარი მიგრანტების საკითხს მრავალმხრივ განიხილავს. ვფიქრობ, რომ 2018 წლის საახალწლო ქადაგება რომის ქალაქსა და სამყაროს, Urbi et Orbi – ისევე, როგორც 8 იანვარს დანიშნული შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, ამ მიმართულებით წარიმართება.

გილოცავთ უფლის შობას ყველას, ვინც უფლის განკაცების სასწაულის დღეს აღნიშნავთ!

“დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება.” (ლუკა 2,14)

 

კრებული “ROMA E I GEORGIANI”

2017 წლის 30 ნოემბერს წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ საზოგადოებას წარუდგინა წიგნი, რომელიც წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს მიეძღვნა. სტატიების კრებული გამოიცა იტალიურ ენაზე, რომში.
Vatican Book
იხილეთ წიგნის წინათქმა და შესავალი ქართულ ენაზე:

წინათქმა

კრებული “რომი და ქართველები” ეძღვნება წმინდა საყდრისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელს.

კრებულში წარმოდგენილი მასალა ნათელს ჰფენს რომსა და ქართველებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივ, თუმცა არაერთგვაროვანსა და არათანმიმდევრულ ისტორიას, სულ ცოტა ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან დღემდე.

ქართველური წარმოშობის ეთნოსებმა სახელმწიფოებრიობის გრძელი გზა გაიარეს :  ცალკეული სამეფოებიდან გაერთიანებულ საქართველომდე, შემდეგ კვლავ  სამეფოებად დანაწევრებული, შემდეგ ანექსირებული იმპერიისა თუ წითელი არმიის მიერ, ამ ორ უკანასკნელ ანექსიებს შორის მოკლე ვადით რესპუბლიკად გამოცხადებული, და ბოლოს დამოუკიდებლობა მოპოვებული 1991 წელს.

ისტორიულად რომი ქართველი ხალხის ჰორიზონტზე სხვადასხვა კუთხით გამოჩნდება. კრებული მოიცავს რომსა და ქართველ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ამსახველ ფრაგმენტებს, რომლებიც რომის უნიკალურ ისტორიას ორ ჭრილში განიხილავს: რომის იმპერია და რომის კათედრა, როგორც დასავლური ცივილიზაციის რელიგიურ-კულტურული შემაკავშირებელი. კრებულის მიზანია, ფართო საზოგადოებასთან მიიტანოს ცალკეული თემები, რომლებიც რომის იმპერიასა თუ რომის კათედრასა და ქართველებს შორის ურთიერთობაში საუკუნეების მანძილზე გამოიკვეთა.

ეს კრებული კიდევ ერთხელ ადასტურებს ისტორიულ მეცნიერებათა მნიშვნელობას თანამედროვე პროცესების გააზრებაში. ზოგადი მოდელი, თუ როგორ მოქმედებენ ექსპანსიის გამტარებლები და მათი მსხვერპლები, უცვლელია. ის ხრიკები, რომელსაც დამპყრობლები დაპყრობილის იდენტობის წაშლის მიზნით იყენებენ, როგორც ჩანს, შეუცვლელია მანამდე, ვიდრე კაცობრიობა თავად არ იტყვის უარს მცირეთა და სუსტთა დაპყრობა-დაჩაგვრაზე.

კრებულში წარმოდგენილი ავტორები სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის მეცნიერები არიან. ავტორთა უმეტესობა, ორიოდე გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოღვაწეობს. კრებულში წარმოდგენილ მასალას არ გააჩნია სამეცნიერო ლიტერატურაში ‘ახალი სიტყვის’  პრეტენზია. ავტორებმა მასალა სპეციალურად ამ კრებულისთვის მოამზადეს იმ ნაშრომების მიხედვით, რომლითაც მათ იცნობს ქართული თუ ევროპული სამეცნიერო საზოგადოება.

სხვადასხვა დროისა და კულტურული ფენოტიპის ამსახველი მასალის მეთოდოლოგიური ერთგვაროვნებით გამართვა, ცხადია, კრებულის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც მხოლოდ რედაქტორის პასუხისმგებლობაა და შენიშვნები, ამ მხრივ, ავტორებზე არ ვრცელდება.

კრებული განსაზღვრულია მათთვის, ვისაც საქართველო-იტალიის, საქართველოსა და რომის კათედრის ურთიერთობები დააინტერესებს. მისი სამეცნიერო-პოპულარული თუ საგანმანათლებლო დატვირთვა დააკმაყოფილებს მათ, ვინც ამ ურთიერთობებით დაინტერესებულია და უფრო მეტის გაგება სურს, ვიდრე ტურისტულმა გზამკვლევმა შეიძლება ამცნოს. აგრეთვე, როგორც კრებულის რედაქტორი, თავს უფლებას ვაძლევ, მკითხველი დავარწმუნო სტატიების აკადემიურ სანდოობაში იმ მასალისა და მეთოდოლოგიური საფუძვლის გათვალისწინებით, რომელიც სხვადასხვა  თაობისა და განათლების მეცნიერებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოსა და ევროპაში.

აქ წარმოდგენილი მასალა იხილავს რომის იმპერიის გავლენებსა და კვალს ქართველების ისტორიაში. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მოწმობს რომაული პროდუქციის იმპორტს ძვ. წ.-ის მეორე საუკუნიდან (თემურ ბიბილური), რომაული მონეტების გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ.-ის მეორე საუკუნიდან (თედო დუნდუა), რომაელი იმპერატორების ექსპანსიას კავკასიაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (გრანი ქავთარია), ქართველების არსებობას რომაულ კარტოგრაფიაში (პატრიცია ლიჩინი), რომის იმპერიული იდეის მიბაძვის მცდელობას შუასაუკუნეების საქართველოში (ბეჟან ჯავახია). კრებულში წარმოდგენილ სტატიებში, ასევე, განხილულია ქრისტიანულ რომთან ქართველების ურთიერთობის მაგალითები, როგორიცაა მომლოცველობა (ეკა ჭყოიძე), ქართველებისა და რომაელი ბერების ურთიერთობა ათონის მთაზე (მიშელ ვან პარესი), რომიდან მოსული მისიონერების საქმიანობა აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში (გაგა შურღაია), ქართველი მონარქებისა და დიდებულების მიმოწერა რომის კათედრასთან (ზურაბ კიკნაძე), რომაელი პატრიცია პიეტრო დელა ვალე (მურმან პაპაშვილი), რუსეთის ანექსიის პირობებში კათოლიკეთა დევნა, მეფის რუსეთის უმართებულო საეკლესიო პოლიტიკა და მასთან ბრძოლა (ნინო დობორჯგინიძე, მერაბ ღაღანიძე), კათოლიკე ეკლესია საბჭოთა კავშირის პირობებში (ნუგზარ ბარდაველიძე). კრებულს წინ უძღვის საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მიმოხილვა.

კრებული ერთგვარი ხიდია რომის ‘მარადიულობასა’ და ქართველების ‘მარდიულობას’ შორის. ქალაქ რომის მარადიულობა, უტყუარი ფაქტია, რომი დღემდე რჩება განუმეორებელ და ულამაზეს ქალაქად. ქართველების ‘მარადიულობა’ იმითაა აღსანიშნავი, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებენ სიცოცხლის მუხტს, მიუხედავად იმ სირთუელეებისა, რაც მათ, შინ თუ გარეთ, არასდროს მოკლებიათ.

კრებულის იდეა მერაბ ღაღანიძესა და გაგა შურღაიასთან საუბრებმა მოიტანა, 2015 წლის 23 ნოემბერს, რომში, პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გამართული კონფერენციის შემდეგ, რომელიც ქართველ კათოლიკე მღვდელსა და მოღვაწეს პეტრე ხარისჭირაშვილს მიეძღვნა. ორივე თანარედაქტორად მყავს მოაზრებული, კრებული ვერ შეიკვრებოდა და ვერ გამოიცემოდა მათი უანგარო დახმარების გარეშე, ამიტომ  მათ უდიდეს მადლობას ვუხდი თანადგომისა და რჩევისთვის.

კრებულის გამოსაცემად მომზადებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულიდან იტალიურ ენაზე მთრგმნელებს ქეთევან ანდღულაძესა და რუსუდან ჟოჟოლიანს, რომელთაც ერთი მშობლიური ენიდან მეორე ‘მშობლიურ’ ენაზე თარგმნის საოცარი ნიჭი გამოვლინეს. დიდი მადლობა ქეთევანსა და რუსუდანს.

რედაქტორის მადლობა ეკუთვნის კიდევ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი დრო და ენერგია არ დაიშურეს, რათა  სხვადასხვა სახის დახმარება გაეწიათ ამ კრებულის შექმნისთვის. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო დარეჯან კიკოლიაშვილის თანადგომა და მადლობა ვუთხრა მას.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, რასაკვირველია, აქტიურად იყვნენ ჩართულები კრებულის გამოცემის პროცესში. მადლობა საელჩოს მრჩეველს, ირაკლი ვეკუას და რეფერენტს, ირინა სანაშვილს.

ყველაზე დიდი მადლობა კი ავტორებს, რომელთა მონდომების გარეშე ეს კრებული ვერ შეიქმნებოდა.

საქართველო და წმინდა საყდარი: ორმხრივი ურთიერთობები

25 წელია, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს. ეს ფაქტი ბევრის მთქმელია. საქართველო, ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყანა[1], დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებიდან სულ მალე, დიპლომატიურ კავშირს ამყარებს წმინდა საყდართან, კათოლიკე ქრისტიანების მრავალრიცხოვანი მრევლის გამაერთიანებელ სახელმწიფოსთან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობაში თავის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას აცნობიერებს როგორც ადამიანის ღირსებისა და რელიგიური  თავისუფლების დამცველი.

