რომაული კურიის რეფორმისათვის

curiaრომაული კურიის წევრებისთვის განკუთვნილ წინასაშობაო მიმართვაში პაპმა ფრანცისკემ  რეფორმის სახელმძღვანელო პრინციპები ჩამოაყალიბა. ქრისტეშობა, პაპის სიტყვებით, შეგვახსენებს უფლის სიყვარულით სავსე თავმდაბლობას. სანიმუშოდ პაპი ფრანცისკე დაესესხა მამა მათე უპოვარს, ბევრისთვის სულიერი ცხოვრების განმაახლებელს კოპტურ ეკლესიაში (გარდ. 2006, მისი მოძღვრება, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის აუცილებლობაზე, ზოგიერთისთვის საკამათოა): “უფალო, ნუ მოგვაკლებ შენს გამოცხადებას, რათა შენი ბავშვობის ძალით შევძლოთ ჩვენი პატივმოყვარეობის დაძლევა. შენი სიმდაბლის გამოცხადებამ მიიზიდოს ეკლესია და მთელი სამყარო”.

იმისათვის, რომ რომაული კურია უძრავ ბიუროკრატიულ აპარატად არ გადაიქცეს, პაპის თქმით, მას ესაჭიროება მუდმივი განახლება, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. რეფორმის სიახლე ყველას  უნდა მისწვდეს, განსაკუთრებით ღარიბებსა და საზოგადოების მიერ გარიყულებს. რეფორმას ესთეტიკური მნიშვნელობა კი არ უნდა ჰქონდეს, გალამაზებას კი არ უნდა ესწრაფვოდეს, არამედ ნაკლოვანებების აღმოფხვრას. რეფორმა მხოლოდ მაშინ იქნება ფასეული, თუ ის კურიაში ხალხის გარდაქმნას შეუწყობს ხელს და მიზნად არ დაისახავს მათ შეცვლას. მომსახურე პერსონალისთვის მხოლოდ ცოდნის გაღრმავება არ კმარა, სულიერი განახლებისკენ სწრაფვაც საჭიროა.

პაპი ფრანცისკე არც იმას გამორიცხავს, რომ განხორციელების პროცესში რეფორმა ჯანსაღ წინააღმდეგობას წააწყდეს.

რეფორმის გასატარებლად პაპმა 12 სახელმძღვანელო პრინციპი ჩამოყალიბა: ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სამოძღვრო პასუხისმგებლობა, მისიონერული სულისკვეთება, თვალსაჩინო ორგანიზაცია/წესრიგი, ფუნქციების გადანაწილების გაუმჯობესება, მოდერნიზაცია ანუ “დროის ნიშნების’” შემეცნება, სიფხიზლე, სინოდალურობა (გარდა პირველადი მნიშვნელობისა, აქ საყურადღებოა სახელმწიფო სამდივნოს გამაერთიანებელი როლი დიკასტერიებთან მიმართებაში), საყოველთაობა, ანუ ხელდაუსხმელთა და ქალთა როლის გაზრდა ეკლესიის ცხოვრებაში, პროფესიონალიზმი და გამჭრიახობა. ამასთანავე, პაპი მნიშვნელობას ანიჭებს რეფორმის განხორციელებისას ინდივიდუალურისა და საერთო-საზიაროს ურთიერთდამოკიდებულებას. რომაული კურია თანამშრომლობის, ლოცვისა და სიყვარულის განსახიერება უნდა იყოს.

როგორც ეს პაპის სიტყვაშია მოცემული, რომაულმა კურიამ რეფორმისკენ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დასახელებულია 2013 წლის 13 აპრილიდან დღემდე განხორციელებული ცვლილებები, რომელთა უმეტესობა ფინანსური ხასიათის რეფორმას ეხება.

2013 წლის 13 აპრილი – შეიქმნა კარდინალთა საბჭო, თავდაპირველად 8, ხოლო 2014 წლის 1 ივლისიდან 9 წევრის შემადგენლობით (C9). იგი მოქმედებს როგორც პაპის მრჩეველთა საბჭო ეკლესიის მმართველობის განახლების საკითხებთან დაკავშირებით.

24 ივნისი – შეიქმნა სპეციალური კომისია წმინდა საყდრის ეკონომიკური და ფინასნური აქტივობების სახარებისეულ პრინციპებთან შესაჯერებლად.

11 ივლისი – პაპის ბრძანება: კრიმინალური აქტივობის საწინააღმდეგოდ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს იურისდიქციული და სასამართლო ავტორიტეტების დასახელება.

18 ივლისი – შეიქმნა წმინდა საყდრის საორგანიზაციო და ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი კომისია (COSEA), რომელსაც კარდინალთა საბჭოსთან ერთად ევალება ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

8 აგვისტო – პაპის ბრძანება: შეიქმნა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტი, ძირითადად ტერორიზმისა და იარაღის გავრცელების აღკვეთასთან დაკავშირებით.

15 ნოემბერი – პაპის ბრძანება: პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის მიერ, ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით 2010 წელს დაარსებული  ორგანოს (Financial Intelligence Authority) განახლება.

2014 წლის 24 თებერვალი – პაპის ბრძანება: ეკონომიკური საკითხების საბჭოს, რომელშიც 15 კარდინალი მონაწილეობდა, ჩაენაცვლა ახალი საბჭო (Secretariat for the Economy and the Council for the Economy) აუდიტის ფუნქციით.

22 მარტს – შეიქმნა პაპის კომისია მცირეწლოვანთა დაცვისათვის.

8 ივლისს – პაპის ბრძანება: წმინდა საყდრის მფლობელობაში არსებული ძეგლები ახლადშექმნილ ეკონომიკურ საბჭოს გადაეცა.

2015 წლის 22 თებერვალი – ახლადშექმნილი ეკონომიკური სააგენტოების წესდება დამტკიცდა.

27 ივნისი – პაპის ბრძანება: შეიქმნა კომუნიკაციების საბჭო, რომელშიც გაერთიანდა აქამდე არსებული ყველა  საკომუნიკაციო უწყება.

6 სექტემბერი – საკომუნიკაციო უწყების წესდება დამტკიცდა.

15 აგვისტო – პაპის ბრძანება: ქორწინების კანონიკური მხარის რეფორმა, რომელიც სჯულის კანონის კოდექსში და აღმოსავლურის სჯულის კანონის კოდექსში შევიდა.

2016 წლის 4 ივნისი – პაპის ბრძანება: ეპისკოპოსების მიერ მცირეწლოვანთა და მოწყვლადთა მიმართ დანაშაულის უგულებელყოფის აღკვეთა.

15 აგვისტო – პაპის ბრძანება: ახალი დიკასტერიის შექმნა, ხელდაუსხმელთა, ოჯახისა და სიცოცხლისათვის.

17 აგვისტო – პაპის ბრძანება: ახალი დიკასტერიის შექმნა, ადამიანის ინტეგრირებული განვითარებისათვის, ძალაში შევა 2017 წლის იანვრიდან. აქ გაერთიანდა 4 დიკასტერია: -სამართლისა და მშვიდობის, -პასტორალური ზრუნვის, -მიგრანტებისა, ლტოლვილებისა და ჯანდაცვის მუშაკების, -საქველმოქმედო Cor Unum.

18 ოქტომბერი – დამტკიცდა  სიცოცხლის დაცვის შესახებ პაპის საბჭოს წესდება.

პაპის ეს სიტყვა რომაული კურიის მიმართ გამსჭვალულია თავმდაბლობის სულისკვეთებით, მსმენელს მოუწოდებს თავი დააღწიოს განდიდებისა და პატივმოყვარეობის მავნე სენს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s