“იხარეთ და იმხიარულეთ” (მათე 5:12), მოუწოდებს პაპი ფრანცისკეს ახალი სამოციქულო წერილი, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. წერილის მთავარ თემად მოაზრებულია სიწმინდე და წმინდანები ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების წმინდანობა.
ღვთის ძის განკაცება იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთს სურდა ისტორიაში შებიჯება. ღმერთი თითოეულ ადამიანს მოუწოდებს სიწმინდისკენ, ყოველ ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე ეურთიერთება, ამიტომ სრულყოფილებისკენ ლტოლვა არ შეიძლება იყოს ვინმეს მიბაძვა, ან გამეორება. პაპის რწმენით, უამრავი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავად აღვიქვამთ, სიწმინდის მატარებელია და ამას სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ადამიანებში სიწმინდე უშეცდომობაში კი არ უნდა ვეძიოთ, ამბობს პაპი ფრანცისკე, მათი სიცოცხლე მთლიანობაში უნდა მოვიაზროთ.
წერილში სახარებისეული ცხრა ნეტარება განმარტებულია სწორედ ყოველდღიურობის ფონზე, ყოველი ნეტარების შინაარსი უპასუხებს შეკითხვაზე, რა არის სიწმინდე?
პასუხი მარტივია. ესაა გულით სიღარიბე, თავმდაბლობა, სხვისთვის გლოვა, სამართლიანობის წყურვილი, მოწყალება, სიყვარული, მშვიდობისყოფა, ყოველდღიური სიძნელისა და გამოწვევის მიღება, უფლის ერთგულება.
მათეს სახარებაში ცხრა ნეტარებას მოსდევს იესოს მოწოდება -“იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში”.
საინტერესოა, რომ წერილის დასაწყისშივე პაპი ახსენებს წმინდანებს, რომლებიც სიცოცხლეში განსაკუთრებული რწმენით გამოირჩეოდნენ, მაგალითად, მარია გაბრიელა საგედუ, იტალიელი (სარდიინიიდან) ქალი, რომელიც 25 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქრისტიანთა ერთობას ქადაგებდა ისე, რომ არანაირი მომზადება ამ კუთხით არ ჰქონია. აქ, შესაძლოა, პაპი ფრანცისკე, ეხმიანებოდეს იდეას, რომელიც ეკუმენურ კონტექსტში მეტ-ნაკლებად ცნობილი და დამუშავებულია, რომ სიწმინდე “არ ცნობს” კონფესიურ საზღვრებს, არამედ იგი საყოველთაო-ქრისტიანულია. წმინდა იოანე პავლე მეორეს სიტყვებიცაა მოხმობილი წმინდანთა შესახებ, 2000 წელს კოლიზეუმში წარმოთქმული: წმინდანები “ის საუნჯეა, რომელიც ნებისმიერ განხეთქილებაზე მეტად მეტყველია.“
პაპი ფრანცისკეს ამ სწავლებაში სიწმინდე, ცხრა ნეტარებასთან ერთად, განსაზღვრულია მათეს 25-ე თავის მუხლებით, სადაც აღწერილია სამსჯავროზე მართალთა გამორჩევა იმის მიხედვით, დააპურეს თუ არა მშიერი, მიაწოდეს თუ არა წყალი მწყურვალს, უმასპინძლეს თუ არა უცხოს, შემოსეს თუ არა შიშველი, ინახულეს თუ არა სნეულნი და საპყრობილეში მყოფნი.
თანამედროვე ცხოვრებაში სიწმინდის მტრად პაპი აცხადებს გნოსტიციზმისა და პელაგიანიზმის ახალ ვერსიებს. იგი გნოსტიციზმად მიიჩნევს “მისტიურის მოშინაურებას”, ყველა მოვლენის მხოლოდ ემპირიული გზით ახსნის მცდელობას იმდენად, რომ სულიწმიდას სამოძრაო სივრცე აღარ რჩება, ხოლო ეკლესია მუზეუმად იქცევა, სადაც წესებსა და ჩვევებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სხვა რამეს. პაპი თომა აქვინელსაც იმოწმებს იმის დასტურად, რომ სახარებისთვის წესების დამატებისას სიფრთხილე გვმართებს.