წმინდა საყდარი – რომის კათედრა – ქრისტიანობის დასავლურ ტრადიციაზეა აღმოცენებული და ევროპული ცივილიზაციის იმ ფასეულობების გამზიარებელია, 60 წლის წინ ერთიანი ევროპის იდეას რომ დაედო საფუძვლად. ამდენად, საქართველოს ახლადშობილი რესპუბლიკისთვის წმინდა საყდართან პარტნიორობა თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო.

შინაარსობრივად, წმინდა საყდრის ქრისტიანული არსი, ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ, შეიძლება ითქვას, განუმეორებელ ადგილს მიუჩენს საერთაშორისო თანამეგობრობაში. მიუხედავად თავისი სპეციფიკისა, წმინდა საყდარს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს მსოფლიოს 184 სახელმწიფოსთან.  დღეისათვის წმიდა საყდართან აკრედიტებული 88 მისიაა რეზიდენციით რომში, მაგრამ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ცხადია, რომ ადამიანის ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვა წმინდა საყდარს სასურველ მეგობარ სახელმწიფოდ მოიაზრებს მათთვის, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და მისი სრულფასოვანი განვითარება სახელმწიფოებრივად ფასეულია.

როგორ მოიაზრებს წმინდა საყდარი დიპლომატიის საშუალებით ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას და რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

მისი უწმინდესობა ფრანცისკე, წინამორბედების მსგავსად, წმინდა საყდრის მთავარ გზავნილად მშვიდობას ასახელებს. მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული, როგორც ინდივიდებს, ასევე ქვეყნებს შორის, ქრისტიანული აღმსარებლობის ნებისმიერ კონტექსტში, ქრისტიანული მოძღვრების საფუძველში დევს. თუმცა, დედამიწის მოსახლეობა „მშვიდობის“ სახელით ჩადენილი უსამართლობის მოწმეც ბევრჯერ გამხდარა. ამიტომაც, წმინდა საყდრის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საინტერესო და ყურადსაღებია, მიუხედავად გამოხატვის ფრთხილი და მოზომილი ფორმისა, რაც იმით აიხსნება, რომ წმინდა საყდრისთვის ამოსავალია დედამიწაზე ყოველი ადამიანის მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება.

დიპლომატიურ კორპუსთან ტრადიციულ შეხვედრაზე 2017 წლის დასაწყისში, პაპმა ფრანცისკემ თქვა: «მშვიდობა ნიჭი, გამოწვევა და ვალდებულებაა. ნიჭია, რადგან უშუალოდ ღვთის გულიდან მოედინება; გამოწვევაა, რადგან იმგვარი სიკეთეა, უპირობოდ რომ ვერ მიიღებ, მუდმივი მოპოვების საგანია; ვალდებულებაა, რადგან მის მოსაპოვებლად და ასაშენებლად ყველა კეთილგანწყობილ ადამიანს დიდი ძალისხმევა მოეთხოვება. ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ იმ ხედვაზეა აღმოცენებული, რომლის მიხედვით საკუთარი ტრანსენდენტური ღირსებისთვის პატივის მიმგები ადამიანები ხელს უწყობენ ინტეგრირებულ განვითარებას.” [2]

წმინდა საყდარი საკუთარი მაგალითით, იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, რაც სამშვიდობო პოლიტიკისთვის აუცილებელია, ამოწმებს, რომ შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი სამყაროს დღევანდელი გამოწვევების მიმართ ერთიანი ხედვის გარეშე. დღეს, წმინდა საყდარი,  ჩვენი პლანეტის დამცველთა ავანგარდშია. კლიმატური ცვლილებების, მიგრაციის, ადამიანის ტრეფიკინგის პრობლემების გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება, ამბობს პაპი.

დღევანდელი გამოწვევების ურთიერთკავშირისა და პლანეტის გადარჩენისთვის ძალების გაერთიანებისკენ მიმართული წმინდა საყდრის გზავნილები უყურადღებოდ არ დარჩენილა: „კლიმატისტებსა“ და “ანტიკლიმატისტებს“ შორის დაპირისპირებას წმინდა საყდრის დღევანდელმა პოზიციამ კიდევ ერთხელ მისცა გამოვლენის საშუალება. თუმცა, ამ დაპირისპირებაში, ხშირად,  ასახული არაა ის მთავარი გამაერთიანებელი ხაზი, რომელიც წმინდა საყდრის პოზიციას განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს – ღვთის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული უპირატესობა, რომლის თანახმად, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი გარემოს არა მხოლოდ მომხმარებელი.  არამედ  მასზე პასუხისმგებელიცაა.

აქვე, ალბათ, უნდა აღინიშნოს წმიდა საყდრისთვის ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ქრისტეს მიერ „დატოვებული“ მშვიდობა (იოანე 14:27) არ შეიძლება გაიგივდეს ნებისმიერი მოტივით განხორციელებულ „სამშვიდობო პოლიტიკასთან“.  „მიეცით ღვთისა ღმერთს და კეისრისა კეისარს“ (მარკოზ 12:17) – ამ მრავალგზის ციტირებული სახარებისეული მოწოდების ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ისიცაა, რომ ღმერთის მიერ შექმნილი არსებითად განსხვავდება შემქნელისგან, თუმცა შექმნილისთვის ორიენტირია ღვთის სიტყვა და ქრისტესთან მსგავსებისკენ ლტოლვა.

ყოველივე ზემოთქმული იმას ემსახურება, რომ გამოიკვეთოს წმინდა საყდრის საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩართულობის სპეციფიკა, რაც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, ვერცერთი სახელმწიფო სამდივნო ვერ „დაიკვეხნის“ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მონარქებისა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების იმდენი ოფიციალური ვიზიტით, რაც აქ ხორციელდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ოფიციალური სტუმრები წმინდა საყდრის გზავნილებს არა მხოლოდ ისმენენ, არამედ შეისმენენ კიდეც, ნაწილობრივ მაინც.

აი, ის ძირითადი ხაზი, რომელიც წმინდა საყდართან დიპლომატიურ ურთიერთობას საინტერესოს ხდის ქართველი ხალხისთვის, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოებრივი ტრადიციისა და შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფონზე. (ამ მხრივ, 1918-1921 წლების გამოცდილებაც გასათვალისწინებელია, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე  ვსაუბრობთ. იხილეთ შესაბამისი ინფორმაცია კრებულში.)

წმინდა საყდარს თავადაც, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, თავისი გამოწვევები აქვს, როგორიცაა, მაგალითად დემარკაციის ხაზების გავლება პოლიტიკურ, სოციალურ და პასტორალურ მიმართულებებს შორის. მიუხედავად ამისა, წმინდა საყდრის დიპლომატია, ხშირად, წარმატებით ართმევს თავს რთულ გამოწვევებს.

ცოტაოდენი ისტორიიდან

ისტორიულად პაპის წარგზავნილები ევროპის მონარქებთან და დიდებულებთან მეთერთმეტე საუკუნიდან არსებობდენ, მაგრამ ელჩებად არ მოიაზრებოდნენ. დიპლომატიური წარმომადგენლების გაცვლა პაპსა და ქვეყნებს  შორის სისტემურ ხასიათს იღებს მეთხუთმეტე საუკუნიდან.

საქართველოს რომის კათედრასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დღესაც აქტუალურია მღვდელ მიქელ თამარაშვილის მიერ გამოცემული „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით, XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე’, ტფილისი, 1902“.   წინასიტყვაობაში ავტორი ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ქართველთა შორის კათოლიკეთა არსებობის ეჭვის ქვეშ დაყენებასა (კერძოდ, XIX საუკუნეში) და ქართველი კათოლიკეების შესახებ მოპოვებული მასალის სიმწირეზე. პირველ საკითხთან დაკავშირებით მიქაელ თამარაშვილი აქვეყნებს ქართველ მეფეთა და რომის კათედრას შორის მიმოწერის ტექსტებს (ცხადია, 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიამდე. იხილეთ ზურაბ კიკნაძის, გაგა შურღაიას სტატიები), რომლებიც, იმდროინდელი ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით, ცხოველ ურთიერთობას ასახავს. ხოლო საქართველოში კათოლიკეთა ეთნიკური წარმოშობის საკითხმა მძაფრი ხასიათი მიიღო რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის (1801 წლიდან) პირობებში (იხილეთ ნინო დობორჯგინიძისა და მერაბ ღაღანიძის სტატიები).

რაც შეეხება მიქელ თამარაშვილის გულისტკივილს ისტორიული  დოკუმენტების სიმწირის გამო, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ვატიკანის არქივებში მუშაობით ახალი მასალა გამოვლინდეს, როგორც ეს უკვე მოხდა რამდენიმე წლის წინ (იხილეთ ნინო დობორჯგინიძის სტატია, სქოლიო 4).[3]

1054 წლის 16 ივლისს უკვე გარდაცვლილი პაპის ლეონ მეცხრის (1049-1054 წლის 19 აპრილი) ლეგატმა კარდინალმა ჰუმბერტმა (გარდ. 1061წ.), კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიხაილ I კერულარიოსთან  (1043-1059) პირადი უთანხმოებით ინსპირირებული გაყოფის ბულა დატოვა წმინდა სოფიის ტაძარში, თუმცა ამ გაყოფის რეცეფციას აღმოსავლეთში გარკვეული დრო დასჭირდა.[4] რეცეფციის პროცესი იმდენად გაგრძელდა, რომ მეთორმეტე და, ნაწილობრივ, მეცამეტე საუკუნეების საქართველოს სიგელ-გურჯებში რომის კათედრა ჩვეულებრივი პენტარქიის ფარგლებშია მოხსენიებული.[5] რუსუდან დედოფლის (გარდ. 1245 წ.) წერილის პასუხად, სადაც ქართველთა მონარქი კათოლიკე ეკლესიის „ურჯულო თათრებისგან“ დაცვას ითხოვს,  პაპი გრიგოლ IX (გარდ. 1241 წ.), რომელმაც  „მწვალებელთა“ წინაამდეგ „ინკვიზიციის“ დეკრეტი გამოსცა, მკაფიოდ აყალიბებს თავის პოზიციას რომის კათედრის პირველობასთან დაკავშირებით და ნათლად მოითხოვს ქართველებისგან «ქრისტეს მონაცვლე და წმინდა პეტრეს მოსაყდრე» რომის პაპის როგორც მამისა და მწყემსის აღიარებას, ხოლო დახმარებას ვერ აღუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯვაროსნები წმინდა ადგილების გამოსახსნელად სხვებთან ერთად იბრძვიან.

საინტერესო იქნება იმის დადგენა, თუ რა მოტივით ხდება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ეკლესიის „კათოლიკეობის“ ხაზგასმა, რაც ქართველ მეფეებსა და რომის კათედრას შორის გაცვლილ კორესპონდენციაში დასტურდება. იყო ეს მცდელობა, რომ მრწამსის მუხლი – «ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია»  – ქართველებს დიპლომატიურად გამოეყენებინათ, რათა „გაყრილობა“ არ ეღიარებინათ? თუ „გაყრილობის“ აღიარებისათვის, როგორც თამარაშვილი ფიქრობს, საკმარისი არგუმენტი არ არსებობდა და ამდენად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების “გაყრილობის“ თემა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისა იყო? შესაძლოა, ორივე ერთდროულად. (ამავე საკითზე იხილეთ ზურაბ კიკნაძისა და მერაბ ღაღანიძის სტატიები)

მიქელ თამარაშვილის წიგნში «ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის» განხილულია ქართველ მეფეებსა, თუ დიდებულებს და პაპებს შორის მიმოწერა მეცამეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში. საქართველოდან გაგზავნილი წერილების ადრესატები თუ რესპონდენტები იყვნენ შემდეგი პაპები: ონორე მესამე (1216-1227), გრიგოლ მეცხრე (1227-1241), ინოჩენტე მეოთხე (1243-1254), ალექსანდრე მეოთხე (1254-1261), ნიკოლოზ მეოთხე (1288-1292), იოანე ოცდამეორე (1316-1334), კლემენტე მეექვსე (1342-1352), ინოჩენტე მეექვსე (1352-1362), ურბანო მეექვსე (1378-1389), მარტინე მეხუთე (1417-1431), კალიქსტე მესამე (1455-1458), პიუს მეორე (1458-1464), ალექსანდრე მეექვსე (1492-1503), პავლე მესამე (1534-1549), გრიგოლ მეთხუთმეტე (1621-1623), ურბანო მერვე (1623-1644), კლემენტი მეთერტმეტე (1700-1721), ბენედიქტე მეთოთხმეტე (1740-1758), კლემენტე მეცამეტე (1758-1769).

ქართულ-რომაულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე დღეისთვის მოპოვებული წყაროებისა, თუ კვლევითი მასალის საფუძველზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ქართველი მწერლისა და მწიგნობრის სულხან საბა ორბელიანის პიროვნება (1658-1725). ქართველებისთვის სულხან საბა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოღვაწეა. მან შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც დღესაც სანიმუშოა როგორც სხარტი, ზუსტი და მოქნილი განმარტებების ნუსხა. მას ეკუთვნის კლასიკურ თარგზე მოჭრილი იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე^სიცრუისა.“.

ნიჭითა და განათლებით გამორჩეული მწერალი დიპლომატიური მისიით იქნა გაგზავნილი ევროპაში: იგი სტუმრობდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტეს (გარდ. 1715) და რომის პაპ კლემენტი მეთერთმეტეს (1700-1721). თავის მოგზაურობას (1714-1715) სულხან საბა ორბელიანი პირად დღიურში აღწერდა, სადაც მოხსენიებულია ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რელიგიური ფიგურა, ვისაც იგი შეხვდა, რათა თავისი ქვეყნის გასაჭირი ემცნო და დახმარება მოეძია. იქვე არაერთგზისაა გამოხატული აღფრთოვანება ევროპის ქალაქებისა და ტაძრების სილამაზის თაობაზე. საინტერესოა, რომ მოწიფულ ასაკში სულხან საბამ კათოლიკობა მიიღო, სავარაუდოდ, ევროპაში მოგზაურობის დროს. უნდა ითქვას, რომ მისმა დიპლომატიურმა სვლებმა შედეგი ვერ გამოიღო.

სულხან საბას ევროპაში დიპლომატიური მისია, რომის პაპთან და სხვა კათოლიკე იერარქებთან შეხვედრა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელია, რომელიც ისევე, როგორც ვატიკანის არქივებში დაცული ინფორმაცია რომიდან საქართველოში გაგზავნილი პადრეებისა და ეპისკოპოსების შესახებ, ან პაპების და ქართველი მონარქებისა თუ დიდებულების მიმოწერა, კომპლექსურ შესწავლას მოელის. ახალი დოკუმენტების მოძიების გარდა, ძველებიც თავიდანაა წასაკითხი და გასააზრებელი ყველა სხვა ისტორიულ მონაცემებთან მიმართებაში. სავარაუდოა, რომ მსგავსო კომპლექსური კვლევა ბევრ რამეს შეცვლის რომსა თუ საზოგადოდ ქართველთა ევროპასთან მიმართების ისტორიაში. ეს ახლო მომავლის საქმეა.

უკანასკნელი 25 წელი: რომი თბილისში

წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 24 მაისს. 1993 წლის მიწურულს საქართველოში მოვლენილია რომის პაპის ნუნციუსი, წმინდა საყდრის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელი რეზიდენციით თბილისში, დაფარვის ქვეყნებზე პასუხისმგებლობით სომხეთსა და აზერაბიჯანში. ეს იყო ეროვნებით ფრანგი მონსინიორი ჟან-პოლ გობელი.  სადესპანო წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობაა, რომლის დაქვემდებარებაში არ შედის ადგილობრივი კათოლიკეების სამოძღვრო ფუნქცია. ოთხი წლის შემდეგ მას შეენაცვლა ეროვნებით შვეიცარიელი პიტერ ცურბრიგენი (01. 1998 – 07. 2001). მომდევნო ნუნციუსი, იტალიელი კლაუდიო გუჯეროტი ათი წლის მანძილზე იყო ამ პოზიციაზე (12. 2001 – 07. 2011), ხოლო შემდეგ, 2017 წლის გაზაფხულამდე ნუნციუსად მოვლენილი იყო პოლონელი მონსინიორი მარეკ სოლჩინსკი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში, როგორც ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, მაგრამ უფრო მეტად კათოლიკური ტრადიციის ქვეყნებში, ნუნციუსი დიპლომატიური კორპუსის დუაიენია.

1996 წლიდან კათოლიკე მრევლს საქართველოში უძღვება კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, იტალიელი ჯუზეპე პაზოტო (ეპისკოპოსად ხელდასხმული 2000 წელს). საქართველოში კათოლიკეები სამი სხვადასხვა წესის (რიტის) მიმდევრები არიან, ლათინურის, სომხურისა და ასირიულ-ქალდეურის.

საინტერესოა, რომ საქართველოს კათოლიკეებს რომის კურიაში აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაცია მეთვალყურეობს. დღევანდელი Congregatio pro Ecclesiis Orientalibus 1862 წლიდან Propaganda Fide-ში (1622 წელს დაარსდა პაპი გრიგოლ მეთხუთმეტის მითითებით) არსებობდა, აღმოსავლური წესის[6]  ეკლესიებთან საურთიერთოდ, ხოლო პაპი ბენედიქტე მეთხუთმეტის მიერ, 1917 წელს, დამოუკიდებელ ერთეულად იქნა გამოცხადებული; 1967 წელს კი, პაპი პავლე მეექვსეს თაოსნობით, იგი ხდება კონგრეგაცია აღმოსავლური ეკლესიებისთვის. კონგრეგაციის მანდატია აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიის დაცვა, მის განვითარებაზე და მთლიანობაზე  ზრუნვა, მიუხედავად იმ განსხვავებული ლიტურგიკული, სულიერი და დისციპლინარული ტრადიციისა, რომელსაც ისინი მისდევენ. შემდგომ პერიოდში, (ნაწილობრივ პაპი პავლე მეექვსის Regimini Ecclesiae Universae) და პაპი იოანე-პავლე მეორის თაოსნობით (Pastor Bonus), კონგრეგაციის როლმა მეტი სიცხადე შეიძინა, მისი ავტორიტეტი ლათინური წესის ეკლესიებზეც გავრცელდა ექსკლუზიური უფლებებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე და სინას მთა, ერითრეა და ჩრდილოეთ ეთიოპია, სამხრეთ ალბანეთი და ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ირანი, ერაყი, ლიბანი, პალესტინა, იორდანია, თურქეთი, სომხეთი და საქართველო.

უკანასკნელი 25 წელი: თბილისი რომში

რას საქმიანობს საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან დღიდან დაარსებისა? იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ელჩები  წმინდა საყდარს ჟენევიდან ფარავდნენ, სადაც ისინი იყვნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები შვეიცარიის კონფედერაციაში, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები, დასაწყისში დინამიკა განსხვავდება იმ წლებისგან, როდესაც წმინდა საყდარში საქართველოს რეზიდენტი ელჩი ეყოლება. [7]ამირან კავაძემ, თავისი ელჩობის მოკლე პერიოდში  (2001 წლის 6 დეკემბერს გადასცა მის უწმინდესობა იოანე პავლე მეორეს რწმუნებათა სიგელები,  ხოლო გაიწვიეს 2003 წლის მაისში), მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით შეასრულა მოვალეობა, რწმუნებათა სიგელების გადაცემისთანავე  წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივანოში შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან კარდინალ სოდანოსთან, სახელმწიფო მდივნის შემცვლელთან (il Sostituto) მთავარეპისკოპოს სანდრისთან, პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს თავმჯდომარე კარდინალ კასპერთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Caritas Internationalis” -ის ხელმძღვანელობასთან. სულ მალე, 2002 წლის იანვარში პაპმა იოანე-პავლე მეორემ კავკასიაში ნუნციუსად მიავლინა მთავარეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი. ამრიგად, ახალი ეპოქა დაიწყო წმინდა საყდრისა და საქართვლოს ურთიერთობებში. ორივე სახელმწიფოს ჰყავდა თავისი წარგზავნილი დიპლომატი. საქართველოს მხრივ აქტიურობა მალევე გამოჩნდა, წმინდა საყდართან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო სამდივნოსთან, ქრისტიანთა ერთობის საბჭოსთან, ინტერ-რელიგიური საკითხების, კულტურის, სამართლიანობისა და მშვიდობის საბჭოებთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Caritas Internationalis”-თან. ამ შეხვედრების დროს ორივე მხარე გამოთქვამდა კმაყოფილებას დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურების შესახებ და იქვე, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში კათოლიკეთა საკითხსაც წამოჭრიდა.