დღეს ადამიანები დაბრკოლებულნი არიან გარშემო არსებული უარყოფითი მუხტით, შფოთვით, კონსუმერიზმით, ინდივიდუალიზმით, იოლი სულიერების ძიებით. დღეს საზოგადოება დაბრკოლებულია აგრესიის გამოვლენით სოციალურ მედიაში, ტყუილი დამოწმებით, ხოლო ამ ყოველივესთან გამკლავება შეუძლია ადამიანის გამჭრიახობას, ამბობს პაპი ფრანცისკე.
“ვატიკანისტი” ჟურნალისტები პაპის წერილს აფასებენ, როგორც არაპირდაპირ პასუხს, უკანასკნელ ხანს, მისთვის წაყენებულ ორ ბრალდებაზე. პირველი ბრალდების მიხედვით, თითქოს, პაპმა უარყო სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ, 91 წლის იტალიელ ჟურნალისტთან ინტერვიუში. მეორეა, 2016 წლის სამოციქულო წერილ Amoris Laetitia-ში განქორწინებულთა ზიარებაზე დაშვების კრიტიკა. ზოგადად ეს ორი “ბრალდება” ასახავს იმ დაპირისპირებას, რაც პაპი ფრანცისკეს სწავლებასა და მის მოწინააღმდეგეთა შორის არსებობს. სხვა დროსაც აღმინიშნავს, პაპი არ შეიძლება ლიბერალად მოინათლოს სამოქალაქო კატეგორიების მიხედვით. მისი “ლიბერალობა” ვატიკანის მეორე კრების სწავლებასთან კავშირზე ლაპარაკობს, თუმცა შეუძლებელია ვინმეს გამოეპაროს, რომ მის სწავლებაში სახარებასა და იეზუიტურ სულიერებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება.
ცხადია, პაპს არ უარყვია ჯოჯოხეთის სწავლება და, როგორც გაირკვა, არც ინტერვიუ მიუცია ჟურნალისტისთვის. მათ ისაუბრეს, რასაც მოჰყვა სკანდალური განცხადება. უნდა ითქვას, რომ წმინდა საყდარს სკანდალურ განცხადებებეთან დაპირისიპირების დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ, საბოლოოდ, არც ამ განცხადებას გამოუწვევია დიდი მითქმა-მოთქმა.
უფრო მეტის თქმა შეიძლება მეორე “ბრალდებაზე”. საინტერესოა, რომ 7 აპრილს, GAUDETE ET EXSULTATE სამოციქულო წერილის გამოცემემდე ორი დღით ადრე, რომში შეხვედრა გამართა კათოლიკეთა ჯგუფმა, რომელიც პაპისგან მოითხოვს Amoris Laetitia-ში შესწორებების შეტანას. რამდენიმე ასეული კათოლიკე, მათ შორის, სამღვდელო პირები და კარდინალები – ამერიკელი რაიმონდ ბურკე და გერმანელი უოლტერ ბრანდმიულერი – შეიკრიბნენ, როგორც “კარდინალ კაფარას მეგობრები”. (კარდინალ კაფარას ჯგუფს მიეკუთვნებოდა, აგრეთვე აწ გარდაცვლილი გერმანელი კარდინალი იოაკიმ მაისნერი). თავად კარდინალი კაფარა, 2017 წლის სექტემბერში გარდაცვალებამდე Amoris Laetitia-ის მკაცრი კრიტიკით გამოდიოდა. კრიტიკის ფონი ასეთია: Amoris Laetitia წინააღმდეგობაშია ეკლესიის სწავლებასთან ქორწინებაზე, რომელიც პაპმა პავლე მეექვსემ ჩამოაყალიბა სამოციქულო წერილში Humanae Vitae (1968 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას). კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, სადაც განმარტებულია ქორწინების არსი, ხოლო ბოლო პუნქტი მოითხოვს, აეკრძალოს ზიარება საეკლესიო ქორწინების შემდეგ განქორწინებულთ, რომლებიც ამჟამად სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, რადგან ისინი ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ. პაპი ფრანცისკე ცდილობს, არ დაუკარგოს ეკლესიას მორწმუნე ადამიანები, რომელნიც შეცდნენ. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეკრების ფარგლებში ვიღაცას წამოუყვირია: „ ღვთის ხალხო, აღსდექით! უნდა ვიმოქმედოთ!”