 2003 წლის 15 მაისს მის უწმინდესობა იოანე პავლე მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს მეორე ელჩმა, ბატონმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ (გარდ. 2012წ.)[8], რომელიც, თავისი წინამორბედის მსგავსად, წმინდა საყდარს ჟენევიდან ფარავდა. ალექსანდრე ჩიკვაიძის  ხანმოკლე ელჩობის დასაწყისში (გაიწვიეს 2004 წლის 1 ოქტომბერს), მან შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის შემცვლელ (il Sostituto) მთავარეპისკოპოს სანდრისთან, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივან მთავარეპისკოპოს ტორანთან, რომელიც იმ დროს საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.

2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობა  საქართველოში

2004 წლის შემოდგომაზე ინიშნება პირველი რეზიდენტი ელჩი წმინდა საყდართან – ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. ისტორიისთვის ცნობილია წმინდა საყდართან ელჩებად სამეფო და წარჩინებული არისტოკრატიის  ოჯახებიდან ელჩების გაგზავნა, მით უფრო, რომ იტალიაში მცხოვრები ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი ოჯახი (მეუღლე რაიმონდო ორსინი) საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ელჩობამდე, 1999 წელს, პაპ იოანე პავლე მეორის საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა საკვანძო როლი ითამაშა. პირველი რეზიდენტი ელჩის პირობებში (2004 წლის 1 ნოემბერი – 2014 წლის 1 ივნისი) წმინდა საყდარსა და საქართველოს დიპლომატიურმა ურთიერთობამ კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიძინა. საქართველოდან წმინდა საყდარში  ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი (2009), საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (2010), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი (2011), საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე (2012 წლის აპრილი, ივნისი), ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2013). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია წმინდა საყდრის მიერ თანადგომის გამჟღავნება 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდგომ.  მას აქეთ წმინდა საყდართან, როგორც ზოგადად საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში, წამყვანი თემაა აფხზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან  იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში და ქვეყნის დეოკუპაცია.

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე რამდენჯერმე გამოეხმაურა საქართველოში რუსეთის აგრესიას.[9]  2008 წლის 17 აგვისტოს კასტელ-განდოლფოს სამოციქულო სასახლეში, საკვირაო წირვის შემდგომ  „ანჯელუსის“ ქადაგებაში პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე (2005-2013) იტყვის:

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს სიტუაციას საქართველოში და კონფლიქტის მსხვერპლებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ. დაღუპულთა სულებისთვის ლოცვასთან ერთად, გულითადად ვუთანაგრძნობ მგლოვიარეთ და მოგიწოდებთ დიდსულოვნებისკენ ლტოლვილთა უკიდურესი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების მიმართ, რომელთაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმიც არ გააჩნიათ. მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი   სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რათა მიტოვებული გვამები ღირსეულად დაიმარხონ, დაშავებულთ სათანადო მკურნალობა აღმოუჩინონ, ხოლო სხვები ახლობლებს შეუერთდნენ. ამას გარდა, გარანტირებული იყოს ამ კონფლიქტში ჩართული ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოება, ხოლო მათი ფუნდამენტური უფლებები აღარასოდეს შეიბღალოს. ასევე, ვფიქრობ, რომ  უნდა შენარჩუნდეს ზავი, რომლის მიღწევაც ევროკავშირის მონაწილეობით გახდა შესაძლებელი <ე.წ. 12 აგვისტოს შეთანხმება, თ.გ.>, განმტკიცდეს და  განგრძობითი ხასიათი მიეცეს მშვიდობას, ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, რომ გააგრძელოს მხარდაჭერა, რათა დიალოგითა და საერთო სიკეთით გამოსავალი მოინახოს“.[10]

ცხინვალის რეგიონში ამ საომარი აგრესიის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა განახორციელა სრული კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.  2008 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.  საერთაშორისო თანამეგობრობა კი, მათ შორის, წმინდა საყდარი, არ აღიარებს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის  დამოუკიდებლობას და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

2009 წლის საახალწლო შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსთან პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე საქართველოზე კვლავ საუბრობს. მისი სიტყვებით, საქართველოში რეგიონალური კონფლიქტი ვერ მოგვარდება საომარი მოქმედებებით და იმედს გამოთქვამს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის დიპლომატიური ჩარევით მიღწეული საზავო  ხელშეკრულება დროულად განხორციელდება, რათა იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.[11]

რუსეთის გავლენა და კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს, შეიძლება ითქვას, ასპროცენტიანია, ხოლო ოკუპაციამ თანდათან ბორდერიზაციის ხასიათი მიიღო.

საელჩო რეზიდენციით რომში

2005 წლიდან 2014 წლის ივნისამდე საქართველოს საელჩოს ინიციატივით,  ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა, კონფერენცია საქართველოს ევროპული იდენტურობის შესახებ, ასევე კონფერენცია მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველების გამაერთიანებელ ძალაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებისთვის, საქართველოს არქიტექტურაზე,  საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული დემოკრატიული პროცესების თემაზე. საელჩოს თაოსნობით, რომის წმინდა ეგნატეს ეკლესიაში კონცერტი გამართა  გუნდმა „ქართული ხმები“.  ამ პერიოდში, საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული ერთ-ერთი ღირშესანიშნავი აქტივობა გახლდათ საქართველოდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტების ჯგუფის მუშაობა ვატიკანის არქივებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე. (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ნინო დობორჯგინიძის სტატია)

პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელები მე გადავეცი 2014 წლის 6 სექტემბერს.[12]

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა წმინდა საყდრის  სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი მთავარეპისკოპოსი (აწ კარდინალი) დომენიკ მამბერტი, პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს თავმჯდომარე კარდინალი კურტ კოხი და, რაც მთავარია, კავკასიაში  საქართველოს სტუმრობდა პაპი ფრანცისკე.

2014-2017 წლებში საქართველოდან წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი (2015). ასევე, ქართული მხრიდან ვიზიტები გამართეს პარლამენტის თავმჯდომარემ (2014 წლის ოქტომბერი), საქართველოს კინოცენტრის დირექტორმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა (2015), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ (2016), საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2017).

გასული სამი წლის მანძილზე საქართველოს საელჩომ რამდენიმე კონფერენციაც ითავა: ქართველი კათოლიკე სასულიერო და საზოგადო მოღვაწის პეტრე ხარისჭირაშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული (2015), მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების წმიდა და დიდი კრების წინ (კრეტა, 2016 წლის ივნისი) რუმენითის საელჩოსთან და რომის Centro Pro Unione-სთან ერთად კონფერენცია წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი დოკუმენტების შესახებ (2016 წლის ივნისი), საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად (2107 წლის ნოემბერი).

კულტურული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაპის კულტურის საბჭოს თავმჯდომარის კარდინალ ჯანფრანკო რავაზის მოწვევით ანსამბლ „რუსთავის“ ორი კონცერტი –  ველაბროს წმინდა გიორგის  და წმინდა ავგუსტინეს ეკლესიებში (2015), ასევე, იტალიაში ესტონეთის საელჩოსთან ერთად  „ოსკარის“საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე ნომინირებული „მანდარინების“ ჩვენება (ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქცია), რომელსაც წინ უსწრებდა პრეს-კონფერენცია რეჟისორისა და პროდიუსერის მონაწილეობით (2016).

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საქართველოს საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს  საქართველოს ცნობადობის ზრდას, რადგან წმინდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩემი აზრით, უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა. ამას განაპირობებს რომის კათედრის ავტორიტეტი, რომელიც მილიარდზე მეტ მოსახლეზე ვრცელდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში.

პაპი იოანე პავლე მეორე და პაპი ფრანცისკე საქართველოში

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ 1992 წელს, საქართველოში ორი პაპის ვიზიტი განხორციელდა, აწ წმინდანად შერაცხული იოანე პავლე მეორე თბილისში იმყოფებოდა 1999 წლის 8-9 ნოემბერს, ხოლო პაპი ფრანცისკე საქართველოს სტუმრობდა 2016 წლის 30 სექტებრიდან 2 ოქტომბრამდე.

ნიშანდობლივია, პაპმა იოანე პავლე მეორემ თბილისში ღამე გაათია „საქართველოს კარიტასის“ მიერ დაარსებულ უსახლკაროთა თავშესაფარში, რომელიც მისი ვიზიტის დროს საზეიმოდ გაიხსნა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღვთისმსახურებაზე ქადაგების გარდა, პაპი რამდენჯერმე მიესალმა საქართველოს მოსახლეობას: თბილისის აეროპორტში, საქართველოს საპატრიარქოში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში (მცხეთა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკე ეკლესიაში.