პაპი ფრანცისკეს ეს, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი, წმინდანების გამადემოკრატიებელი წერილი, სიწმინდის ყოველდღიურობაში დანახვის ნაცვლად სულ სხვა მხრივ იქნა გაანალიზებული. ჩემი მხრივ იმასაც დავამატებდი, თუ აქამდე არავის გაუმახვილებია ყურადღება, ხოლო მე კი გამომრჩა, რომ დოკუმენტში მოხსენიებული წმინდანები, უმეტესად, ქალები არიან, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ პაპს ეკლესიაში ქალთა როლის გარშემო გაჩაღებულ დებატებზეც სურდა “პასუხის გაცემა”: ქალები ისეთივე მატარებლები არიან სიწმინდის, როგორც მამკაცები. თუმცა, ეს “პასუხი” არადამაკმაყოფილებელია მათთვის, ვისაც აინტერესებს ქალთა ჩართულობა საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე დავამატებ, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ლათინური ამერიკის საკითხებში პაპის კომისიის მოთხოვნა, რომ პონტიფექსმა მოიწვიოს საგანგებო სინოდი ქალთა როლის შესახებ. შესაძლოა, ნაადრევი იყოს სინოდის დონეზე ამ საკითხის გატანა, თუ ეს ერთჯერადი შეხვედრა იქნება იმ მიზნით, რომ შედეგი დაიდოს.
ეს ბოლო ხანია წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკამ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საუბარია ე.წ. “ოსტპოლიტიკაზე”. ეს უკანასკნელი გასული საუკუნის 60-იან წლებში, მონსინიორ აგოსტინო კაზაროლის მიერ ჩამოყალიბებულ დიპლომატიას გულისხმობს, რომლის მიზანი იყო “რკინის ფარდის” მიღმა, აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობა დიალოგითა და დათმობით. (კაზაროლი შემდეგ პაპ იოანე პავლე მეორის სახელმწიფო მდივანი გახდა.) “ოსტპოლოტიკას” მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ “მდუმარების ეკლესიის” იერარქები, მაგალითად, ცნობილი პოლონელი კარდინალი სტეფან ვიჟინსკი (გარდ. 1981 წ.). ამჯერად, წმინდა საყდრის საგარეო პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებაში “ოსტპოლიტიკად” ნათლავს ოთხმოც წელს გადაცილებული, წარმოშობით ჩინელი კარდინალი იოზეფ ძენი, ჰონგ-კონგის ყოფილი ეპისკოპოსი. “ოსტპოლოტიკის” კვალი, ნამდვილად, დღესაც შესამჩნევია წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობებში (ყველაზე თვალნათელია მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობაში), თუმცა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, არა სახელმწიფოებთან ურთიერთობის სექციაში, არამედ უფრო სხვაგან, დიკასტერიებში.
ამასობაში, წმინდა საყდარმა პაპი ფრანცისკეს მნიშვნელოვანი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი ჩილეს ეპისკოპოსთა უმართებულო დაცვის გამო ბოდიშს იხდის ძალადობის მსხვერპლთა წინაშე: “მე სერიოზული შეცდომები დავუშვი სიტუაციის შეფასებასა და განჭვრეტაში, როგორც ჩანს, საკმარისი, თუ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობის გამო”. ვიდრე სიმართლე გაირკვეოდა, 200-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა პაპის სპეციალური წარგზავნილის, არქიეპისკოპოს ჩარლზ შიკლუნას მიერ როგორც ჩილეში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პონტიფექსი არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას, როდესაც მან გაამართლა ჩილეში მცირეწლოვანთა მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი სამღვდელო პირები და იერარქები. ფაქტია, რომ პაპის ჩილეში ვიზიტს (2018 წლის იანვარში) მალევე მოჰყვა წმინდა საყდართან ჩილეს ელჩის გაწვევა. მართალია, საკითხი ეკლესიის შიდა ცხოვრებას ეხებოდა, მაგრამ მას დიდი გამოხმაურება მოყვა ქვეყნის მასშტაბით. გუშინ პაპმა გამოთქვა სურვილი, ძალადობის მსხვერპლთ შეხვდეს და ბოდიში პირადად მოუხადოს.
მართალია, პაპის მხარდამჭერები, როგორც კათოლიკე ეკლესიაში, ასევე მის გარეთ, აღემატებიან მის მოწინააღმდეგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკი აზრის შეცვლას, ან უკან დახევას აპირებს. ეს ხომ ეკლესიის წიაღში მიმდინარე საუკუნოვანი ჭიდილია.