პაპმა თავის გამოსვლებში არაერთხელ გადაუხადა გულითადი მადლობა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში მოწვევისთვის, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს ვიზიტის მხარდაჭერისთვის. ახალფეხადგმულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, პაპმა ახალი ხიდების გადება უსურვა. [13]

“უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ საქართველოს მიერ  დამოუკიდებლობის მოპოვება 1991 წელს. დღევანდელი დღის ამოცანა კი რეგიონში მშვიდობის დამყარება, თანხმობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, იმის გარანტიაა, რომ თავისუფლება ხელს შეუწყობს კულტურის ხელახლა აყვავებას, რომელიც ძალას მოიკრებს თქვენი ქრისტიანული წარსულიდან და ამ კეთილშობილი ქვეყნის შესაფერის საზოგადოებას ააშენებს.”[14]

წარმოშობით პოლონელ პაპს საბჭოთა კავშირის სივრციდან გამოსული ქვეყნების რეალობა ძალიან კარგად ესმოდა, ამიტომ მოუწოდებდა სვეტიცხოვლის ტაძარში, წარსულის განმანათლებლებზე არანაკლები მგზნებარებითა და დარწმუნებით ვუქადაგოთ ქრისტეს მოძღვრება დღევანდელ ადამიანებსო.[15] მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა დიალოგის მნიშვნელობაზე მშვიდობისა და თანაცხოვრებისთვის:

“ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი რთული გამოწვევა ტრადიციასა და  თანამედროვეობას შორის ძევს. ძველსა და ახალს შორის ეს დიალოგი დიდად განაპირობებს ახალგაზრდა თაობის მომავალს და, ამდენად, ერის მომავალსაც. ეს დიალოგი ღრმა გააზრებასა და განსჯას, ბრძნულ გაწონასწორებას მოითხოვს, რადგან ყველაფერს ბედის სასწორზე აგდებს.” [16] ეს კი, პაპის მხრივ, ახალი ათასწლეულის მიჯნაზე მდგარი დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ჭეშმარიტად, დროული შეგონება იყო, რომელსაც ყავლი დღესაც არ გასვლია.

პაპი ფრანცისკეს ვიზიტისას საქართველო არსებითად სხვა ქვეყანაა, რომელმაც, ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე, ბევრი წინააღმდეგობა დაძლია, მაგრამ ჩრდილოეთის საზღვრებიდან მომდინარე საომარ აგრესიას თავი ვერ აარიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს განვითარება მარწუხებში მოაქცია: ტერიტორიის 20% ოკუპირებული, ხოლო მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული დატოვა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იბრძვის სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და დეოკუპაციისთვის. აი, ამ პოლიტიკურ ვითარებაში ეწვია პაპი ფრანცისკე საქართველოს, ხოლო მის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, უწმინდესმა ილია მეორემ.

თუ პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოს ეწვია საიუბილეო 2000 წლის დადგომისას, რომელიც წმინდა საყდარმა პატიების თემას დაუკავშირა, 2016 წელი, პაპი ფრანცისკეს მიერ, მოწყალების საიუბილეო წლად იყო გამოცხადებული. ეს გარემოება პაპს არ გამორჩენია და საგანგებოდაც აღნიშნა. პაპ იოანე პავლე მეორის მსგავსად, პაპმა ფრანცისკემაც აღნიშნა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული პოტენციალი:

„თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს. ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა განსხვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა.”[17]

2008 წლის აგვისტოს ომიდან რვა წლის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და იტყვის:

მნიშვნელოვანია „რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.” [18]

პაპის ვიზიტი, ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენაა. როგორც ითქვა, თითქმის ყველა სახელმწიფოსა, თუ მთავრობის მეთაური ილტვის რომის პაპთან შესახვედრად, მაგრამ მისი მასპინძლების სიაში ყველა ვერ ხვდება.

ოლოსიტყვა

საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან პირველი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ მასალის გაცნობა. 15 წლის წინ საქართველოში კათოლიკეთა ცხოვრებასთან დაფიქსირებული ზოგიერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია. ესაა, ძირითადად, რუსული იმპერიული ანექსიისა, თუ საბჭოთა პერიოდში დაკარგული კათოლიკური საკულტო ნაგებობების საკითხი, ჯერ ვერ მოხერხდა ამ საკითხზე სრული შეთანხმება. საკითხი, მართლაც, ძალიან რთულია: სხვადასხვა ისტორიული სინამდვილის გამო დაკარგული შენობების „დაბრუნება“ გაურკვეველ პირობებში განხორციელდა, ხოლო  ახლადფეხადგმული დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, მცდელობის მიუხედავადაც, ვერ გადაწონიდნენ ქართველი ერის, ორსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დაქვემდებარებით გამოწვეულ, ფსიქოლოგიურ ტრავმას. დამოუკიდებლობამოპოვებული ერების მიერ ამ თავისუფლების მოპოვება-აღდგენა ამბივალენტურია. ის, რაც სხვაზე სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების პირობებში ერის გაერთიანების მამოძრავებელი ძალაა, დამოუკიდებლობის მოპოვების პირობებში, ხშირად, ერის გათიშულობისა და შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამის საუკეთესო მაგალითია ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი, რომლის უკიდურესი გამოვლინებაა ნაციონალიზმი. იდეოლოგიურმა და ეკონომიკურმა სინამდვილემ, რომელსაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობდა (და დღესაც, გარკვეულად, კარჩაკეტილობის წისქვილზე წყალს ასხამს), საქართველო იზოლაციაში მოაქცია. ობიექტური მიზეზების მიუხედავად, დასანანია, რომ საქართველო ვერ აცდა ნაციონალიზმის დასაგმობ ტრენდებს, ხოლო ამ ვითარებაში მოაზრებულ ეროვნულ თვითშეგნებას გაუჭირდა დამოუკიდებლობის გზით შემოსული პლურალიზმი ისეთივე სიმშვიდით მიეღო, როგორც ამას უწინ ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ იჩენდა. „სხვაზე დამოკიდებულების“ ეპოქაში თანასწორობის პრინციპის მიდევნება უფრო იოლი აღმოჩნდა.

 ნაციონალიზმის არასასურველი მხარეების გამოვლენის მიუხედვად, 2002 წელთან შედარებით, საქართველოში კათოლიკეთა თემი ახალ სინამდვილეში ცხოვრობს. საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს „რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ“ კანონის მიღებამ, ფაქტობრივად, ახალი დინამიკა შექმნა. შესაბამისად, წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეხვედრებზე დღეს სხვა საკითხებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, იღვწიან თანამშრომლობის გაფართოებისთვის განათლებისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროში.

ვიმედოვნოთ, რომ მომავალშიც, მრავალი 25 წელი, ასეთივე მზარდი დინამიკისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნით იქნება აღბეჭდილი.

საქართველო, დღეს,  აღმოსავლეთით ქრისტიანობის – ევროპის ერთ-ერთი ისტორიული მახასიათებლის –  ფორპოსტია. ამდენად, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების გარდა, საქართველოს წმინდა საყდართან ურთიერთობა პოლიტიკურ ჭრილშიც მნიშვნელოვანია, რადგან რომის კათედრა, პონტიფექსი, გლობალურად მშვიდობის მქადაგებელია.

 

[1] საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია, ხოლო ქრისტიანთა შორის უმეტესობა მართლმადიდებელია. მესამე ათასწლეულის დასაწყისში კათოლიკეთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენდა.
[2] https://w2.vatican.va/content/francesco/en/speeches/2017/january/documents/papa-francesco_20170109_corpo-diplomatico.html ბოლოდან მესამე აბზაცი.
[3] აქვე მინდა აღვნიშნო პროფ. ჯუანშერ ვათეიშვილის მონოგრაფია  საქართველო და ევროპის ქვეყნები: XIII-XIX სს. ურთიერთობათა ისტორიის ნარკვევები შვიდ ტომად, თბილისი: 2014-2017. დღეისთვის ჩემთვის მხოლოდ ორი ტომის არსებობაა ცნობილი.
[4] ცხადია, ავტორისთვის კარგადაა ცნობილი ის ძრითადი მოტივები, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს საფუძვლად დაედო, ფილიოკვე, ზიარება უსაფუარო პურით, თუმცა ამ თემებს ერთიანი ეკლესია მეთერთმეტე საუკუნემდეც იცნობდა. ჩემი აზრი ეკლესიის იმ ისტორიკოსებს და ღვთისმეტყველებს ერთვის, ვინც კულტურულ და პოლიტიკურ განსხვავებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს, ვიდრე აღნშნულ განსხვავებებს, რომელთა ცოდნის ფონზე, ეკლესია საუკუნეების მანძილზე ერთიანი იყო.
[5] თამარაშვილი, გვ.5 და 8
პენტარქია: ხუთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრის – რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი – წამყვანი ავტორიტეტი ქრისტიანულ სამყაროში, დოკუმენტირებული მეექვსე საუკუნიდან (იმპერატორ იუსტინიანე პირველის, 527-565, ნოველა 131) დიდ სქიზმამდე – 1054. აღმოსავლეთ საქრისტიანოში, მართლმადიდებელი ეკლესიები დღემდე, ფორმალურად, ცნობენ ამ იერარქიას, ცხადია, რომის გამოკლებით.
[6] პონტიფექსის ავტორიტეტის მაღიარებელ აღმოსავლური წესის ეკლესიებს ვატიკანის მეორე კრებამ თავისი ადგილი განუმტკიცა. პაპი პავლე მეექვსეს დეკრეტი აღმოსავლურ ეკლესიებზე ამბობს: The Catholic Church holds in high esteem the institutions, liturgical rites, ecclesiastical traditions and the established standards of the Christian life of the Eastern Churches, for in them, distinguished as they are for their venerable antiquity, there remains conspicuous the tradition that has been handed down from the Apostles through the Fathers (1) and that forms part of the divinely revealed and undivided heritage of the universal Church.” ORIENTALIUM ECCLESIARUM
 http://www.vatican.va/archive/hist_councils/ii_vatican_council/documents/vat-ii_decree_19641121_orientalium-ecclesiarum_en.html
[7] ამირან კავაძე შვეიცარიის შემდეგ (1997-2003) იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფელბიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში (2004-2006) და შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში (2005-2011).
[8] ალექსანდრე ჩიკვაიძე ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1992-1995), ხოლო საბჭოთა კავშირის დროს, სხვადასხვა დიპლომატიურ რანგში მუშაობასთან ერთად, იყო საბჭოთა კავშირის ელჩი კენიასა და ნიდერლანდების სამეფოში.
[9] პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე 10 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რეგიონში უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლისა და ძალიან დიდი რიცხვის ლტოლვილების გამო. „ვისურვებდი, რომ საომარი აქტივოა რაც შეიძლება მალე შეწყდეს, … დიალოგისა და ურთიერთობების განახლებით მოინახოს ღირსეული და კონსტრუქციული გზა, რომ ამ ძვირფასმა ადამიანებმა აიცილონ ახალი, გულის განმგმირავი ტანჯვა.“  https://w2.vatican.va/content/benedict-xvi/fr/angelus/2008/documents/hf_ben-xvi_ang_20080810.html
[10] http://w2.vatican.va/content/benedict-xvi/it/angelus/2008/documents/hf_ben-xvi_ang_20080817.html მეოთხე პარაგრაფი
[11] http://w2.vatican.va/content/benedict-xvi/en/speeches/2009/january/documents/hf_ben-xvi_spe_20090108_diplomatic-corps.html
[12] წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნამდე ვმუშაობდი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რწმენისა და წყობის საღვთისმეტყველო კომისიის სამდივნოში როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი. Before being nominated Ambassador of Georgia to the Holy See I worked in Geneva at the Faith and Order Secretariat at World Council of Churches as orthodox theologian (2001-2013).
[13] სიტყვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული შეხვედრისას, 1999 წლის 8 ნოემბერი, „ეძღვნება რომის პაპის იოანე პავლე მეორეს, მისი აღსაყდრების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით“, თბილისი, 2004, თარგმანი იტალიურიდან გაგა შურღაიასი, გვ. 20;
[14] იქვე, გვ. 14;
[15] იქვე, გვ 30;
[16] იქვე, გვ. 16;
[17] იხილეთ ბროშურა „პაპი ფრანცისკე საქართველოში“, სიტყვა პრეზიდენტის სასახლეში
[18] იქვე

რელიგიის ევროპული აკადემიის კონფერენცია ბოლონიაში

8f958c_24077d6aca3a442eb315b39c9d73707c-mv2_d_3663_1891_s_2.png18-22 ივნისს ბოლონიაში გაიმართა რელიგიის ევროპული აკადემიის კონფერენცია (www.europeanacademyofreligion.org). იგი დაარსდა გასული წლის დეკემბერში და პირველი შეკრება განხორციელდა სათაურით Ex Nihilo Zero Conference –ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც “არაფრიდან, ნულოვანი კონფერენცია”.

ევროპის უნივერსიტეტების საღვთისმეტყველო და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები დაინტერესებულნი არიან ამ ფორუმით. მომზადების პროცესში კონფერენციის ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან. საბოლოოდ სტატისტიკური მონაცემებიც გამოქვეყნდება. სამწუხაროდ, საქართველოდან კონფერენციის მიმართ ინტერესი და შეთავაზება არ ყოფილა.

რელიგიის ევროპული აკადემიის ფორუმი მონაწილეებს თავაზობს შეხვედრების გასამართ სივრცეს, დანარჩენი მონაწილეების პასუხისმგებლობაა. ვისთვისაც ცნობილია რელიგიის ამერიკული აკადემიის სტრუქტურა, ადვილად წარმოიდგენს, თუ რა ხდება ბოლონიის ფორუმზე. ხოლო ვინც არ დასწრებია, უნდა წარმოიდგინოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ასზე მეტ პანელს აერთიანებს და ქალაქის სხვადასხვა შენობაშია გაბნეული. ამ თემატური პანელების გარდა ეწყობა ერთი ან რამდენიმე საერთო პანელიც უფრო ფართო თემაზე.

რასაკვირველია, ამ ინიციატივის უკან დგას, უპირველეს ყოვლისა, 1088 წელს დაარსებული უნივერსიტეტი და აკადემიურ სამყაროში კარგად ცნობილი იოანე XXIII სახელობის რელიგიურ მეცნიერებათა ფონდი (www.fscire.it). ფონდს ხელმძღვანელობს ქრისტიანობის ისტორიის პროფესორი ალბერტო მელონი, რომელსაც იუნესკომ რელიგიური პლურალიზმის საპატიო დეკანის ტიტული მიანიჭა რელიგიების სამეცნიერო კვლევის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. აღსანიშნავია, რომ ფონდში, ამჯერად, 24 ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობს და იგი 6 ინტერნს მასპინძლობს. ფონდი ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემების მაღალი სტანდარტით. სხვათა შორის, ფონდმა მოამზადა რუის-ურბნისის ძეგლისწერის ინგლისური თარგმანი, რომელიც, ალბათ, მალე გამოიცემა.

ჩვენს საელჩოს ფონდთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამდენჯერმე ვუპასუხეთ მათ შეკითხვას, პირადად გავიცანი რამდენიმე მათგანი, გასული წლის დეკემბრის შეხვედრასაც ვესწრებოდი წმინდა საყდართან აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად. ცოტა ხნის წინ პროფესორმა მელონიმ მთხოვა, 20 ივნისის პანელზე მიმეღო მონაწილეობა.

რელიგიის ევროპულმა აკადემიამ 20 ივნისის დილის სესია მიუძღვნა თემას “განათლება და გლობალური მოქალაქეობა”. პანელს უძღვებოდა პროფესორი ალბერტო მელონი, ხოლო მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო იტალიის განათლების მინისტრი ქალბატონი ვალერია ფედელი. დასაწყისში საზოგადოებას, ასევე, მიესალმნენ იტალიის სასამართლოს ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ანდრეა მასკერინი, წმინდა საყდართან სლოვენიისა და მონაკოს ელჩები, ბატონი ტომაზ კუნსტელი და ბატონი კლოდ ჯორდანი, ბოსნიის მთავარი მუფტი, ემერიტუსი, მუსტაფა კერიკი, საუდის არაბეთის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი აბდულაჰ ლეედანი, ვერონის უნივესიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რიკარდო პოცო. შემდეგ პანელზე მოკლე მოხსენებებით საზოგადოებას მიმართეს ემორის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ აარონ გოლდფედერმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის პორფესორმა დინა პორატმა, ანდრეა მასკერინიმ და მე. პროფესორ მელონის თხოვნით, ვისაუბრე თემაზე დიალოგის მნიშვნელობა გლობალური მოქალაქეობისთვის.

თითქმის ორი ათეული წელია, რაც სხვადასხვა სახის დიალოგთან ვარ შეხებაში. ჯერ იყო, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ინგლისში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, ვცდილობდი ჩემი – ახლადთავისუფლება მოპოვებული საქართველოდან ჩამოსულის – სათქმელი მათთვის გასაგები ყოფილიყო. ეს გახლდათ ჩემთვის საერთაშორისო დიალოგის პირველი გამოცდილება. შემდეგ, უკვე “რწმენისა და წყობის” კომისიასთან მუშაობისას ჟენევაში, ეკლესიათაშორისო დიალოგში ჩართულობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ჩემი, როგორც თეოლოგის, პროფესიული ჩამოყალიბებისთვის. ხოლო კულტურული და კონფესიური დიალოგის ამ გამოცდილებამ ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ წმინდა საყდართან წარმომედგინა საქართველო, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პაპი ფრანცისკეს სინამდვილეში. პონტიფექსი ხომ პირველი დღეებიდანვე ლაპარაკობს დიალოგის, როგორც დამაკავშირებელი ხიდის, აუცილებლობაზე. როდესაც პაპმა თებერვალში წარმოთქვა მისი გახმაურებული ფრაზა, “ვაშენოთ ხიდები და არა კედლები”, ეს არ წარმოადგენდა ერთი გარკვეული მოვლენის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას. დიალოგური ხიდების გადება მისი დისკურსის ერთ-ერთი მახასიათებელია. მართალია, პაპი, ზოგჯერ, “პოპულიზმის” გავლენით, თეოლოგებს ერთ კუთხეს მიუჩენს ხოლმე, ამბობს, აუცილებელია, რომ ისაუბრონ და ისაუბრონო, ხოლო დანარჩენებმა საერთო ძალებით ვიშრომოთ ჩვენი პლანეტის გადარჩენაზე, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, მიგრანტების ღირსების შესანარჩუნებლადო.

დიალოგის შემეცნებითი ხასიათის მიუხედავად, თუ იგი წარმატებულია, ემოციურადაც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და სრულყოფას.

დიალოგი ერთმანეთის უკეთ გაცნობის ის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მშვიდობიან გამოსავალს ეძებს და იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, მათ მშვიდობიანი დაშორებისკენ უბიძგებს. ერთმანეთის უკეთ გაცნობის გზით, მშვიდობიანი გამოსავლის ძიება, წესით, დიალოგის მამოძრავებელიცააა და მიზანიც.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დიალოგის წარმართვისა არის თავისუფლება, მის გარეშე დიალოგი მიზანს ვერ აღწევს. თუ ერთი მხარე ცდილობს სხვა მხარე(ებ)ზე ზეწოლით მიზნის მიღწევას, დიალოგი ვერ შედგება. დიალოგში ჩართულებმა აუცილებლად უნდა გადალახონ ცრურწმენები და საუბარში თანასწორობა აღიარონ, ზომისა და წონის მიუხედავად.

დღეს არსებული ღიაობის პირობებში დიალოგისთვის თავის არიდება ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, გლობალური ღიაობა, რომელიც დიალოგისკენ მოუწოდებს, ამასთანავე, იზოლაციისკენაც უბიძგებს მათ, ვინც ღიაობის ამ გარდაუვალ “ტრენდს” შიშით უყურებს.

ღიაობისა და იზოლაციისკენ სწრაფვის ეს დინამიკა, განსაკუთრებით ერთსა და იმავე სარწმუნოებრივ ოჯახებში, არც თუ ისე ახალი მოვლენაა, მაგრამ გლობალური დიალოგისა და ვირტუალური პირისპირ დგომის პირობებში იგი გაცილებით მეტი სიმძაფრით გამოირჩევა. გლობალური ღიაობის თაობისთვის ვირტუალურ სივრცეში სიახლოვის განცდა არც იდეალიზმია და არც რომანტიზმი. სამაგიეროდ, ასეთივე წარმატებით ჩნდება თითქმის გადაულახავი ზღვრები თანაგუნდელებსა და ოჯახის წევრებს შორის: ერთნი ვერ ეგუებიან ჩარჩოებიდან გასვლას, მეორენი ჩარჩოებით შეზღუდვას. თანამოაზრეობის სხვაგან მონახვა ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ერთმორწმუნესთან გაუცხოება.

ჩვენი დროის ყველაზე რთულ გამოწვევებს შორის, გლობალურად თუ ლოკალურად, მესახება დიალოგში შესვლა მათთან, ვისაც ეს არ სურს. დიალოგის გარეშე კი, ღიაობის ეპოქაში, მშვიდობიანი თანაარსებობა ვერ შედგება.

ახლა საქართველოს არჩართულობაზე რელიგიათა ევროპულ აკადემიაში. თუ ჩვენი ქვეყანა ევროპის სივრცეში დამკვიდრებისკენაა მიმართული, მსგავს ფორუმებში მონაწილეობა აუცილებელია. აქ მონაწილეები უსმენენ ერთმანეთს, სვამენ შეკითხვებს, ერთად ფიქრობენ სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობაზე, პირადად ხვდებიან მათ, ვისაც მხოლოდ პუბლიკაციებით იცნობენ, ეს ყოველივე კი ამ ადამიანებს, გუნდებს, კათედრებს საერთო ვროპულ თუ საერთაშორისო პროცესებში ჩართულობისთვის ამზადებს. ამ ფორუმებზე საკუთარი თავისა და უნივერსიტეტის რეკლამირებით არ არიან დაინტერესებულნი. აქ თავს იყრიან იმისთვის, რომ გაიგონ, რას ფიქრობენ დღეს ევროპის რელიგიათმცოდნეები და ღვთისმეტყველები, აქ ცვლიან იდეებს და აწარმოებენ დიალოგს, რათა კარგად გააცნობიერონ, როგორ აზროვნებს დღევანდელი საღთისმეტყველო და რელიგიათმცოდნეობის აკადემიური სამყარო და მას საკუთარი ხმაც შეაწიონ.

 

ფრანცისკესა და ტრამპის შეხვედრა ვატიკანში

24 მაისს, 8:30 სთ-ზე რომის პაპმა ფრანცისკემ სპეციალური აუდიენციის ფარგლებში მიიღო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პაპის შემდეგ პრეზიდენტი შეხვდა სახელმწიფო მდივან კარდინალ პიეტრო პაროლინს და სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტმა დაათვალიერა სიქსტეს კაპელა. ამის შემდეგ კი, იგი კვირინალეს სასახლეში გაემართა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შესახვედრად.

18582639_1565524670125798_4027191960847841242_n

ვატიკანი, პრეზიდენტის ცხრადღიანი მოგზაურობის მესამე ვიზიტია, საუდის არაბეთისა და იერუსალიმის შემდეგ.

პაპის არჩევიდან დღემდე ამ ორ პიროვნებას შორის ერთგვარი უთანხმოებაა. პაპის მიერ არაქრისტიანად გამოცხადება მათი, ვინც ხიდების ნაცვლად კედლებს აგებს, პრეზიდენტის მხრივ უკომენტაროდ არ დარჩენილა. ხოლო 2013 წლის მარტში, როდესაც ახლადარჩეული პონტიფექსი გაეშურა სასტუმროს ანგარიშის გადასახდელად (ასევე, უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში ცხვორებაზე და წმინდა პეტრეს ბაზილიკის გადაღმა მდებარე პატარა სასტუმროში მოთავსდა), დონალდ ტრამპმა ტვიტერში პაპის ქმედება გააკრიტიკა, მე არ მსურს ისეთი პაპი, რომელიც სასტუმროში ფულს იხდისო. მას შემდეგ, რაც ტრამპის, აწ წარმატებით დასრულებული, საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, პაპის გზავნილები დაუსახელებლად ტრამპის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის წინააღმდეგაა მიმართული. უნდა ითქვას, რომ ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფრანცისკეს ქმედება და რიტორიკა იმ „დაუნდობელი“ კაპიტალიზმის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამარჯვებული პარტიის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ კურსში აისახება. ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტების საკითხს, რომელიც პონტიფექსის საკვანძო საკითხია და, თავის მხრივ, სიღარიბის, ტრეფიკინგის, თუ გარემოს დაცვის საკითხებთანაა გადაჯაჭვული. საინტერესოა, რომ ამერიკელი კათოლიკეების დიდი ნაწილი უარყოფს მათი პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსსა და პონტიფექსის გზავნილებს შორის წინააღმდეგობას. ჩემთვის, როგორც ზოგიერთი სხვა თეოლოგისთვის, ეს აზრი მიუღებელია. ამ ორი ლიდერის მიმართულებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მიუხედავად ამისა, მათი საუბარი მნიშვნელოვანია, მათ შორის  იმ არსებული განსხვავების ფონზე, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ცხადია, ეს შეხვედრა არ შედგებოდა, რომ ორივე მხრივ არ ყოფილიყო მშვიდობიანი საუბრის სურვილი.

როგორც წმინდა საყდრის პრესსამსახური წერს, „გულითადი საუბრის დროს, კმაყოფილება გამოითქვა წმინდა საყდარსა და აშშ-ს შორის არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობის ისევე, როგორც სიცოცხლის, რელიგიური მსახურებისა და სინდისის თავისუფლებისადამი საერთო პასუხისმგებლობის გამო. იმედია, რომ აშშ-ში სახელმწიფოსა და კათოლიკე ეკლესიას შორის მშვიდი თანამშრომლობა იქნება ხალხის ჯანმრთელობის, განათლებისა და მიგრანტების დახმარების სფეროში. საუბარი აგრეთვე წარიმართა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერებაზე პოლიტიკური ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის გზით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას და ქრისტიანების დაცვის საკითხს“.  იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანსა და საგარეო ურთიერთობების მდივანს ხვდებოდა, ქალბატონი მელანია ტრამპი იმყოფებოდა წმინდა საყდრის პატრონაჟსი ქვეშ მოქმედ ბავშვთა ჰოსპიტალში (Ospedale pediatrico Bambino Gesù) იმყოფებოდა, ხოლო ქალბატონი ივანკა ტრამპი Sant’Egidio-ის საქველმოქმედო ცენტრში (ისინი ბოლო ხანს, ძირითადად, მიგრანტებით, პაპი ფანცისკესთვის უმთავრესი საკითხით, არიან დაკავებული და პრაქტიკულად ახორციელებენ პონტიფექსის სამოძღვრო გზავნილს მიგრანტთა ღირსების შენარჩუნებაზე).

პრეზიდენტისა და პაპის პირადი საუბარი, რომელიც ნახევარ საათამდე გაგრძელდა, რასაკვირველია, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით გაიმართა, მაგრამ მათი პირველი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა ისევე, როგორც დამშვიდობება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ გადაიცემოდა. შეხვედრის ამ მომენტებს ე.წ. „ვატიკანისტებიც“ ესწრებოდნენ.  ისინი კარგად იცნობენ პაპი ფრანცისკეს ჟესტებსა და გამომეტყველებას, ასევე, ყურადღებას აქცევენ, თუ რა სიტყვებით ესალმება და ემშვიდობება პონტიფექსი განსაკუთრებულ სტუმრებს. სწორედ ამ ცალკეულ ფრაზებსა და body language-ს რამდენიმე საინტერესო ანალიზი მოჰყვა. თავდაპირველი შეხვედრის სცენა, მართლაც, ითხოვდა კომენტარს,  გაღიმებული პრეზიდენტის გვერდით იდგა ზომაზე მეტად მოწყენილი პაპი. დამშვიდობებისას კი, ფრანცისკე ხუმრობდა, განსაკუთრებით პირველ ლედისთან.  „ვატიკანისტებს“ შეუმჩნეველი არ დარჩათ, რომ ფოტოსესიის დროს პაპმა თავი აარიდა არაფორმალურ გასაუბრებას, რასაც იგი, როგორც წესი, სხვა ლიდერებთან აკეთებს ხოლმე.

ნიშნადობლივია, რომ ფრანცისკემ ტრამპს საჩუქრად მიართვა ზეთისხილის ხის პატარა ქანდაკება და თან დაურთო (ესპანურ ენაზე): “ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ თქვენ გახდეთ ზეთისხილის ხე მშვიდობის განსახორციელებლად”. ამაზე პრეზიდენტმა უპასუხა: “ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა”, რაც ცოტა ენიგმატურად ჟღერს. ამასთან ერთად, პაპმა პრეზიდენტს გადასცა ორი წიგნი, 2017 წლის 1 იანვრის მშვიდობის გზავნილი – „სამშვიდობო პოლიტიკა ძალადობის გარეშე“ და მისი ენციკლიკა გარემოს დაცვაზე. პრეზიდენტი შეპირდა, რომ ორივეს წაიკითხავს.  ყველაზე მეტი ოპტიმიზმი ახლავს პაპის საყოველთაოდ ცნობილი ენციკლიკის Laudato Si-ს  გარშემო საუბარს. იმედია, რომ პაპმა დაარწმუნა პრეზიდენტი, მისი ქვეყანა არ გამოეთიშოს პარიზის (2015 წლის დეკემბრის) შეთანხმების რეალიზაციის პროცესს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა პაპს უსახსოვრა ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველის მარტინ ლუთერ კინგის სამი ტომის პირველი გამოცემა.  დამშვიდობებისას, პრეზიდენტმა ყველასთვის გასაგონად თქვა: „გამდლობ, გმადლობ. არ დამავიწყდება თქვენი სიტყვები“,’ ხოლო შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა: „დიდებული (შეხვედრა იყო), მართლაც, ძალიან კარგი ვინმეა. ფანტასტიური შეხვედრა გვქონდა“.

რომის კათოლიკეები და ანგლიკანები

26 თებერვალი და 13 მარტი ორი მნიშვნელოვანი თარიღია კათოლიკეებისა და ანგლიკანების ურთიერთობაში. 26 თებერვალს, უმაღლესი პონტიფექსი პირველად ესტუმრა ინგლისის ეკლესიის ყველაწმიდას სამრევლოს რომში, მისი ორასწლიანი არსებობის მანძილზე. 13 მარტს წმინდა პეტრეს ტაძარში პირველად აღესრულა ანგლიკანური წესის საღამოს ლოცვა ორივე ეკლესიის იერარქებისა და სამღვდელოების მონაწილეობით, ასევე ოქსფორდის ერთ-ერთი კოლეჯის გუნდისა და საორღანო მუსიკის თანხლებით. შესაძლოა, მავანმა ეს ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენათა რიგს მიაკუთვნოს. სინამდვილეში, ქრისტიანთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ორივე მოვლენა მრავლისმთქმელია. 26 თებერვალსა და 13 მარტს, ცხადია, წინ უძღვოდა დიდი ხნის მზადება და ორმხრივი კეთილი ნება.

Allsaints
რომის ყველაწმიდას ეკლესიაში პაპი ფრანცისკეს გულითადი სტუმართმოყვარეობით დაუხვდნენ. მასპინძლების ყველა სიტყვასა თუ ქმედებაში იგრძნობოდა სიყვარული და პატივისცემა რომის ეპისკოპოსის მიმართ. თავის მხრივ, პაპმა ფრანცისკემ ისტორიულად შეაფასა მათთან სტუმრობა: “ჩვენ, კათოლიკეები და ანგლიკანები, სიმდაბლით მადლიერებას გამოვხატავთ, რომ საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის მიმართ უნდობლობის შემდეგ, შევძელით, ქრისტეს მადლი სხვაშიც ვაღიაროთ. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ [ჩვენში] ქრისტიანთა შორის დაახლოვების სურვილმა იმატა, რასაც ადასტურებს ჩვენი ერთობლივი ლოცვა და სხვადასხვა მსახურებით გამოვლენილი სახარების დამოწმება. ზოგჯერ სრული ერთობისკენ ჩვენი სვლა შენელებულია, ან არადამჯერებელი, მაგრამ დღევანდელი თავშეყრა იმედის მომცემია. დღეს პირველად გესტუმრათ რომის ეპისკოპოსი, ეს მადლიცაა და პასუხისმგებლობაც, ჩვენი ურთიერთობის განმტკიცების, ქრისტეს განდიდების, სახარების მსახურებისა და ამ ქალაქის წინაშე.”

ყოვლაწმიდას მრევლმა პაპი ფრანცისკეს სტუმრობასთან დაკავშირებით მაცხოვრის ახალი ხატი მოაბრძანა, რომლის წინაშე ორივე ეკლესიის სამღვდელოებამ ერთად აღავლინა ლოცვა, ხოლო რომის ეპისკოპოსმა თავისი გამოსვლა მაცხოვრის გულმოწყალე მზერაზე ააგო, თითქოს გვეკითხებაო, მზად ხართ, რომ ჩემს გამო წარსული უკან მოიტოვოთ?

“დღეს, ღვთის მადლით, ისე ვაღიარებთ ერთმანეთს, როგორებიც სინამდვილეში ვართ: ქრისტესმიერად დაძმობილებულები, ჩვენი საზიარო ნათლობის შედეგად.”

ყოვლაწმიდას ეკლესიაში პაპი ფრანცისკეს წარმოთქმული სიტყვა გამოირჩევა “სხვის” მიმართ პატივმიგებითა და წარსულის ცრურწმენებისგან განთავისუფლებისკენ მოწოდებით. ამის დასტურად რომის ერთი და იმავე სახელობის ორი ეკლესია, ანგლიკანური წესისა და კათოლიკე, დამეგობრდნენ. “დაე. ზეციურ იერუსალიმში შეკრებილმა ყველა წესის ქრისტიანთა წმინდანებმა გვიჩვენონ აქ, ქვემოთ, ქრისტიანული სვლის ძმური და საზიარო გზა. სადაც იესოს სახელით შევიკრიბებით, იგიც ჩვენ შორის იქნება (მათე 18:20).”

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პაპი ფრანცისკე სხვა ქრისტიანული წესის მრევლს, კათოლიკეებთან ერთად, ღარიბთა და უმწეოთათვის საერთო ქმედებისკენ მოუწოდებს. თანალოცვის საკითხავიდან გამომდინარე, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე 4:1-10, უმაღლესი პონტიფექსი ამბობს, რომ ჩვენი მსახურება ქრისტეს მოწყალების შედეგია, ამიტომაც “არ ვცხრებით”. თავად წმინდა პავლე მსახურებისას არაერთ სირთულეს შეხვედრია, როგორც კორინთელთა მიმართ მისი მიწერილიც ადასტურებს, თუმცა მოციქული ამას თავს ართმევს და უთანხმოებას შერიგებით ასრულებს, რასაც იგი სიმდაბლით ახორციელებს. პავლე საკუთარ თავს უფლის მსახურად ხედავს და ქადაგებს ქრისტეს სიტყვებს, არა საკუთარს. სიმდაბლე ნიშნავს საკუთარი თავიდან ყურადღების სხვაზე გადატანას, ქრისტესგან მოწყალების მოლოდინში.

“ნავსი გატყდა”, “ყინული დაიძრა” და სხვა მსგავსი მეტაფორის მოხმობა შეიძლება იმის აღსანიშნავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომის პაპის ვიზიტი ინგლისის ეკლესიაში ისევე, როგორც ანგლიკანური ლოცვა წმინდა პეტრეს ტაძარში, იმის დამოწმებაა, რომ საერთო ნათლობა და-ძმობას მოასწავებს, ხოლო განსხვავებულმა ეკლესიურმა ტრადიციამ არ უნდა დააბრკოლოს ქრისტიანთა ერთობლივი ქმედება ადამიანისა და ღვთის შესაქმის საკეთილდღეოდ.

რომის პაპი ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის განხორციელებამდე ბევრმა კათოლიკემ გამოხატა საქართველოს საელჩოსთან დაკავშირების სურვილი. ერთ-ერთი მათგანი იყო იეზუიტების ისტორიული ჟურნალის “Civiltà Cattolica”-ის რედაქტორი მამა ანტონიო სპადარო, რომელიც გამოირჩევა თავისი განსწავლულობითა და იეზუიტი პაპის მიმართ უსაზღვრო ერთგულებით. სპადარო ერთხელ თავად გვესტუმრა, მეორედ თავისთან მიმიწვია, აინტერესებდა საქართველო, ჩვენი ქრისტიანული წარსული და აწმყო. საინტერესოდ ვსაუბრობდით, კარგ შეკითხვებს მისვამდა და ერთხელ, უცბად, ოდნავ შემკრთალი სახით მეკითხება, მართალია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობს ჩვენს ნათლობასო? მგონი, ასე არასდროს გამჭირვებია დადებითი პასუხის გაცემა. ჩვენგან რომის ეკლესიის ნათლობის არაღიარება ეკლესიოლოგიურად გაუგებარია, მით უფრო, რომ ყველა ავტოკეფალური ეკლესია ამას აღიარებს. ნათლობის საიდუმლოს აღიარების გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშაა საერთოდ ეკლესიათა ურთიერთობის საკითხი. საქართველოში, ვეჭვობ, საყოველთაოდ იყოს ცნობილი, რომ მხოლოდ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, 14 ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის, ითხოვს ნებისმიერი სხვა ტრადიციის ქრისტიანის გადანათვლას (და არა მათ მიღებას ზეთისცხებით, ან მრწამსით, როგორც ეს სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ხდება). რასაკვირველია, არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, ათონის მთის მონასტრები (ყველა მონასტერში ასე იქცევიან თუ არა ათონის მთაზე, ძნელი სათქმელია), ან გარკვეული სამღვდელო პირები სხვა იურისდიქციებში, მაგრამ მხოლოდ საქართველოა ცნობილი იმით, რომ სხვა ტრადიციის ქრისტიანების გადანათვლას მოითხოვს. ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, რადგან ღვთისმეტყველების პროფესიული ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ქრისტიანთა შორის ურთიერთობით მივიღე. ნათლობის საიდუმლოს აღიარება ქრისტიანთა ურთიერთობის ქვაკუთხედია, აქედან იწყება განსჯა საერთო ქმედებაზე, ერთობლივ ლოცვაზე, ქრისტეს ანდერძის – “რათა ყველა ერთი იყოს” (იოანე 17:21) – შესრულებაზე. ქრისტიანთა ერთობა, ერთობლივი ლოცვა, აი, იმ სულისკვეთებისა, როგორიც კათოლიკეებსა და ანგლიკანებს შორის განიხილებოდა, გამორიცხავს რომელიმე მხარის განსაკუთრებულობას, არამედ, ქრისტეს სახელით ღვთის მსგავსების ღირსებით ტარებას გულისხმობს. ხსნის გზაზე ჩვენ ხომ ერთსა და იმავე ჯვარს ვეთაყვანებით.

ამ ბლოგისთვის ილია ჭავჭავაძის სიტყვების წამძღვარება მინდოდა: “ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში”, მერე გადამეტებულად მეჩვენა ბლოგისთვის. ილიას სიტყვების წასამძღვარებლად უფრო სერიოზული მუშაობა მომიწევს მომავალში.